კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა წავისვა ტონალური კრემი?
პასუხი: ტონალური კრემი უნდა წაისვათ მკვებავი კრემის წასმიდან 20 წუთის შემდეგ. ტონალური სახეზე გადაანაწილეთ თითებით, სახის ცენტრიდან პერიფერიისკენ, მსუბუქი და წრიული მოძრაობით.
საღამოს მაკიაჟისთვის გამოიყენეთ უფრო მუქი ტონალური, ვიდრე დღისით წასასმელად.
კითხვა: მაქვს ცხიმიანი კანი. პერიოდულად მიღიზიანდება და ჩნდება გამონაყარი პატარა წითელი ლაქებით. რა ჯობია, ასეთ დროს მაკიაჟისთვის გამოვიყენო (რომ ეს გამონაყარი და ლაქები დაიფაროს) – ტონალური კრემი თუ პუდრი?
პასუხი: თქვენს კანს სჭირდება მკურნალობა, ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს, რომელიც გასწავლით, როგორ მოუაროთ კანს. მაკიაჟისთვის კი გირჩევთ, შეიძინოთ სპეციალური საშუალებები პრობლემური კანისთვის, რომლებსაც აქვს მკვრივი სტრუქტურა და შედგება ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი კომპონენტებისგან.
კითხვა: რა არის აუცილებელი მშრალი კანის მოსავლელად?
პასუხი: ეს ძალიან ზოგადი კითხვაა. ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზეთ სხვადასხვა (მათ შორის – მშრალი) ტიპის კანის მოვლის წესები. თქვენი კითხვის მიხედვით მხოლოდ ის შეგვიძლია, გიპასუხოთ, რომ მშრალი კანის მოვლის მთავარი პირობებია: მუდმივი კვება, დატენიანება და გაწმენდა. აუცილებელია A და E ვიტამინები.
კითხვა: რომელ კოსმეტიკურ საშუალებას მირჩევთ იმისთვის, რომ ჩემი კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს?
პასუხი: ასაკოვან კანს აუცილებლად სჭირდება ლიფტინგ-ეფექტი. ამ ეფექტის მქონე ტონალური კრემი ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ჭიმავს კანს და ახალგაზრდულ და ჯანსაღ იერს აძლევს მას.
კითხვა: როგორც ვიცი, სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა ეგრეთ წოდებული „ცოცხალი წყლით“ დაბანა. ხომ ვერ მასწავლით ტიბეტელი ბერების მეთოდით სახლის პირობებში „ცოცხალი წყლის“ დამზადების მეთოდს?
პასუხი: ჩადეთ მინის სამლიტრიან ქილაში მთის ბროლი და ჭურჭელი შეავსეთ მდუღარე წყლით, დადგით მზეზე 3 საათის განმავლობაში (უმჯობესია, დილის 8-დან 11 საათამდე). ყოველ დილით ამ წყლით დაიბანეთ პირი და თქვენი კანი მუდამ შესანიშნავ მდგომარეობაში იქნება.
კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური დიეტა თმის ცვენის წინააღმდეგ?
პასუხი: კონკრეტული დიეტა თმის ცვენის წინააღმდეგ დიეტოლოგებს ჯერ არ შეუმუშავებიათ, მაგრამ, არსებობს რეკომენდაციები და რჩევები, რომელთა გათვალისწინება და შესრულება აუცილებლად სასიკეთოდ წაგადგებათ.
საერთოდ, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან მკაცრი დიეტები, ისევე, როგორც არასწორი კვება, იწვევს ვიტამინების, მინერალებისა და მიკროორგანიზმების ნაკლებობას, რაც თმის სიჯანსაღეს არღვევს და ზრდის შენელებას იწვევს. ეს პროცესები, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებამ, ალკოჰოლმა ან თამბაქოს მოწევამ.
რაც შეეხება საკვებით ხელის შეწყობას, ხშირად მიირთვით წიწიბურა, ბროწეული, ბურღულეული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ეს პროდუქტები ერთად.
ხორცი და თევზი მიირთვით მწვანე ბოსტნეულთან ერთად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პომიდორთან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიიღეთ სხვადასხვა სახეობის ხილი, უმჯობესია – უმი სახით, რომ თქვენი თმა ძირიდანვე კარგად გამოიკვებოს.
კითხვა: აზიანებს თუ არა მზის აბაზანები თმის ღერსა და ძირებს და, თუ აზიანებს, როგორ უნდა დავიცვათ თმა?
პასუხი: მზეზე დიდხანს ჯდომა ისევე აზიანებს თმას, როგორც სახის კანს. ამიტომ, აუცილებელია, მიიღოთ ზომები: პლაჟზე ნუ გახვალთ ქუდის ან თავსაფრის გარეშე; სახლში დაბრუნებისას თმა დაიბანეთ კვერცხის გულით და გადაივლეთ გვირილის ნახარში; კვირაში ორჯერ შეიზილეთ თმის ძირებში აბუსალათინის ზეთი; კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ხილის, მაწვნის ან მაიონეზის ნიღაბი.
კითხვა: სისტემატურად ვხმარობ ფრჩხილის ლაკს, რის გამოც ფრჩხილები მიყვითლდება ხოლმე. რისი ბრალია ეს და როგორ მოვუარო ამ პრობლემას?
პასუხი: ფრჩხილების გაყვითლების ძირითადი მიზეზი უხარისხო ლაკია. ამიტომ, პირველ ყოვლისა, შეეცადეთ, შეიძინოთ ცნობილი ბრენდის, ხარისხიანი პროდუქტი. გაყვითლებული ფრჩხილების მოსავლელად უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად: ეცადეთ (ზაფხულის განმავლობაში მაინც) ნაკლები სიხშირით წაისვათ ფრჩხილების ლაკი, სახლში დაბრუნებისთანავე წაიშალეთ აცეტონით, დაიბანეთ საპნით, შემდეგ გაიწმინდეთ ლიმონის ნაჭრით და ბოლოს შეიზილეთ ზეითუნის ზეთი.