ექიმის რჩევები
კითხვა: მაქვს დაბალი ჰემოგლობინი. დამიდგინეს ანემია. ექიმმა მირჩია, რკინის შემცველი აბები მესვა, მაგრამ მათი დალევისას კუჭი მეშლება, ვაშლის ჭამისასაც იგივე მემართება. ძალიან სუსტად ვარ, სულ მეძინება და წნევაც დაბალი მაქვს.
პასუხი: სისხლში რკინის დეფიციტის შევსება მხოლოდ რკინის პრეპარატებით შეიძლება. თანამედროვე რკინის პრეპარატებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მინიმალური გვერდითი ეფექტი ახასიათებს. თუ სხვა პრეპარატის მიღების დროსაც ისეთივე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, რკინის შემცველი პრეპარატების ვენაში გადასხმა დაგჭირდებათ.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რა უპირატესობა აქვს ვიტამინის ინიექციას დასალევ ვიტამინთან შედარებით.
პასუხი: ვიტამინის კუნთში ინიექციას მეტწილად მაშინ უნიშნავენ, როცა მწვავე ინფექციური დაავადების დროს სწრაფი შედეგის მიღება სურთ და ან იმ შემთხვევაში, როდესაც მათი დალევა კუჭ-ნაწლავის მხრივ მავნე თანამდევ ეფექტს ავლენს.
კითხვა: 2 წელია, მაწუხებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რომელიც იშვიათად, მაგრამ საკმაოდ ძლიერ მიმწვავდება. ამ ხნის განმავლობაში 20 კილოგრამი დავიკელი და თუმცა ძალიან ვცდილობ, ვეღარ ვიმატებ. მადაც ცუდი მაქვს, მხოლოდ ჩაის ვსვამ. ბევრნაირი მკურნალობა ჩავიტარე, მაგრამ არაფერი მშველის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: წყლულოვანი დაავადება საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა და დიაგნოსტირებას მოითხოვს. აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ენდოსკოპიური კვლევა. სასურველი იქნება ბიოფსიაც. ამჟამად წყლულის სამკურნალო საკმაოდ ეფექტური საშუალებები არსებობს და 95 პროცენტით შესაძლებელია რემისიის მიღწევა. მაგრამ, ჯერ ზუსტი დიაგნოსტიკაა საჭირო, ამისთვის კი გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: მყავს 2 წლის შვილი, რომელსაც ქვედა ყბა აქვს გამოწეული. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი კორექტირება?
პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ ორთოპედ-სტომატოლოგს. თქვენი შვილის ასაკის ბავშვებში გაძვალების პროცესი არ არის ბოლომდე დასრულებული, ამიტომ მდგომარეობის გამოსწორება უფრო იოლია.
კითხვა: რა ხანგრძლივობით შეიძლება ნახშირის მიღება?
პასუხი: თუ გაზები გაწუხებთ, ნახშირი მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით, ორი-სამი აბი.
კითხვა: ვარ 30 წლის, მაქვს ნერვული აშლილობა, გულისრევის შეგრძნება, უძილობა, შიში. გთხოვთ, მითხრათ, საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის?
პასუხი: სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ, მდგომარეობა რომ არ გაგირთულდეთ, აუცილებელია, იმკურნალოთ ნევროპათოლოგის დანიშნულების მიხედვით.
კითხვა: ვარ 24 წლის, მყავს 3 კვირის შვილი. ცალი მკერდი გადიდებული მაქვს და ჩხვლეტით ტკივილებს ვგრძნობ. რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?
პასუხი: თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ მამოლოგს. ტკივილებს შეიძლება იწვევდეს მასტოპათიის საწყისი ეტაპი.
კითხვა: მაქვს ართრიტი. მეზობელმა მითხრა, რომ თავი უნდა შევიკავო შოკოლადის ჭამისგან. მისაღებია თუ არა მისი რჩევა?
პასუხი: უმჯობესია, თავი შეიკავოთ ჭარბი შოკოლადისა და ყავის მიღებისგან.
კითხვა: ორი თვეა, გავთხოვდი. ფეხმძიმედ არ ვარ. ყოველი სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ მტკივა მუცლის ყველა ნაწილი. რისი ბრალია და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: პირველ ყოვლისა უნდა ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა, უმჯობესია, მენსტრუაციის დაწყებიდან მეშვიდე-მეცხრე დღეს და შემდეგ მიმართოთ გინეკოლოგს. ტკივილი შეიძლება, გამოწვეული იყოს ანთებითი ან შეხორცებითი პროცესების არსებობის გამო.
კითხვა: იკურნება თუ არა ბოლომდე პარადონტოზი? პერიოდულად მაქვს სისხლდენა.
პასუხი: პარადონტოზის საბოლოოდ განკურნების მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. თუ სისხლდენა გაქვთ, ესე იგი, არ ხართ განკურნებული. პარადონტოზის დროს აუცილებელია პერიოდულად მკურნალობა.
კითხვა: ვარ 55 წლის. სიარულის დროს ხშირად მისივდება ხელები. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?
პასუხი: პირველ ყოვლისა, მიმართეთ ბიოქიმიურ ლაბორატორიას და შეიმოწმეთ სისხლში პროთრომბინის დონე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია