კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ აფასებს კაცი ქალის სიყვარულს და ნანობს თუ არა ის მერე ამას


მოითხოვს თუ არა სიყვარული მსხვერპლს? – ალბათ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ რას აღვიქვამთ მსხვერპლად. საყვარელი ადამიანისთვის, თუკი ზოგჯერ პირადულზე უარის თქმა ან მცდელობა, რომ უკეთესი გავხდეთ, მსხვერპლად გვეჩვენება, მაშინ სიყვარულიც არ ყოფილა ის, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გვჭირდება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ერთი ყველაფერს თმობს მეორის გამო – საკუთარ ოჯახს, საყვარელ საქმეს, მომავალს... ეს უკვე არის მსხვერპლი და ხშირად ის არავის სჭირდება, ანუ, მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევაში, დაუფასებელი რჩება. შესაბამისად, ის, ვინც მსხვერპლი გაიღო, თავს მოტყუებულად გრძნობს. როგორც არ უნდა უყვარდეს, მის ცხოვრებაში აუცილებლად დადგება მომენტი, როცა იტყვის, თურმე ყველაფერი სისულელე ყოფილაო და სიყვარულს მთავარ შეცდომად მიიჩნევს.


ნატალია (41 წლის): როცა მას პირველად შევხვდი, საკუთარ თავს ვუთხარი, აი, ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდი-მეთქი. პრინციპში, რა აზრი აქვს ან ტყუილს, ან თავის მოკატუნებას, გაუგებრობის მსხვერპლი ვარ და რაც მოხდა, ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ასაკის მატებასთან ერთად, რაღაც-რაღაცეებს სწავლობ, თუკი მთლად შტერი არ ხარ. ჩემი ცხოვრების თხუთმეტი წელი ტყუილში გავატარე, იმ ტყუილში, რომელიც მე თვითონ მოვიგონე და დავიჯერე. ამაზე უარესი რა შეიძლებოდა, მომხდარიყო.

– ამბობენ, სიყვარული რომ გეწვიოს, მისი არსებობის უნდა გჯეროდესო.

– ჰო. ალბათ, ასეა. მაგრამ ამ სიყვარულმა არ უნდა დაგაბრმავოს და საღად აზროვნების უნარიც არ უნდა დაგიკარგოს. მით უმეტეს, როგორ შეიძლება, ყველასა და ყველაფერზე თქვა უარი მამაკაცის გამო. ასეთი მსხვერპლშეწირვა ყოველთვის ცუდად მთავრდება. სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივხვდი ამას, მაგრამ, მგონი, ჯერ კიდევ მაქვს დრო, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, აღმოაჩნდება თუ არა ჩემს ქმარს დიდსულოვნება, რომ მაპატიოს ეს სისულელე. ორჯერ დავუშვი შეცდომა, ორჯერვე ერთ მამაკაცთან, ორჯერვე დავიბრმავე თვალები და დავიყრუე ყურები, რომ სხვისი რჩევა არ გამეგონა. არადა, ჩემი შინაგანი ხმაც ხომ იგივეს მკარნახობდა, რასაც ისინი. საშინელებაა, როცა შენივე თავის ტყვე ხარ. ამას ყველაფერი ჯობია. სიყვარულშიც ზომიერებაა საჭირო. არავინ ღირს იმის ფასად, რომ ცხოვრება დაიმახინჯო. მით უმეტეს, რომ შენგან მსხვერპლი არც სჭირდებათ. პირიქით, ტვირთად აწვებათ და გააფთრებულები ცდილობენ, ხელიდან გაგისხლტნენ. პირველად რომ შემიყვარდა, ოცი წლისაც არ ვიყავი. შევხვდი და გადავირიე, გავგიჟდი... მის იქით სამყარო შავ ფერებში მეჩვენებოდა. ყველა მეუბნებოდა, ეგოისტია და არ არის შენი სიყვარულის ღირსიო და მეც ყველას ვუმტკიცებდი, არ ხართ მართლები, ამისთანა მამაკაცი იშვიათია-მეთქი.

– ის რამდენი წლის იყო?

