კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააშაყირა ვაკაჭი და ვის დაგებულ მახეში გაება ის


ეკრანიდან სამწლიანი გაუჩინარების მიუხედავად, ყველას კარგად გვახსოვს ვახტანგ „ვაკაჭი“ ხიდაშელის სახე, რომელიც თავისი იუმორით, კომედიური პერსონაჟების განსახიერებითა და როლის საოცარი გარდასახვით გამოირჩეოდა. პროფესიით მხატვარი ვაკაჭი, შოუმენი და ერთ-ერთი ცნობილი სათამაშო ბრენდის სახეა. ამავდროულად, როგორ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ის სტიქაროსანიცაა. ამ და სხვა სიახლეების შესატყობად ვაკაჭის ვესტუმრეთ.


ვახტანგ ხიდაშელი: გულის სიღრმეში სურვილი თავიდანვე მქონდა, რომ ეკრანზე რაღაც გამეკეთებინა. ბავშვობაში ჯერ „პიონერფილმში“ მივედი, რამდენიმე პატარა როლიც შევასრულე, მერე მეორე არხზე მხატვრად დავიწყე მუშაობა, შემდეგ ტელეკომპანია „მაესტროში“ აღმოვჩნდი. ასე ეტაპობრივად ჩავები სატელევიზიო საქმეებში: ჯერ გადაცემა „პა-სეანსის“, მერე კი „ა-ტალანტის“ წამყვანი გავხდი. შემდეგ ამას მოჰყვა „ვაკაჭი ნიუსი“, „ვაკაჭი პლუსი“, „თბილისური საგა“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელშეწყობა ამ პროექტებს არ ჰქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, გრიმსაც კი თვითონ ვიკეთებდი. ამას გარდა, ამგვარი პრეცედენტი არც არსებულა, რომ გადაცემას მხოლოდ სამი კაცი აკეთებდეს, ოპერატორის ჩათვლით. როცა მე, ერთი კაცი, ვასახიერებდი ამდენ როლს, ამას შევარქვი ედი მერფის პრინციპი. იმაშიც დავრწმუნდი, რომ მარტო ნიჭი არაა საკმარისი წარმატების მოსაპოვებლად. ჩემი პროექტები „ჩააჩოჩეს“ – თურმე, არ აღმოჩნდა საინტერესო. სამაგიეროდ, მოწონებულია რაღაც გადაცემა, რადგან კარტის თამაშს, თურმე, სატელევიზიო სივრცე უნდა დაუთმო, ამიტომ, მეც არ ჩამოვრჩი და მაქვს საინტერესო პროექტები: „ხეზე ჩიტი“, „წრეში ბურთი“, „პოკერი“, „ჭადრაკი“ და „რეზინობანას თამაში“, „გაწუწული წიწილა“, ან, თუნდაც, „ღამე ვაკაჭისთან ერთად“, რომელიც ქალებისთვის იქნება განკუთვნილი. აბა, შემომხედეთ კარგად, ვერ შევძლებ აუდიტორიის დაპყრობას თუ რა?! (იცინის).

– მართლაც, საინტერესო სახუმარო იდეები შემოგწოლიათ. ახლა სერიოზულად გავაგრძელოთ საუბარი. მახსოვს, „ვაკაჭი ნიუსში“ რამდენიმე სახასიათო როლი გქონდათ, ყველაზე ახლობელი თქვენთვის რომელი როლი იყო?

– სომეხი გრანტიკა „მევასებოდა“ მაგრად, დებილი ვაკაჭიც სასაცილო იყო, ასევე, ჭორიკანა ლაურა, თათარი ოზო... ამ ყველაფერს დახვეწა უნდოდა, მაგრამ, იმხელა ფინანსებს არ მაძლევდნენ, რომ სცენარისტები ამეყვანა და ეკონომიის მიზნით მხოლოდ სამი ადამიანი ვმუშაობდით – მცირებიუჯეტიან პროექტს სხვა გზა არ ჰქონდა. ამდენი სიძნელის მიუხედავად, ჩემს გადაცემებს მაღალი რეიტინგი ჰქონდა. თუ გინდა, მოკლა პროექტი, მაგაზე ადვილი არაფერია და ასეც მოხდა, სამწუხაროდ.

