რა განხეთქილებას ვერ შეეგუა მორის ფოცხიშვილი და რა სასწაული მოხდა მის სახლში
„გზა გაწყვეტილი ძაფივით, ფიქრი, დუმილი, დარდი,
პურიც იყო და მარილიც, მაინც ერთმანეთს ვჭამდით.
რაც იყო, ჩქარა გაივლის, არ შეგაწუხოთ ეჭვმა,
პურიც იქნება, მარილიც, მაინც ერთმანეთს შევჭამთ“, – რას განიცდიდა, ფიქრობდა და როგორ ცხოვრობდა მორის ფოცხიშვილი, ამას მისი ლექსებიდან გაიგებთ. ამ ადამიანის ცხოვრება ისეთივე ჰარმონიული და შთამბეჭდავი იყო, როგორც მისი პოეზია. ორი ქალიშვილის მამობასაც მშვენივრად ართმევდა თავს და მათთვის ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ამიტომ, თამრიკოს და ბასას ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდებიც სწორედ მამასთან არის დაკავშირებული.
თამრიკო: დედამ და მამამ ერთმანეთი გაგრაში, ზღვაზე გაიცნეს. ქერა, მზემოკიდებული, ლამაზი გოგო რომ დაუნახავს, ჩაუთვლია, რომ რუსია და გამოლაპარაკებია. შუა ზღვაში უკითხავს, რომელი საათიაო. მაშინ დედა სამედიცინოზე სწავლობდა და გაგრაში მეგობრებთან ერთად პრაქტიკაზე იმყოფებოდა. მამა კი, თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად, დასასვენებლად იყო ჩასული. იმ დროისთვის მორისს ერთი კრებული ჰქონდა გამოცემული და უკვე პოპულარული იყო ლექსით „ენკი-ბენკი“. სამ თვეში როზიტა დედამისს როგორც საცოლე ისე გააცნო და დაქორწინდნენ კიდეც. წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ქორწილი. ეს იყო ერთი დიდი ლიტერატურული საღამო თავისი ლექსებითა თუ სიმღერებით. თამადა გოგლა ლეონიძე ყოფილა. დედა, მამა, ბებია და ბიძა ცხოვრობდნენ იმ სახლში, სადაც დღეს ქარვასლის ეთნოგრაფიული მუზეუმია. როცა გამოფენა ან რაღაც ღონისძიებაა და იქ ავდივარ, თავი სახლში მგონია. ბავშვობის წლები მახსენდება და ნოსტალგია მეუფლება. მორისი ძალიან კარგად მღეროდა და ეს ჩანაწერები არსებობს. მისი ლექსების უმეტესობა მელოდიური იყო და ამიტომაც ბევრმა კომპოზიტორმა აიტაცა. ფაქტობრივად, მის გარეშე სიმღერებს არ წერდნენ.
– ბატონი მორისი და ბატონი გოგი ცაბაძე იყვნენ ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივად უგებდნენ ერთმანეთს როგორც შემოქმედებაში, ისე ცხოვრებაში. ბევრი მათი ტექსტი და მელოდია უცებ აიტაცა და შეიყვარა ხალხმა, მაგრამ, „მეფაიტონე“ მაინც განსაკუთრებულია და განსაკუთრებული შემსრულებელიც ჰყავს – ბუბა. როგორ დაიწერა „მეფაიტონე“?
– ეს მართლა ძალიან საინტერესო ისტორიაა – დედ-მამისგან ვიცი. მორისი ავად იყო და საავადმყოფოში იწვა. მასთან ერთად პალატაში იყო ერთი მოხუცი, რომელსაც მამამ შეამჩნია, რომ ბალიშზე თავი არ ედო. თავქვეშ ხელებს ამოიდებდა და ისე იწვა. მამას გაუკვირდა და უკითხავს, რატომ არ დებთ თავს ბალიშზეო. მეფაიტონე ვარ, მთელი ცხოვრება ფაიტონზე მაქვს გატარებული და ბალიშზე თავის დამდები კაცი არ ვარო, – უთქვამს. იმ დროს გოგი და მორისი „რეროსთვის“, ნანისთვის და ბუბასთვის წერდნენ სიმღერებს და ახალი სიმღერის შექმნა დასჭირდათ. უცებ დაიწერა „მეფაიტონეც“, რომლის პროტოტიპი რეალურად არსებობდა. მამა, აგრეთვე, გატაცებით მუშაობდა „ივერიასთან“, ბუთხუზისთანაც გამორჩეული მეგობრობა ჰქონდა. პირადად ვესწრებოდი მიუზიკლ „ფიროსმანზე“ მუშაობის პროცესს. რამდენიმე წელი მუშაობდნენ ამაზე და მორისი რომ გარდაიცვალა, მისი პრემიერა მერე შედგა. საერთოდ, მიუზიკლებზე მორისი დიდი ინტერესით მუშაობდა, რადგან არ სჭირდებოდა კიდევ რაღაც ხასიათის შექმნა. წერდა ყველგან – სამზარეულოში, როცა ჩაის სვამდა ან მისაღებ ოთახში, ტელევიზორთან... მიაჩნდა, რომ ამისთვის რაღაც განსაკუთრებული გარემოს შექმნა არ იყო საჭირო.
