2010 წლის მუნდიალის ყველაზე სახალისო, უცნაური და საინტერესო ფსონები ტოტალიზატორში
მსოფლიოს უდიდესი საბუკმეკერო კანტორები, განსაკუთრებულად რომ ემზადებიან „ფიფას“ 2010 მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, საყოველთაოდ ცნობილია. ჩემპიონატის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, უკვე იციან, თუ რამდენი კოეფიციენტი აქვს ჩემპიონობის ტრადიციულ ფავორიტ გუნდებს: ესპანეთს, ინგლისს, არგენტინას, ბრაზილიას, იტალიას, გერმანიას და ჰოლანდიას. მსოფლიოსა და საქართველოში, მათ შორის მუნდიალის დროს, ყველაზე დიდი დატვირთვით ადგილობრივი ტოტალიზატორები მუშაობს და დიდი ინტერესიც სწორედ ფსონების მიმართ არის. ამის გათვალისწინებით, ჟურნალი „თბილისელები“ შემოგთავაზებთ ამ მუნდიალის ყველაზე უცნაური და სახალისო ფსონების შესახებ. ფულის დადება მსოფლიოს წამყვან საბუკმეკერო კანტორებშია შესაძლებელი.
ვის მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას პირველად დიეგო მარადონა
არგენტინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, რომ ყველაზე ქარიზმატული და სკანდალურია სხვა ნაკრებების მწვრთნელებს შორის, ამაზე არავინ დავობს. დიეგო მარადონას სკანდალური იმიჯის გამო, ბუკმეკერებმა საკმაოდ საინტერესო ფსონები შემოგვთავაზეს. თუკი მარადონა შეურაცხყოფს არბიტრებს ან „ფიფას“ ოფიციალურ წარმომადგენლებს, ფსონი 11/8-ზეა; პრესის წარმომადგენლების შეურაცხყოფა – 3/1-ზე, ხოლო „ფიფას“ პრეზიდენტის ზეპ ბლატერის მიმართ გამოთქმული პრეტენზია ან გინება – 8/1-ზე. არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შეურაცხყოფა 9/1-ზე; ინგლისის ან კერძოდ ფაბიო კაპელოს მიმართ გამოყენებული უცენზური სიტყვების შემთხვევაში კი ფსონი 20/1-ზე იქნება. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ბუკმეკერებმა ეს ფსონიც შეიტანეს პროგრამაში – თუკი მარადონა შეურაცხყოფს ლიონელ მესის, მაშინ კოეფიციენტი 33/1-თან იქნება.
პირველი გუნდი რომელიც ჩავარდება დოპინგ-ტესტზე
თუკი ფიქრობთ, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე აღმოჩნდება ისეთი გუნდი ან ფეხბურთელი, რომელიც დოპინგის გამოყენებაში იქნება მხილებული, მაშინ ბუკმეკერები ასეთ ფსონებს გთავაზობენ: ჩილეს გუნდის ჩავარდნა დოპინგ-ტესტზე შეფარდებულია 16/1-თან; მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა გაერთიანებულია კოეფიციენტ 18/1-თან; კოტ’დივუარი და პარაგვაი – 20/1-თან, ხოლო მუნდიალის ყველაზე ამოუცნობი და იდუმალი გუნდი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების კოეფიციენტი 25/1-თანაა. ვინ იცის, იქნებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი თავის ფეხბურთელებს სპეციალური პრეპარატებით ამარაგებს.
მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტჯერ
დაჯარიმდება
ამ ფსონზე ფულის დადების ობიექტი უმეტეს შემთხვევაში, ფავორიტი მოთამაშე ლიონელ მესი იქნება, მისი კოეფიციენტი 4/6-თან შეადგენს. შემდეგ მოდიან – კრისტიანო რონალდუ – 5/2-თან და უეინ რუნი 10/3-თან. იმის გათვალისწინებით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის დროს რონალდუს გამო ყველაზე მეტჯერ ჯარიმდებოდნენ, სავსებით რეალურია ფსონის დადება პორტუგალიის ნაკრების ლიდერზეც. პასების უმეტესობას სწორედ მისი მისამართით ჩააწოდებენ და მასზე იქნება გაკეთებული აქცენტიც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მიერ.
არბიტრების შეცდომები
ინგლისელი ბუკმეკერები საინტერესო ფსონებს სთავაზობენ ტოტალიზატორის მოყვარულებს მსაჯების შეცდომებთან დაკავშირებით. თუკი ჩემპიონატის რომელიმე თამაშზე პენალტი დაინიშნება, საჯარიმოს გარეთ მომხდარი წესების დარღვევის გამო, ფსონი იქნება 9/4-თან. თუ რომელიმე ფეხბურთელი გოლის გატანამდე ბურთს ხელით გაიჩერებს, მაშინ კოეფიციენტი გახდება 18/1-თან. შეცდომით სხვა ფეხბურთელის გაძევება, რაც ნაკლებად ხდება, 80/1-თან არის შეფასებული, ხოლო მატჩის დამთავრება 90 წუთის ამოწურვამდე – 100/1-თან. თუკი მსაჯი ერთ ფეხბურთელს მატჩის განმავლობაში სამჯერ უჩვენებს ყვითელ ბარათს, ამის კოეფიციენტი 150/1-ია. სხვათა შორის ასეთი ფაქტი გასულ მუნდიალზე დაფიქსირდა.
