კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება აჩიკო სოლოღაშვილს და როგორ გახდა ეკა კახიანი მისი სიდედრი


ეკა კახიანი აჩიკო სოლოღაშვილის პოპულარობის დაწყების მომსწრე და თანამონაწილეა როგორც კინოში, ისე თეატრში. ისე მოხდა, რომ ეკა და აჩიკო პარტნიორები არიან სცენაზეც და „ოცნების ქალაქშიც“, რომელმაც ქართული ფილმების კინოგაქირავებაში ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ნიჭიერი მსახიობები კარგი ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ეკა კახიანი

– ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რადგან ევროპა უჩემოდ მოიარე. დოის ვუსაყვედურე კიდეც, მაგ ოხერ სპექტაკლში რატომ არ დამაკავე, რომ მოიარეთ ყველა ქვეყანა და ყველა ფესტივალი-მეთქი. ჩამოდიხართ ორი დღით და მიდიხართ ერთი კვირით, მოკლედ გამაბოროტეთ (იცინიან).

– პასპორტში ადგილი აღარ მაქვს...

– როგორც ვიცი, განსაკუთრებული წარმატება გქონდათ ხორვატიაში – თორმეტი ნომინაციიდან ცხრა თქვენი იყო.

– ძალიან სასიამოვნოა, რომ უცხო ქვეყანაში, თან ხორვატიაში, სადაც ქართველის ფეხი არ დადგმულა, უცებ ფესტივალზე თორმეტიდან ცხრა ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციას ხსნი, ჯიბეში იდებ და მოგაქვს. პირველი შემთხვევა იყო ფესტივალის არსებობის მთელ თხუთმეტწლიან ისტორიაში, რომ მაყურებლის სიმპათიაც კი უცხო ქვეყნის დასმა, ანუ „მაკბეტმა“ წამოიღო. მაინც თავისი ქვეყნის სპექტაკლებს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას. ერთი რამ იყო ძალიან სასიამოვნო, რომ ხორვატიაში ნაცემი არ ვიყავი... (იცინიან). მკითხველს ავუხსნი, რატომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ნაცემი: ეკასთან ერთად ვთამაშობ „მარლენ დიტრიხში“, სადაც ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ. სპექტაკლის დაწყების წინ ვხურდებით, ვემზადებით და ერთ-ერთი რიტუალი გვაქვს ასეთი: ეკა მიჭერს ხელებით და ვერაფრით ვხვდები, საიდან მოსდის ის ძალა, ასე რომ მაქანჩალავებს. რომ შემაბანჯღალებს და კარგად დავიმუხტებით, მერე გავდივართ სცენაზე. ღვთის წყალობით, ყველა ასე დაწყებული სპექტაკლი კარგად მიმდინარეობს ხოლმე.

– ამ დროს სერიოზულად ვიმუხტებით. ყოველთვის მჭირდება ასეთი „დატენვა“, რომ იტყვიან. რა ვქნა, არ შემიძლია, სახლიდან მოსული, პირდაპირ სცენაზე შევიდე, ძალიან რთულია. როგორც დენში ერთდება რაღაც ნივთი, იტენება და ასე მუშაობს, იგივე სჭირდება მსახიობებს და ამისთვის ძალიან ბევრი სავარჯიშო არსებობს. მაგრამ, რადგან ვერ, თუ არ ვაკეთებ ამ სავარჯიშოებს, ამოვიჩემე აჩიკო, რომელიც გახდა ჩემი ენერჯაიზერი, დენის წყარო (იცინიან).

– სცენაზე გამოდის დამუხტული დიტრიხი და მერე ძალიან გამართლებულია გაუბედურებული, გადაღლილი ექიმი-ფსიქოთერაპევტის გამოჩენა, რომელიც აგდია სცენაზე, დუჟი მოსდის და არაფრის თავი არ აქვს.

– აჩიკო, იქ ცალკე კამერა უნდა იყოს და გადაიღოს, თუ რას გიკეთებ ყოველი სპექტაკლის წინ.

– სულ ვამბობ, რომ სპექტაკლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, კულისებში გადასარევი „თეატრია“ უკვე დაწყებული, რაც არანაკლებ საინტერესოა (იცინიან).

– რა მოხდა ხორვატიის შემდეგ?