– სამაგიეროდ, გადაცემა „ა-ტალანტი“ ფეხბედნიერი აღმოჩნდა თქვენთვის, რადგან გადაცემაში მონაწილეობის მსურველთა შორის აღმოაჩინეთ ის ადამიანი, ვინც მოგვიანებით თქვენი მეორე ნახევარი გახდა...

– მე და მარიკას საერთო მეგობარი გვყავდა. მათ გადაწყვიტეს ჩემი გაღადავება – მოდი, ვაკაჭი გავაშაყიროთ, ვითომ შენ გინდა „ა-ტალანტში“ მონაწილეობის მიღებაო. მართლა კარგად შეასრულა ის როლი – ინდური კაბა ეცვა და ინდოელის როლს თამაშობდა. მას ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და მას მერე მუდამ ვსაყვედურობ, რატომ არ ჩააბარე სამსახიობოზე-მეთქი, იმდენად კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მე მაღალი შეფასება მივეცი, ოღონდ, ცხადია, „ა-ტალანტში“ მონაწილეობა არ მიუღია. მისი ინტერესის სფეროში არ შედიოდა ტელევიზიის დაპყრობა (იცინის).

– ერთი სიტყვით, მომავალმა მეუღლემ ორმაგად გაგაბათ თავის მახეში.

– არა, მახეში არ გავუბივარ, ეს, უბრალოდ, ხუმრობა იყო, ჩემი გაშაყირების მიზნით, თორემ ჩვენ მაშინ აზრადაც არ მოგვივიდოდა, რომ ოდესმე მეუღლეები გავხდებოდით.

– იმის მიუხედავად, რომ ტელეეკრანიდან გაუჩინარდით, მაინც ცნობად სახედ რჩებით. რა რეაქცია აქვს ხალხს, როცა ქუჩაში გხედავენ?

– ზოგს ეცინება, მაგრამ, უფრო ხშირად მეკითხებიან, რატომ აღარ ხარ ტელევიზიაშიო. ამ კითხვას მეც ვუსვამ ჩემს თავს. ეტყობა, პროექტი მოძველდა, უფრო დახვეწა უნდოდა, რისთვისაც ფინანსები არ ჰყოფნიდა, თვითდაფინანსებაზე კი ნამდვილად ვერ გადავიდოდი. სადაც არ მივედი ტელევიზიაში, ვიგრძენი, რომ არ უნდათ ჩემი სახის გამოჩენა, ალბათ, თავიანთი პოლიტიკა აქვთ, ზუსტად ვერ გეტყვით.

– როგორც ვიცი, მხატვარი ხართ, თუმცა, თქვენი სპეციალობა პროფესიად არ გაიხადეთ. რატომ?

– მე დავამთავრე სამხატვრო სკოლა, მერე გადავედი ნიკოლაძის სასწავლებელში, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში ორი წელი ვისწავლე, მაგრამ ამას არ დავჯერდი და დავამთავრე სამხატვრო აკადემიაც. თუმცა პროფესიონალ მხატვრობას ვერ მივაღწიე, რადგან დრო, დაკისრებული მოვალეობა და ფინანსები არ მიწყობდა იმაში ხელს, რომ გამოკეტილი ვყოფილიყავი სახელოსნოში და მემუშავა საკუთარ თავზე. ადრე მქონდა სახელოსნო ნაქირავები და რამდენიმე გამოფენა გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ, გაჭირვების დროს, როცა სულაც არ აინტერესებდა ხალხს ხელოვნება. ჩემი ნამუშევრები ენთუზიაზმის წყალობით იქმნებოდა. რაც მომესურვებოდა, ძირითადად, იმას ვხატავდი, ჩემს სულში რაც იჯდა, ის გადამქონდა ნახატზე.

