კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ჩვენი ოჯახის შემთხვევაში, სანთელ-საკმეველმა გზა დაკარგა

ჩემს თაობას სკოლაში ასწავლიდნენ მოთხრობას „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“. რა თქმა უნდა, ჩემს წერილში ამ მოთხრობის ღირსებასა თუ ნაკლზე არ მექნება საუბარი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ისტორია მე გადამხდებოდა თავს.

სამწუხაროდ, ჩვენი (მთელი საზოგადოების) ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ვალი და ვახში ჩვენი ყოველდღიური ყოფის მუდმივი „თანმდევი სული“ გახდა. დღეს საქართველოში, პრაქტიკულად, არ მეგულება ოჯახი, ვისაც მევახშისა არ ჰმართებს და ეს მევახშე ძალიან ხშირად თავად ბანკია, თუმცა, ახლა არც ბანკების ავ-კარგზე მოგახსენებთ. ჩემს დღეში, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამემამულეა ჩავარდნილი, მაგრამ, ჩემი ისტორია უფრო „საინტერესო“ რომ იყოს, ოდნავ შორიდან დავიწყებ. მამაჩემს ჰყავდა ბავშვობის მეგობარი, რომელიც ადრე დაობლდა და ბებია ზრდიდა. ცხადია, უჭირდათ და ბევრი რამ აკლდათ. მამაჩემის ოჯახი კი საკმაოდ შეძლებული იყო. ერთ დღეს ბაბუამ გამოაცხადა, გოგი უნდა ვიშვილო და მასაც ისევე მივხედო, როგორც სანდროსო (ანუ – მამაჩემს). ასეც მოიქცა: იურიდიულად გააფორმა ყველა საბუთი, პატარა ბინა უყიდა და ბებიამისთან ერთად იქ გადაიყვანა. ის ნახევრად მიწური სარდაფი კი, სადაც ცხოვრობდნენ, გაურემონტა და გააქირავებინა ორ სტუდენტ გოგონაზე, რომ მუდმივი შემოსავალი ჰქონოდათ. სკოლა რომ დაამთავრეს, ბაბუას წყალობით გოგიც სტუდენტი გახდა და მთელი ხუთი წელი არაფერი დაჰკლებია. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგად სწავლობდა და ასპირანტურაში მოსკოვში შესთავაზეს წასვლა. ბაბუამ იქაც გაუშვა თავისი ფინანსებით. მამა მოსკოვში არ წასულა, რადგან, ბოლო კურსზე იყო, დედაჩემი რომ შეირთო ცოლად. რამდენიმე თვეში შვილსაც (ანუ – მე) მელოდნენ და ამიტომ თბილისში დარჩა.

მოსკოვიდან დაბრუნებული გოგი ბაბუამ ძალიან კარგ სამსახურში მოაწყო – რომელიღაც დიდი ქარხნის მთავარ ინჟინრად. იმანაც ფხა გამოიჩინა და ორიოდ წელიწადში ქარხნის დირექტორიც გახდა. ცხოვრებას კარგად აუღო ალღო და მალე იმდენი დააგროვა, ბაბუას დახმარება აღარ სჭირდებოდა.