– ხორვატიის შემდეგ ვიყავით ტალინში, სადაც ტაში არ გაჩერებულა, რაც მართლა ყველაზე მაგარია მსახიობისთვის. ყველაფერს მაინც ტაშისთვის ვაკეთებთ და, ტაში რომ იწყება და აღარ მთავრდება, ამაზე სასიამოვნო არაფერია. ამას მოჰყვა ისრაელის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მართლა ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ისრაელში წასვლისას გაგვაფრთხილეს, არ ინერვიულოთ თუ იმხელა ტაში არ იქნება, ნაკლებად ემოციური ხალხიაო. რეალურად კი, სპექტაკლი დაიწყო თუ არა, დარბაზი არ გაჩერებულა, სულ რაღაც ხდებოდა, სულ მოგვყვებოდნენ. ბოლოს, ტაში რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა. ამას მოჰყვა ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამარჯვება საქართველოში. ნომინაცია „წლის საუკეთესო რეჟისურა“ დოიმ „მაკბეტისთვის“ აიღო და ჩვენს თეატრს გადმოეცა ოცი ათასი ლარი. ეს ძალიან კარგი სტიმული იყო ჩვენთვის. ცნობილია, რომ „მაკბეტს“ უბედურება მოაქვს, ინგლისში მის სახელსაც არ ახსენებენ, წყევლას ნიშნავსო, ჩვენთვის კი წარმატების მეტი არაფერი მოუტანია.

– აჩიკო, გავიგე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ერთ სცენას იმ ქვეყნის ენაზე თამაშობ.

– მეკარის სცენა ხორვატიაში ვითამაშე ხორვატიულად, ესტონეთში – ესტონურად და ისრაელში – ივრითზე...

– გაოგნებული ვარ, ყოჩაღ!

– ხორვატიული ძალიან ლამაზი გამოვიდა, კარგი ენაა: „და ლიტო ლაი, ედო პუშტე, მელა მისციმა“... ესტონური ცოტა სხვანაირია, მაგრამ, ასევე რბილი, ივრითზე კი საერთოდ ვერ გავერთე, რადგან ეს ენა ძალიან მომწონს და მინდოდა, რაც შეიძლება, ბუნებრივად მელაპარაკა.

– უცხოელებისგან გამიგია, რომ ჟღერადობით ქართულს ძალიან ჰგავს.

– დიახ, საოცრად ჰგავს, მაგრამ ყურისთვის ძალიან უცხო იყო მაინც. ინგლისური, ფრანგული ყურში ნაცნობია, ამ შემთხვევაში კი ასო-ასო დაზეპირება გიწევს, რადგან ერთი არასწორი გამოთქმა სრულიად კარგავს აზრს, თან, ტექსტზეც უნდა იფიქრო, თამაშზეც და ეს ცოტა რთული იყო. „ალძეგანედენ“... აი, სულ სხვაგან იყო. ახლა ერევანში მივდივართ და იმდენად მომწონს სომხური ენა, კარგად გავერთობი.

– „დიტრიხშიც“ ხომ ლაპარაკობ გერმანულად. მინდა აღვნიშნო აჩიკოს მრავალმხრივი ნიჭიერება – უნიკალური ადამიანი ხარ...

ეს თავის თავზე ამბობს და სახელი შეცვალა (მე მომმართავს – ავტორი.)

– როდესაც „დიტრიხზე“ დავიწყეთ მუშაობა, დოიმ მითხრა, რომ არსებობს ასეთი უნიჭიერესი მსახიობი, აჩიკო სოლოღაშვილი, რომელიც ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტის როლს შეასრულებსო. ეს არის ექიმი, რომელთანაც მიდის დიტრიხი და მთელი ცხოვრების ისტორიას უყვება. მახსოვს, აჩიკომ თავის სპექტაკლზე დამპატიჟა, სარდაფში. იქ რომ მოვედი, მივხვდი, როგორ ნიჭიერ ადამიანთან მქონდა საქმე და რა სიამოვნება იქნებოდა შენთან ერთად მუშაობა.

