კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადის მარინა ბერიძე კულტურის მინისტრთან თათბირზე ფაჩუჩებით და ვისი მონა ხდება ის


მას შემდეგ, რაც პოპულარული ტელეპროექტი „ჯეოსტარი“ დასრულდა, ჟიურის ყველაზე მკაცრი მსაჯული ტელეეკრანებზე თითქმის აღარ ჩანს. მარინა ბერიძეს ერთგვარი ტაიმაუტი აქვს, თუმცა აქტიური ცხოვრება და შრომითი თერაპია ისე ხიბლავს, რომ მის გარეშე გაძლება უჭირს: ძლიერი და მიზანდასახული ქალის როლი – მისი ნამდვილი როლია და არა საზოგადო იმიჯი. ამიტომაც, მარინა ბერიძეს ერთდროულად ბევრი საქმე გამოსდის, თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ დროდადრო ვერც ქალურ სისუსტეებს ელევა და მინისტრთან გამართულ თათბირებზე ფაჩუჩებითაც კი დადის.


– ბოლო პერიოდში სატელევიზიო პროექტებში თითქმის არ ჩნდებით, როგორც ჩანს, ცხოვრების პასიური პერიოდი გაქვთ თუ ტაიმ-აუტი აიღეთ?

– პირიქით, ძალიან აქტიური რეჟიმით ვცხოვრობ, ერთდროულად ორ დიდ სამსახურში – „რუსთავი 2-სა“ და კულტურის სამინისტროში მუშაობა საკმაოდ რთულია, ჩინოვნიკობა არც ისე იოლი ყოფილა, როგორც მეგონა, მაგრამ, ორივე სამსახურში შემოქმედებითად აბსოლუტური თავისუფლება მაქვს, რაც ძალიან მიხარია. მე მიყვარს თავისუფლება და საქმის კეთება, შრომითი თერაპია ყველაზე ეფექტურია ჩემთვის (იცინის). აგვისტოში „ჯეოსტარის“ შესარჩევი ტურები დაიწყება და ჩემი ტაიმაუტიც დასრულდება, თუმცა, „ანა-ბანაც“ საკმაოდ ბევრ ენერგიას მოითხოვს ჩემგან. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ კულტურის სამინისტროში. მოკლედ, ისეთივე აქტიური რეჟიმი მაქვს, როგორიც ყოველთვის მქონდა. რაც შეეხება ჩემს გაუჩინარებას, მე ისე ხშირად ვარ ხოლმე ტელეეკრანზე „ჯეოსტარის“ დროს, რომ მერე ვცდილობ, იშვიათად გამოვჩნდე.

– რაც „გაუჩინარდით“, თქვენ შესახებ ჭორებმა იკლო?

– მე მგონი, კი. ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემი მტრები დაწყნარდნენ. თვითონაც დაისვენეს და მეც დამასვენეს. ვინც რა უნდა, ის თქვას, მე კი ვიცი, რომ ვხდები იმ ადამიანების მონა, ვინც ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. მე მხოლოდ ერთი პროფესია მაქვს – თავიდან ბოლომდე ვარ მუსიკოსი. მე არასდროს დავწერ რეცენზიას ეკონომიკაზე, არ ვისაუბრებ ფიზიკასა და მათემატიკაზე, მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც ვიცი. რაც არ ვიცი, იმაზე ჩემს აზრს არ ვაფიქსირებ, ან, ვცდილობ, რომ ფრთხილი ვიყო.

– ჩინოვნიკურ სამსახურს, თათბირებსა და რეზოლუციების დადებას შეეჩვიეთ? შეფიც ისეთი მკაცრი ხართ, როგორც ჟიურის თავმჯდომარე?

– ჩინოვნიკურ ცხოვრებასთან შეჩვევა დავიწყე. როგორც აღმოვაჩინე, ეს არცთუ ისე იოლი საქმეა. ის, რისიც მეშინია, არის ფურცლები. სულ მგონია, რომ ბევრ ფურცლებში დავიბნევი და დავიკარგები. სანამ არსებობ, რაღაც უნდა ისწავლო. როგორც შეფი, მკაცრი არ ვარ, სამსახურში აბსოლუტური დემოკრატია მაქვს. ძალიან მიყვარს ჩემი გოგონები. ჯერჯერობით აქ ყავას არ ვადუღებ, ეს „რუსთავი 2-ში“ ვარ გაქცევაზე, იქ იმდენი წელია, რაც ერთად ვართ, რომ ხმის ამოღება და დავალების მიცემაც არაა საჭირო, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. იქ მზად ვარ, ყავა ყველას მოვუდუღო, იქ დედა ვარ ჩემი გოგონებისთვის (იცინის).

– სახელმწიფო მოხელის სამსახური გარკვეულ სტანდარტებს აწესებს. დაემშვიდობეთ თავისუფალ გრაფიკს და სამოსს?

– დღის საათებში ყოველთვის სამინისტროში ვარ, „რუსთავი 2-ში“ საღამოს და ღამით გვაქვს რეპეტიციები და ჩაწერები და ნამდვილად გაქაფული ვარ. თუმცა, ეს რა არის, ამაზე რთული რეჟიმითაც მიცხოვრია. მთავარია, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და ყველა ყველაფერს გავაკეთებთ. მე არ ვარ სტანდარტების დიდი დამრღვევი, ავანგარდულ სტილში არასდროს მაცვია, მაგრამ, ვერაფრით ვერ ვეგუები პიჯაკს, თითქოს მბოჭავს და თავისუფლებას მიზღუდავს, ამიტომაც, თითქმის არ ვიცვამ პიჯაკებს. ამას არც არავინ ითხოვს ჩემგან. ჩემი სტილია თავისუფალი სამოსი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც მე „ფაჩუჩებს“ ვეძახი.

– მინისტრთან თათბირებზე „ფაჩუჩებით“ შედიხართ?

– რატომაც არა! მინისტრი ძალიან გემოვნებიანი ადამიანია. მისთვის მთავარია, საქმე გაკეთდეს კარგად და, ფაჩუჩი გაცვია თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ამას არ აქვს მისთვის მნიშვნელობა. მე ვიცი, რომ შემიძლია, მას ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან მუსიკაზე. ის კარგად ერკვევა მუსიკაში, ეს კი ჩემი შეფასების კრიტერიუმებიდან ძალიან მნიშვნელოვანია (იცინის).

– სულ ახლახან საფრანგეთში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა. როგორ ჩაიარა კულტურის დღეებმა, რა ხდებოდა კულისებში?

– ამ ყველაფრის სათავეში იდგა დათო ცხადაძე, რომელიც ასევე საოცარი გემოვნების კაცია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურის დღეებმა ასე კარგად ჩაიარა. საფრანგეთში ჩვენ წარვადგინეთ ქართული კულტურა. პიერ კარდენის ცენტრში ჩვენ ვაჩვენეთ კინოს, თეატრისა და მუსიკის საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც ქართული ტრაგიზმითაა განმსჭვალული. ყველა ძველ და კარგ ქართულ სიმღერაში არის სევდა. მე დავინახე ცრემლი ფრანგების თვალებზე. ლაღ ფრანგებში შენი ტრაგიზმით სავსე კულტურა აჩვენო და მაყურებელმა ეს მიიღოს, იოლი არაა. არჩილ გელოვანთან ერთად გაკეთდა ძალიან საინტერესო პროექტი, ჩვენ მივხვდით, რომ ფრანგებისთვის უნდა გვეჩვენებინა შავ-თეთრი მასალა, იყო გაკეთებული კოლაჟი ძველი ქართული ფილმებიდან, რომელიც გაფორმებული იყო საოცარი მუსიკით, ხორუმის თანხლებით. სხვადასხვა კადრი მიდიოდა ყანჩელის, რეზო ლაღიძის, ნიკა მემანიშვილის მუსიკის თანხლებით, რაც საოცარ ეფექტს ქმნიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატო მეტონიძის გამოსვლა, იმიტომ რომ, ნატო ის მომღერალია, რომელიც ქართულ ტკივილს კარგად გადმოსცემს. საოცარი იყო გიორგი უშიკიშვილი. მისმა „ურმულმა“ მსმენელი გადარია. ასეთივე ეფექტი ჰქონდა ნიკა მემანიშვილის გაორკესტრებულ ხორუმს. მართალია, ნიკა სულ მაწვალებს, მასთან სულ ვჯაჯღანებ და „ბრძოლებში“ ვარ, მაგრამ ის საოცარ მუსიკას ქმნის (იცინის). კარნეგის ცენტრში ფენომენალური გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ქართული კინოსა და თეატრის კოსტიუმები, მათ შორის ნინო ჩუბინიშვილის ორი კოსტიუმიც. პიერ კარდენი ნახევარი საათი გაჩერდა ნინოს კოსტიუმებთან და გაოცებული უყურებდა. მერე რომ გაიგო, ისინი ქალის მიერ იყო შექმნილი, მთლად გაოგნდა. ჩვენს დღეებს ძალიან ბევრი ცნობილი სახე დაესწრო, მაგრამ მე მათ ვერ შევხვდი. მე და არჩილ გელოვანს არავინ დაგვინახავს, ვიდექი ხმის რეჟისორის გვერდით, თითებმოჭერილი, წარმოდგენის დამთავრებამდე. მერე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, სადმე სკამი მიპოვეთ, თორემ მოვკვდები-მეთქი, ვამბობდი.

– პარიზული არდადეგები არ გამოვიდა?

– კულტურის დღეების პერიოდში იმდენი საქმე იყო, დილის 6 საათზე შევდიოდი პიერ კარდენის ცენტრში და გვიანობამდე არ გამოვდიოდი იქიდან. პარიზული არდადეგებისთვის მქონდა სამი დღე: ცოტა დავისვენე, ცოტა ვისეირნე, ცოტა კაფეში დავჯექი და ცოტაც მაღაზიებში შევიხედე (იცინის). პარიზი ძალიან მიყვარს, იქ ყველა ადამიანს უჩნდება განცდა, რომ პარიზი მისი სახლია. ამ ქალაქში მოხვედრის არც ერთი შანსი ხელიდან არ გამიშვია. ახლა იქ ახალი არაფერი მინახავს, მაგრამ, იმითაც ვტკბებოდი, რომ დავბოდიალობდი ქუჩა-ქუჩა, ვიჯექი კაფეში და პარიზული სილამაზით ვიხიბლებოდი.

– პარიზი ოცნების ქალაქია, იქ, ამ მხრივ, შეიძლება ფრთების გაშლა. თუ ყველაფერი აგიხდათ, რაზეც გიოცნებიათ?

– არა, ყველაფერი არ ამხდენია, თუმცა არ ვარ არარეალურად მეოცნებე ადამიანი, მე კარგად მაქვს განვითარებული ფანტაზია – ეს მასწავლეს ჩემმა პედაგოგებმა, რომ, არ შეიძლება, იყო პიანისტი და არ გქონდეს მრავალმხრივი ფანტაზია; მიყვარს მრავალფეროვნება, ექსპერიმენტები. ახლა, მაგალითად, ფოტოგრაფიამ გამიტაცა და, როცა პენსიაზე გავალ, შესაძლოა, ფოტოგადაღებებით დავკავდე (იცინის). ფანტაზია მაქვს შემოქმედებით პროცესში, იმის იქით მიწაზე ვდგავარ. როცა ახალგაზრდა ხარ, მდიდარიც გინდა იყო, ლამაზი აგარაკიც გინდა, ფულიც და წელიწადში ხუთჯერ სამოგზაუროდ წასვლაც – ეს ბუნებრივია. ახალგაზრდობაში იმდენი ვიოცნებე, რომ მალევე მივხვდი, ეს ყველაფერი შორს წამიყვანდა, ამიტომაც დავბრუნდი მიწაზე (იცინის).

– ლამაზ ადგილებში წასვლას ახლა ვერ ახერხებთ? ბოლოს და ბოლოს, ორ სამსახურში გეკუთვნით შვებულება.

– ერთი სამსახურის შვებულებას მეორე სამსახურს ვახმარ, მეორე სამსახურის შვებულებას – პირველ სამსახურს, ასე რომ, არც დასვენება გამომდის. თან, ამ ზაფხულისთვის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, გვინდა, რაც საფრანგეთში გავაჟღერეთ, თბილისში ჩავატაროთ კონცერტის სახით, მერე ბათუმში გავხსნით სეზონს, სადაც ბევრი საინტერესო ღონისძიება მოეწყობა. ისე ვარ, ვეღარც ვგრძნობ, რომ ზაფხულია, სეზონებიც კი ამერია (იცინის). თუ მოვახერხე, ძალიან მინდა, ჩემს შვილთან და შვილიშვილებთან ერთად წავიდე ბაკურიანში და დავისვენო. საერთოდ, არ ვარ ძილის მოყვარული, მაგრამ, როცა ვისვენებ, ძილიც მიყვარს. გარეთ, ჰაერზე, შეზლონგზე დასვენება ნამდვილი სამოთხეა ჩემთვის, მაგრამ, რამდენიმე წელია, რაც ამ სამოთხეს ვეღარ ვპოულობ.

– თბილისში ვერსად პოულობთ ასეთ სამოთხეს?

– გვიან, სამსახურის მერე, გასავათებული მივდივარ სახლში, არსად აღარ მინდა წასვლა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ ღონისძიებას უნდა დავესწრო, მაგრამ, ხანდახან ვიპარები ხოლმე (იცინის), მივდივარ სახლში, სავარძელში ვჯდები და რაღაცას ვუყურებ ტელევიზორში, ოღონდ, აბსოლუტურად ვერ ვხედავ ვერაფერს. ჩემი სტიქია, რასაც ვერ ველევი, არის კაფეში ჯდომა, ყავის დალევა და უმტკივნეულო ჭორაობა (იცინის).

– ცხოვრების მოდური სტილი აღარ შედის თქვენს გატაცებებში?

– სპორტული ცხოვრების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ვერ ვიცლი აუზისთვის, კოსმეტოლოგისთვის, ტრენაჟორებისთვის. ვირუჯები სოლარიუმში, რასაც ბევრი ახლობელი მიპროტესტებს, მაგრამ, უშედეგოდ – სოლარიუმისთვის საჭირო რვა წუთს ყოველთვის ვპოულობ. არასდროს არ გავიკეთებ პლასტიკურ ოპერაციას, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ფიზიკური ტკივილის მეშინია. დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო და სულ ამბობდა: ქალი მაშინ ბერდება, როდესაც თვალში სხივი ეკარგებაო. ვერც ერთი ოპერაცია ამ სხივს ვერ შველის, ჩვენ ხომ ყველაფერს თვალით ვიწყებთ. მე მგონი, ჩემი საქმე არაა ცუდად – თვალში ნაპერწკლები ჯერ არ დამკარგვია... (იცინის).


скачать dle 11.3