კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ერევიან ქართველი მშობლები შვილების სასიყვარულო ურთიერთობებში და რა მოაქვს ამას შედეგად



მშობლებისა და შვილების ურთიერთობას პრობლემებიც ხშირად ახლავს. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და ერთმანეთის არ ესმით. საქმე ისაა, რომ მშობლებს სხვანაირად წარმოუდგენიათ თავიანთ შვილების მომავალი, შვილებს კი არ სურთ, მშობლების დირექტივებით ცხოვრება. თანამედროვეობამ ბევრი რამ შეცვალა. შეიცვალა სტერეოტიპები, წარმოდგენები და ურთიერთობები. ის, რაც ჩვენს ბებია-ბაბუებს წარმოუდგენლად და დაუშვებლად მიაჩნდათ, დღეს ჩვეულებრივი ამბავია. რეფორმები ოჯახსაც შეეხო: ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა აღარ არის აქტუალური. წამოიწია პრიორიტეტებმა, რომლებიც მეუღლეების ზრდასრულობას აყენებენ წინა პლანზე. სამაგიეროდ, ისე ძალიან აღარ გვიკვირს ქორწინებამდე კავშირები. თითქოს შევეჩვიეთ „მეგობრის“ ევროპულ-ამერიკულ ინსტიტუტს. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ინსტიტუტმა ჩვენთან სახე იცვალა და ქართული ელფერი შეიძინა.



თიკო (19 წლის): სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე. უკეთეს ვარიანტს ვერ მივაგენი და თქვენთან მოვედი. მაინტერესებს, მე ვარ მართლა სულელი თუ ამ ხალხს აქვს პრობლემები? ფაქტია, რომ ძალიან დამაბნიეს. უფლებას არ მაძლევენ, ისე ვიცხოვრო, როგორც საჭიროდ მიმაჩნია. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა. შეიძლება, შეცდომებიც დავუშვა, მაგრამ შეცდომებიც ჩემი მინდა, იყოს.

– გასაგებია თქვენი მღელვარება, მაგრამ მშობლებსაც უნდა გაუგოთ.

– ვცდილობ, მაგრამ როდემდე გავუძლებ, არ ვიცი. როგორ გავუგო, როცა ცხოვრებას მინგრევენ. რა უნდათ ჩემგან? რატომ არ მაცდიან, მე თვითონ შევქმნა საკუთარი მომავალი? აბსოლუტურად ჩვეულებრივი გოგო ვარ, სტუდენტი. რომ გითხრათ, განსაკუთრებულად ვაზროვნებ ან რაღაც განსხვავებული იდეები მაწუხებს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი მშობლები ჩამორჩნენ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მეგონა. დედაჩემი ძალიან დიდხანს იყო ჩემი მეგობარი, ფაქტობრივად, არაფერს ვუმალავდი. იმ რწმენით გავიზარდე, რომ ოჯახი ჩვენი საუკეთესო თავშესაფარია, მაგრამ, ახლა ვხედავ, რომ ვცდებოდი. როგორც კი რაღაც ისე არ გავაკეთე, როგორც ჩემს მშობლებს უნდოდათ, მაშინვე ამიმხედრდნენ, ლამის თავის დაუძინებელ მტრად გამომაცხადონ.

– ასეთი რა მოხდა?

– რა მოხდა და, ძალით მათხოვებენ. წარმოგიდგენიათ, ოცდამეერთე საუკუნეში ძალით რომ გაგათხოვებენ?! ვინმეს რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი, გამეცინებოდა და ვიტყოდი, ეტყობა, ცუდი სიზმარი ნახა-მეთქი.

– მართლაც დაუჯერებლად ჟღერს.

– დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ. ჩემი მშობლები მხოლოდ სხვების დასანახავად აზროვნებენ პროგრესულად. სინამდვილეში მეცხრამეტე საუკუნეში ჩარჩნენ. იცით, რა პრინციპით ცხოვრობენ? – „პროგრესი და თანამედროვეობა ძალიან კარგია, მაგრამ ჩემს ოჯახში არა!“

– რას გულისხმობთ?