– როგორი ურთიერთობა ჰქონდა თქვენთან?
– საერთოდ, აბსოლუტურად არამიწიერი და არაპრაქტიკული ადამიანი იყო. არ მახსოვს, სახლში თუნდაც, ნათურა გამოეცვალოს ან ბაზარში წასულიყო. მაგრამ, არასოდეს მიგრძნია, რომ ჩვენთვის არ ეცალა. ერთადერთი, როცა ლექსს წერდა, თვითონაც ვგრძნობდით, რომ იმ დროს ხელი არ უნდა შეგვეშალა. ურთიერთობის ნაკლებობა არ ყოფილა. ხშირად ერთად ვუყურებდით ფილმებს, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. მერე, უკვე, როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და სტუდენტური გატაცებების პერიოდი მოვიდა, თვითონ არ ვკონტაქტობდი მშობლებთან. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან მაკლია ის პერიოდი. ჩემი მეგობრები რომ მოდიოდნენ, მამასთან სხდებოდნენ და საუბრობდნენ. მასში უფრო კარგ მოსაუბრეს ხედავდნენ. პატარა რომ ვიყავი, მასთან ახლოს ვიჯექი, ჩემთვის, წყნარად და ვხატავდი. ბასა უფრო ხმაურიანი იყო. ეზოში ჩადიოდა და გამწარებული ფეხბურთს თამაშობდა.
– ფეხბურთზე გამახსენდა. დარწმუნებული ვარ, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ სხვა ტექსტზე რომ დაწერილიყო, ისეთივე ემოციური და პოპულარული არ იქნებოდა, როგორიც დღეს არის. როგორ ახერხებდა ეს ადამიანი ზუსტად მორგებოდა მელოდიას და ერთ ორგანიზმად ექცია?
– ამ სიმღერის შემდეგ მორისი დააჯილდოეს სტადიონზე შესასვლელი სპეციალური საშვით, რომელიც მანქანაზე ჰქონდა გაკრული. მე და ბასა ფეხბურთის ისეთივე გულშემატკივრები ვიყავით, როგორიც მორისი. მახსოვს, მატჩის საყურებლად რომ მივდიოდით, ჩვენი მეგობრები ზოგი ტრიბუნაზე იჯდა, ზოგი – ზემოდან. ჩვენ კი მანამდე გვქონდა აბონემენტები, რომელიც სხვა კატეგორიის მაყურებლებისთვის იყო განკუთვნილი. ამ ადგილს ადრე ჯუნგლებს ეძახდნენ, სადაც ყველაზე ცხელგულიანი გულშემატკივრები ისხდნენ. ასე რომ, ამ სიმღერას აქვს გამარჯვების, თასის აღების, ჩემი და ბასას ფეხბურთელებთან დამეგობრების ისტორია.
– მამათქვენისთვის თუ იყო გასაგები თქვენი ცხოვრების სტილი – ცოტა ბიჭური მანერები, ჩაცმულობა, შეხედულებები, გატაცებები?
– ის პროფესიებიც არ იყო მაინცდამაინც ქალური, რაც მე და ბასამ ავირჩიეთ, მაგრამ ეს ბუნებრივად მოხდა. რაც მიყვარდა, იმ საქმეს მოვკიდე ხელი. მორისი პირიქით – ყველაფერში ხელს გვიწყობდა, რაც შეეხება ჩაცმას, ვცდილობ, ყოველთვის მოხერხებულად მეცვას. მახსოვს, მინი-კაბები ახალი შემოსული იყო მოდაში. მორისი გერმანიაში წავიდა თავისი წიგნის პრეზენტაციაზე და რომ ჩამოვიდა, მე და ბასას მთელი ჩემოდანი მინი-კაბები ჩამოგვიტანა და ამ კაბებში დავდიოდით. არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა. თვითონაც უყვარდა ჩაცმა და ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა რაღაც განსხვავებული, სწორედ მისი ხელშეწყობით ხდებოდა. ჩვენგან უვიცობას ვერ აიტანდა, თორემ როგორ ჩავიცვამდით, ამას ყურადღებას არ აქცევდა. პირველად „ლევისი“ რომ შემოვიდა მოდაში, ჩამოგვიტანა. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვიყავით-მეთქი, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვუგებდით. რიდი ყოველთვის იყო, მაგალითად, იმისა, რომ მამას თანდასწრებით სიგარეტს ვერ მოვწევდი. თუ ვიღაც ბიჭი მოგვწონდა, ამას უფრო დედასთან ვიტყოდით, ვიდრე მორისთან. მასთანაც შემეძლო მეთქვა, მაგრამ თუკი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როცა გათხოვება დავაპირე (თამრიკოს ყოფილი მეუღლეა მსახიობი გიორგი გურგულია – ავტორი).
