რისი გემო გაიგო ბიჭოლამ და ვის არ აპარსვინებს ის ფეხებს
აქტიური „ფეშენვიქური“ გაზაფხულის შემდეგ, სადაც დიზაინერმა ბიჭოლამ მამაკაცისა და ქალის შემოდგომა-ზაფხულის კოლექციები წარადგინა, მისთვის ნამდვილად დადგა დასვენების დრო და ეს დრო ლონდონში ხელახალი ვიზიტისთვის გამოიყენა. თუმცა, ლონდონმა საოცარი ინსპირაცია მოახდინა ბიჭოლაზე, ახალი იდეებით აავსო და კრუიზული ჩვენების გამართვის ხასიათზეც დააყენა, რომელსაც მაღალ მოდას მიჩვეული თბილისის საზოგადოება სულ მალე ნახავს.
ბიჭოლა: იმან, რომ ჩემს კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა და, შესაბამისად, გაყიდვებმაც იმატა, საშუალება მომცა, რომ ცოტა ხნით წავსულიყავი ლონდონში, რომელიც, უპირველესად, ჩემთვის საჭირო იყო იდეებისთვის, შთაგონებისთვის. ევროპა, ლონდონის ქუჩებში ბოდიალი, გაცილებით უფრო მეტად გხსნის, გათავისუფლებს, სხვანაირად უყურებ სამყაროს და ეს სერიოზულად ილექება შენს გონებაში. ალბათ, ყველა დიზაინერისთვის, ზოგადად ხელოვანისთვის, აუცილებელია ასეთი გასვლები. არა იმიტომ, რომ თბილისი ცუდია, უბრალოდ, აქ ყოველდღიურობაში ისე ვართ ჩართული, თითქოს სულ ერთი და იგივე ხდება, ეს კი იდეეების მხრივ საკმაოდ გასუსტებს. დავდიოდი ქუჩებში, გამოფენებზე, მაღაზიებში, ვერთობოდი.
– როგორ აცვიათ ლონდონში?
– არის ძალიან დიდი მასა, რომელსაც სრულიად ჩვეულებრივად აცვია – „პრიმაკი“, „ეიჩ ენდ ემი“, „ლეგინსები“, ზემოდან ფართხუნა მაისურები, „ესპადრელები“ და სხვა. არიან, რა თქმა უნდა, „ფეშ“ ანუ ძვირფასად ჩაცმულები, „მაკქუინიც“ აცვიათ, „ვესტვუდიც“ და „ბალმაინიც“. მაგრამ, ეს არ არის ის, რაც ლონდონიდან მჭირდება და რაც მავსებს. მჭირდება ის „ანდერგრაუნდი“, რომელიც ყველაზე უჩვეულო და საინტერესოა – ხალხი, რომელთაც დიდი „ბალახონები“ აცვიათ, ესპადრელები წინ თითგამოხეული... მგონია, რომ უფრო განსაკუთრებულები არიან. ამას ემატება ვინტაჟ-მაღაზიები. მთელ ლონდონში გამოფენილი იყო ულამაზესად მოხატული სპილოები. ქალაქში ისეთი სიტუაციაა, რაც ფანტაზიას გიხსნის. გავეცანი ახალ ტენდენციებს, ვნახე და შევიძინე ახალი ქსოვილები. პლუს კარგად გავერთე კლუბებში, ბევრი ალკოჰოლი, ბევრი ცეკვა... ერთი სიტყვით, ბოლომდე ვკრეფ იმ სასიკეთო რაღაცეებს, რაც მჭირდება მუშაობისთვის.
– ჩამოხვედი ახალი იდეებით და ახალი კოლექციის კონცეფციით.
– კი. იქ ყოფნის პერიოდში ვფიქრობდი ახალ კოლექციაზე, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან ტენდენციური იქნება, რადგან მთელი ლონდონი და მსოფლიო „გაკრუიზებულია“. ეს იქნება cruise colletcion by bicholla. ზღვის თემა ძალიან აქტუალურია – ზოლებიანი ტანსაცმელი ჰქონდა „გოტიესაც“, „მარასსაც“ და სხვებს. მაგრამ, ჩემი კოლექცია იქნება არა უბრალოდ მეზღვაურის სტილში, არამედ კონკრეტულად კრუიზისთვის, დიდი შლაპებით, ბაფთებით. იქნება ბევრი ოქროსფერი... მაგრამ, ბალიშების თემას ბოლომდე არ ვკარგავ, მხრებზე მიმაგრებულ ბალიშებს ექნება ნიჟარების ფორმა. და, რატომ კრუიზი? ჩემი პირველი წარმატება სწორედ თბილისურ „კრუიზში“ მოვიდა, ზუსტად ერთი წლის წინ. ეს წელი ჩემთვის საოცრად ნაყოფიერი იყო ფინანსურად თუ შემოქმედებითად. მინდოდა, ერთი წლის შემდეგ იმავე ადგილას შევკრებილიყავით და „კრუიზის“ ხელმძღვანელობამ ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ ჩემი „კრუიზ კოლექშენი“ განხორციელებულიყო.
