ვინ ასწავლის ბიჭოლას სენ-მარტინის ხელოვნების კოლეჯში და რატომ იქნება მის მამაკაცურ ჩაცმულობაში ქალური შტრიხები
დიზაინერი, რომელმაც სახელი სულ ცოტა ხნის წინ გაითქვა, მასტერ-კლასს უკვე მოდის სფეროში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ლონდონის სენ-მარტინის კოლეჯში გადის, ეს არის კოლეჯი, რომლის კურსდამთავრებულებიც არიან სტელა მაკარტნი, ჯონ გალიანო და უამრავი სხვა. ბიჭოლა ლონდონს იოლად შეეგუა და, თბილისისგან განსხვავებით, არც ლონდონს გასჭირვებია მისი მიღება, თუმცა, მანამ, სანამ მას, როგორც დიზაინერს, აღიარება ექნება ევროპაში, ბევრი მუშაობა და სწავლა მოუწევს. ბიჭოლა საკმაოდ მონდომებულია და, მიუხედავად იმისა, რომ სენ-მარტინი ყველაზე ძვირად ღირებული კოლეჯია, ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი მაგისტრი გახდეს.
ბიჭოლა: მოგესალმებით შორეული ლონდონიდან (იცინის). გადასარევ ხასიათზე ვარ. ამ წუთას ვარ სელფრიჯიში, ყველაზე ცნობილ მულტიბრენდულ მარკეტში, სადაც „სტელა მაკარტნი“, „მარნი“, „ბალენსიაგა“ – ყველა ნომერ პირველი ლეიბლის სამოსი იყიდება. აქ ვაკეთებთ ცნობილი დიზაინერების ბრენდების ილუსტრაციებსა და ჩანახატებს. ანუ ვუყურებ კოსტიუმს და მას ვხატავ. მსგავსი ტიპის დავალებები უკვე გვქონდა „ნეიშენალ გელერიში“, ასლებს ვაკეთებთ და ამით ხვდებიან რამდენად ზუსტად ვხედავთ კოსტიუმს, ზუსტად უნდა იყოს გამეორებული ხაზი, წაშლის მომენტები, სილუეტი და სხვა.
– მოდი, თავიდან დავიწყოთ: ჩახვედი ლონდონში...
– ჩავედი ცოტა შიშით. ლონდონი ძალიან დიდი ქალაქია და შემეშინდა, არ გადამყლაპოს-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ დავკარგულვარ, პირიქით, ძალიან მალე მოვერგე სიტუაციას, ალღო ავუღე მთლიანად ქალაქს და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფში პირველი ვარ. ჩემს ნამუშევრებს ფოტოებიც კი გადაუღეს. ერთხელ ლექტორმა მთხოვა, თუ შეიძლება შენს ნამუშევრებს ფოტოებს გადავუღებო და კლასში სხვებს ცოტა ეწყინათ. პირველი კვირა რომ დავხურეთ, კონკრეტულ თემაზე უნდა გვემუშავა. მე ავიღე ჩემი ძველი თემა – „ფემინინ ენდ მასკულინ“, დეტალები გადმოვიტანე „ნეიშენალ გელერიში“ ნანახი კოსტიუმიდან, ასევე ბოტიჩელის ნახატიდან და შევქმენი კოსტიუმი ძველ სტილში. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ. ერთადერთი, ენის ბარიერი მაქვს, მაგრამ ამის გამო სერიოზული დისკომფორტი მაქვს-მეთქი, ვერ გეტყვი, მაინც მიგებენ. ლექტორები სულ მეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხების გაძლება მოგიწევს, ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება მიიღოო. აქ თუ კოლეჯს დაასრულებ, ეგრევე „ლონდონ ფეშენ-უიქზე“ გადიხარ. უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ კარგი დაფინანსება მივიღო და სწავლა განვაგრძო, რადგან, ვინც ჩემს ნახატებს ნახულობს, სულ „იუ არ ბრილიანტ, იუ არ ვერი ტელენტედო,“ მეუბნებიან (იცინის). ერთი რაღაც მინდა, გითხრათ: დღეს გაიხსნა ჩემი ოფიციალური ვებ-გვერდი, www.bicholla.ge, რომელიც „კიკალა სტუდიომ“ და „პიქსელმა“ საჩუქრად დამიმზადეს. უმაღლესი დონის ვებ-გვერდია, გავგიჟდი, რომ ვნახე და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის.
– როგორია სწავლის სტილი?
– ქართულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. აქ ძირითად აქცენტს აკეთებენ კონცეფციასა და არა ტექნიკურ შესრულებაზე. აქ შეიძლება კოლაჟით ააწყო ის, რისი გაკეთებაც გინდა და ხატვა საერთოდ არ იცოდე. მინდა, თამამად ვთქვა, რომ ჩემი ჯგუფელები აბსოლუტურად ვერ ხატავენ. არადა, რომ ვხატავ, საშლელი საერთოდ არ მჭირდება, სულ მეუბნებიან, შენი ხაზი უწყვეტი და სრულყოფილიაო. ჯგუფში დაახლოებით ოცდათხუთმეტი კაცია, აქედან ოცდათორმეტი – იაპონიიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან, ჰონ-კონგიდან და მსგავსი ქვეყნებიდანაა, „ჩემს იაპოშკებს“ ვეძახი. უმაგრესი ლექტორები გვყავს, თან, როგორც გვითხრეს, მასტერ-კლასებს ჩაგვიტარებენ ძალიან ცნობილი დიზაინერები, მანამდე კი ისინი გვასწავლიან, ვინც ამ გრანდებსაც ასწავლიდნენ. ისე, სტუდენტებს შეგვხვდნენ ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი, კლიპმეიკერი. ყოველ პარასკევს ჩვენთან საინტერესო შეხვედრების დღეა, ასეთ შეხვედრაზე მოსული იყო დივა, უმაგრესი ფოტოგრაფი, რომელიც მოდის მეტრებთან მუშაობს, ასევე მოვიდა კლიპმეიკერი ქესელი, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით, მეილი გამომართვა და მითხრა, ლონდონში თუ რჩები, აუცილებლად დაგიკავშირდებიო. ისე ჩვენი კოლეჯის ერთ-ერთი ფილიალი „ბი-ბი-სის“ ოფისთან არის და დღე არ გავა, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი არ შეგვხვდეს – რობი უილიამსი, ემი ვაინჰაუსი და ვიღაცეები მოდიან ხოლმე. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ერთ საქმეზე ვარ გადართული: როგორც იცით, ჩემი უახლოესი მეგობარი, თიკა ჯამბურია გათხოვდა და აქ ვკერავ მისთვის საქორწილო კაბას. უკვე შევიძინე უმაღლესი ხარისხის ქსოვილები იმ მაღაზიაში, სადაც ვივიენ ვესტვუდი, ჰუსეინ ჩალაიანი და სხვა დიზაინერები ყიდულობენ. საოცარი კაბა იქნება, გრანდიოზული და ძალიან მდიდრული. თიკას ქორწილი „რედისონში“ მოეწყობა. მის შეკერვაში ლონდონში მცხოვრები ჩემი ნათესავი მეხმარება. აქვე უნდა შევკერო ჩემი ახალი კოლექცია, რომლის ჩვენება თებერვალში იქნება. მაგრამ ეს იქნება „მენსვეარი“, ანუ კაცის სამოსი, რომელიც კიდევ ერთხელ აალაპარაკებს თბილისს, ძალიან სკანდალური ჩვენება გამოვა. აქ ძალიან მოეწონათ ჩანახატები, რადგან მთელი ეს კოლექცია თანამედროვე არქიტექტურის სტილშია გადაწყვეტილი. უდიდესი „ინსპირეიშენი“ მივიღე ბრითიშ-ბოის, ანუ ბრიტანელი ბიჭების ჩაცმულობიდან, რომელიც გაცილებით თავისუფალია, ვიდრე ქართველი მამაკაცების ჩაცმულობა.
– გართობას თუ ახერხებ?
– რა თქმა უნდა. უამრავი მეგობარი შევიძინე, უიქენდებზეც გავდივარ ხოლმე, კლუბებში, გალერეებში, კინოშიც ხშირად დავდივარ. კარგად მოვერგე ამ ქალაქს. ყველაზე სასაცილო ერთი ფაქტი იყო, რომელზეც ძალიან ბევრი ვიხალისე: სენ-მარტინის წინ ვდგავართ მე და ჩემი მეგობარი, რომელსაც ქართულად ველაპარაკები. უცებ მოდის ვიღაც ტიპი, რომელიც ინგლისურად მეუბნება, „იუ არ ბიჩოლა?“, მე დაბნეული ვუყურებ, ის კიდევ მიმეორებს. კი-მეთქი ვუთხარი. ინტერნეტში შემთხვევით ვნახე შენი ჩვენება და ძალიან მომეწონაო. სენ-მარტინის წინ რომ დაგინახე, გიცანი, მივხვდი, ლონდონში ჩამოსულხარ სწავლის გასაგრძელებლად და ძალიან მიხარიაო. რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენია! ლონდონში რომ გიცნობს ვიღაც, ხომ მაგარია?! სულ ცოტა ხანში ჩემი სავიზიტო ბარათები და მსგავსი რაღაცეები დამზადდება. ლონდონში მეგობარი მყავს, რომელიც ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მენეჯერობას გამიწევს. რამდენიმე დღეში უნდა შევხვდეთ მაღაზიების წარმომადგენლებს, სადაც, შეიძლება, ვესტვუდიც იყიდებოდეს და ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრებიც. თან, ასეთი ბევრი მაღაზიაა. უნდა შევხვდეთ ბაიერებს და გადასარევი იქნება, თუ ამ მაღაზიებში ჩემი სამოსი გაიყიდება. ეს რომ გამოვიდეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ივლის ლონდონში. ხომ იცი, რა ტიპი ვარ, ყოველდღე ვცდილობ, რაღაც ახალი და საინტერესო მოხდეს. ინტერვიუს ბოლოს იმასაც გეტყვი, რომ თიკა ჯამბურიას ქორწილში ძალიან დიდ სიურპრიზს ვუმზადებ და ამას მთელი თბილისი გაიგებს.
სალომე გველესიანი