როდის დაბინავდნენ თაკო შაშიაშვილის ოჯახში უცნაური ბინადრები და რას ინახავს საიდუმლოდ მისი ავტორი
მხატვარ თაკო შაშიაშვილის ოჯახში პირველი ნიღაბი 12 წლის წინ დაბინავდა. დროთა განმავლობაში მხატვრის გატაცებამ კოლექციის სახე მიიღო და მისი ოჯახის ბინადართა რაოდენობაც გაიზარდა. თუ როგორ იქმნება მისი კოლექციის ნიმუშები, რა პერიოდში და რატომ არ არქმევს ავტორი მათ სახელებს ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
თაკო შაშიაშვილი: მხატვრების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახის წევრები მეუბნებიან, სანამ ლაპარაკს ისწავლიდი, უკვე ხატავდიო. 3 წლის ასაკიდან დავდიოდი ბავშვთა ხელოვნების აკადემიაში.
– როდის შეიქმნა პირველი ნიღაბი ამ კოლექციისთვის?
– პირველი ნიღბის კეთება დაახლოებით, 12 წლის წინ დავიწყე. ძალიან მინდოდა, კედლის ვენეციური ნიღაბი და რა თქმა უნდა, არ მქონდა, ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი ხელით შემექმნა. ჩვეულებრივ, რისი შექმნის სურვილიც მაქვს, ყოველთვის მე ვაკეთებ ხოლმე. მთავარია, მონდომება... ვსინჯე და გავაკეთე. დროთა განმავლობაში, ნიღბების შექმნამ გამიტაცა, შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა ჰობიში. ასე ჩაეყარა საფუძველი ჩემი ნიღბების კოლექციას. კედლის ნიღბების შექმნის შემდეგ, უკვე, სახის ნიღბების გაკეთებით დავინტერესდი. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სხვებსაც მოსწონდა ჩემი ნახელავი.
– ალბათ, ამიტომ მოეწყო პირველი გამოფენაც...
– გავაკეთეთ გამოფენა. ნიღბები, ჩვენთვის თითქოს მაინც უცხო იყო, მაგრამ ხალხმა კარგად მიიღო. ამიტომ, პირველ გამოფენას მოჰყვა შემდეგი, მერე კიდევ ამ ყველაფერმა სტიმულიც შემმატა და ჩემმა გატაცებამ თანდათან კოლექციის სახე მიიღო.
– დღეისთვის რამდენი ნიღაბი გაქვთ შექმნილი?
– არც არასდროს დამითვლია, ძალიან ბევრი. რამდენიმე ნიღაბი გამიყიდია კიდეც. თუმცა, ძველს ყოველთვის ენაცვლება ახალი. ყველა ხელოვანისთვის არსებობს ისეთი ქმნილება, რომელსაც ვერასდროს შეელევა, ასეთები ჩემს კოლექციაშიცაა. ასე მგონია, ისინი მხოლოდ ჩემთვის შევქმენი.
– რა მასალისგან იქმნება თქვენი სახისა და კედლის ნიღბები?
– სხვადასხვა მასალისგან. თავისებურ ხარისხსა და ეფექტს იძლევა. თუმცა, ყველაფერს არც გაგიმხელთ, რაღაცას საიდუმლოდ ვიტოვებ. ამ საიდუმლოს გარდა, ვიყენებ ნებისმიერ რამეს. ყველაფერშია სიცოცხლე, მთავარია დაინახო.
– მაგალითად?
– ერთ ნიღაბში გამოყენებული მქონდა სხვადასხვა ფერის ფლომასტერის გულები. პასტის ზამბარებიც გამომიყენებია და სათამაშო თოფის ზამბარებიც. ასევე ვიყენებ ხელოვნურ ღრუბელს, ნიჟარებს, ფუტკრებს, ნემსიყლაპიებს, ჭიამაიებს. თუმცა მწერები მე არ დამიჭერია, ყველაფერი მომაწოდეს. კიბორჩხალას ფიტულიც გამომადგა, ნაჭრების ნაკუწები, ბიჟუტერიის ნარჩენები. ყველაფერს ვიყენებ და ამიტომაც ყველაფერს ვინახავ. ბუმბულებიც გამომიყენებია და ამისთვის რამდენიმე ფრინველის დაზარალებაც მომიხდა მსუბუქად. ყველა გაფრთხილებული მყავს, არაფერი გადაყაროთ ისე, მე რომ არ დამათვალიერებინოთ-მეთქი. ერთხელ, ერთმა მომცა თავისი ხარახურა და როდესაც მისგან ნიღაბი შევქმენი, გაბრაზდა, რა კარგ რაღაცეებს აკეთებ ჩემი ხარახურით, სხვა დროს აღარ მოგცემო.