– იმას თუ ხვდები, მე რა დამემართა, როდესაც მითხრეს, ეკა კახიანთან ერთად უნდა ითამაშოო?! გადავირიე. აქ შენთან ერთად ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის მიყვარს ნიჭიერ ხალხთან ურთიერთობა, რადგან მერე თვითონ ურთიერთობაც ნიჭიერი ხდება. ისეთი გაცვლები ხდება ერთმანეთში, რომ ყოველთვის ნასიამოვნები და დადებითად დამუხტული რჩები. ეკა ჩემთვის იყო არაჩვეულებრივი მუსიკოსი, მსახიობი, არტისტი... სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი, შენს სცენაზე დგომას თუმანიშვილთან, მაგრამ ეკრანზე გადასარევად ჩანდა შენი ნიჭი. როდესაც დამწყები შენნაირ პროფესიონალთან იწყებს მუშაობას, ძალიან ბევრს სწავლობს. ჩემი პროფესიული კიბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური შენთან ურთიერთობა იყო. თავიდან, სიმართლე გითხრა, ცოტა დავკომპლექსდი. რადგან 26 წლის ბიჭს ვთამაშობდი, დიტრიხი კი, პიესის მიხედვით 86 წლის ქალს. თან, მერე ერთმანეთს ვუშლით ნერვებს: დიტრიხი თავისას ყვება, ეს ბიჭი ცალკე უყვირის. მოკლედ, დიდი კონფლიქტია სცენაზე. მერე ეს ჩემი დაძაბულობა გადაილახა და საბოლოოდ მივიღეთ თექვსმეტი ანშლაგი. ისე გადავიღალეთ, მახსოვს, ვეღარ ვარკვევდით, მე ვიყავი დიტრიხი და შენ ფსიქოთერაპევტი, თუ რა ხდებოდა. კვირაში სამი-ოთხი დღე სპექტაკლი იყო.

– და, ედინბურგის ფესტივალი...

– ეს იყო სასწაული. მთელი ორი საათი ერთად ვართ სცენაზე, გაუსვლელად და მართლა დიდი ბედნიერებაა შენნაირი პარტნიორის გვერდით დგომა. პირველივე რეპეტიციაზე მივხვდი, რომ კარგად ვიმუშავებდი. ყველაფერი აქვს ამ ადამიანს – ცეკვა, მუსიკა, პლასტიკა, იუმორი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნიკალური ადამიანი ხარ, უნიკუმი, სუპერარჩილი (იცინიან).

– გამოგიტყდეთ?! ძალიან მაკლია შენთან ერთად რაიმე კომედიურ მიუზიკლში თამაში. მგონი კარგად გამოგვდის. ფეხბურთის პრინციპით ვთამაშობთ: კარგი პასი მომეცი და, მერე მე ვიცი, როგორ გავაგრძელებ.

– ზუსტად ასეა. ეს მეც ძალიან მინდა. მართლა კარგი გამოვიდოდა. მაგრამ, ის, რაც ედინბურგში დაგვემართა, ეს იყო საოცრება. ჩავედით და გვითხრეს, რომ ერთი თვის განმავლობაში, შეუსვენებლად, ყოველდღე უნდა ვითამაშოთ სპექტაკლი – თურმე. ასეთი წესია. ეს წარმოუდგენელი იყო. ერთი სცენა მაინც რომ გვქონოდა, სადაც გავიდოდით და წყლის დალევას მაინც შევძლებდით, კიდევ ჰო, მაგრამ, არ ვიძვრით სცენიდან. მოკლედ, დოის ვუთხარი და ორ კვირამდე შევამცირეთ დრო. ორი კვირა მე და აჩიკო ერთმანეთს ვეძახდით: აბა, ჰე! აბა, შენ იცი, ცოტაც დაგვრჩა, გაუძელი!

– დარჩა სამი დღე, დარჩა ორი დღე, ბოლოს, მგონი, აეროპორტშიც ვითამაშეთ. ძალიან ძნელია, ეს განწყობა ორი კვირის განმავლობაში შეინარჩუნო.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია აჩიკო სოლოღაშვილი

– ეკა, სულ ვამჩნევ, რომ ერთსა და იმავე პერიოდში სხვადასხვა სპექტაკლის თამაშს ერიდები.

