რაში გარკვევას ჰპირდება გოგონებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი პაემნებზე და რატომ არ ასვენებდნენ მას ღამღამობით ამერიკელი მილიონერები
ქართულ ბიზნესს ახალი დამცველი ჰყავს – ქართული მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენთა ინტერესებს 32 წლის გიორგი პერტაია დაიცავს. ის პროფესიით ეკონომისტია, განათლება თბილისსა და ამერიკაში აქვს მიღებული. ახალ ომბუდსმენს ახლა უკვე ოფიციალურად მოუწევს იმ ფუნქციის შესრულება, რაც მას გაჩინოვნიკებამდე სხვადასხვა ორგანიზაციებში უწევდა. ვინ და როგორ დაიცავს ქართულ ბიზნესს და როგორია ახალი სახალხო დამცველის შრომითი ბიოგრაფია, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ. იმის მიუხედავად, რომ გიორგი პერტაიას პირად ცხოვრებაზე საუბარი მაინცდამაინც არ ხიბლავს, მაინც შევიტყვეთ, რომ პერსპექტიულ სასიძოთა კატეგორიას მიეკუთვნება და ლიცენზიის კანონზე საუბარს გოგონებთან პაემნებზეც კი აპირებს.
გიორგი პერტაია: პროფესიით ეკონომისტი ვარ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. მოგვიანებით, „მასკის“ პროგრამით, ორი წელი ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი შრომითი ბიოგრაფია დაიწყო 1998 წელს „აგრომრეწვბანკში“, ჯერ სტაჟიორი ვიყავი, მერე კრედიტოფიცერი. იმ პერიოდში პროფესიულ ზრდაზე ფიქრიც კი უაზრობა იყო. ის წლები დავკარგე, თუმცა ვკითხულობდი ძალიან ბევრ საჭირო ლიტერატურას, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა. 2001 წელს დავიწყე მუშაობა საბაჟო დეპარტამენტში საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოში. ჩემს კომპეტენციაში შედიოდა საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, იმ პერიოდში შემოვიდა ორმაგი დაბეგვრა, ძალიან საინტერესო საკითხებთან მომიწია შეხება. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა ამერიკის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში, ლოჯისტიკა ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ინტერესების სფეროს. შემდეგ ვმუშაობდი ევროკავშირის პროექტში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაზე, საიდანაც გადავედი ამერიკის სავაჭრო პალატაში. ეს იყო საკმაოდ საინტერესო სამსახური, ჩემი მთავარი ფუნქცია იყო 130-მდე ქართველი, ამერიკელი და უცხოელი ინვესტორის ინტერესების დაცვა და მათი ლობირება მთავრობასთან. იყო პერიოდი, როცა ამერიკელი ინვესტორები ღამღამობითაც კი მირეკავდნენ და პრობლემების მოგვარებას მთხოვდნენ. (იცინის) მე ვთანამშრომლობდი ფინანსთა სამინისტროსთან და საკმაოდ ეფექტურად ვიცავდით ინვესტორთა უფლებებს. ამის შემდეგ წავედი ამერიკაში, ბოლო რვა თვის განმავლობაში ვიყავი ცნობილ ამერიკულ კომპანიაში, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე მუშაობს.
– საქართველოში დაბრუნდით თუ არა, ბიზნესის ომბუდსმენად დაინიშნეთ, ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია ამ პოსტზე?
– ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ დავინიშნე პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა კერძო სექტორთან ურთიერთობების დარეგულირება. მე პირადი ურთიერთობა არ მქონია პრემიერ-მინისტრთან, გარდა იმ პერიოდისა, როცა ის ფინანსთა მინისტრი იყო. მე, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, კომენტარებისა და შენიშვნების სახით, ვთანამშრომლობდი ამ სამინისტროსთან. მინისტრთან პირადი ურთიერთობები არ მქონია. საქართველოში დავბრუნდი ჩემი გეგმებით. ვაპირებდი, მუშაობის დაწყებას იმ კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში, რომელთანაც ვაშინგტონში ყოფნის დროს მომიწია თანამშრომლობა.
– გამოდის, რომ ნიკა გილაურმა გეგმები აგირიათ.