– ყველაზე უცნაური რა გამოგიყენებიათ ნიღბის შესაქმნელად?
– ბავშვის სადორბლე გამოვიყენე ერთ-ერთი ნიღბის მასალად და ისეთი არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე, მერწმუნეთ, ვერასდროს ვერავინ მიხვდებოდა, რისგანაა შექმნილი.
– რა ფერები დომინირებს თქვენს ნამუშევრებში?
– საერთოდ, საყვარელი ფერი არ მაქვს. თითოეულ ფერს თავისი ხასიათი აქვს და როცა როგორ ხასიათზე ვარ, ის ფერი მომწონს.
– თითო ნიღბის შექმნას რა პერიოდი სჭირდება?
– საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სახის ნიღაბი ჯერ უნდა გაშრეს, შემდეგ გაპრიალდეს, „გაიშპაკლოს“, ამოიჭრას ყველაფერი, მხოლოდ ამის შემდეგ კეთდება ის საყვარელი სამუშაო, რასაც მოხატვა ჰქვია. მოხატვამდე სანამ მივა საქმე, ერთი კვირა მაინც არის დაახლოებით, საჭირო. პლუს მოხატვა. გააჩნია განწყობასაც, შესაძლოა, დღეში ერთი ნიღაბიც დავამთავრო, თუ ხასიათზე ვარ. წინასწარ არასდროს ვიცი, როგორი გამოვა ნიღაბი. შეიძლება, ჩანაფიქრი მქონდეს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი მივიღო. მუშაობის დროს შესაძლოა, დავინახო ისეთი აქსესუარი, რომელიც ჩემს ჩანაფიქრს თავდაყირა დააყენებს.
– ბრელოკი-ნიღბების შექმნა როდის გადაწყვიტეთ?
– მუშაობის პროცესში იმდენი უცნაური იდეა მოდის, ვერ გეტყვით.
– სახელებს თუ არქმევთ თქვენს ნიღბებს?
– არა, არასდროს დამირქმევია. ერთად-ერთხელ იყო, ინგლისის საელჩომ მოაწყო გამოფენა შექსპირის თემაზე და მაშინ შევქმენი რომეო და ჯულიეტა, თუმცა ჯულიეტა გაიყიდა და სახლში მხოლოდ რომეო დაბრუნდა. მაგრამ, არხეინად არის, სულაც არ დარდობს (იცინის).
– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენს კოლექციას ნახულობენ?
– ძალიან მოსწონთ ჩემი ნიღბები. საერთოდ, ნიღაბს რატომღაც ცუდი რეპუტაცია აქვს. სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ ის რაღაცას მალავს, არადა ასე არ არის. ამ ნიღბებს მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს და არც ერთი არაა სახასიათო, რომ ბოროტებას, ან სიფლიდეს ნიშნავდეს. ერთი რამ გვავიწყდება, რომ ამ ნიღაბში თვალები არაა დამალული და ნიღაბს მიღმა პატრონის თვალები ჩანს. თვალები კი არასდროს იტყუებიან. ნებისმიერი ადამიანის სულის სარკე მისი თვალებია და ეს ნიღაბი ვერასოდეს დამალავს იმ ადამიანის ნაკლოვანებასა და ჩანაფიქრს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ხელოვანისთვის, თავისი ქმნილება საკუთარი შვილივითაა. შეიძლება, უფრო მეტიც – ბავშვს დედაც ჰყავს და მამაც. ამ ქმნილებებს კი მხოლოდ მე ვყავარ. ამათ რომ რაღაც უზიანდებათ, მე ძალიან განვიცდი. ძალიან ძნელია მათთან შელევა და არ მიყვარს, როდესაც მათი გაყიდვა მიწევს.
– გაჩუქება თუ შეგიძლიათ?
– რა თქმა უნდა, თუმცა ყველასი არა. ვფიქრობ, ადამიანი, თუ ვინმეს თავის ხელნაკეთს აჩუქებს, ის პიროვნება მისთვის ძალიან ახლობელია.