ისარგებლებენ თუ არა ეროვნულ გამოცდებზე პრივილეგიით „ოქროს სიაში“ შემავალი სკოლების მოსწავლეები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ათვარსკვლავიანი სკოლა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთ სიახლეს ნერგავს – საქართველოს საჯარო სკოლებში ბრენდირების პროცესი დაიწყო, სკოლებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით მიანიჭებენ ვარსკვლავებს, ათვარსკვლავიანი სკოლები ეგრეთ წოდებული „ოქროს სკოლების“ სიაში მოხვდებიან, რომლებიც ერთი უპირატესობით ისარგებლებენ – საატესტატო გამოცდებს საკუთარ სკოლაში ჩაატარებენ. როგორ მიმდინარეობს ბრენდირების პროცესი და ელის თუ არა საფრთხე სკოლებს, რომლებსაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს გავესაუბრეთ.
დიმიტრი შაშკინი: სკოლების ბრენდირება ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია, რაც თავისთავად იწვევს ჯანსაღ კონკურენციას სკოლებს შორის. დღეს საქართველოში 2 200 სკოლაა და რეალურად, ძალიან ძნელია, რომ განათლების სამინისტრო ყველა სკოლის საქმიანობაში, მის ცხოვრებაში, აქტიურად იყოს ჩართული. ამიტომაც გახდა საჭირო ბრენდირება, რათა ბრენდირებისთვის დაწესებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა სკოლაზე შეგვექმნას ჩვენც და საზოგადოებასაც გარკვეული შეხედულება.
ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისი ბავშვიც სწავლობს ან უნდა ისწავლოს სკოლაში. ამ პროცესში ჩართული იყო ძალიან ბევრი ექსპერტი, მათ შორის იყვნენ ექსპერტები ეროვნული სასწავლო პროგრამების ცენტრიდან, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრიდან. კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მიენიჭებათ სკოლებს ვარსკვლავები, განსაზღვრულია კვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ. ჩვენ ამ საკითხზე ვთანამშრომლობდით სკოლების დირექტორებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, რომლებმაც მოიწონეს ბრენდირების იდეა. სკოლებმა უკვე დაიწყეს კრიტერიუმების თვითშეფასება, რომლებიც დაჯამდება სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ და სექტემბრიდან დაიწყებს ამ მონაცემების შესწავლასა და განხილვას. კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე. ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, წარმატებული სკოლები იქნებიან წახალისებულნი. არსებობს სტერეოტიპი, რომ ცენტრის სკოლები უფრო პრივილეგირებული არიან, უფროსებსაც აქვთ ეს განცდა და ბავშვებიც ასე ფიქრობენ. ამას ვერ გავექცევით, ზუსტად ამისთვის გვინდა სხვა სკოლების წარმოჩენა, რადგან, სინამდვილეში, რეალობა სხვანაირია – პერიფერიებში არსებობს ძალიან კარგი სკოლები, რომლებსაც ჰყავთ არაჩვეულებრივი დირექტორები და პედაგოგები და ამ სკოლებში სწავლის დონე და ხარისხი ძალიან მაღალია. ეს ეროვნულ გამოცდებზეც დადასტურდა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეროვნული გამოცდების დროს მაღალმთიანი რეგიონის ბავშვებმა უფრო კარგი შედეგები აჩვენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო რაჭა, საიდან ჩამოსულმა ბავშვებმაც ყველაზე მაღალი რეიტინგები მიიღეს. ზუსტად ეს არის ბრენდირების ერთ-ერთი მიზანი – უნდა წავახალისოთ ის სკოლები, რომლებიც არეალზე არ ჩანან, მაგრამ გამოირჩევიან სწავლის მაღალი დონით და ბავშვებისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ.
– რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება სკოლებისთვის ვარსკვლავების რაოდენობის მინიჭება განათლების სამინისტროს მიერ?