– კი, თუმცა, გადაწყვეტილება თვითონ მივიღე. როგორც ჩანს, ჩემს დანიშვნაზე იმ გამოცდილებამ იქონია გავლენა, რაც ამერიკის სავაჭრო პალატაში მუშაობის დროს დამიგროვდა. მე არც რეკომენდატორი მყოლია და არც მფარველი. არც მამაჩემია ჩინოვნიკი (იცინის) მთავრობის წევრებთან ახლო ურთიერთობები არასდროს მქონია. ფინანსურად, ალბათ, უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩემთვის, კერძო სექტორში წასვლა, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. არასდროს მიცდია, იგივე საქმის გაკეთება მთავრობიდან, თუმცა ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ვფიქრობდი, რომელზე გამეკეთებინა არჩევანი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ ისე წარიმართა ჩემი კარიერა, ყოველთვის შუაში დგომა მიწევდა. როცა ერთმანეთთან აკავშირებ ამ ორ სფეროს, ძალიან საინტერესო პროცესია. ამ დროს ხდება ისეთი კარგი რამეები, როგორიც გადასახადების დაწევა, კარგი საგადასახადო კოდექსის მიღებაა. უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ ქართველი ბიზნესმენი აღარ არის ისეთი ურჩი, როგორიც ადრე იყო. გაიზარდა გადასახადის გადახდის კულტურაც და უკვე აბსოლუტურად სხვა გარემოა შექმნილი.
– ახალ საგადასახადო კოდექსს ძალიან ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ კოდექსი ფინანსთა სამინისტროზეა მორგებული და ბიზნესის დასაცავად განსაკუთრებული არაფერი შეცვლილაო.
– ვერ დაგეთანხმებით, პირიქით, მგონი, ოპონენტებს ბოლომდე არ აქვთ წაკითხული ის, რასაც აკრიტიკებენ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან დოკუმენტი სულ ახლახან გამოქვეყნდა. კოდექსის შექმნაში მონაწილეობდნენ ბიზნესასოციაციები, აუდიტორები და ექსპერტები. ამ პროცესში ამერიკიდან დაბრუნებისთანავე ჩავერთე, როდესაც დოკუმენტის მომზადების აქტიური ფაზა მიმდინარეობდა. ფინანსთა სამინისტრომ ეს დოკუმენტი იმ პრობლემების გათვალისწინებით შექმნა, რომელიც ცნობილი იყო მისთვის დავების საბჭოსგან. ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, იმ რეალური სურათის შესატყობად, თუ რა უჭირს ქართულ ბიზნესს. ახალი კოდექსით, შემოდის ახალი რეგულაციები, ახალი ცნებები, როგორიცაა მიკრობიზნესი და მცირე ბიზნესი. მიკრობიზნესს მიეკუთვნება ის, ვინც წლის განმავლობაში არ ვაჭრობს 30 000 ლარზე მეტს და არ ჰყავს დაქირავებული პირები. მცირე ბიზნესს მიეკუთვნება პირი, რომელიც არ ვაჭრობს 2 000 000 ლარზე მეტს და ჰყავს დაქირავებული პირები. თუ აქამდე მსხვილ კომპანიებს და წვრილ კომპანიებს მოეთხოვებოდათ ერთნაირად აღერიცხათ ბუღალტერია, ახლა ეს ასე აღარ იქნება. ახლა ამ ორი კატეგორიის მეწარმეები თავისუფლდებიან იმ ვალდებულებებისგან, რაც აქამდე ეკისრებოდათ, კოდექსი მათ ძალიან უმარტივებს ტექნიკურ საკითხებს – თუ ისინი დოკუმენტაციის 60 პროცენტს აღრიცხავენ ბრუნვიდან გადაიხდიან, 3 პროცენტს, ხოლო თუ არ აღრიცხავენ – 5 პროცენტს. ახალი კოდექსით შემოდის ახალი სავაჭრო ზონა. ახალი საგადასახადო კოდექსი დაიცავს ბიზნესის ყველა სახეობას. ადრე ბიზნესის დაწყების მსურველს რომ მიემართა საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ დაბეგრავს ფინანსთა სამინისტრო, სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ ჰქონდა იურიდიული ძალა. იმ მითითების მიუხედავად, რასაც სამინისტრო გასცემდა, ადამიანი მაინც შეიძლებოდა დაჯარიმებულიყო. ახალი გადაწყვეტილებით, ინფორმაციას, რომელსაც ნებისმიერი პირი მიიღებს ფინანსთა სამინისტროსგან, საბაჟო და საგადასახადო სამსახურში ექნება იურიდიული ძალა და კოდექსისკენ ვერავინ ვეღარ მიგითითებთ.
– რამდენად ობიექტური იქნება ახალი ბიზნესომბუდსმენი, თქვენ, მთავრობის მიერ შექმნილი სამსახურის უფროსი, მთავრობასთან დაპირისპირებას შეძლებთ?
