კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ნუკი კოშკელიშვილის ყველაზე დიდი სისუსტე


ნუკი კოშკელიშვილი: საკმაოდ ხელმარჯვე ვარ და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, ოღონდ, მართლა. ნათურის გამოცვლაზე არც არის საუბარი, ონკანსაც კი შევაკეთებ, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ მთავარი მონდომება და არდაზარებაა, თორემ, თუკი მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

– ყოჩაღ, ბევრი მამაკაცი ვერ დაიტრაბახებს ასეთი ხელმარჯვეობით!

– მე საერთოდ ინტერესიანი ვარ, თანაც, ძალიან სულსწრაფი (იცინის). რაღაც რომ გამიფუჭდება, ვერ ვითმენ და მაშინვე მინდა, შევაკეთო, ან, ვცადო მაინც, იქნებ გამომივიდეს. არავითარ შემთხვევაში არ გადავდებ საქმეს, ეს საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია. რა მომათმენინებს, ვიჯდე და ვიცადო, ვინმე როდის მომიგვარებს პრობლემას. ბავშვობიდან ვცდილობდი, დამოუკიდებლად მომეგვარებინა ის, რისი მოგვარებაც თავად შემეძლო. ღილის დაკერებაც ვიცი და, საერთოდ, ნემსთან „ვმეგობრობ“. მახსოვს, პირველად „სტრელკიანი“ შარვალი უკუღმა დავაუთოვე და „სტრელკა“ ჩაბრუნებული გამოვიდა, მაგრამ მერე ესეც ვისწავლე. ასეთი ლაფსუსები დიდი ხანია, აღარ მემართება. შეკერვაც შემიძლია, სამოსის გადაკეთებაც, სამზარეულოც არ არის ჩემთვის უცხო. მე უმცროსი და მყავს და ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მიწევდა და ახლაც მიწევს მასზე ზრუნვა. ხშირად არის ხოლმე ჩემთან. ამიტომ, ძალიან ადრე ვისწავლე კერძების მომზადებაც. ვერ ვაჭმევდი ბავშვს ნახევარფაბრიკატს ან გაურკვეველი წარმოშობის საკვებს, მერჩივნა, თავად მომემზადებინა მისთვის საკვები.

– ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ყოფილხარ.

– საკმაოდ. შემიძლია, ვიამაყო ამით. სულ ვცდილობ, რომ თავად მოვაგვარო ყველანაირი პრობლემა – ეს ხასიათში მაქვს უკვე გამჯდარი. არ შემიძლია, სხვას, თუნდაც მშობლებს, დაველოდო. როდის მოიცლიან და მომიგვარებენ საქმეს.

– ალბათ, „ცხელი ხაზითაც“ ხშირად სარგებლობ.

– დიახ, ძალიან ხშირად. თუ წყალი შეწყდება ან შუქი გამოირთვება, მიზეზი ხომ უნდა ვიცოდე? გაურკვევლობას ვერ ვიტან. ამიტომ, ვრეკავ, რომ გავარკვიო, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დისკომფორტი.

– ბავშვისთვის კერძის მომზადება შეგძლებია. ცომეულთან როგორ გაქვს საქმე?

– კარგად (იცინის). ნამცხვრებსაც ვაცხობ და, შემიძლია, ღვეზელი და მჭადი დავაცხო. მჭადი, საერთოდ, ელემენტარულია, დიდი ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება მის გამოცხობას. მოზილე, დადე ტაფაზე და – ეგ არის. მე ძალიან კარგად გამომდის.

– პრეტენზიული მჭამელი ხარ?

– საკმაოდ. ამიტომაც მირჩევნია სხვის მომზადებულ კერძს საკუთარი ნახელავი. აუცილებელია, ვიცოდე, სუფთად არის თუ არა მომზადებული და როგორ არის შერჩეული პროდუქტი. ყველგან ნამდვილად ვერ ვჭამ – ვგულისხმობ კაფეებსა და რესტორნებს.

– ნუკი, რის მომზადებას გვასწავლი?

– ყველაზე მარტივ საზაფხულო კერძს გასწავლით, რომელიც ზამთარშიც ძალიან გემრიელია (იცინის): ვიღებთ ქათმის ფილეს, პომიდვრის ტომატსა და ხახვს. ხახვს მოთუშავთ და დაასხამთ ტომატს. რომ ადუღდება, ჩაყრით მასში ქათმის მოხარშულ, დანაწევრებულ ფილეს და კარგად ჩაშუშავთ. გადმოდგამთ, გააცივებთ და შეურევთ დაკონსერვებულ სიმინდს. ცალკე მოთუშავთ კანგაცლილ ბადრიჯანს და შეურევთ ცოტა მაიონეზს. მერე ყველაფერს ერთმანეთში შეურევთ და დაუმატებთ მარილსა და პილპილს გემოვნებით. მე სვანურ მარილს ვიყენებ და უფრო გემრიელია.

– ნუკი მფლანგველია?

– ოო, ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე. ვარ მფლანგველი და ბოლო კაპიკამდე ვხარჯავ, ვერაფრით ვერ ვიჩერებ ფულს ჯიბეში. შეიძლება, ისეთი რამეც ვიყიდო, რაც არაფერში არ მჭირდება (იცინის). მაგრამ, ერთი გამართლება მაქვს – ეგოისტურად არ ვფლანგავ. თუ ჩემი და მთხოვს რამეს, მაშინვე ვუსრულებ თხოვნას. ბავშვები რამდენ რამეს ითხოვენ, ხომ იცი, მაგრამ, უარს ვერასდროს ვეუბნები. ვერ ვისწავლე, როგორ უნდა მიმყვეს ხელფასი მეორე ხელფასამდე. ძალიან მალე ვხარჯავ და მერე მშობლებს მივადგები ხოლმე.

– ხომ არ ხარ დაკვირვებული, რაში უფრო გეხარჯება ფული?

– ყველაფერში: მაღაზიებში, კაფეში, წვრილმანებში. შემიძლია, უცებ დავკრა ფეხი და დასასვენებლად წავიდე. ახლაც „ფეხი მაქვს დაკრული“ (იცინის), ბათუმში ვარ. წამოვიყვანე დაქალი, ჩემი და და წამოვედი. ორი კვირა გადაბმულად ვიყავი ეთერში და ახლა ქრისტინე მინაზღაურებს.

– ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეს, რაში დახარჯავდი სიამოვნებით?

– უჰ, ყველაფერში. ოღონდ, მართლა. რა უნდა ფულის დახარჯვას! ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, რაღაც ნაწილს, ალბათ, პრაგმატულად მოვიხმარდი და გადავდებდი სერიოზული საქმისთვის, მაგრამ მეორე ნაწილს სიამოვნებით მივაფლანგავდი. ძალიან კარგი რამეა ფული! (იცინის).

– ნუკი და ალკოჰოლი...

– ეგ დახურული თემაა. მე არ მიყვარს სიმთვრალე და თითქმის არ ვსვამ. ამიტომ, საერთოდ არ ვიცი, რა არის „პახმელია“. ერთ ჭიქაზე მეტს ვერ დავლევ. არ მიყვარს ალკოჰოლის გემო. დილით, ეთერში, კი ვსვამ ხოლმე კოქტეილს უზმოზე, (იცინის) მაგრამ, მხოლოდ ერთ ყლუპს და ისიც განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე.


скачать dle 11.3