– ვიცი, რომ იქნება ბევრი სიშიშვლეც.
– კი, გამჭვირვალე ქსოვილები იქნება გამოყენებული, ისეთი როგორიც ზღვას და მოგზაურობას უხდება. შევქმენი ისეთი ტიპაჟი, როგორიც მინდა, რომ ქართველი ქალი დასვენების დროს იყოს. გავაკეთე ულამაზესი წვრილი, მოწნული ტყავის ქამრები. გამოყენებული იქნება ბევრი შავი – „ზღვური სიშავე“ (იცინის). შავ ზღვაზე, შავი შიფონებით და შავი სარაფნებით უნდა წავიდეთ. მაინც, მგონია, რომ გარუჯულზე შავი ძალიან ელეგანტური და დახვეწილია. გამოვიყენებ ოქროსფერ ბაწრებს, თვლებს... თვითონ ღონისძიებაც ძალიან კარგად იქნება ორგანიზებული. ჩემი პარტნიორები ისევ ჩემს გვერდით არიან, როგორც „კრუიზი“, ისე „აიმ გლობალი“, რომელიც ჩემ კრუიზზე ზრუნავს ხოლმე ცხოვრებაში. კიდევ ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი მეხმარება ყველანაირად. რომ არა ეს ხალხი, ალბათ, სახელი „ბიჭოლა“ არ შედგებოდა.
– შემოდგომაზე კი, მომავალი წლის გაზაფხულ-ზაფხულს აჩვენებ?
– კი, და მერე უკვე გეგმიურად მივყვებით. დამიგვიანდა ამ სეზონის ჩვენება, მაგრამ 24 ივნისს, პირდაპირ პოდიუმიდან შეძლებენ, ჩემოდნების ჩალაგებას.
– რომ „გადაბალიშდა“ მთელი თბილისი...
– კი, ეს ძალიან მახარებს. მართალია, იდეა დაპატენტებულია და თავისი ხელით გაკეთებული ნივთებიც შევამჩნიე გოგონებზე, მაგრამ ეს მაინც მახარებს. ესე იგი იმდენად მოსწონთ, რომ თვითონ ცდილობენ გააკეთონ. ასობით აბადოკის, კაბის, კომბინეზონის შეძენის მსურველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთიდანაც. ჩემი მენეჯერი იღებს ყველა ამ შეკვეთას. ჩემი აზრით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე კომერციული იყო ბალიშების ჩვენება, რომლის დაწყებამდე ძალიან ბევრს მაკრიტიკებდნენ, რა ბალიშები, ბალიშები არა მუთაქები, მუთაქები არა საბნები. მაგრამ, გადასარევი გამოვიდა. საერთოდ, მარტო ქალების კოლექციებზე ვიმუშავებ, ისეთი პროდუქტიული გამოვიდა.
– ანუ, ბიჭების მანია დამთავრდა?
– არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ბიჭების უფრო საინტერესოა. ბევრი ფიქრია საჭირო – რას ჩაიცმევენ, რას – არა. ბიჭ მოდელებთან მუშაობაც ძალიან რთულია – ამას არ ჩავიცვამ, იმას არ ჩავიცვამ...
– ფეხებს არ გავიპარსავ.
– ფეხების გაპარსვას არ ვთხოვ (იცინის). მოდი, გავხსნი კარტს და მაინც ვიტყვი, რომ ჩემს ჩვენებაზე რამდენიმე ბიჭი მოდელიც გამოვა, მამაკაცის საცურაო კოსტიუმით, რომელთაც არ ექნებათ ფეხი გაპარსული, „მასკულინ“ სტილში იქნებიან წარმოჩენილი. ანუ, ბიჭებს არ ვანებებ თავს. ვიმუშავებ როგორც ქალების, ისე მამაკაცების კოლექციებზე.
– ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც პირველი ჩვენებისთვის ემზადებოდი, მაშინაც ასეთივე შემართებით იყავი, ასეთივე დარწმუნებული საკუთარ ძალებში. თუმცა, წარმატება ისე გაგიხარდა, ვფიქრობ, სადღაც მაინც არ არ გჯეროდა ამის.
– არ მგონია, დარწმუნებული ვიყავი წარმატებაში, თუმცა ამ ყველაფრის გემო რომ გავიგე, ამან მართლა ძალიან ბედნიერი გამხადა. თან წარმატება ახლა უკვე ფულის პირდაპირპროპორციულია. ადრე სხვა რაღაცეები მიხაროდა – ხალხი რას იტყვის, ეს არც ადრე მაინტერესებდა დიდად და არც ახლა. მაგრამ, ადამიანების ყურადღება, ყოველთვის მსიამოვნებდა და მავსებდა. ჩემთვის ის იყო სიამოვნება, ქუჩაში, რომ გავიდოდი და ათით მეტი ადამიანი მიცნობდა, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ყველა მცნობს და ძალიან პოპულარული ვარ. ახლა მინდა, რომ ჩემი შრომა უფრო დაფასდეს, ერთით მეტი კლიენტი მყავდეს და გაფართოვდეს ჩემი საქმე. ამას მართლა გულით ვამბობ. ყველაფერი ამ ერთი წლის განმავლობაში დოზირებულად გავაკეთე – სკანდალი აგორდა ჩემს გარშემო, იმიჯი შევიცვალე – ულვაშის გაზრდა იყო თუ მოპარსვა, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა. ერთადერთი, არ ვიცოდი, პირველი ჩვენება წარმატება იქნებოდა ჩემთვის თუ დაღმასვლა, მაგრამ ის რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაინც გათვლილი იყო. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ, ცოტა პროვოკაციულ მომენტებსაც ვიყენებ იმიჯისთვის, მაგრამ მგონი, ამაში ცუდი არაფერია. ხალხს კი არ ვეთამაშები, უბრალოდ, მოდა გარდა იმისა, რომ ხელოვნებაა, შოუ-ბიზნესის ნაწილია და ამიტომ მისთვის ცოტა შოუც უნდა გააკეთო. საინტერესო კოსტიუმების გარდა, მინდა, ადამიანებს ჩემი პიროვნებაც აინტერესებდეთ. ორი მიმართულებაა – ზოგი ცხოვრების ჩაკეტილ სტილს ირჩევს, ცოტა იდუმალებას ინარჩუნებს და თითქოს ამით ზრდის საკუთარი პიროვნების მიმართ ინტერესს, ვითომ სულ გათიშულია სამყაროდან, არ აძლევს ინტერვიუებს, – ეს ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. პირდაპირ დაკავშირებულია ჩემი ერთი გამოჩენა პრესაში ერთით მეტ კლიენტთან. ზოგ ჟურნალს არც მე არ ვაძლევ ინტერვიუს, მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს. ისე, ზოგადად, სტუდენტურ გაზეთებსაც კი ვაძლევ ინტერვიუებს, უარს არავის ვეუბნები.
– არ ფიქრობ სალონის გახსნაზე, თუ ისევ მოხეტიალე რაინდად რჩები?
– რა თქმა უნდა, ვფიქრობ. საქმე იქამდე მიდის, რომ ოქტომბერში, ალბათ, საკუთარ სალონს გავხსნი. ზუსტად ვიცი, რომ ამისთვის მზად ვარ. ადრე მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ ავეწყობოდი, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებ. კარტის თამაშია ეს ყველაფერი, რაღაც ფსონს დებ და მერე იქიდან ორმაგს რომ იღებ, ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნოა. ხშირად ვამბობ, ადამიანები ენერგიებს მიჭამენ-მეთქი, მაგრამ ეს რომ არ იყოს, ალბათ, ვერ ვიარსებებდი. თან, ჩემი ცნობადობა ცხოვრებას ძალიან მიადვილებს, მადგება. თუმცა არც ერთი წუთით არ ვეშვები, ნიჭის, იმიჯის გარდა, საჭიროა, რომ შენ თვითონაც სულ ახლის ძიებაში იყო. ჩემს ჩვენებაზე მოსული მაყურებელი ყოველთვის სხვას ელოდება და სხვა ხვდება. ვახერხებ მათ გაოცებას და ეს უდიდესი აზარტია. არასდროს ვჩერდები, რომ სულ აქტუალური ვიყო, სულ იყოს ჩემი პიროვნების მიმართ ინტერესი.