– არაობიექტურობა გამორიცხულია, ეს სამსახური შეიქმნა იმისთვის, რომ მთავრობამდე მივიდეს პრობლემები, რაც კერძო სექტორს აქვს. თავად მთავრობა დაინტერესებულია, ამ საკითხით. როდესაც სახელმწიფო სამსახურია ჩართული ამ ყველაფერში, გაცილებით უფრო სწრაფად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. მე შემიძლია, ნებისმიერი სერიოზული პრობლემა ერთ დღეში გადავწყვიტო ფინანსთა მინისტრთან და პრემიერთან ერთად.
– თქვენ ქართული ბიზნესის დაცვა მოგანდეს, ოდესმე თავად თუ გქონიათ რამე ბიზნესი? მაშინ უკეთესად გაიგებდით რა პრობლემები ექმნება ბიზნესს ხელისუფლებისგან.
– წლების წინ მეგობრებთან ერთად გავაკეთე სატრენინგო კომპანია. დაქირავებული ექსპერტები ბიზნესმენებს უწევდნენ ეკონომიკურ კონსულტაციებს და ტრენინგებს. კონსალტინგი საინტერესო სფეროა, მაგრამ საკმაოდ სარისკო. ჩვენ დიდი კომერციული მიზნები არ გვქონია, მაშინ ახალი კოდექსი შემოვიდა ძალაში და ბიზნესმენთა უმეტესობას არ ესმოდა მისი ტექნიკური საკითხები. ჩვენ ვეხმარებოდით მათ, რომ მებაჟეს და ბიზნესმენს ერთ ენაზე ესაუბრათ. შემდეგ წავედი ამერიკაში და ჩემი ბიზნესიც დასრულდა (იცინის).
– როგორ ცხოვრობდით ამერიკაში?
– ამერიკაში ვცხოვრობდი ისე, როგორც ცხოვრობს ყველა სტუდენტი. ჯერ ვიყავი ჩიკაგოში, მერე – ვაშინგტონში. იქ მოვხვდი ძალიან კარგ გუნდში. მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვატარებდი სტუდენტობის წლებს. ხშირად ვახერხებდით თხილამურებით სრიალს. ამერიკამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. დამოუკიდებლობას ადრიდან ვიყავი შეჩვეული, მაგრამ ამერიკაში უფრო დავოსტატდი საკუთარი თავის მოვლაში. ამერიკაში არაა იმისი ფუფუნება, რომ რაღაც არ გაიკეთო. იძულებული ხარ, რომ გააკეთო ის, რაც გჭირდება. ვერ დაელოდები ვერავის. იქ საჭმლის გაკეთებაც ვისწავლე და დაუთოებაც. ამერიკული ცხოვრების სტილი აქაც გადმოვიტანე – ახლაც კი ჩემი დაუთოებული პერანგი მაცვია, „სტრელკები“ კი აქვს მკლავზე, მაგრამ არა უშავს (იცინის).
– ახალგაზრდა ომბუდსმენის თბილისური ცხოვრების სტილი როგორია?
– ჩვეულებრივი, ძალიან მიყვარს სპორტი. იყო დრო, ცურვასა და წყალბურთზე დავდიოდი. მერე ჩემი სპორტული კარიერა დასრულდა. ახლა სპორტისთვის ვეღარ ვიცლი. ისე ვარ ჩართული საქმეებში, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა, მაგრამ ვერ ველევი კარგ მუსიკას.
– კლუბების ხშირი სტუმარი იქნებით.
– არა, რაც ჩამოვედი, ჯერ არც ერთ კლუბში არ ვყოფილვარ. კომპასი არ მჭირდება, ყველა კლუბის მისამართი ვიცი, მაგრამ წასვლა ჯერჯერობით ვერსად მოვახერხე. მე ხომ თვე-ნახევრის ჩამოსული ვარ.
– როგორც ვიცი, პერსპექტიულ სასიძოთა რიცხვს მიეკუთვნებით, ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თაყვანისმცემელთა და პაემნების რიცხვმა იმატა?
– არ ვიცი, არ დავკვირვებივარ. პირად ცხოვრებას ვერ გაგიმხელთ, თუმცა იმას გეტყვით, ჯერ არ დავდივარ პაემნებზე. მაგრამ, როცა წავალ, თუ იმ გოგონებს ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები ექნებათ, ვპირდები, საგადასახადო კოდექსსა და ლიცენზიის კანონშიც გავარკვევ (იცინის).