იწვევს თუ არა დიდხანს მზეზე ყოფნა კანის კიბოს და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხისგან
საკმაოდ იმატა კანის კიბოთი დასნებოვნებამ, ამას კი სავარაუდოდ, ზაფხულის მწველ მზეში დიდხანს ნებივრობას და სოლარიუმში მიღებულ ნარუჯს უკავშირებენ.
დღეს ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ თაკარა მზის სხივების ქვეშ ნებივრობა და გარუჯვა გარკვეულ საფრთხეს უქმნის ადამიანს. თუმცა, ბევრი ამ აზრს მაინც არ აქცევს ყურადღებას და ჯიუტად ცდილობს, კანს მუქი ყავისფერი ბზინვარება მიანიჭოს. საერთოდ, გარუჯვა კარგ დასვენებასთან და სასიამოვნოდ გატარებულ შვებულებასა თუ არდადეგებთან ასოცირდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ არასწორად მიღებული რუჯი განსაკუთრებით საშიშია და მას შემდგომში შესაძლოა, მოჰყვეს მთელი რიგი გართულებებისა და უსიამოვნებებისა. სწორი გარუჯვისა და შესაძლო საფრთხის თავის ასარიდებლად საჭიროა, კომპეტენტური ადამიანისგან მოისმინოთ რჩევა და გაითვალისწინოთ. თუ როგორ დავიცვათ და ავარიდოთ თავი მზეზე ნებივრობის უსიამოვნო შედეგებს, რა პრობლემას უქმნის კანს არასწორად გარუჯვა და როგორ მივიღოთ ჯანმრთელი, ყავისფერი, მბზინვარე ნამზეური, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-დერმატოლოგს, ბატონ სოსო კობახიძეს.
– ბატონი სოსო, როგორ მოვამზადოთ კანი სწორი გარუჯვისთვის, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს არასწორ ნამზეურს და არის თუ არა ეს უკანასკნელი ერთგვარი კანის ტრავმა?
– როცა ქუჩაში გარუჯულ ადამიანს ვხედავთ, გვგონია, რომ მან მშვენივრად დაისვენა. თბილისის ქუჩებში ახალგაზრდები სწორედ გარუჯული სხეულით იწონებენ თავს. ზოგი ამას ზღვისპირეთში დასვენებით ახერხებს, ზოგი კი სოლარიუმს ამჯობინებს. მაგრამ, სამწუხაროდ, იმაზე არ ფიქრობენ – ხომ არ არის მომატებული კანის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, გადამეტებული და არასწორად მიღებული ნამზეურის მიზეზით. მინდა გითხრათ, რომ ჯანმრთელი ნამზეური არ არსებობს. ნამზეური არის ტრავმა. უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, როცა ხელს გვარტყამენ კანზე, ის ხომ წითლდება? ანუ ეს არის თავდაცვითი რეაქცია. ხოლო, როცა მზე ხვდება კანს, ის მუქდება და ესეც ერთგვარი დაცვითი რეაქციაა. ასე რომ, ბუნებაში ჯანმრთელი გარუჯვა არ არსებობს. მართალია, ბევრს უყვარს მუქი, მბზინავი კანი და ამას ვერავინ დაუშლის. მაგრამ, საჭიროა, იმ წესების გათვალისწინება, რომელიც აუცილებელია შესაძლო საფრთხისგან თავის დასაცავად. იმაზე უკვე მოგახსენეთ, თუ რატომ არის გარუჯვა ტრავმა. ახლა კი იმას გეტყვით, რომ ხანგრძლივი ტრავმა იწვევს რეგენერაციულ ცვლილებებს. სწორედ, არასწორი ნამზეურის შედეგია კანის ნაადრევი გამოშრობა, ნაოჭები, ალერგიული რეაქციები, კოლაგენების შემცირება და ასე შემდეგ.
– ბევრი, მოდას აყოლებს ფეხს და ამიტომ, ცდილობს, მზისგან გამოწვეულ შედეგებზე არ იფიქროს და გარუჯული კანით მოიწონოს თავი გარშემო მყოფებთან. მათ რა რეკომენდაციას მისცემთ?
– გეტყვით, რომ ნამზეური ადამიანის კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ბოლო დროს აქტიურად შემოვიდა მოდაში გარუჯული სხეული და ახალგაზრდობის უმეტესობა ცდილობს, ასეთი სხეულით მოხიბლოს ირგვლივ მყოფები. არადა, ყველამ იცის, რომ ეს მავნეა. აუცილებელია, დამცავი კრემების სწორად შერჩევა და ხმარება გარუჯვის პროცესში. აუცილებელია, ასევე დამცავი კრემის ინდივიდუალურად, კანის ტიპის მიხედვით შერჩევაც. მაგალითად, ქერა, ცისფერთვალება ადამიანს სხვა ნომერი დამცავი კრემი ესაჭიროება, შავგვრემანს – სხვა, წითურს კი აბსოლუტურად – განსხვავებული. სხვათა შორის, ყველაზე სუსტები მზის სხივების მიმართ წითურები არიან და მათ სჭირდებათ დამცავი კრემი ¹30 ანუ SPF. ეს აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ თუ მას შეეძლო ხუთი წუთის განმავლობაში მზეზე ყოფნა, ამ კრემის შემდეგ, შეუძლია, მზეზე ოცი წუთის განმავლობაში ინებივროს. გარუჯვის წინ კანზე არ იპკუროთ სუნამო, რადგან ამან შესაძლოა, დასხმის ადგილას კანზე მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. აი, გარუჯულ კანზე კი მისი მისხმა თამამად შეგიძლიათ. ასევე, არასწორია, როცა ირუჯებიან სველი სხეულით.