– ვიცი, რომ კარგი ინტუიცია ჰქონდა. რაში მჟღავნდებოდა მისი წინათგრძნობის უნარი?
– მორისი ამ წინათგრძნობით განსხვავდებოდა. შემეძლო, მისთვის რაღაც არ მეთქვა, მაგრამ ამის გარეშეც მშვენივრად ხვდებოდა რაღაც-რაღაცეებს. ეს გამოიხატებოდა, თუნდაც, მის ლექსებში. „ფიროსმანში“ ერთი ასეთი ფრაზაა – „იყიდება საქართველო“. მერე გავხდით იმის მომსწრე, რაზეც ბევრად ადრე დაწერა. მაგალითად, ცნობილია ერთი ისტორია: გოგის გორში კონცერტი ჰქონდა. მორისიც უნდა წასულიყო, მაგრამ ავად გახდა და ვერ წავიდა. მაღალი სიცხე ჰქონდა. სამზარეულოში ვისხედით და ვსადილობდით. ამ დროს ჭაღი გასკდა და მაგიდაზე დაეცა. მორისმა მაშინვე თქვა, რომ რაღაც დიდი უბედურება ხდებოდა. ერთ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გოგი აღარ იყო.
– თუ იცოდით, რაზე წუხდა, რა დარდს ატარებდა გულში?
– ძალიან განიცდიდა, რომ ეროვნულ მოძრაობაში დიდი განხეთქილება მოხდა. მერაბ კოსტავას გარდაცვალება რომ გავიგეთ, იმ დროს მე და მამა საფრანგეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე ვიყავით. ლევილიდან პარიზში ჩავედით, ქართულ ეკლესიაში მივედით და მისი სულისთვის ვლოცულობდით. მისთვის მიძღვნილი რამდენიმე ლექსი სწორედ პარიზში დაიწერა. მერაბის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, ერთიანობა აღარ ყოფილა, არ იყო ლიდერი და ეს კარგად ჩანდა. ძალიან მტკივნეულად გადაიტანა 9 აპრილი. მე და ბასა დღე და ღამე იქ ვიყავით და იმ ღამეს რამდენიმე საათით ადრე წამოვედით სახლში. მერე ისევ უნდა მივსულიყავით და ეს ამბავიც მოხდა.
– გახსოვთ მამასთან ურთიერთობის ბოლო დღეები?
– მამა 1993 წელს გარდაიცვალა. დიაბეტი ჰქონდა. ორი თვე მძიმედ იყო. იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. ექიმებმა სავარაუდო დროც უთხრეს და როცა შესაძლებლობა მიეცა, დაგვლაპარაკებოდა, დაგვარიგა, როგორ მოვქცეულიყავით, როგორ გვეცხოვრა. ჩვენთვისაც და მისი სულისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა, რომ უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მცხეთაში, დედათა მონასტერშია დაკრძალული. ძალიან უყვარდა მცხეთა, მისთვის მეორე მშობლიური ქალაქივით იყო.
– როგორ ცხოვრობდა მორის ფოცხიშვილის ოჯახი?
– მორისს თავისი გაყიდული წიგნებიდან ჰქონდა შემოსავალი. ნამღერი სიმღერებიდან ან სადმე თუ გაჟღერდებოდა მისი ლექსი, ჰონორარი სახლში მოსდიოდა. მაშინ უფრო სერიოზულად არსებობდა საავტორო უფლებების დაცვის სქემა, ვიდრე დღეს არის. დედა პედიატრად მუშაობდა და ცალკე მას ჰქონდა ხელფასი. როგორი დამოკიდებულებაც მე და ბასას გვაქვს ფულის მიმართ, ზუსტად ასეთივე ჰქონდათ დედაჩემსაც და მამაჩემსაც თავის დროზე. ფული ხან იყო, ხან არა, მაგრამ ვცხოვრობდით ისე, თითქოს სულ იყო. დედა მართავდა ოჯახს – რა მოეტანა ბაზრიდან, რა გვეჭამა, როდის რამდენი გადაეხადა კომუნალურში...