სკილაჩიმ მაფიოზთა „სხოდკა“ კინაღამ ჩაშალა
მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატმა სტარტი აიღო და მალე გამოჩნდება, ვინ რისი მაქნისია. თითქმის ყოველ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდება ხოლმე ვინმე, ვინც მანამდე რიგით ფეხბურთელად ითვლებოდა, მერე კი ერთბაშად „აიწყვეტს“ და მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხდება. ასეთი იყო სალვატორე სკილაჩიც – იტალიელი, რომელსაც არავინ იცნობდა და 1990 წლის მუნდიალზე მხოლოდ გარეგნობის გამო მოხვდა. „კომეტა ტოტო“, როგორც მას იტალიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეარქვეს, იტალიის ნაკრებში სულ 16-ჯერ გამოჩნდა, 7 გოლი გაიტანა და აქედან 6 სწორედ მსოფლიოზე შეაგდო.
ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო. როცა იტალიის ნაკრების თავკაცმა, აძელიო ვიჩინიმ, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, ყველას გაუკვირდა, რომ მწვრთნელმა იქ სკილაჩიც შეიყვანა და პირველივე პრესკონფერენციაზე სწორედ ეს იყო მთავარი კითხვა: რა უნდოდა შემადგენლობაში ფეხბურთელს, რომელიც პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენდა და რომელიც ერთი წლით ადრე სერია „ბ-ში“ თამაშობდა, ანუ, უმაღლეს ლიგაშიც კი არ ჰქონდა თამაშის დიდი გამოცდილება. ვიჩინიმ, ცოტა არ იყოს, უცნაური პასუხი გასცა: „ის ძალიან, ძალიან ჰგავს ჭეშმარიტ იტალიელს და ამიტომაც შევიყვანე განაცხადში“.
არადა, მაშინ იტალიელთა თავდასხმის ხაზში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, როგორებიც იყვნენ ჯანლუკა ვიალი, რობერტო ბაჯო, რობერტო მანჩინი, ანდრეა კარნევალე და ალდო სერენა და, ყველა დარწმუნებული იყო, რომ სკილაჩის არათუ ძირითად შემადგენლობაში თამაშის, არამედ მოედანზე რამდენიმე წუთის ყოფნის შანსიც კი არ ექნებოდა და ეს მოსაზრება რეალობასთან ძალიან ახლოს იყო. სანამ იმას მოგითხრობთ, რა მოხდა მუნდიალზე, სკილაჩის კარიერის შესახებ გიამბობთ.
სალვატორე 1964 წლის 1 დეკემბერს სიცილიაზე, ქალაქ პალერმოში დაიბადა და ბურთის გორებაც იქვე დაიწყო. 1982 წელს იგი მოკრძალებულ „მესინაში“ მივიდა და ამ გუნდში შვიდი წელი დარჩა. ამ ხნის განმავლობაში 219 მატჩში 61 გოლი გაიტანა. მისმა ასპარეზობამ ტურინის „იუვენტუსის“ შეფთა ყურადღება მიიპყრო და 1989 წელს სკილაჩი „ბებერ სენიორაში“ გადავიდა, თუმცა ძირითადის მოთამაშედ ვერც იქ იქცა. მან სამი წელი იწვალა, 90 შეხვედრაში 26 გოლით მოიწონა თავი და 1992 წელს მილანის „ინტერს“ მიაშურა. ყველას ეგონა, რომ 1990 წლის მუნდიალზე აკიაფებული ვარსკვლავი კიდევ ერთხელ აინთებოდა, მაგრამ არა – ორ წელიწადში სკილაჩი მხოლოდ 30 შეხვედრაში ათამაშეს, 11 გოლის გატანაც მოახერხა და იაპონიაში, „ჯუბილო ივატაში“ სათამაშოდ წავიდა. იაპონიაში მაშინ საფეხბურთო დონე ძალიან დაბალი იყო და სკილაჩიმ გაილაღა – 78 შეხვედრაში 56 გოლი საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ ევროპაში მისი დაბრუნება არავინ მოისურვა და ტოტომაც კარიერა ამომავალი მზის ქვეყანაში დაასრულა.
რაც შეეხება იტალიაში გამართულ ჩემპიონატს: მთელი იტალია საყვარელი გუნდისგან მხოლოდ პირველ ადგილს ითხოვდა. რეალურად, აპენინელებს ცუდი გუნდი არ ჰყავდათ. მართალია, შემადგენლობაში სკილაჩიც იყო, რომელსაც არავინ ენდობოდა, მაგრამ, 23 კაცში ერთი „უსაქმური“ არაფერს წყვეტდა. პირველ შეხვედრაში მასპინძელი იტალია ავსტრიას ხვდებოდა და ნაკრების რჩეული ფორვარდები ავსტრიელთა კარს თავდაუზოგავად უტევდნენ, მაგრამ, რად გინდა – მეტოქის დაცვა და მეკარე მათ წინ გაუვალი კედელივით აღმართულიყო. 75-ე წუთზე გვერდითა მსაჯმა ალამი ასწია, ანუ იტალიელთა თავკაცმა ფეხბურთელის შეცვლა მოითხოვა და, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდათ იტალიელებს, როცა სარბენ ბილიკზე არა რომელიმე სახელიანი ფორვარდი, არამედ ვიღაც სალვატორე სკილაჩი გამოჩნდა. თავი კომენტატორებმაც ვერ შეიკავეს და პირდაპირ ეთერში დაიწყეს მწვრთნელის ლანძღვა – ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, ვის ესკილაჩება, ვინმე ნორმალური შემოეყვანაო. ტოტომ კარნევალე შეცვალა და მოედანზე ისე შევიდა, მისთვის ტაშის დაკვრა არავის გახსენებია. მაგრამ, შესვლიდან სამ წუთში სკილაჩიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და, ჯერ ხომ თავად გადაირია სიხარულით, მერე მთელი იტალიაც გადარია.