– ოცდასამის. ჭკუა უკვე მოეკითხებოდა. ყოველ შემთხვევაში, არ იყო პატარა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხი არ ეგო. იცით, როგორი შეყვარებული ვიყავი, ასეთი სიყვარული მარტო წიგნში თუ წამიკითხავს და ფილმში მინახავს. სიყვარულის სენი არსებობს და მე ის საკუთარ თავზე გამოვცადე. მართლა ავად ვიყავი სიყვარულით. როცა მასთან შესახვედრად გავრბოდი, ნებისმიერი წინააღმდეგობა მაცოფებდა. ჩემს მშობლებს ზედ გადავუარე. დედაჩემი მეხვეწებოდა, ნუ უჯერებ, არ უყვარხარ, არ შეიძლება, შეყვარებული მამაკაცი ასე იქცეოდესო. საერთოდ არ გცემს პატივს, როცა თვითონ მოუნდება, მაშინ გირეკავს და შენც ლეკვივით მირბიხარ. იცოდე, აუცილებლად მიგატოვებს და ძალიან გამწარდები. ჯობია, შენ თქვა მასზე უარი, სანამ დროა და ვინმე ღირსეულზე იფიქროო. ალბათ, უნდა დამეჯერებინა მისთვის, მაგრამ აშკარად რაღაც მჭირდა. ჭკუიდან მშლიდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა, ერთად არ ვყოფილიყავით. ზურას მშობლები უცხოეთში იყვნენ წასულები. ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ის ქალი როგორ დაუშლიდა რამეს. შემომთავაზა, ერთად ვიცხოვროთო.

– თუ ოჯახი შევქმნათო?

– რაღაც დაახლოებით მსგავსი შემოთავაზება იყო. ჩემთან იქნები, ხომ გინდა, რომ სულ ერთად ვიყოთო. ჰოდა, გადმოდი, მომივლი კიდეც, თორემ ბებიაჩემი დაბერდა და პერანგებსაც კი ვეღარ მიუთოებს წესიერადო. ერთი სიტყვით, როგორც მერე დედაჩემმა თქვა, უფასო მოსამსახურე უნდოდა, ყველა სფეროში. თავი არ უნდა დამეკარგა და ამას თავის დროზე მივმხვდარიყავი, მაგრამ მჯეროდა, რომ მისი სიყვარულიც ნამდვილი იყო და არა მოგონილი.

– „მოგონილი სიყვარული“ რას ნიშნავს?

– თავს რომ გაჩვენებს კაცი, რომ ვითომ უყვარხარ. თუმცა, ზურა არც საამისოდ გარჯილა, თავი, არ მოუკლავს ჩემთვის სიყვარულის დასამტკიცებლად. არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ მე ისედაც „ყურებით ვყავდი დაჭერილი“. წინააღმდეგობას არაფერში ვუწევდი. მჯეროდა, რომ მასაც ვუყვარდი.

– რატომ გჯეროდათ?

– იმიტომ, რომ როცა შეყვარებული ხარ, იმისი გჯერა, რისი დაჯერებაც გინდა. თვითონ არ უთქვამს, არ მიყვარხარო. მართალია, არც სიყვარულის ფიცი მოუცია, მაგრამ ხელს რომ მომხვევდა და მიმიხუტებდა, ქვეყანა ჩემი მეგონა. უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა თავი. ჩემი მშობლების რეაქცია როგორი იქნებოდა, ზურასთან გადასვლის გადაწყვეტილება რომ გავუმხილე, ხომ წარმოგიდგენიათ. მამაჩემი ლამის გაგიჟდა. თუკი ასე უყვარხარ, მოგიყვანოს ცოლად, ეს რა მაიმუნობაა. ქორწილი თუ არ გინდათ, ხელი მაინც მოაწერეთ, რომ ხალხის სალაპარაკო არ გახდეთო. ამაზე ზურას სიტყვებით ვუპასუხე: რა აზრი აქვს პასპორტში ბეჭედს. ამით ვის რა უნდა დავუმტკიცო. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი, თორემ ფორმალური, ფარატინა ფურცელი ვერაფრის გარანტია ვერ იქნება-მეთქი.

– მხოლოდ შტამპი, მართლაც, ვერაფრის გარანტი ვერ იქნება.