პირველი გოლის
აღნიშვნის ცერემონია
საინტერესო ფსონები იყო მუნდიალის პირველი გოლის გატანის აღნიშვნასთან დაკავშირებით: სალტოს გაკეთება – 4/1-თან, მაისურის გახდა – 9/2-თან, მაისურის თავზე წამოცმა ფაბრიციო რავანელის მსგავსად – 12/1-თან, გოლის აღნიშვნა ბრაზილიელი ბებეტოს სტილში ჩვილის რწევასავით – 28/1-თან, ინგლისელი პიტერ კრაუჩივით რობოტის ცეკვის შესრულება – 50/1-თან, ხოლო რობი ფაულერის ცნობილი ილეთის გამოყენება, გოლის გატანის შემთხვევაში კოკაინის ყნოსვის იმიტაცია – 150/1-თან.
სპეციალური
შეთავაზება
რამდენიმე ევროპულმა ტოტალიზატორმა თავის კლიენტებს საინტერესო ფსონების ჩამონათვალი შესთავაზა. ესპანეთის ჯგუფიდან გაუსვლელობა შეფასებულია 11/1-თან; ლიონელ მესი გაიტანს 7 და მეტ გოლს – 18/1-თან; უეინ რუნი გაიტანს გამარჯვების გოლს ფინალურ მატჩში – 25/1-თან. იგივე რუნის ტრავმა და შემდეგ თამაშიდან გამოთიშვა შეფასებულია ასევე 25/1-თან; ესპანელი ხაბი ალონსოს მიერ საკუთარი საჯარიმოდან გოლის გატანა – 66/1-თან; ტიერი ანრის ხელით თამაში – 100/1-თან; კრისტიანო რონალდუს მიერ ჩემპიონატის მოგება და საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღება – 33/1-თან; ესპანელი ფერნანდო ტორესის მიერ მუნდიალის ბოლო გოლის გატანა კი შეფასებულია 16/1-თან კოეფიციენტით.
გაშვებული გოლების რაოდენობა წითელმაისურიანი გუნდების მიერ „მოზეს მადიბას“ სტადიონზე
დურბანში
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ სამი ნაკრები თამაშობს წითელი ფერის მაისურებით – სამხრეთ კორეა, ესპანეთი და პორტუგალია. სამივეს თამაში უწევს „მოზეს მადიბას“ სტადიონზე დურბანში. მათ შორის ერთი თამაში უკვე ჩატარდა – შვეიცარიამ მოახერხა ესპანელების კარის დალაშქვრა და საკმაოდ სოლიდური კოეფიციენტიც ამოაგდო: 3,5 ნაკლებ ბურთზე გაშვების კოეფიციენტი 11/8-თან იყო; ხოლო თუ 3,5 მეტს გაიტანენ დარჩენილ ორ თამაშში წითელმაისურიანების კარში (სამხრეთ კორეა-ნიგერია და პორტუგალია-ბრაზილია) კოეფიციენტი 8/15-თან იქნება.
გოლის აღნიშვნის დროს იესო ქრისტეს გამოსახულებიანი მაისურის გამოყენება
ხშირად ყოფილა, რომ გოლის გატანის დროს ფეხბურთელები სათამაშო ფორმას იხდიან და მეორე მაისურით, რომელზეც გამოსახულია იესო ქრისტე, ზეიმობენ წარმატებას. სწორედ ასეთი სახის ფსონი არსებობს მსოფლიოს წამყვან საბუკმეკერო კანტორებში. თუკი ბრაზილიის რომელიმე ფეხბურთელი ასეთი ხერხით აღნიშნავს გოლს კოეფიციენტი 15/2-თანაა; იტალია – 9/1-თან; არგენტინა – 12/1-თან; საბერძნეთი – 14/1-თან, ხოლო ესპანეთი – 16/1-თან. საინტერესოა, რომ ამ ფსონში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებიც ფიგურირებს და ფსონი 1 000/1-თანაა.
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო მატჩი ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის, თამამად შეიძლება ჩაითვალოს, ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სენსაციად მუნდიალების ისტორიაში. ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად შერაცხილმა ესპანელებმა ანგარიშით 0:1 დათმეს თამაში და ამით უზარმაზარი მოგება მოუტანეს ტოტალიზატორებს. ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რა თანხაზეა საუბარი ან თუ არის ისეთი ვინმე, ვინც შვეიცარიის გამარჯვებით დიდი თანხის მოგება მოახერხა. მაგრამ, ფაქტია, რომ უკვე დღეს ბევრი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ თამაში დაგეგმილი სცენარით წარიმართა და ანგარიშის დაფიქსირებაში თავისი წვლილი საკმაოდ მაცდურმა კოეფიციენტმა – შვეიცარიის მოგებაზე გათვლილმა 15,2-მა შეიტანა.
P.S. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საინტერესო ფაქტია დაკავშირებული იტალიის ნაკრების გამარჯვებასთან 1982 წლის მუნდიალზე. საქმე ისაა, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ და ბომბარდირმა, იტალიელ პაოლო როსის, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმეთვიანი – ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რომელიც გამოიწვია იმან, რომ ფეხბურთელი შემჩნეული იყო ტოტალიზატორთან კავშირში.