ამის მიუხედავად, როცა მწვრთნელმა მეორე შეხვედრის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და თერთმეტ კაცში სკილაჩიც შეიყვანა, კრიტიკის მორიგი ქარცეცხლი დაატყდა თავს. იტალიელებს აღარ ეხუმრებოდათ. გასაგებია, რომ ტოტომ ერთ შეხვედრაში გაამართლა, მაგრამ მწვრთნელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. მეორე მატჩი იტალიას ამერიკასთან ჰქონდა და, რა თქმა უნდა, მოიგო კიდეც, თუმცა, სკილაჩის გოლი არ გაუტანია. ამან მწვრთნელი ვერ შეაშინა და ჯგუფის მესამე შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიასთან ტოტო ისევ ძირითადში გამოჩნდა და ისევ შეაგდო.
„მე ცოლს შევპირდი, რომ ყველა მატჩში, რომელშიც ვითამაშებდი, გოლს გავიტანდი. ამერიკასთან ერთი შეხვედრა ჩამივარდა, მაგრამ არა უშავს, დანარჩენ მატჩებში მოედანს უგოლოდ არ დავტოვებ“, – ეს სიტყვები სკილაჩიმ ჩეხოსლოვაკიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ თქვა და ისედაც გაბრაზებული იტალიელები კიდევ უფრო გააბრაზა. „თავხედი ტოტო“ – ასეთი სათაურით გამოვიდა მეორე დღეს იტალიური პრესა, მაგრამ... სკილაჩიმ მართლა ბევრი „ითავხედა“.
მერვედფინალში იტალიას ურუგვაი შეხვდა და სკილაჩიმ სამხრეთამერიკელებსაც გაუტანა. მას ძირითადში ადგილი უკვე მყარად ჰქონდა დამკვიდრებული და ამ ადგილს გოლებით ამყარებდა. დადგა მეოთხედფინალის დღე და იტალიას ერთი შეხედვით არცთუ ძლიერი ირლანდია ერგო. ეს ერთი შეხედვით, მაგრამ, ირლანდიელებმა მოედანზე კინაღამ თავი მოიკლეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ერთადერთი გოლი გაუშვეს – რა თქმა უნდა, ის გოლი სკილაჩიმ ჩაიწერა ანგარიშზე.
ნახევარფინალს მთელი იტალია მოუთმენლად ელოდა. აძელიო ვიჩინის გუნდს მეტოქედ არგენტინა ჰყავდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და... სკილაჩიმ ბურთი აქაც გაიტანა, მაგრამ მისი გოლი მოგებისთვის საკმარისი არ გამოდგა – მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. მესამე ადგილისთვის იტალიელებს ინგლისთან მოუხდათ ბრძოლა. მართალია, მთელი ქვეყანა თავისი გუნდისგან მხოლოდ პირველ ადგილს ელოდა, მაგრამ, საბოლოოდ, არც მესამეზე იტყოდნენ უარს და ამიტომ ბარის სტადიონი ბოლომდე გადაიჭედა. იტალიელებმა ინგლისი 2:1 დაამარცხეს და, როგორ გგონიათ, გოლი ვინ გაიტანა? დიახ, – სალვატორე სკილაჩიმ და ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
ამ ჩემპიონატის შემდეგ „იუვენტუსს“ ტოტო რომ გაეყიდა, რეკორდულ ფასს აიღებდა, მაგრამ, პირიქით, მას გუნდში ბაჯო მიუყვანეს და ერთი შეხედვით, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა უნდა ყოფილიყო, თუმცა ბაჯო ბრწყინავდა, მაგრამ, სკილაჩის საგოლე ალღო სადღაც გაქრა და ორ წელიწადში იგი „ინტერში“ გაუშვეს, საიდანაც, როგორც აღვნიშნეთ, იაპონიას მიაშურა.
კარიერის დასრულების შემდეგ სკილაჩი პალერმოში დაბრუნდა და პრესის ფურცლებზე სამჯერ გამოჩნდა: პირველად მაშინ, როცა პირველ ცოლს დაშორდა; მეორედ – როცა მეორე ცოლს გაეყარა, მესამედ კი – რამდენიმე წლის წინ, როცა სასამართლოზე მოწმის სახით იყო დაბარებული – პალერმოში სიცილიელ მაფიოზებს ასამართლებდნენ. ჰოდა, მოწმე სკილაჩიმ „სხოდკა“ კინაღამ ჩაშალა, რადგან მაფიის ბოსები კბილებით დაიცვა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ სიცილიაზე მაფიის არსებობა მხოლოდ მითია. დღეისთვის სკილაჩი მშობლიურ პალერმოში ბავშვთა საფეხბურთო კლუბს ავარჯიშებს და ამბობენ, ვარჯიშებზეც ისეთი ემოციური და გადარეულია, როგორიც მოედანზე იყოო.