– „ბოიფრენდისა“ და „გერლფრენდის“ ინსტიტუტს, რომელიც ჩვენთან თან არის, თან არ არის. ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ? სირაქლემის პოზას, რომელიც, რატომღაც, ძალიან ბევრს მოსწონს. რატომ უნდა ერეოდნენ მშობლები შვილების სასიყვარულო ურთიერთობებში? ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მსჯელობდა დედაჩემი, რომ ეს მისაღები ფორმაა ურთიერთობისა... რომ არ შეიძლება, ოჯახი შეიქმნას მარტო იმისთვის, რომ ბიჭს და გოგოს ერთად ყოფნა უნდათ... რა მოხდა, თუ ახალგაზრდები ცოტა ხანს ერთად იცხოვრებენ, გამოსცდიან ერთმანეთს, დარწმუნდებიან საკუთარ გრძნობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდებიანო. ამ ყველაფერს ამბობდა დედაჩემი, რომელმაც ახლა რადიკალურად შეცვალა შეხედულებები და ისეთ რაღაცეებს ამბობს, ზოგჯერ სხვა მგონია. რადგან საკითხი უშუალოდ მას და მის ოჯახს ეხება, პროგრესულად მოაზროვნე ქალის იმიჯზე უარი თქვა და ველურივით მექცევა. მე კი, ყველაზე მეტად მისი მხარდაჭერის იმედი მქონდა. დავიჯერე, რომ მართლა შეეძლო ჩემი გაგება. მოვტყუვდი, თორემ სიტყვასაც არ დავძრავდი. ახლა იძულებული ვარ, მათ ბრძანებებს დავემორჩილო და გავთხოვდე. არადა, გათხოვება ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ყოველ შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. სულ სხვა მიზნები მქონდა, რომლებსაც ახლა უნდა დავემშვიდობო.

– ძალად გათხოვებაში რას გულისხმობთ?

– საკუთარი ნების წინააღმდეგ ამ ნაბიჯის გადადგმას. მართალია, ის ბიჭი მიყვარს, რომელიც ჩემი ქმარი უნდა გახდეს, მაგრამ ეს პრობლემას არ ხსნის. მე მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მანამდე, სანამ ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეცემოდა.

– გაუგებარია, რატომ არ უნდა გინდოდეთ იმ მამაკაცზე გათხოვება, რომელიც გიყვართ. ყველა ქალი ხომ ამაზე ოცნებობს?!

– ოცნებობს ის, ვისაც სხვა ოცნება არ აქვს. მე არ ვარ ქარაფშუტა და ზუსტად ვიცი, რას ვითხოვ ამ ცხოვრებისგან, რა მინდა, რომ მივიღო. ოჯახი აბსოლუტურად სხვა ფენომენია. თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობა იმიტომ არის რაღაც ეტაპზე სასურველი, რომ არ გრძნობ პასუხისმგებლობას. ოჯახში ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი. რა გამოვა ჩვენი ქორწინებიდან? მე სტუდენტი ვარ, ისიც სტუდენტია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ოჯახს ავაშენებთ!..

– რატომ? ბევრი ქმნის ოჯახს ძალიან ახალგაზრდა ასაკში, მაგრამ მშვენივრად ცხოვრობენ.

– მე არ ვიცნობ ასეთ ოჯახს. კარგია, თუ გამონაკლისები არსებობენ. პირადად მე ვერ წარმომიდგენია, ჩემი ასაკის ცოლ-ქმარმა უპრობლემოდ იცხოვროს. ერთი აუცილებლად მსხვერპლი იქნება, უფრო ხშირად კი მსხვერპლი ქალია ხოლმე: გათხოვდება, ჩაჯდება სამზარეულოში და მორჩა, მთავრდება მისთვის ნორმალური, სისხლსავსე ცხოვრება.

– ძალიან ცუდი აზრის ყოფილხართ ოჯახსა და გათხოვებაზე.

– პირიქით, ცუდი კი არა, ჯანსაღი აზრის ვარ. ვიცი, რაც მელის. ყველაზე მეტად იმაზე ვარ გაცოფებული, რომ ჩემი შეყვარებული უპრობლემოდ დამთანხმდა ქორწინებაზე. ისიც რომ მხარში ამომდგომოდა, შევძლებდი წინააღმდეგობის გაწევას.

– ალბათ, უყვარხართ.

– შეიძლება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემზე მეტად კომფორტში ცხოვრება უყვარს. იცის, ცოლად თუ არ მომიყვანს, მამამისი დაფინანსებას შეუზღუდავს. შეიძლება, საერთოდ შეუწყვიტოს. აი, რატომ დათანხმდა მორჩილი ბავშვივით, თორემ რისთვის სჭირდება ცოლი, რა დროს მაგის ცოლია?

– ერთად ხომ ცხოვრობთ?