– დიახ, მაგრამ ეს მაინც არის ის, რაც ქალისა და კაცის ურთიერთობას სერიოზულობის ელფერს ანიჭებს. როცა კაცია შეყვარებული ქალზე, ის თვითონ ცდილობს, დაიყოლიოს ცოლობაზე და ამით იმას უსვამს ხაზს, რომ საყვარელი არსება მისი საკუთრებაა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ასეა, მაგრამ მაშინ ბრმა ვიყავი, ზურას აყოლილი და მისი მოსაზრებები ორიგინალურადაც კი მეჩვენებოდა. თავი მომწონდა, ჩემი შეყვარებული ისე არ აზროვნებს, როგორც ყველა-მეთქი. ხომ ვიყავი სულელი? ყველანაირად ვცდილობდი, არაჩვეულებრივ პიროვნებად წარმომეჩინა. ისეთ თვისებებს მივაწერდი, რომელიც არ ჰქონდა. ძალიან შორს იყო იმ მამაკაცისგან, რომელიც ჩემს წარმოსახვაში შევქმენი და შევიყვარე. ამაზე უარესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ქალისთვის ყველაზე საშინელი საკუთარი ილუზიების ტყვეობაში ყოფნაა. ორი წელი გასტანა ჩემმა ფსევდო-ბედნიერებამ. ორი წელი ვიყავი მისი ყურმოჭრილი, უსიტყვო მონა. უთქმელად ვასრულებდი მის ყველა კაპრიზს. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვუთხარი, დავქორწინდეთ-მეთქი. მიპასუხა, თუ თავისუფლების შეგრძნებას დავკარგავ, აღარ მეყვარებიო. ისევ დავუჯერე. ჩემი მშობლები გიჟდებოდნენ, ნათესავებში თავი ვეღარ გამოგვიყვიაო. მე ისევ დაჰიპნოზებულივით ვიმეორებდი, ზურა მართალია-მეთქი. ნეტავი დედაჩემს მაგრად ვეცემე, ძალიან მაგრად, იქნებ ცოტა ადრე მოვსულიყავი ჭკუაზე.

– ცემა გიშველიდათ?

– არ ვიცი. იქნებ ეშველა. ზოგჯერ შემწყნარებლობა გაუმართლებელია. ამას ახლა ვამბობ, თორემ მაშინ და უკვე მერეც, როცა ხელმეორედ გადავირიე ზურაზე, ვინმეს წინააღმდეგობა რომ გაეწია, საშინელებას ჩავიდენდი.

– რას ნიშნავს ხელმეორედ გადარევა?

– ჩვენ ერთმანეთს მაინც დავშორდით. დავშორდით რა, იმან მიმატოვა. როგორც კი მშობლებმა ვიზა გამოუგზავნეს და უცხოეთში წასვლა შესთავაზეს, მაშინვე გამომიცხადა, ჩემი მომავლისთვის ეს არის კარგი და უნდა წავიდეო. მეგონა, ცა ჩამომექცა თავზე. ლამის გული გამისკდა. ვტიროდი მთელი ხმით და ვეხვეწებოდი, თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა, წამიყვანე-მეთქი. არაო. ჩემი მშობლები ძალიან ტრადიციული ხალხია და გადაირევიან, ასე დაუქორწინებლად რომ მივადგეთო. მერე ვიქორწინოთ, ხელი მოვაწეროთ და წავიდეთ-მეთქი. ვეღარ მოვასწრებთ. ბილეთი უკვე აღებული მაქვსო. მე ვერ აღვწერ ჩემს ემოციებს. ეს რაღაც საშინელება იყო. ლოგინად ჩავვარდი. სახლიდან ხომ არ გამოვდიოდი, ტანსაცმლის ჩაცმაც არ მინდოდა. ძალით მაჭმევდნენ საჭმელს. ზურა რამდენიმე თვის განმავლობაში მირეკავდა, მომიკითხავდა და მორჩა. ერთხელაც არ დასცდენია ჩემი მასთან წასვლის შესაძლებლობის შესახებ. ფაქტი იყო, რომ არ ვჭირდებოდი. საერთოდ არ აღელვებდა ჩემი ბედი. მე კი უიმედოდ ვიყავი შეყვარებული და სიკვდილი მერჩივნა უიმისოდ ცხოვრებას. ძალიან დიდხანს მქონდა უმოქმედობისა და უმოძრაობის პერიოდი. ყოველდღე ვტიროდი და ლამის მშობლებიც ხელში შევიკალი. მამაჩემი მეუბნებოდა, დრო მკურნალია და გაგივლისო. არ გამიარა, მაგრამ არც მოვკვდი. მერე... ჩემმა მეგობრებ-ახლობლებმა ძალიან, ძალიან მოინდომეს და გამაცნეს მამაკაცი, რომელსაც მალე ცოლად გავყევი, უფრო საკუთარი თავის ჯიბრზე. მინდოდა, ყველაფრისთვის ხაზი გადამესვა და ცხოვრება თავიდან დამეწყო.