– დაგეხმარათ თუ არა პოპულარობა კარიერის გაკეთებაში?

– დამეხმარა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ამჟამად გახლავართ უძლიერესი კომპანიის სათამაშო ბრენდის – „მაქს-ბედ-ჯორჯიას“ სახე. იქ ვმუშაობ წელიწადზე მეტია უკვე – საღამოები, გათამაშებები მიმყავს და ბევრ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. გული მართლა მწყდება იმაზე, რომ ადრინდელი თბილისელები სულ სხვა კატეგორიის ხალხია, ვიდრე ახლა არიან, თუნდაც ტელეეკრანზე, ან ქუჩაში ვინც დადის... მე კარგად მახსოვს მაშინდელი თბილისი, ძალიან კარგ ოჯახშიც გავიზარდე, საკმაოდ ცნობილი ხალხის გარემოცვაში, მხატვრებთან, მსახიობებთან მქონდა ხშირი ურთიერთობა. ახლა ეს თბილისი განსხვავდება იმ თბილისისგან, რომელშიც მე გავიზარდე და, საერთოდ, თბილისს ვეღარ ვცნობ. არც სოფლელებზე და არც ჩამოსულებზე არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ, კარგად მახსოვს, რაც თქვა თენგიზ აბულაძემ: გედი წყალშია ლამაზი, როგორც კი ხმელეთზე ამოდის, ის ბატს ემსგავსებაო. მას სავსებით ვეთანხმები.

– თქვენი გაგებით, როგორი უნდა იყოს ნამდვილი თბილისელი?

– სასურველია, იყო აქ დაბადებული, გქონდეს დახვეწილი მანერები, ადამიანი თავისი მენტალიტეტით არ უნდა იყოს მდაბიო. თბილისელობა არის ქალაქელობა, მაგრამ ქალაქის არსი ვერ გაიგო ბევრმა. მაშინდელი ქალაქელი ბევრად თავმდაბალი იყო, იცოდა ქალისა და ბავშვის პატივისცემა, იცოდა, სად როგორ მოქცეულიყო, როგორ ჩაეცვა თეატრში და სტუმრად ყოფნისას რამდენი დაელია. ბებრულ აზროვნებას ნუ დამწამებთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ხალხი გადაგვარდა და მათი დეგრადაცია მოხდა, რაც სამწუხაროა.

– ვაკაჭი, ხალხის დეგრადირება იქით იყოს და, ერთი ის მითხარით, მეოჯახე კაცი თუ ხართ?

– უკვე ნახეთ, როგორი კაცი ვარ – პროდუქტებით დატვირთული მივედი სახლში, მაგრამ მარტო მოტანაზე არაა საქმე, კულინარიული ხელოვნებაც კარგად მაქვს შესწავლილი, ჩემს მეუღლეს შეძლებისდაგვარად ვეხმარები საოჯახო საქმეებში. რაც შეეხება გართობას, ვნადირობ და ვთევზაობ. ასევე, გახლავართ სტიქაროსანიც საბა განწმენდილის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც კრწანისის რაიონის ზევით მდებარეობს, იქ მამა ექვთიმესთან დავდივარ – აი. ამგვარად მაქვს ცხოვრება აწყობილი.

– საინტერესოა, სამომავლოდ ვაკაჭის თუ ვიხილავთ კვლავ ტელევიზიით და ისევ თუ შეეცდება ერთგული მაყურებლის გაცინებას?

– მე არც იუმორისტული გადაცემის წაყვანა და არც შოუმენობა არ მიჭირს, მთავარია, ამისთვის იყოს პირობები. თუ მიმიპატიჟებენ რომელიმე ტელევიზიაში, ავწონ-დავწონი და მერე გადავწყვეტ, რას ვიზამ. ხომ იცით, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მე უკვე გვარიანად დავავიწყდი ხალხს და, ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ, ერთ მშვენიერ დღეს ცისფერ ეკრანზე კვლავ მიხილოთ.


скачать dle 11.3