სანამ ბაბუაჩემი ცოცხალი იყო, ნორმალურად ვცხოვრობდით, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი საქმე უკან-უკან წავიდა. მამა ძალიან ნიჭიერი ინჟინერი იყო, საინტერესო გამოგონებებიც კი ჰქონდა, მაგრამ ურისკო აღმოჩნდა. ამიტომ, ნორმალური სამსახურიც კი ვერ იშოვა და იძულებულები გავხდით, ნელ-ნელა ყველაფერი გაგვეყიდა, რაც გაგვაჩნდა. დედამ რამდენჯერმე სთხოვა მამაჩემს, გოგისთან მიდი და ან ნორმალური სამსახური სთხოვე, ან ფული ესესხეო, მაგრამ მამა კატეგორიულ უარზე იყო – იცის, რა დღეშიც ვარ და, რომ შეეძლოს, თვითონ დამეხმარებოდაო. მაშინ დედა მამას მალულად მივიდა გოგისთან და სამსახური სთხოვა (ფულის თხოვნა ვერ გაბედა). გოგიმ, თურმე, ძალიან ოფიციალურად მიიღო და უთხრა, რაღაცას მოვიფიქრებო. რამდენიმე დღის შემდეგ კი მდივანს დაარეკვინა (თვითონ არც კი იკადრა) და შემოუთვალა მამას, ჯერჯერობით რაღაც მშენებლობაზე მუშის ადგილი გიშოვე, ჯერ იქ დაიწყე მუშაობა და მერე თანდათან დაგაწინაურებო. მამასაც, სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა, მაგრამ, ეს „მერე“ აღარასდროს აღარ დადგა. ყველაფერთან ერთად, გოგიმ იცოდა, რომ მამაჩემს საინტერესო გამოგონებები ჰქონდა და ზოგი სულ უფასოდ, ზოგი კი კაპიკებში დასტყუა და თვითონ ათასებად გაყიდა. მამამ ეს გაიგო, მაგრამ არაფერი უთხრა.

ერთ დღეს კი, მამა ხარაჩოდან ჩამოვარდა და დაიმტვრა. სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ ფული არ გვქონდა. მაშინ ოფიციალურად უფასო იყო მკურნალობა, სინამდვილეში კი ფულის გარეშე ხელს არავინ მოგკიდებდა. პირველი ოპერაცია თბილისში უნდა გაკეთებულიყო. მერე კი, როცა ტრანსპორტირების ნებას დართავდნენ, მოსკოვში უნდა წაგვეყვანა მეორე ოპერაციისთვის. დედა იძულებული გახდა, ისევ გოგისთვის ეთხოვა დახმარება. იმ პერიოდში დღეს ასე მოდური „პროცენტიანობანა“ ჯერ კიდევ არ იყო ფესვგადგმული, მაგრამ, ჩუმ-ჩუმად ვიღაც-ვიღაცეები ფულს აპროცენტებდნენ. გოგიმ დედას უთხრა, მე არანაირი თანხა არ მაქვს, მაგრამ ჩემი ნაცნობი ოჯახი პროცენტით გასესხებს ფულს და, თუ ნახევარ წელიწადში მთლიანად დააბრუნებთ, ჩაგიდგებით შუაში, ოღონდ, ყელი არ გამომჭრათ და არ დამაღალატოთო. დედასთვის ისიც დიდი შეღავათი იყო, რომ პროცენტი ყოველთვიურად არ უნდა ეძლია და დათანხმდა, ოღონდ, 6 თვის ნაცვლად ერთი წელი სთხოვა ვადა.