– ასეა. არ შემიძლია, რომ დღეს „დიტრიხი“ ვითამაშო, ხვალ „მუსიკის ჰანგები“, ზეგ სხვა, მაზეგ – სხვა. ჯერ ერთი უნდა ვითამაშო, კარგად გამიჯდეს, მოვირგო, ეს დასრულდეს და მერე დავიწყო სხვა სპექტაკლზე მუშაობა. სულ ვამბობ, რომ სცენაზე გასვლის წინ ერთი ხუთი წლის სიცოცხლეს ვკარგავ. არ მინდა, რომ ადრე მოვკვდე და დავბერდე, ამიტომ, თავს ვიკავებ (იცინიან). შენ კი, „დიტრიხის“ შემდეგ რამდენ სპექტაკლში ითამაშე?! „დიტრიხის“ შემდეგ ოთხი წელი გავიდა და მხოლოდ მერე ვითამაშე „მუსიკის ჰანგები“.

– სულ ვამბობ, რომ მართლა მაკლია შენთან ერთად თამაში, თუნდაც კინოში. „ოცნების ქალაქშიც“, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიდედრი იყავი, საერთო სცენა არ გვქონია (იცინიან). თან, გვინდა-არ გვინდა, თეატრი მკვდარი ხელოვნებაა, კინო კი რჩება. სიამოვნებით დავთანხმდები ყველა იმ შემოთავაზებას, სადაც ეკა ითამაშებდა, რადგან, ზუსტად ვიცი, შენ ტყუილად არ დათანხმდები.

– მართლა კარგი ფილმი გამოვიდა. მომწონს, რომ ფილმში არ არის ნარკომანია, ომი, „ძველი ბიჭები“, რაღაც უბედური ხალხი. არის სიყვარულზე მარტივი მელოდრამა, სადაც, მიხვალ, გაერთობი და კარგ ხასიათზე გამოხვალ. თან კინოგაქირავების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. პირველ უიქენდზე „ავატარსაც“ კი მოუგო და ამაზე პრესკონფერენციაც გაიმართა. მართლა კარგი პარტნიორები ვიქნებით, როგორც მიუზიკლისთვის, ისე კინოში. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ რამე დუეტიც გაგვეკეთებინა.

– ძალიან დიდი სიამოვნებით. ვიმღეროთ და ვიცეკვოთ...

– მე სიმღერას დავწერ, ჩავწერ, შენ ცეკვა დადგი... მთელი ზაფხული წინაა.

– ეკა, მართლა, როგორია შენი ზაფხულის გეგმები, რას აპირებ?

– ძალიან ცხელა და ახლა მუშაობა ძნელია. ახლა იმას ვფიქრობ, სად დავისვენო. წელს ანასტასია აბარებს, აბიტურიენტია და ეს ციებ-ცხელებაც გვემატება. ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა ახლა ესაა. ამიტომ, ჯერ მისი ამბების გარკვევას ველოდებით.

– სულ მინდა, გკითხო: რას ფიქრობ ნინიზე? როგორც მომღერალი, გავიგეთ, ძალიან კარგია, მაგრამ, არ შეიძლება, ეს ადამიანი თეატრშიც იყოს? მგონია, რომ კარგი მსახიობი უნდა იყოს.

– მეც ასე მგონია. ნინის პრობლემა ისაა, რომ თეატრალურში არ ასწავლეს. მახსოვს, მთელი ჯგუფი ელოდებოდა ლექციის დაწყებას, პედაგოგი კი არ მიდიოდა, სულ უცდებოდა. ანუ, მას არ ასწავლეს ის, რაც მე თუმანიშვილმა მასწავლა. რას ნიშნავს მსახიობის ოსტატობა, რა არის ამ პროფესიის ხიბლი, რამაც მიმიზიდა ეს ნინიმ ვერ იგრძნო. თან, საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და არ შეუძლია ზერელედ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სერიოზული რეჟისორისგან ძალიან სერიოზულ როლზე ჰქონდა შემოთავაზება, უარი თქვა, არ ვარ ისეთი თავხედი, რომ ავდგე და ვითამაშოო. უფრო კინო უყვარს, კინოში უნდა გადაღება, თეატრის ცოტა ეშინია, მაგრამ მგონია, რომ დაძლევს ამ შიშს.

– შენ, როგორც დედა, ურჩევდი, რომ სცენას დაუთმოს თავისი შემოქმედებითი ცხოვრება?

– იცი, სიმღერა ძალიან უყვარს და როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს. მაგრამ, მაინც მინდა, დაძლიოს მორიდებულობა და თეატრშიც სცადოს ძალები, მით უმეტეს ჩვენთან, სადაც სიმღერაცაა საჭირო. მგონია, ასეთ სპექტაკლში უფრო გაბედავს.

