რა შეგვიძლია გავიგოთ კარის ჩარჩოებზე დაკვირვებით
ავტომობილის შეძენისას მთავარი თავსატეხი და საფიქრალი ხდება – ხომ არ იყო ის ნაავარიები და ხომ არ ცდილობს გამყიდველი ჩვენს მოტყუებას. ყიდვის გარდა, ცოდნა, თუ რა მდგომარეობაშია რეალურად ჩვენი ან ჩვენი ახლობლის ავტომობილი, ძალიან დაგვეხმარება, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოულოდნელობა.
მევლუდ მელაძე: ძალიან ხშირად არის ისეთი სიტუაცია, როდესაც მშვენიერ, ლამაზ ავტომობილს ვიყიდით, მაგრამ, ცოტა ხანში რომელიმე მეგობარი ან ხელოსანი გვეტყვის, რომ ის ნაავარიებია, შენაღებია ან სხვა. როგორ უნდა გამოვიცნოთ ეს თავიდანვე და, საერთოდ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ავტომობილი დაზიანებული იყო? ეს არც ისე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ვიზუალური დათვალიერებით, მარტივად შეგვიძლია, გავიგოთ შეღებილია თუ არა ავტომობილი და იყო თუ არა ის ოდესმე სერიოზულად დაზიანებული. მართალია, თუ კარგად არის აღდგენილი, ავტომობილი მშვენივრად ივლის, მაგრამ, ვინაიდან ჩვენს პირობებში მას იდეალურად ვერ აღადგენენ, ძალიან მარტივ ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც კი, შესაძლოა, ავტომობილი სერიოზულად დაგვიზიანდეს. სწორედ იმ მიზეზით, რომ ხელოსნები არ ხარჯავენ დიდ ენერგიასა და დროს ავტომობილის იდეალურად შეღებვაზე, იოლად შეიმჩნევა ნებისმიერი დეფექტი. მაგრამ, ეს მხოლოდ ხელოსნების ბრალიც არ არის. ჯერ მარტო ის აპარატი, რომელიც იდეალურად „შკურკავს“ შესაღებავად გასამზადებელ ავტომობილს, 4 500 ევრო ღირს და საქართველოში ის არც ერთ პროფილაქტიკას არ აქვს. აქვე იმის დამატება მინდა, რომ ავტომობილი ყოველთვის არ არის შეღებილი იმის გამო, რომ ის დაზიანდა და, აქედან გამომდინარე თუ ის შეღებილია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდია...
– თუმცა, მაინც ჯობია, ვიცოდეთ რა აქვს შეღებილი და რა შეკეთებული ჩვენს ავტომობილს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორ გავიგოთ ეს? პირველი, რაც ყველაზე იოლად შესამჩნევია, უნდა შევხედოთ ავტომობილს გვერდიდან, რომელი მხრიდანაც სხვადასხვა ნივთებს ირეკლავს, რადგან ასე უფრო იოლად შეემჩნევა ტალღები, ანუ, მას არ ექნება იდეალურად სწორი ზედაპირი. ხელით „გაშკურკვის“ დროს, შეუძლებელია, ის ტალღების გარეშე იყოს; მეორე – ავტომობილი იღებება ნაჭრებად: ცალკე – ფრთა, ცალკე – კარი, გადასვლის ადგილას კი ყველაზე მეტად ეტყობა დეფექტები. კარი თითქოს მომრგვალებულია, ის იზნიქება და, ასევე, ჩაზნექილია „კრილოც“. ხელოსნებსაც მინდა, ვუთხრა, რომ ასეთი დეტალები ერთად „იშკურკება“. მძღოლებს კი ვურჩევ, რომ, თუ მხოლოდ კარი აქვთ შესაღები, უნდა „გაიშკურკოს“ და „დაიშპაკლოს“ ფრთა და კარი ერთად. თან, კარი უნდა იყოს დაკეტილი, რომ გადასვლა იდეალურად სწორი გამოვიდეს. თუ კარსა და ფრთას შორის დიდი განსხვავებაა, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ შეღებილი კი არა, განაკეთებიცაა, ანუ, მხოლოდ ნაკაწრის გამო არ არის შეღებილი.
რაც შეეხება დაზიანებულ და აღდგენილ მანქანას, თუ ის კარგად არ არის აღდგენილი, მაშინ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იქნება და ეს განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია. ამის გასაგებად, პირველ ყოვლისა ავტომობილის ყველა კარი უნდა გავაღოთ და მოვაძროთ კარის ჩარჩოებს ის რეზინები, რომლებიც დახურვისას მის ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. ისინი ძალიან ადვილად ძვრება და კეთდება. კარის ჩარჩოს კუთხეებში დააკვირდით: პირველი – იქ არ უნდა იყოს არც ერთი ტალღოვანი ნაწილი; მეორე – მისი შედუღება უნდა იყოს წერტილოვანი. თუ შედუღება წერტილოვანი არ არის და გადაბმულია, ეს ნიშნავს, რომ იქ სერიოზული ჩარევა მოხდა. თუ სადმე ნაკეციც აქვს, ეს ნიშნავს, რომ ავარიის შედეგად შეიღუნა და გაჭიმეს. ჩარჩო შიგნით იდეალურად სწორი უნდა იყოს. იგივე სისწორე უნდა იყოს, როდესაც ძრავის ხუფს ავხდით. შეიძლება, თვითონ ის ნაწილი, რომელიც ავარიის დროს დარტყმას საკუთარ თავზე იღებს, რათა სალონი დაზიანებისგან დაიცვას, ანუ, ეგრეთ წოდებული „ბაკავინა“, ტალღოვანი იყოს, რათა ის დაიკეცოს, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტალღოვანი მისი „კანტები“. ასევე, არ უნდა იყოს შეღებილი ძრავის სექტორის ნაწილები, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ წინა ნაწილი დაზიანებული და შემდეგ აღდგენილია. ძრავის სიმხურვალე ძალიან იოლად აფუჭებს საღებავს. ძრავის შიდა სექტორს არავინ ღებავს, თუ ის ნაავარიები არ არის. თან, მის შესაღებავად საჭიროა ძრავისა და სხვა დეტალების ამოღება – სხვანაირად ეს არ ხერხდება. ნაავარიები მანქანის კიდევ ერთი მარტივი ამოცნობის ხერხია ეგრეთ წოდებული „ზაზორებზე“ დაკვირვება ანუ, ადგილები კარსა და ჩარჩოს შორის, ფარებს, „სტოპებსა“ და მის გვერდებს შორის, უნდა იყოს იდეალური.