მოკლედ, მამა წავიყვანეთ, ოპერაცია გავუკეთეთ და ორი თვის შემდეგ ჩამოვიყვანეთ. ერთხანს უკეთ იყო, მერე კი მდგომარეობა ძალიან გაურთულდა და წაყვანიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ანუ ვალის დაბრუნების დრო რომ დადგა, გარდაიცვალა. ყველაფერს ხარჯი სჭირდებოდა, გოგისთან კი დედა ვეღარ მივიდა და უკანასკნელი ორიოდე ბეჭედი და რაღაც ნივთები გაყიდა მეზობლის დახმარებით სასწრაფოდ, რომ ქელეხის ხარჯები დაეფარა. მეზობლებმა და ახლობლებმაც რაღაც თანხა შეგვიგროვეს და ასე დავასაფლავეთ მამა. გოგიმ პანაშვიდზე დედას 100 მანეთი მისცა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ორმოცამდე არც კი გამოჩენილა, ორმოცზე მოვიდა, ცოტა ხანს დარჩა, წასვლის წინ კი გვითხრა, ამდენ ხანს ხმა არ ამომიღია, არ შეგაწუხეთ, მაგრამ იმ ხალხს თავისი ფული სჭირდება და ორ კვირაში უნდა მიუტანოო. ორ კვირაში კი არა, ორ თვეშიც ვერ მივუტანდით. ამიტომ, დედამ სთხოვა, კიდევ ერთ წელიწადს მადროვონ და რამეს მოვახერხებო. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გოგიმ გვითხრა, ვეცდები, ის ხალხი დავითანხმოო და წავიდა. ვალის აღებიდან ორი წლის შემდეგ ის სამი ათასი მანეთი იმხელა თანხად იყო ქცეული (პროცენტების წყალობით), რომ იმის გადახდა ჩვენთვის გამორიცხული იყო, ამიტომ დედამ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. გასარემონტებელი კი იყო, მაგრამ კარგ ადგილას მდებარეობდა, თან, კარგა მოზრდილიც იყო. და, წესით, კარგ ფასადაც უნდა გაყიდულიყო, მაგრამ რადგან გვეჩქარებოდა (თან, მაშინ ასე ადვილად არ ხდებოდა ბინების ყიდვა-გაყიდვა), თითქმის ნახევარ ფასს დავთანხმდით. თანხა რომ ავიღეთ, დედამ მაშინვე მიუტანა გოგის ვალი უკანასკნელ კაპიკამდე და რაც დაგვრჩა, იმ ფულით ერთი პატარა ბინა ვიყიდეთ, ეგრეთ წოდებულ, იტალიურ ეზოში.

ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა, გოგი აღარ გამოჩენილა, არც კი დაურეკავს. ერთ დღეს კი სრულიად შემთხვევით, ჩემს ძველ უბანში მოვხვდი და ყოფილი მეზობელი შემხვდა, რომლისგანაც გავიგე, რომ ჩვენს ბინაში გოგი ცხოვრობს ცოლთან ერთად (თავისი ბინა შვილისთვის დაუთმია), მისი ცოლი კი, თურმე, „სპეკულიანტობს“ (ასე უწოდებდნენ მაშინ გადამყიდველებს) და მალულად ფულს პროცენტით გაასესხებსო. რატომღაც, დავინტერესდი ამ ამბით, „აგენტურა“ ავამუშავე და დავადგინე, რომ ის თანხა, რომელიც მან „გვასესხებინა“ პროცენტით, თავისი იყო და ბინის მყიდველიც, რომელმაც ნახევარ ფასად დაგვტყუა ამხელა ფართობი, მისი გამოგზავნილი კაცი ყოფილა, ანუ, სინამდვილეში თავიდანვე იცოდა, რასაც აკეთებდა.

დიახ, თურმე ასეთებიც ხშირად ხდება და არც სოლომონ ისაკიჩი ყოფილა გამონაკლისი.

ძალიან გამიხარდება, თუ ამ წერილს ბატონი გოგი წაიკითხავს და ცოტათი მაინც გაწითლდება.

როგორც ჩანს, ყოველთვის არ ამართლებს ანდაზა – მადლი ქენი, ქვაზე დადეო. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, სანთელ-საკმეველმაც გზა დაკარგა.

ანა, 47 წლის.



ცოლს ვერ ვარწმუნებ, რომ მამათმავალი არ ვარ

ამ ხნის კაცი ამ თემას სახალხოდ თუ განვიხილავდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ, მინდა, ეს წერილი ჩემმა ცოლმა წაიკითხოს, იქნებ დარწმუნდეს, რომ არ ვატყუებ.