– ხუთი ვარსკვლავი ავტომატურად ენიჭება ყველა სკოლას, ათვლა იწყება ხუთი ვარსკვლავის ზემოთ. ის სკოლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ცხრა ვარსკვლავს დამატებული კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც განსაზღვრავს აკრედიტაციას, შევლენ ეგრეთ წოდებული „ოქროს სკოლების“ სიაში. ამ სკოლებს ავტომატურად მიენიჭებათ უფლება, რომ საატესტატო გამოცდები ჩაატარონ სკოლაში და არა ეროვნულ სასწავლო ცენტრებში. აკრედიტების კრიტერიუმები იქნება ძალიან მკაცრი, უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნები იმ სკოლების მიმართ, რომლებსაც სამინისტრო გამოუცხადებს ნდობას და მოხვდებიან ამ სიაში. კრიტერიუმებიდან, რომლებიც განსაზღვრავს ვარსკვლავების მინიჭებას, ძალიან მნიშვნელოვანია „სწავლა სწავლებაში“, ანუ ის, თუ რა მეთოდოლოგიითა და სპეციფიკით მიმდინარეობს სწავლების პროცესი. რა დონეზეა განვითარებული სკოლაში დამატებითი, კლასგარეშე გაკვეთილები; რა აქტივობებს მიმართავენ სკოლაში ეროვნული სასწავლო პროგრამის მიღმა; აქტიურად არის თუ არა ჩართული სკოლა ბავშვის განვითარების პროცესში; რა კეთდება იმის გარდა, რაც არის გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო პროგრამით; როგორ ზრუნავს სკოლა, რომ ჰყავდეს სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური პედაგოგები; არის თუ არა სკოლა ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში, ოლიმპიადებში და როგორ წარმოჩინდებიან ამ სკოლის ბავშვები ეროვნულ გამოცდებზე. თავისი შეფასების კრიტერიუმი აქვს სკოლის ინფრასტრუქტურას.
– ეს პროცესი, პირიქით, არაჯანსაღ კონკურენციას ხომ არ გამოიწვევს, არ დაიჩაგრება სკოლა, რომელსაც არ აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, მაგრამ, კარგი პედაგოგების წყალობით, მოსწავლეთა განათლების დონე მაღალია?
– ეს არ მოხდება. ბრენდირებისას მთავარი აქცენტი გაკეთდება განათლებაზე და სწავლების მეთოდების დამატებით საშუალებებზე. ჩვენ რომ აქცენტი გავაკეთოთ ინფრასტრუქტურაზე, ამის შედეგად ძალიან ბევრი სკოლა დაიჩაგრება. არის სკოლები, სადაც ძალიან გამართული ინფრასტრუქტურა არსებობს, მაგრამ სწავლის დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასეთი სკოლების ფონზე ნამდვილად არ დაიჩაგრება ის სკოლები, სადაც განათლების დონე მაღალია, მაგრამ ინფრასტრუქტურა გამართული არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეინარჩუნეს ამ სკოლებმა ის, რაც ჰქონდათ. არსებობს სკოლები, სადაც მოძებნეს სპონსორები, პარტნიორები და მათი დახმარებით გააკეთეს ამ სკოლებში აუზები, სასადილოები; აქვთ მოვლილი და მოწესრიგებული გარემო. ბრენდირებისას გათანაბრებული იქნება გარემონტებული და არაგარემონტებული სკოლები, რომლებიც ძველ ინფრასტრუქტურას კარგად ინარჩუნებენ. აქცენტი ინფრასტრუქტურაზე არ გაკეთდება, პრიორიტეტი იქნება სწავლების მეთოდიკა, რომელიც განათლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
– ხომ არ მოჰყვება ბრენდირების პროცესს სკოლების დახურვა?
– არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. საფრთხე არ დაემუქრება არც ერთ სკოლას, მათ შორის, არც მცირეკონტინგენტიანს. ჩვენ ვნახეთ სკოლები, სადაც სულ 50 მოსწავლე ჰყავთ და ამ სკოლებმა მიიღეს მაღალი შეფასება განათლების კუთხით, რადგან იქ კარგად გამართული სასწავლო პროცესი იყო და წარჩინებული მოსწავლეები ჰყავდათ, მათ შორის იყვნენ ოქროს მედლის მფლობელები და ოლიმპიადებში გამარჯვებულები. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა ამ სკოლებისთვის დამატებითი ორი ვარსკვლავის მინიჭება, თუმცა, მთავარი იმ ვარსკვლავების შენარჩუნებაა, რომლებსაც სკოლები მიიღებენ. ბრენდირებული სკოლები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც შემოწმდებიან სამინისტროს მიერ. წელს დაიწყება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება სკოლებსა და განათლების სამინისტროს შორის. ორივე მხარე გარკვეულ საკითხებზე აიღებს ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შესრულდეს 2015 წლამდე. შედეგად 2015 წელს ყველა სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამ პერიოდისთვის ყველა სკოლა ავტორიზებული უნდა იყოს.
– ათვარსკვლავიანი სკოლები რა პრივილეგიებით ისარგებლებენ?
– ეს სკოლები მუდმივად წახალისდებიან სხვადასხვა სახით. რაც შეეხება პრივილეგიას, ისინი საატესტატო გამოცდებს საკუთარ სკოლებში ჩაატარებენ და იქნებიან ბრენდირებული, საუკეთესო სკოლების სიაში. სხვა დანარჩენ შემთხვევებში სკოლები იქნებიან ერთნაირ პირობებში – ხუთვარსკვლავიანმა სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კიდევ მიიღოს ვარსკვლავები და ათვარსკვლავიანი გახდეს. „ოქროს სკოლების“ სიაში შემავალი სკოლა მაშინვე დაკარგავს ვარსკვლავს, როგორც კი კრიტერიუმებს აღარ დააკმაყოფილებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს ყველა მოსწავლე. კარგი მოსწავლეების წასახალისებლად არსებობს ოქროს, ვერცხლის მედლები, ეროვნულ გამოცდაზე ყველა ერთნაირ პირობებში უნდა იყოს.
– სექტემბრიდან ძალაში შედის დირექტორთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსები. რა ახალ ვალდებულებებს აკისრებს ეს კოდექსი მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს?
– ეთიკის თვალსაზრისით, სკოლაში საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩნდით ბევრი არასასიამოვნო ფაქტის წინაშე. როდესაც დირექტორი არღვევდა მასწავლებლის უფლებას, როდესაც მასწავლებელი არღვევს ბავშვის უფლებას და პირიქით. ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც მასწავლებელი იყენებს ბავშვს პირადი ინტერესებისთვის, მაგალითად, მასწავლებელმა გვირგვინის საყიდლად გაუშვა მოსწავლე. იყო შემთხვევები, როდესაც დირექტორი სთხოვდა მასწავლებელს, რომ მას უნდა სცმოდა ორი სანტიმეტრით გრძელი ქვედაბოლო. ძალიან ბევრი მასწავლებელი და დირექტორი ეწეოდა პოლიტიკურ და რელიგიურ აგიტაციას, რაც ახალი კოდექსით აიკრძალება. სამივე კოდექსი შემუშავებულია სამინისტროსა და მოწვეული ექსპერტების მიერ და მოწოდებულია მასწავლებლის, მოსწავლისა და დირექტორის უფლება-მოვალეობების დასაცავად. ახალი კოდექსები დაარეგულირებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ყველა სკოლაში დაწესდება და მისი დაცვა მოეთხოვება მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და დირექტორსაც, ასევე დარეგულირდება ურთიერთობები მათ შორის. კოდექსის დარღვევისთვის იქნება ადმინისტრაციული სასჯელები, რომელსაც თვითონ სკოლა დააწესებს, ეს სანქციები არ იქნება არასამართლიანი. იმის გაკონტროლებას სამინისტროს გენერალური ინსპექცია მოახდენს.