– სველი სხეულით გარუჯვა რატომ არის საშიში?
– სველ სხეულზე არსებული წყლის წვეთი ლინზის პრინციპით მოქმედებს და იწვევს კონცენტრირებული სხივის ერთ ადგილას მოხვედრას. სწორედ იმ ადგილას იწვება კანი. გარუჯვის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დედამიწას გარს აკრავს ოზონის შრე, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გათხელებულია და ამიტომ, თორმეტიდან სამ საათამდე არ არის რეკომენდებული თაკარა მზეზე წოლა.
– ამ საათებში ჩრდილში ყოფნაც საშიშია?
– როცა ადამიანი ამ საათებში ჩრდილში ზის, ულტრაიისფერი სხივები კანში მაინც აღწევს და მოქმედებს მასზე. განსხვავება ის არის, რომ ამ დროს ადამიანი მზის დარტყმას არ იღებს. ვერც სოლარიუმში მიიღებთ მზის დაკვრას, რადგან მას სითბური რეაქცია აქვს, თუმცა იქ მიღებული რუჯითაც კანს ტრავმას აყენებთ.
– ბევრი, წინასწარ ამზადებს კანს ზღვაზე გასარუჯად და ამისთვის სოლარიუმში დადის. ამაზე რას იტყვით? მისაღებია და უსაფრთხო მსგავსი პროცედურების ჩატარება?
– გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია თვრამეტ წლამდე სოლარიუმში გარუჯვა. საერთოდ, ბევრი ასე იქცევა და ზღვაზე წასვლამდე რამდენჯერმე ესტუმრება ხოლმე სოლარიუმს. არ არის სასურველი სოლარიუმში დიდხანს წოლა და გარუჯვა. თუ სხეულზე საეჭვო წარმოშობის ხალი აღინიშნება, სოლარიუმში წასვლამდე უმჯობესია ექიმს მიაკითხოთ. ზოგადად, სოლარიუმში წასვლამდე საეჭვო ხალების არსებობა უნდა გამორიცხოთ. თუ გსურთ დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი, ელასტიკური და მიმზიდველი კანი, ზაფხულის პერიოდში უნდა იხმაროთ სპეციალური დამცავი, ასაკისა და კანის შესაფერისი, დამატენიანებელი კრემები. ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. მე ყველას ვურჩევ, მოერიდონ უმოკლეს დროში, უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე გარუჯვას, რათა შემდგომ, უსიამოვნებებს აარიდონ თავი. სანამ ინანებთ, მანამდე დაფიქრდით და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. თავს მოდის გამო საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ.
– გარუჯულ კანს როგორღა მოვუაროთ?
– გარუჯულ კანზე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი კრემები, კერძოდ ¹6. ისინი კანს აღადგენს. შეგიძლიათ, კანის დასატენიანებლად ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემიც გადაისვათ. სხვათა შორის, ბოლო დროს, სტატისტიკური მონაცემებით, საკმაოდ გახშირდა კანის კიბო და უმეტესი მათგანი, არასწორი ნამზეურის შედეგია. ეს უკავშირდება ოზონის გათხელებას და ულტრაიისფერი სხივების მავნე გამოსხივებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ კანის კიბოს საერთო ზრდის ტენდენცია რომ მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი, ეს ფაქტია. კანის კიბოს განვითარებაში ასევე დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი.
– როდის შეიმჩნევა კანზე პრობლემა და რა გამოვლინებები აქვს მას?
– მინდა, ყველას ვურჩიო, რომ როდესაც რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ კანზე, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის. ხშირად დაათვალიერეთ საკუთარი სხეული და კანი, ასევე, დააკვირდით მკერდის ქვეშ კანს და ნაოჭებს. ნამზეურის გადასვლის შემდეგ, ხშირად თეთრი ლაქები აღინიშნება კანზე. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანის რქოვანა შრეს აზიანებს. დაზიანებულ ადგილზე კანი ფერს იცვლის და ეს ცვლილება შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. საერთოდ, კი მზემ შესაძლოა ბევრი დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. ასევე გირჩევთ ზაფხულის სიცხეში მიიღოთ ბევრი სითხე, უმჯობესია გაზგასული მინერალური წყალი. რადგან, სიცხეში ხდება ორგანიზმიდან წყლის აორთქლება და ეს იწვევს კანის გამოშრობას. ამის შედეგად, იწყება კანის სიმშრალე. ის კარგავს ელასტიკურობას, ხდება პრობლემური. დაიცავით ზომიერება მზეზე ყოფნის დროს. გასარუჯად დაწექით მზეზე თორმეტ საათამდე და ოთხი საათის შემდეგ, როცა მზე ზენიტში არ არის. წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ ტანი და ისე მიეფიცხეთ მზის სხივებს, მანამდე კი სპეციალური კრემი წაისვით. ვფიქრობ, არ არის რთული ყოველივე ამის გაკეთება, სამაგიეროდ, ჯანმრთელობას დაიცავთ.