ბიჭობაში მაინცდამაინც პოპულარობით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ერთი-ორი ფლირტი და რომანი მეც მქონდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ქორწილით არ დაგვირგვინებულა. მერეც იყო წვრილ-წვრილი გატაცებები და მოწონებები, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა. 29 წლის რომ გავხდი, გავიცანი ახალგაზრდა ქალი, ერთმანეთი მოგვეწონა. რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და, როცა დავრწმუნდით, რომ ერთად კარგად ვგრძნობდით თავს, დაქორწინება გადავწყვიტეთ. ყველაფერი კარგად აეწყო: ერთმანეთი გვიყვარდა, ცალკე ვცხოვრობდით, ორივე ვმუშაობდით და შემოსავალიც ნორმალური გვქონდა. ერთი სიტყვით, ბედს არ ვემდუროდით. ჩვენი ბედნიერება ორი შვილის გაჩენამაც დააგვირგვინა. რამდენიმე წლის შემდეგ კი საფრანგეთიდან სტუმრად ჩამოვიდა თათას ბიძაშვილი, დედით ფრანგი, ჟანი თავის მეგობართან ერთად. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ თვალი დამადგა და გასაქანს არ მაძლევდა. არადა, გარეგნობით არ ეტყობოდა, ცისფერი რომ იყო, არც მას და არც მის მეგობარს. მაგრამ, თურმე, მარტო გარეგნობა არაფერს ნიშნავს. თავიდან გადავირიე და ჩემს სახლში მოსვლა ავუკრძალე, მაგრამ თათასთან ამის თქმა მომერიდა და ჟანიც სარგებლობდა ამით – ყოველდღიურად მოდიოდა ჩვენთან და ხანდახან ღამითაც რჩებოდა ხოლმე.

ერთხელ, წვეულება გვქონდა, ყველამ მაგრად დავლიეთ. ძალიან მთვრალი ვიყავი და, თათა რომ არ შემეწუხებინა, კაბინეტში, ტახტზე გავიშალე ლოგინი. ჟანი და მისი მეგობარიც ისეთი მთვრალები იყვნენ, იძულებული გავხდი, ღამე ჩვენთან დაგვეტოვებინა.

ღამით, შუა ძილში რომ ვიყავი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც მომიწვა გვერდით და ფერება დამიწყო. ჯერ ცოლი მეგონა და გამიკვირდა, ასეთი რამ არ სჩვეოდა. მერე უცებ სასმლის სუნი ვიგრძენი, შეშინებულმა თვალები დავაჭყიტე და ჟანი არ შემრჩა ხელში?! ისეთი ვიყვირე, მე თვითონ შემეშინდა, მან კი ყურიც არ შეიბერტყა, ჩამჩურჩულებდა, დამიჯერე და ნახავ, როგორ მოგეწონებაო. მე დავეჯაჯგურე, რომ ტახტიდან გადამეგდო და მერე გავსწორებოდი, მაგრამ ჯერ კიდევ მთვრალი ვიყავი და ვერ მოვერიე. ისიც მებღაუჭებოდა, რომ არ გადავარდნილიყო და სწორედ ამ დროს თათამ შემოაღო კარი. ასეთ მდგომარეობაში რომ დაგვინახა, ერთი იკივლა და გული წაუვიდა. საბოლოოდ, ჟანი, თავისი მეგობრიანად, რა თქმა უნდა, სამუდამოდ გავაგდე. მაგრამ, ვერაფრით ცოლს ვერ ვირიგებ, დარწმუნებულია, რომ მამათმავალი ვარ და ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა. არადა, ღმერთი, რჯული, მსგავსი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მომსვლია აზრად. ის კი არა, ასეთ ტიპებთან ურთიერთობაც კი ყოველთვის სათაკილოდ მიმაჩნდა.

აშკარად, ოჯახი მენგრევა (თუ უკვე არ დამენგრა), მე კი არ ვიცი, როგორ დავარწმუნო ცოლი ჩემს სიმართლეში.

შაკო, 38 წლის.



მინდა, ბედნიერი ვიყო

სულ ხუთი თვეა, რაც გავთხოვდი. მართალია, ჩემს ქმარს 800 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ ნიშნობის ბეჭედი ჯერ არ უყიდია. მეც არ ვაწუხებ, რადგან მრცხვენია და ვერ ვეუბნები, ბეჭედი მიყიდე-მეთქი.

დედაჩემმა თავისი ბეჭედი მომიტანა – ხალხი რას იტყვისო – და ის მიკეთია.