– მილიონ რაღაცას ვართ ჩვენც მოდებულები. ვასწავლით, ვმღერით, ვცეკვავთ...

– ჰო, სხვათა შორის, მინდოდა, მეკითხა შენს პედაგოგობაზეც. „მზიურს“ ასწავლი ხომ?

– დიახ. ვგიჟდები, ბავშვი გაფაციცებული თვალებით რომ მიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც ანაზღაურებით არ ვიხიბლები, მართლა არ შემიძლია ამის გარეშე ცხოვრება. შეიძლება არ ვარ კარგად! (იცინიან).

– მიხარია, რომ დღეს უკვე შეუძლებელია, დიდი ნიჭი სადმე დაიმალოს. მაინც მგონია, რომ ის სადღაც გამოხეთქავს, მიუხედავად იმისა, საით წახვალ. არ არსებობს, არ დაგინახონ.

– ასევე, ხშირია ჩავარდნები ჩვენ პროფესიაში, მაგრამ, არც ესაა კატასტროფა, ეს საშუალებას გაძლევს, დაფიქრდე, მოემზადო და ახალი ძალებით შეუდგე ახალ საქმეს.

– მაგალითად, მე ათი წელი შუესვენებლად, ტელევიზორში ვიყავი, სერიალიდან სერიალში გადავდიოდი. მართლა მეშინოდა, რომ ხალხში უკურეაქცია და გაღიზიანება არ გამომეწვია. ახლა მართლა დასვენების რეჟიმში ვარ, არანაირი ტელეგადაღება! ცოტა ხანს უნდა მოვიფიქრო, რა მინდა. ის ჟანრი, რასაც ვაკეთებდი სიტუაციური კომედია, ანუ სიტკომი – აღარ მინდა, ძალიან ბევრი სახასიათო როლი შევქმენი.

– გაჩერდი იმიტომ, რომ მაყურებელი არ გადაგეღალა, თუ შენ დაიღალე?

– იყო პერიოდი, როდესაც მართლა შემეშინდა, რომ ლელა დეკანოსიძის „ობრაზიდან“ ვეღარ გამოვიდოდი და დავრჩებოდი ლელა დეკანოსიძედ. მერე კიდევ იყო ასეთი სახასიათო როლები. კარგია, რომ თეატრზე გადმოვერთე. ჩემს შემოქმედებაში ახალი ენერგიით დავბრუნდები და, მგონია, ეს სრულიად ახალი ტალღა იქნება ჩემს ცხოვრებაში.

– საკმაოდ ბევრ ფილმს იღებენ გასულ წლებთან შედარებით. შენ თუ გაქვს რამე შემოთავაზებები?

– რომ გითხრა, სცენარები მიდევს სახლში- მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა, არის რაღაც წინადადებები. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იღებს, რას იღებს და ვინ იქნება ჩემი პარტნიორი.

– ზუსტად იმავეს ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ფილმი იყო და კინოში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, ყველაფერზე მართლა ვერ დავთანხმდები. არ მიღირს ნებისმიერ სცენაში თამაში. ამ ფილმთან დაკავშირებითაც იყო რამდენიმე ისეთი სცენა, სადაც მთლიანად უნდა გამეხადა. ვერაფრით ვერ დავინახე ამ ფილმის შინაარსიდან აუცილებლობა, რომ მაინცდამაინც გახდილი უნდა ვყოფილიყავი, არ ითხოვდა ამას ფილმი.

– მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ არ ხარ გახდილი (იცინიან), მორიდებულად გახდილი ხარ...

– წელს ზემოთ კი, მაგრამ, მთლიანად უნდა ვყოფილიყავი. თუ დააკვირდები, კარგად ჩანს, რომ ზეწარი საცვალში მაქვს ჩატრიალებული. განა იმიტომ, რომ ამას არ ვიზამ, მაგრამ, ნახეთ ვინმე წყალბურთელი, კარგი ტანი რომ აქვს და ის გადაიღეთ. ანუ, გააჩნია, რა გადაღება იქნება, თორემ, კინოში თამაში ჩემთვის უკვე ძალიან დიდი სიამოვნებაა.


скачать dle 11.3