– არა, ერთად არ ვცხოვრობთ, მხოლოდ ერთად ვწევართ. ეს ერთი და იგივე არ არის. წელიწადი ხდება, რაც ერთმანეთთან სექსიც გვაკავშირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახი გამოგვივა. არ ვართ მზად ოჯახისთვის არც მე და არც ის, მაგრამ დედაჩემს ეს ვერაფრით გავაგებინე. დაუჩემებია, უნდა გაჰყვე ცოლადო. ქორწილისთვის ემზადებიან.

– თუ ის მაინც იცით, რომ გიყვართ და უყვარხართ, ერთად ცხოვრება არ გაგიჭირდებათ.

– ეგ არავინ იცის. ხომ გითხარით, ოჯახი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა-მეთქი. ოჯახში ადამიანები იცვლებიან. არა, სხვანაირები კი არ ხდებიან, უბრალოდ, მათი უფლება-მოვალეობები იცვლება და ეს მოქმედებს ხასიათებზეც. როცა გიოსთან მეგობრობა დავიწყე, დედაჩემისთვის არ დამიმალავს. სრულწლოვანი ვიყავი და რატომ უნდა დამემალა? არ ჩამითვლია, რომ რამეს ვაშავებდი. თავიდან ჩვეულებრივად ვხვდებოდით ერთმანეთს, ყოველგვარი ინტიმური სიახლოვის გარეშე. გიო კინოში და თეატრში მეპატიჟებოდა, ვსეირნობდით, ხან ბარშიც მივდიოდით.

– დედათქვენი რას გეუბნებოდათ ამაზე?

– არაფერს, რა უნდა ეთქვა. მოსწონდა გიო. თანაც, რას ვაშავებდით? რომ მეგონა, არაფერს მეტყოდა, „ბოიფრენდს“ თუ გავიჩენდი, იმიტომაც გავბედე ასეთი რაღაც. გეუბნებით, სიტყვით სულ სხვას ამბობდა, საქმით კი...

– წინასწარ არ გითქვამთ დედისთვის, რას აპირებდით?

– არა. ხომ არ ვეტყოდი, დღეს გიოსთან უნდა დავწვე-მეთქი? რადგან ვიცოდი მისი აზრი ამ საკითხის შესახებ, მშვიდად გადავდგი ეს ნაბიჯი.

– მოდი, დავაკონკრეტოთ. დედათქვენთან გილაპარაკიათ იმის შესახებ, რომ შეგეძლოთ, ბიჭთან თავისუფალი ურთიერთობა გქონოდათ? ანუ, ის არ იყო იმის წინააღმდეგი, თუ თქვენ მეგობარს გაიჩენდით?

– მე მეგობარი უნდა გავიჩინო და შენ რას იტყვი ამაზე-მეთქი, ასეთი საუბარი ჩვენ შორის არ ყოფილა. რა საჭირო იყო. იმაზე კი ხშირად გვისაუბრია, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი და დედაჩემს უთქვამს, ფაქტობრივად, აღარ არის აქტუალური ქალწულობაო. თქვენ რას იფიქრებდით ჩემ ადგილას? რას მეთამაშებოდა, ეთქვა პირდაპირ: შენ ქალიშვილად უნდა გათხოვდე, რა „ბოიფრენდი“, რის „ბოიფრენდიო“.

– ალბათ, ვერ წარმოედგინა, რომ თქვენც გაიჩენდით „ბოიფრენდს“.

– ვითომ რატომ არ უნდა გამეჩინა, პატარა ხომ არ ვიყავი? არ მესმის, რატომ არის ეს კატასტროფა. ხალხო, ოცდამეერთე საუკუნეა! იმ გლობალურ პრობლემებთან შედარებით, რაც ადამიანებს აქვთ, ქალწულობა რა მოსატანია, რატომ უნდა გავთხოვდე მხოლოდ იმიტომ, რომ ქალიშვილი აღარ ვარ?

– დედათქვენმა გითხრათ, რომ ამიტომ უნდა გათხოვდეთ?