მე ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, პრინციპში, ყველა სურვილს მისრულებს, მაგრამ თავს მაინც დაჩაგრულად ვგრძნობ. რატომ მემართება ასე, არ ვიცი. შეიძლება, იმიტომ, რომ ჯერ ფეხმძიმედ არ ვარ და ამას განსაკუთრებით განვიცდი. თანაც, შალვა სულ მუშაობს, მე კი სახლში მარტო ვარ და ვერაფრით ვერთობი. ამდენი დარდით ლამის გული დამიავადდეს. ხალხს კი მხიარულად და ბედნიერად ვაჩვენებ თავს. არადა, სულ 17 წლის ვარ და, რა გასაკვირია, მეც მინდოდეს ბედნიერება.

ხანდახან მგონია, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ამას ისე ვერ ვგრძნობ, როგორც საჭიროა. იქნებ, იმიტომაც, რომ ბედნიერება სულ სხვა რამ მეგონა და სინამდვილეში სხვა ყოფილა?!

ცირა, 17 წლის.



მინდა, მეგობარი მყავდეს

მინდა, ჩემი პრობლემების შესახებ გიამბოთ.

ყოველთვის ვკითხულობდი თქვენს რუბრიკას, მაგრამ მოწერა არასდროს მიფიქრია. ახლა კი, რატომღაც, გადავწყვიტე, ჩემი დარდი გაგიზიაროთ.

17 წლის ვარ და 17 ბედნიერი დღე არ მქონია. რაც თავი მახსოვს, მამაჩემი სულ სვამს. მუდმივი სამსახური არ აქვს და, ყველაფერთან ერთად, საშინელი უხასიათოა. ბევრჯერ შევსწრებივარ, როგორ სცემდა დედაჩემს და ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან, ვიცოდი, არც მე დამინდობდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს. რადენჯერაც ბინა ვიქირავეთ, იმდენჯერ გამოგვყარეს გადაუხდელობის გამო. ბებიაჩემი კი (დედის დედა) სახლიდან გვყრის. სიმართლე გითხრათ, არც მე მინდა მასთან ცხოვრება, რადგან აუტანელი ხასიათი აქვს და ჩემი სიმსუქნის გამო სულ მაკომპლექსებს. ერთხელ თავის მოკვლაც ვცადე და ძლივს გადამარჩინეს.

ჩემი ასეთი მდგომარეობის გამო ყველა გამირბის, არავის უნდა ჩემთან მეგობრობა, ძალიან მჭირდება ნამდვილი მეგობარი, რომელიც მომისმენს და გამიგებს, მე კი სულ მარტო ვარ. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

თაკო, 17 წლის.



ჩემო ნანიკო, გთხოვ, დამიბრუნდი!

არ ვიცი, დამიბეჭდავთ თუ არა ამ წერილს, მაგრამ ჩემთვის ისიც შვება იქნება, თუნდაც ერთმა ადამიანმა წაიკითხოს ჩემი მონათხრობი.

მე საკმაოდ რთული ცხოვრება გამოვიარე და დღეს ცოცხალი რომ ვარ, მხოლოდ ერთი ქალის დამსახურებაა, რომელსაც ვერ მოვუარე ისე, როგორც ის იმსახურებდა.

2 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამამ და დედინაცვალმა გამზარდეს. როგორც ჩანს, ჩემთვის დიდად არ ეცალათ, ამიტომ, თავისუფალ ცხოვრებას მივეჩვიე. არც ეკლესია არსებობდა ჩემთვის და არც სხვა წმინდა რამ. მოკლედ, წამალზეც „შევჯექი“ და დიპლომიც მამაჩემმა აიღო ჩემ მაგივრად. ქალებს, რა თქმა უნდა, არ ვიკლებდი და ვცხოვრობდი ასე. სრულწლოვანი რომ გავხდი, ცალკე ბინა მიყიდეს და მერე საერთოდ ავუშვი. სამსახურშიც მოვალეობის გამო მივდიოდი და ასე „ვნებივრობდი“. ცოლის მოყვანას, რა თქმა უნდა, არც ვფიქრობდი. ასე მივუკაკუნე 30 წელს, მოულოდნელად ჩემს ცხოვრებაში ნანა გამოჩნდა. თავიდან მისი სილამაზით მოვიხიბლე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იმაში არ გამომადგებოდა, რაშიც ქალი მჭირდებოდა. ჩვენ ვმეგობრობდით. მალე მივხვდი, რომ საინტერესო ადამიანი იყო და ჩემი ცხოვრება შეცვალა, გაალამაზა, ის სხივი შემოიტანა, რომელიც მაკლდა; ჩემს ყოველ დღეს აზრი მისცა. ცოტა ხანში სიყვარულშიც გამომიტყდა და ჩემთან გადმოვიდა. უარი არ მითქვამს, თანაც, არაფერს მთხოვდა. მისმა ოჯახმა, რა თქმა უნდა, ზურგი აქცია. ვუყვარდი, მეც არ ვიყავი მისადმი გულგრილი, მაგრამ, მაინც ცუდად ვექცეოდი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. არანაირი პატივისცემა არ ჰქონდა ჩემგან. ყველა კაცისთვის საოცნებო გოგო ჩემი მოახლე გახდა. ის კი არასდროს მსაყვედურობდა. იმასაც მიეჩვია, ხანდახან კვირაობით რომ ვიკარგებოდი და ჩემს ნარკომანობასაც. ახლა ვიხსენებ მის თვალებს, როცა გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდი, სევდიან, ნამტირალევ თვალებს. მაგრამ მაშინ მე ეს არ მაინტერესებდა, ჩემთვის მთავარი წამალი იყო. რამდენჯერმე, როცა კარგ ხასიათზე ვიყავი, ნარკოტიკებზე მელაპარაკა, მაგრამ მე ამ თემაზე ხმის ამოღებაც კი ავუკრძალე. ერთ დღესაც, მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. ცხადია, არც ამან დამაინტერესა. რომ მახსენდება, რა ვუთხარი, საკუთარი თავი მეზიზღება – მაგ ბავშვს ვერ ამკიდებ, ნამდვილი მამა იპოვე-მეთქი. ახლაც მახსოვს მისი თვალები. არაფერი უთქვამს, აიღო თავისი ნივთები და წავიდა ისე, რომ ხმაც არ ამოუღია. არ გამოვკიდებივარ, არც დარჩენა მითხოვია, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი მის ფასს.

ნანამ ბიჭი გააჩინა. მე გვარი მივეცი, მაგრამ ნანა მაინც არ დამიბრუნდა. შევპირდი, ოღონდ დამიბრუნდი და ვიმკურნალებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ახლა ჯანმრთელად ვარ, წამლისკენ არც კი ვიყურები, მაგრამ ის მაინც არ მიბრუნდება. ეკლესიაში დავდივარ, ვმუშაობ, ნათესავ-მეგობრებიც აღარ გამირბიან. ნორმალური ადამიანი გავხდი. ჩემი ბიჭის ნახვა არასდროს აუკრძალავს, სასეირნოდაც მატანს, მაგრამ თვითონ ზედ არ მიყურებს. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, რომ ჩემზე გული მოიბრუნოს.

მინდა მას მივმართო:

ჩემო ნანიკო! შენ ხომ ბევრი მომითმინე! მომეცი კიდევ ერთი შანსი, რომ დაგანახვო, როგორ შევიცვალე. შენ ხომ ასე ძალიან გიყვარდი, ნუთუ აღარაფერი ვარ შენთვის?

შენ არ იცი, როგორ მაკლიხარ! იცი? სიზმარშიც კი ვერ გხედავ. გთხოვ, მაპატიო, შენ ხომ უარესიც გიპატიებია!..

მიყვარხარ!

გმადლობთ!

ლუკა, 33 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3