– უსიყვარულოდ?

– ჰო. უსიყვარულოდ. სიყვარულმა მომიტანა ბედნიერება? რა მომცა ტანჯვის მეტი. სპეციალურად გავთხოვდი, ზურას რომ აღარ ჰქონოდა იმის ილუზია, რომ მას ვეკუთვნოდი. ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ მე გათხოვილი ვიყავი და ქმარს ვერ შევეწყვე. სხვათა შორის, არასდროს არაფერი უკითხავს ზედმეტად. სწორედ ამისთვის ვცემ პატივს და ძალიან ცუდად მოვექეცი ამ კარგ ადამიანს. ნამდვილად არ ვიმსახურებ პატიებას. როგორ შემეძლო, ისევ იმ საზიზღარი ეგოისტისთვის დამეჯერებინა. კიდევ ერთხელ მიმეცა ჩემი მასხრად აგდების საშუალება. რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.

– მთელი ამ წლების განმავლობაში კონტაქტი გქონდათ?

– არა. არანაირი. რომელ კონტაქტზეა ლაპარაკი. მე ხომ არ დავურეკავდი და თვითონაც არ გაუგიჟებია თავი, არიქა, უნდა გნახოო. წავიდა, ვიტირე, ვიტირე და გამოვიგლოვე... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე ვერ ამოვიღე გულიდან. დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ მთელი ეს წლები სულ თავს ვიტყუებდი. მაინც ის მიყვარდა ისევ იმ სიძლიერით და არავინ მჭირდებოდა მის გარდა. მითხრა, ცოლი მყავდა, მაგრამ გავშორდი, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით და ჩვენს ერთად ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდაო. ბევრი დრო დავკარგეთ და ორივემ დავუშვით შეცდომები (ჩემს შეცდომაში რას გულისხმობდა არ მიკითხავს და დღესაც გაუგებარია, რას მემართლებოდა), მოდი, დაკარგული დრო ავინაზღაუროთ, ხვალვე გადმოდი ჩემთანო. მე სულელს გამიხარდა. რატომ არ ვუთხარი, რომ არ იყო ჩემი ღირსი, ვცოფდები, ისე ვბრაზობ საკუთარ თავზე. უნდა მიმეხალა, შენ ვერ ააწყვე ცხოვრება, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი, ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი. სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთე. ახლა ამას ისე ვნანობ, რომ შემეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება, ყველაფერს შევცვლიდი... ძალიან მინდა, ჩემმა ქმარმა მაპატიოს და გამიგოს. ძალიან ვთხოვ ღმერთს, რომ დამიბრუნოს ისიც და ჩემი ოჯახიც, რომლის ფასი, სამწუხაროდ, გვიან გავიგე. გულწრფელად მონანიებული ცოდვა ხომ მკვლელსაც მიეტევება. რა იქნება, მეც მაპატიოს ჩემი სიბრმავე და სიგიჟე. მე ხომ ავად ვიყავი ამ გიჟური სიყვარულით.

– როგორც მივხვდი, მიიღეთ მისი წინადადება და წამოხვედით ქმრისგან.

– დიახ. ეს იყო ყველაზე დიდი უგუნურება, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. მოსაკლავი ვარ. ჩემს მშობლებს, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე. მამაჩემი საავადმყოფოში აღმოჩნდა, გულის მწვავე უკმარისობით. ქმარმა მშვიდად, მაგრამ მკაცრად გამომიცხადა: წადი. მე შენ ვერ დაგაკავებ, იმიტომ რომ ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ არც ბავშვს წაიყვან და არც ეცდები, იმ კაცს ჩემს შვილთან რამე კონტაქტი ჰქონდესო.