– დედაჩემმა რა მითხრა და რა გააკეთა, ამას ნუ მომაყოლებთ. დღესაც შოკში ვარ. თურმე, საერთოდ არ მცნობია. ჯერ გიო დაიბარა. მე არ მკითხა, ისე დაურეკა და მოიყვანა სახლში. მერე მის მშობლებსაც შეატყობინა. ისეთი პანიკა ატეხა, თავი მომჭრა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა, როცა ისინიც მოვიდნენ ჩვენთან და ერთად შეიცხადეს მომხდარი. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ტყუილია. ამ ხალხს კიდევ დიდხანს არ ეშველება არაფერი. ქართველი მშობელი განსაკუთრებული ფენომენია. მათთვის შვილები სამუდამოდ ბავშვებად რჩებიან და, დარწმუნებულები არიან, რომ უფლება აქვთ, მათი ცხოვრება აკონტროლონ. იმას არ ფიქრობენ, რომ სხვისი მითითებებით ცხოვრება კატასტროფაა. ნუთუ დედაჩემი ვერ ხვდება, რომ მე ბედნიერი ვერ ვიქნები?

– რატომ, ხომ გიყვართ გიო?

– მიყვარს, მაგრამ მასში ჩემს ქმარს ვერ ვხედავ. როგორ აგიხსნათ? გიო კარგი ბიჭია, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კარგი ქმარი იყოს. ვერ გაუძლებს ოჯახის მოვალეობებს. ჯერ ერთი, ძალიან ახალგაზრდაა. მეორე მიზეზი მატერიალური დამოუკიდებლობაა – ის სტუდენტია, მას არ აქვს საკუთარი შემოსავალი და კიდევ კარგა ხანს არ ექნება, მისი და ჩემი მშობლების კმაყოფაზე ვიქნებით და, ბუნებრივია, ყველაფერში ჩაერევიან, ხომ მართალი ვარ? რა მხიარული ცხოვრება გვექნება, ხომ წარმოგიდგენიათ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სანამ ქალიც და კაციც ფინანსურად დამოუკიდებლები არ იქნებიან, ოჯახი არ უნდა შექმნან.

– დედათქვენს ელაპარაკეთ ამის შესახებ?

– არაფრის გაგონება არ უნდა, გამალებული ემზადება ქორწილისთვის. როგორ შეიძლება, მის ქალიშვილს „ბოიფრენდი“ ჰყავდეს? ახლა გათხოვდება და ყველაფერი ისევ ნორმის ფარგლებში იქნება!.. საერთოდ არ აინტერესებს, ვიქნები თუ არა ბედნიერი.

– ნუ გათხოვდებით.

– არა, გავთხოვდები! მერე საშუალება მომეცემა, ცხვირში ამოვადინო ჩემი პრობლემები. პრობლემები რომ აუცილებლად მექნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

– თქვენი მომავალი მეუღლე რას გეუბნებათ?

– იმას უხარია და ამით ვრწმუნდები, რომ არასერიოზული ადამიანია. რა ქმარი უნდა გამოვიდეს მაგისგან? „ბოიფრენდად“ ვარგოდა, მაგრამ ოჯახის უფროსად არ ივარგებს. სად მაქვს მაგისი გაზრდის თავი?

– ძალიან უცნაური პოზიციაა.

– სულაც არა. ჩემი ტოლი გოგონების უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ვინც ცოტათი მაინც აზროვნებს, გათხოვება არავის უნდა.

– სამაგიეროდ, „ბოიფრენდების“ გამოცვლაზე არ ამბობენ უარს.

– ასეც ნუ იტყვით. ვისაც „გულაობა“ უნდა და კაცების ცვლა, ის გათხოვილიც კარგად ახერხებს ამას. მე და გიო გავაგრძელებდით ურთიერთობას და თუ დავრწმუნდებოდი, რომ ის არის ჩემთვის დაბადებული მამაკაცი, ორი-სამი წლის შემდეგ შევქმნიდით ოჯახს საკუთარი სურვილით, ძალდაუტანებლად, საღი გონებით და პასუხისმგებლობის გააზრებით. ახლა რა იქნება, არ ვიცი. თუმცა, ვიცი, ერთმანეთს ნერვებს დავაგლეჯთ და ამაში დამნაშავე დედაჩემი იქნება. რა ძალა მადგა, სიმართლეს რომ ვეუბნებოდი? არა, საქართველოში თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობა არ ღირს. არ გამოდის, იმიტომ, რომ ჩვენი მშობლები ევროპულად ვერ აზროვნებენ, ისევ მაგარი აზიატები არიან. ამიტომ არ უნდა ვუთხრათ, როგორ ვცხოვრობთ, ან, ოცდაათ წლამდე ქალწულებად დავრჩეთ და ფსიქოლოგიური პრობლემებით დავიხუნძლოთ.



დალი მიქელაძე


скачать dle 11.3