ვიკა გადარჩა
დევიდ ბექჰემი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ თამაშობს, მაგრამ ფაბიო კაპელომ მას გული არ დასწყვიტა და სამწვრთნელო შტაბში შეიყვანა. რა თქმა უნდა, ქმართან ერთად არის ვიქტორია ბექჰემიც, რომელიც სტადიონის ნაცვლად, ღამის ბარების სტუმარია და ინციდენტიც სწორედ ბარიდან გამოსვლისას შეემთხვა.
„გარეთ გამოვედი და დაცვას ტაქსის დაჭერა ვთხოვე, რადგან არ მინდოდა, ყურადღება მიმეპყრო. ბარში ავტომანქანით არ მივსულვარ. დაცვა გავიდა და ამ დროს ბუჩქებიდან ვიღაც კაცი გამოძვრა. მან ავტოგრაფი, ფოტო და ერთი კოცნა მთხოვა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ამ დროს ტაქსიმ გამოიარა. ხელი დავუქნიე და ჩავჯექი, ის კაცი კი გაღებულ კართან მოვარდა და ჩაჯდომა დააპირა. საბედნიეროდ, დაცვა გამოჩნდა და მიშველა“, – ყვება ვიკა.
იმასაც ამბობენ, ამ ამბავმა ვიქტორია ისე შეაშინა, რომ შინ დაბრუნების შემდეგ ისტერიკა დაემართა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სავარაუდოდ, ბარში მომდევნო ვიზიტისას, ვიკა დაცვის სამი წევრიდან თავისთან ერთს მაინც დაიტოვებს ხოლმე.