– შვილიც დათმეთ?

– არა. დავთმე-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, რა სისულელეა იმის წარმოდგენაც კი, რომ მე საკუთარ შვილზე უარს ვიტყოდი. მაგრამ ვიფიქრე, რომ დროებით მისთვის შეჩვეულ გარემოში დარჩენა აჯობებდა. სანამ მე და ზურა ავაწყობდით ურთიერთობას და მერე უკვე წავიყვანდი ჩვენთან.

– ზურასთან ილაპარაკეთ ამაზე?

– არა. ესეც მომავლისთვის გადავდე. ალბათ, ესეც შეცდომა იყო. რომ დავლაპარაკებოდი, მივხვდებოდი, მეც რომ ფეხებზე ვეკიდე და ჩემი შვილიც. ისევ უფრო მოახლე უნდოდა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ სახარჯო ფულს საერთოდ არ მაძლევდა. შენ რა, არ ჭამ და ელექტროენერგიას არ ხმარობ, მე რატომ უნდა გადავიხადოო. ყველაფერზე ბუზღუნებდა. დავობდა ყველა წვრილმანზე... მაქსიმალურად ცდილობდა, ჩემთვის ნერვები მოეშალა. მე არც უნდა დამეწუწუნა. არ უნდა მეთქვა, რომ რამე მაწუხებდა. თავიც არ უნდა ამტკიებოდა. მაშინვე დაიბღვირებოდა, კარს გაიჯახუნებდა და გარბოდა. ერთი თვეც არ დამჭირდა, რომ მოთმინების ფიალა ბოლომდე ამვსებოდა. ერთ დღესაც მძაფრი პროტესტი გამოვთქვი და ცოტა კატეგორიულად მოვთხოვე, ახლა მაინც უნდა დავაკანონოთ ჩვენი ურთიერთობა-მეთქი. შენ, გეტყობა, მარცხენა ფეხზე ხარ ამდგარი. მოდი, დაისვენე, დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ ამაზეო. იმ ღამეს საერთოდ არ მოვიდა. ისე ვინერვიულე, ცუდად გავხდი. დავურეკე, მითიშავდა ტელეფონს. მერე საერთოდ გამორთო მობილური. სასწრაფო დამჭირდა. მეორე დღეს შუადღისას მოვიდა. ვუთხარი, ცუდად ვიყავი, რომ მიმაგდე და წახვედი. მე ამას არ ვიმსახურებ-მეთქი. თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე. ყველაზე მეტად ჭირვეულ და ფხუკიან ქალებს ვერ ვიტან. ერთი წუთიც არ მოვითმენ შენს პრეტენზიებს. მე თავისუფლება ძალიან ძვირად მიღირს და ვერავის გამო ვერ შეველევიო. მე შვილს შეველიე შენი გამო-მეთქი. ეგ შენი პრობლემააო და მხრები აიჩეჩა. ეს სიტყვები რომ თქვა, უცებ მისი ნამდვილი სახე დავინახე. გამოვფხიზლდი იმ ჰიპნოზიდან, რომელსაც ის მიკეთებდა. რაც ხელში მომხვდა, ყველაფერს ვესროდი და მთელი ხმით ვუყვიროდი, რასაც მასზე ვფიქრობდი. წამოვედი. ახლა მეგობართან ვცხოვრობ. შევეცოდე და ხელი არ მკრა. არ მიმატოვა გასაჭირში. არ ვიცი, როგორ მივიდე ჩემს ქმართან და როგორ ვთხოვო პატიება. ბავშვის ნახვის უფლება მომცა და ჩემი დაქალისთვის ისიც უთქვამს, რაღაცნაირად მესმის მისი, ხომ ასე გამამწარა, მაგრამ მაინც მიყვარსო. ეს ცოტა იმედს მაძლევს, რომ შეიძლება, მომცეს შანსი, ჩემი ერთგულება დავუმტკიცო. ახლა უკვე ვიცი, ვინ უნდა მიყვარდეს.


скачать dle 11.3