რატომ გაიხსენა ამ სეზონზე მოდამ პაბლო პიკასო და ერნესტ ჰემინგუეი
„ტელნიაშკები“ – ავანგარდული მხატვრების, უკომპრომისო ფილოსოფოსების, საკულტო მსახიობების საუკეთესო მეგობრები.
„მე მინდოდა, დავბრუნებოდი საკუთარ ფესვებს, გავქცეოდი მოდის ბურჟუაზიულ გაგებას“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟან პოლ გოტიემ მაშინ, როდესაც მან გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მეზღვაურის ზოლებიანი მაისურები წარმოადგინა. გოტიე ნამდვილად დაუბრუნდა ფესვებს, რადგან, ჯერ კიდევ 1990 წელს, ფრანგმა მხატვრებმა, პიერმა და ჟილიმ, ცნობილი კუტიურიე სწორედ მეზღვაურის ფორმაში, გვირილებით ხელში დახატეს. თუმცა, ამ ზაფხულს გოტიე მარტო არ დარჩენილა თავის საზღვაო მოგზაურობაში: სვიტერები, მაისურები, შორტები, კაბები ზოლებში ისეთმა მოდის სახლებმა გააფორმეს, როგორებიცაა „ანტონიო მარასი“, „ლაკოსტა“, „სონია რაიკელი“, „ალექსანდრ ვანგი“. ზოლებიანი ტანსაცმელი მეზღვაურთა ოფიციალურ ფორმად საფრანგეთში დააკანონეს, თუმცა 2010 წლის მოდამ ის არა მხოლოდ მეზღვაურთა, არამედ, ნებისმიერი მოდური ქალბატონის გარდერობის აუცილებელ ნაწილად აქცია. ევროპულ მოდაში „ტელნიაშკამ“ თავი კოკო შანელის ენთუზიაზმის ხარჯზე დაიმკვიდრა, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნოვატორი და რევოლუციონერი გამოდგა. გადმოცემის თანახმად, დოვილში ყოფნის დროს, როდესაც შეყვარებულთან, არტურ კეიპელთან ერთად, სანაპიროზე სეირნობდა, კოკოს შესცივდა. შეყვარებულმა კი თავისი სვიტერი ჩააცვა – ზუსტად ისეთი, როგორიც ადგილობრივ მეთევზეებს ეცვათ. 1920-1930 წლებში, როდესაც მოდაში შემოვიდა საზაფხულო კურორტები და გარუჯვა, შანელი ქმნის ზოლებიან ტრიკოტაჟულ სამოსს, რომელიც სწორედ არტურთან სეირნობით იყო შთაგონებული.
სტიქიის ძალა, ოკეანის სიღრმის წინაშე შიში, „ზღვის მგლის“ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება – „ტელნიაშკა“, ყველაზე თამამი ფანტაზიების პროვოცირებას ახდენს. ზოლებიანი სამოსის ტარება უყვარდათ მეოცნებეებსა და მეამბოხეებს: ერნესტ ჰემინგუეის, პაბლო პიკასოს, ვლადიმირ ტატლინს. ორმოცდაათიან წლებში ზოლებიანი მაისურები ეგზისტენციალური პროტესტის სიმბოლოდაც იქცა. ალბერტ კამიუ და ჟან პოლ სარტრი „ტელნიაშკებში“ გამოწყობილები დადიოდნენ ყველაზე ცნობილ პარიზულ კლუბ „ტაბუში“, სადაც ცნობილი მომღერალი ჟულიეტ გრეკო მღეროდა. ოდრი ჰეპბერნს შეეძლო, ის ისეთი ელეგანტურობით ეტარებინა, თითქოს შანელის კოქტეილის კაბა ეცვა, მაშინ, როდესაც ბრიჯიტ ბარდო და ჯეინ ბირკინი ზოლებიან მაისურს მხოლოდ ჯინსებზე იხდენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თბილისზე – სადაც არ უნდა გაიაროთ, ყველგან ნახავთ ზოლებიან სამოსში გამოწყობილ გოგონებს, რომლებიც სხვადასხვანაირად ირგებენ ამ ტიპის ტანსაცმელს. ზოგიერთისთვის ის თეთრ შორტზე ჩასაცმელი ნახევრად სპორტული ზედატანია, ზოგიერთისთვის კი – თხელი შიფონის კაბა, რომელიც წარმოუდგენლად უხედბა მაღალქუსლიან საზაფხულო ფეხსაცმელს და მშვენიერი საკლუბო ანსამბლი გამოდის.
წელს „ტელნიაშკებში“ ვარსკვლავების მთელი რიგია შემჩნეული, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც. ისე, მაინცდამაინც აფრები არ უნდა, ავუშვათ, თორემ, რატომაც არ შეიძლება, ჩვენი გარდერობისთვის ზღვისგან სულ ცოტა რომანტიკა ვითხოვოთ? მით უმეტეს, რომ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო კონტინენტიდან კონტინენტზე, ფრენას უნდა მოვერიდოთ და ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა გემებით მოვახერხოთ. გრძელ, საზღვაო მოგზაურობაში კი, შეგვიძლია, საკუთარ თავში ახალი ჰორიზონტები აღმოვაჩინოთ. რატომაც არა, მეზღვაურის ტანსაცმელი ხომ უკვე ჩვენს ხელშია.