რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი“, 1994 წლის მოდელი, 1.6-იანი ძრავით. დაახლოებით ერთი წლის წინ შემდეგი პრობლემა შეექმნა: ძრავა კარგად მუშაობდა, ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შემდეგ, როდესაც ხუთი-ექვსი წუთის განმავლობაში მაღალ ბრუნებზე ვამუშავებდი, ეგრეთ წოდებული „პერებოი“ მოსდიოდა. გაცივების შემდეგ კი, ძრავა ისევ ჩვეულებრივ იწყებდა მუშაობას. როდესაც ხელოსანს ვაჩვენე, მირჩია სანთლებთან მიმავალი სადენების შეცვლა. ოთხივე სადენი შევცვალე და მას შემდეგ ამ პრობლემას აღარ შევუწუხებივარ. დაახლოებით სამი თვის წინ კი, იგივე პრობლემა შეექმნა, ოღონდ სხვა სახით გამოვლენილი. დილით, რომ დავქოქავ, დაახლოებით 5-6 წუთი, ანუ გათბობამდე, ძრავა „პერებოიზე“ მუშაობს, შემდეგ კი ცხელზე პრობლემა ეხსნება. მაგრამ, საკმარისია, ავტომობილი თუნდაც ნახევარი საათი გავაჩერო, ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძრავა თბილია. ამასთან ერთად, წვავს 10 ლიტრ საწვავს. ძრავაზე დაყენებული მაქვს „მოტორკრაფტის“ ფირმის „სანთლები“, დაყენებიდან 20 000 კილომეტრი გავიარე. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს პრობლემა და რამდენად ნორმალურია, რომ ავტომობილი ას კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს მოიხმარს?
პასუხი: პირველი, რის გამოც შეიძლება იყოს გამოწვეული „პერებოი“, ეს მაინც „სანთლებია“, მიუხედავად იმისა, რა ფირმისაა ის, ვინაიდან, საქართველოში ნაყიდი „სანთლებისთვის“ 20 000 ის კილომეტრაჟია, რომელზეც ის უკვე უნდა შევცვალოთ. რიგ შემთხვევებში, ხარისხიან „სანთლებზეც“ კი ხდება ხოლმე, რომ, სულ ახალი შეიძლება დავაყენოთ, მაგრამ, არც მან იმუშაოს, ანუ მას ქარხნული დეფექტი ჰქონდეს. მიზეზი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული „კლაპნის სალნიკები“, რის გამოც, შესაძლოა, ზეთი ცილინდრში ჟონავდეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში ავტომობილი დაქოქვისას ბოლვას იწყებს. თუ ეს ასეა, მაშინ მიზეზის დადგენა არ გაგიჭირდებათ. იმისთვის, რომ მიზეზი უკეთ გავიგოთ, დაქოქვისას, როგორც კი ძრავა „პერებოით“ დაიწყებს მუშაობას, ჩავაქროთ, მოვხსნათ ყველა სანთელი და დავაკვირდეთ მათ. ერთ-ერთი, რომლის გამოც ავტომობილს პრობლემა აქვს, სველი უნდა იყოს. დავაკვირდეთ მას, ზეთით არის სველი თუ ბენზინით. თუ ბენზინითაა სველი, ესე იგი, თვითონ სანთელია შესაცვლელი, თუ ზეთითაა სველი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს „კლაპნის სალნიკებს“. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, საქართველოს პირობებში ათი ლიტრი საწვავის მოხმარება ას კილომეტრზე სავსებით ნორმალურია, ვინაიდან მოძრაობა დაბალი სიჩქარეებით გვიწევს. თქვენი ავტომობილი გაცილებით ეკონომიური იქნება ტრასაზე, საშუალო სიჩქარის შენარჩუნების დროს.