ინტიმური საუბრები
შვილებმა სამუდამოდ მომიძულეს
67 წლის კაცი ვარ. ათი წელია, მეუღლე გარდამეცვალა. ცოლის შერთვაზე მანამდე არ მიფიქრია, სანამ ჩემი ქალ-ვაჟი არ დავასახლკარე. ახლა მარტო ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში. ჯერ კიდევ მხნედ ვგრძნობ თავს, პენსიაც მაქვს და სამსახურიც (ერთ კერძო ფირმაში ვმუშაობ). ჩემს შვილებს არ სცალიათ და თვეში ორჯერ თუ შემომირბენენ, უფრო ხშირად მე მივდივარ ხოლმე მათთან, მაგრამ, ვგრძნობ, რომ ყველასთვის ზედმეტი ვარ. არადა, მომკლა მარტოობამ.
ამას წინათ ერთი კარგი ქალბატონი გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, ნუ გაგიკვირდებათ, და შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი. გადავწყვიტე, ცოლად შევირთავ-მეთქი, მაგრამ ჩემს შვილებს რომ ვუთხარი, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს – სირცხვილიაო, ხალხი რას იტყვისო, დედაჩვენის ხსოვნას პატივს არ სცემო... – რა ვიცი, რაღა არ მიძახეს. ბოლოს კი გაირკვა, რომ ჩემი ოროთახიანი ბინის დაკარგვის შეეშინდათ: შენ რომ რამე დაგემართოს, ეს ბინა ვიღაც ოხერს რატომ უნდა დარჩესო. ისე გამაბრაზა ამ სიტყვებმა, ავდექი და მათ მალულად მოვაწერე ხელი ელენესთან, სახლშიც მოვიყვანე და თხუთმეტკაციანი სუფრაც გავშალე (ჩემი შვილები არ დამიპატიჟია). ეს რომ გაიგეს, მომიცვივდნენ, საშინელი სკანდალი მომიწყვეს, რაღაც-რაღაც ნივთებსაც წამოავლეს ხელი, მერე მომაძახეს, დაივიწყე, შვილები რომ გყავსო, გაიჯახუნეს კარი და წავიდნენ. ამ ხნის კაცმა ცხარე ცრემლით ვიტირე. ყოველთვის თან გადაყოლილი მამა ვიყავი და ეს დავიმსახურე მათგან?
მე და ელენე ძალიან კარგად შევეთვისეთ ერთმანეთს. არაჩვეულებრივი ადამიანია, მშვიდი, წყნარი, მოსიყვარულე, კარგი დიასახლისი. ძალიან უნდა, რომ ჩემს შვილებთან შემარიგოს, მაგრამ უკვე ოთხი თვეა, არც ერთს ტელეფონითაც არ ვუკითხივარ. სიმართლე გითხრათ, ორივე ძალიან მენატრება, შვილიშვილები ხომ ყოველ ღამით მესიზმრებიან, მაგრამ, ვიცი, არ მაპატიებენ, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მოვიქეცი. არადა, რა ჩავიდინე ასეთი, განა დანაშაულია, თუნდაც ჩემი ხნის ადამიანმა პირად ცხოვრებაზე იზრუნოს?!
ვანო, 67 წლის.
ძუნწისა და ლოთის გამოსწორება შეუძლებელი ყოფილა
ცხოვრებაში ორჯერ დავუშვი გამოუსწორებელი შეცდომა, ორჯერვე საშინლად ვინანე და ძალიან გვიან მივხვდი, რომ ყველაფერი გონების კარნახით უნდა გააკეთო და არა ემოციებით. უფრო სწორად, როგორც შინაგანი ხმა, გული გიკარნახებს, ისე უნდა მოიქცე. მე კი ჩემს გულს ყური არ ვუგდე და ვიწვნიე კიდეც. ჩემი ორი შეცდომა ორჯერ უიღბლოდ გათხოვებაა. პირველად ისე გავთხოვდი, ჩემი საქმრო არც შესახედავად მომწონდა და არც ჩემთან მიმართებაში საქციელით. 18 წლის ვიყავი, რომ გავიცანი (უფრო სწორად, გამაცნეს). მაშინვე არ მომეწონა – ასეთი მამაკაცები არასდროს მომწონდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა სასურველ კანდიდატურად ჩათვალეს და, ასე ვთქვათ, ბედს დავმორჩილდი. ერთადერთი, რითაც თავს ვიწყნარებდი, წესიერი კაცი იყო და, თუ ჩემი მშობლების მიერ შეფასების ერთ-ერთ მთავარ მუხლსაც დავუმატებ, ბინა ჰქონდა. მართალია, თავიდანვე გამოვუცხადე ჩემებს, ამას არ გავყვები-მეთქი, მაგრამ, ვინ მოგისმინა! თვით ჩემმა ერთადერთმა ძმამაც კი, რომელიც ჩემს სახელს იფიცებდა და, რომ გეკითხა, მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდა, პირდაპირ დამისვა საკითხი: ცოლის შერთვა მინდა და შენ გამო ვერ მომყავსო. როგორც გაირკვა, მე იმით ვუშლიდი ხელს, რომ ჯერ ერთი, არ სურდა ყმაწვილს, რომ თავის ტურფას სახლში გაუთხოვარი (თუ გასათხოვარი) მული დახვედროდა და მეორე და მთავარი – მე რომ გავთხოვდებოდი, ჩემი ოთახი დაიცლებოდა და მისი იქნებოდა. ეს რომ გავიგე, ბედს დავმორჩილდი. ნიკას მთელი ორი წლის განმავლობაში ვხვდებოდი – მინდოდა, უკეთ გამეცნო და შევჩვეოდი, მაგრამ მის ხასიათს ვერაფერი გავუგე. ერთადერთი, რაც დანამდვილებით გავარკვიე, მისი უსაზღვრო სიძუნწე იყო. იმ მიზნით, რომ ტაქსის ფული არ დაეხარჯა, კილომეტრებს გავდიოდით ფეხით. თავის გამართლებაც ადვილად შეეძლო – საცოლესთან ერთად სეირნობა სიამოვნებდა. ყველაზე „საინტერესო“ ის იყო, რომ მთელი ამ სეირნობის განმავლობაში თითქმის არ ვლაპარაკობდით ერთმანეთში. ერთი-ორჯერ კაფეში შემიყვანა და მენიუ რომ მოგვიტანეს, ყველაზე იაფიანი ნამცხვარი და ყავა ამოარჩია, თან ნამცხვარი ერთი ნაჭერი შეუკვეთა და ოფიციანტს უთხრა, გაჭერით და ისე მოგვიტანეთო. ერთხელ ისე მოხდა, მისმა მეგობარმა 8 მარტს რესტორანში წაგვიყვანა. დარბაზში მეყვავილე გოგო დადიოდა და ყველა მამაკაცი თითო ყვავილს მაინც ყიდულობდა თავისი თანმხლები ქალისთვის. რამდენჯერაც ის გოგო ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა, ნიკა იმდენჯერ ადგა და ტუალეტში გავიდა. ასეთი და ამაზე უარესი უამრავი მომენტის გახსენება შემიძლია, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ. მის სიძუნწეს ისიც ემატებოდა, რომ ორი წლის განმავლობაში ერთხელ არ შეუწუხებია თავი, ლექციების შემდეგ ინსტიტუტთან დამხვედროდა (მაშინ სტუდენტი ვიყავი). ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, გავყოლოდი ცოლად, რადგან ოჯახში აშკარად ზედმეტად ვგრძნობდი თავს. თუმცა, ერთ დღეს თავი ვერ შევიკავე და ჩემებს ვუთხარი, ისეთი ძუნწია, ზამთარში თოვლს არ მოგაწვდის-მეთქი, მაგრამ, ასე მიპასუხეს, ეგ, ერთ მხრივ, კარგია, მფლანგველი არ იქნება. თანაც, ცოლი რომ გახდები, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს შენ მიმართ და აღარ იძუნწებსო. რა სისულელეა! კაცი, რომელსაც საცოლისთვის ერთი კონა იის ფული ენანება, ცოლად მოყვანის შემდეგ დააყრის თავზე საჩუქრებს?! ერთი კი ვუთხარი ჩემს ძმას, ეს არასდროს არაფრის მკისრებელი არ იქნება-მეთქი და აუხდა კიდეც: არც საქორწილო კაბა მოურთმევია ჩემთვის, არც ბეჭედი. მოგზაურობაშიც ჩემი ფულით წავედით და, რაც მთავარია, მთელი ორსულობის განმავლობაში ერთხელ არ მოუცია ანალიზების ფული და არ გამომყოლია ექიმთან, რომ მანეთი არ დახარჯვოდა. ჩემი მშობიარობის ხარჯებიც მთლიანად ჩემებს შეაწერა. რაც მისმა ძმაკაცებმა ფული შეაგროვეს ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით, ისიც კი დედამისს მისცა შესანახად.
ყველა სიკეთესთან ერთად, ისეთი უჟმური ხასიათი აღმოაჩნდა, ლამის ჭკუიდან შემშალა. მხოლოდ მაშინ თუ გამოესახებოდა სახეზე ღიმილი, ფულს რომ დაინახავდა, ისე, სულ მოღუშული იყო და იღრინებოდა. ბოლოს ჩემი მეგობრების მოსვლაც ამიკრძალა – რომ მოდიან, წასვლა აღარ იციანო, არადა, თვეში ერთხელაც აღარ მოდიოდა არავინ. გვიან მივხვდი, რომ მათი მოსვლით კი არ წუხდებოდა, იმაზე უსკდებოდა გული, ყავას და ნამცხვარს რომ მივართმევდი გოგოებს. ერთხელ წამოსცდა კიდეც, რა ამბავია, ყავასა და ნამცხვარში ამდენი ფულის ყრაო.
ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ერთ დღესაც ვეღარ გავუძელი, ავიკარი გუდა-ნაბადი და ჩემი შვილიანად დავბრუნდი მშობლებთან.
ერთი წლის მერე გავიცანი კაცი, რომელმაც თავისი ლაღი ხასიათითა და ხელგაშლილობით მომხიბლა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო: კეთილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, საზოგადოების სული და გული, მომლხენი და მოქეიფე, კარგად მღეროდა და ცეკვავდა. ყველაფერთან ერთად, სიურპრიზებით მანებივრებდა და საჩუქრებით მავსებდა. გავყევი ცოლად და მთელი სამი წლის განმავლობაში ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულებოდა. მერე კი სმას მოუხშირა და ისე გადაეშვა თავით არაყში, აღარც ცოლი ახსოვდა, აღარც შვილი და აღარც არავინ. ბოლოს მალულად დაიწყო სახლიდან ნივთების გატანა და ხმას მაინც არ ვიღებდი, მაგრამ ჩემი ბეჭდები და ბავშვების ნათლობის ჯვრებიც რომ გაყიდა, მივხვდი, რომ მასთან ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და გავეყარე. თავისი ლოთობის მიუხედავად, პირველი ქმრისგან განსხვავებით, ბინა ჩვენ დაგვიტოვა და თვითონ წავიდა. ყურადღებას, რა თქმა უნდა, ვერ გვაქცევს, იმიტომ, რომ ისე „გაბრადიაგდა“, იქით არის მისახედი და მოსავლელი.
ასე დაწვრილებით იმიტომ მოგწერეთ ყველაფერი, რომ მინდა, ყველა გოგონას ვუთხრა (ქალებს, ალბათ, ამის სწავლება ჩემგან არ სჭირდებათ): არც კი იოცნებოთ იმაზე, რომ ოდესმე, ნებისმიერი მოპყრობით ან მკურნალობით გამოასწორებთ ლოთს ან მოაშლევინებთ სიძუნწეს. ნარკომანის გამოსწორება უფრო რეალურია, ვიდრე ლოთისა და ძუნწისა. ამიტომ, აუცილებელია, გათხოვების წინ ყველა გოგონამ თვალებში შეხედოს რეალობას და ისე გადადგას ცხოვრებაში უმთავრესი ნაბიჯი. და კიდევ ის მინდა ვურჩიო თქვენი ჟურნალის მკითხველ გოგონებს, რომ არავის გამო არ ღირს საკუთარი ბედნიერების სამსხვერპლოზე მიტანა. თავიდანვე მიგრძნობდა გული, რომ ნიკასთან ბედნიერი ვერასოდეს ვიქნებოდი, მაგრამ რადგან ოჯახში ზედმეტად ვიგრძენი თავი, ამიტომ გავყევი, ანუ, პრაქტიკულად, საკუთარი მომავალი დავდე სასწორზე, რასაც დღემდე ძალიან ვნანობ.
თათია, 34 წლის.
ვერ მივხვდი, რატომ მიმატოვა
ხუთი წელია, შეყვარებული მყავს. ტელეფონით გავიცანი და სიგიჟემდე შეგვიყვარდა ერთმანეთი. თუ ერთად არ ვიყავით, სულ მობილურით ვლაპარაკობდით. ერთმანეთის გარეშე ერთ ნაბიჯსაც კი არ ვდგამდით. ვიცოდით, როდის ვიღვიძებდით, როდის ვიძინებდით, რა უნდა ჩაგვეცვა, რა უნდა გვეჭამა... სულ იმას ვცდილობდით, ერთმანეთი გაგვეხარებინა, სიურპრიზები მოგვეწყო, გაგვეკვირვებინა... ისე, კაცმა რომ თქვას, ეს ხუთი წელი არც მთლად ია-ვარდით იყო მოფენილი: წინააღმდეგობაც ბევრი შეგვხვდა, ავი მოსურნეც ბევრი გადაგვეყარა, ჩვენი დაშორებაც არაერთმა მოისურვა და ერთმანეთს შორისაც გვიწევდა ურთიერთობის გარკვევა და ხასიათების შეწყობა... ერთი სიტყვით, მართლაც ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და, რომ მეგონა, ყველა წინააღმდეგობა გადავლახეთ, ყველა გამოცდას გავუძელით-მეთქი, სწორედ მაშინ დამთავრდა ყველაფერი – მან ჩემზე უარი თქვა. შეხვედრა და ერთად ყოფნა კი არა, ჩემი ხმის გაგონებაც კი აღარ უნდა. აშკარად აღარ ვუყვარვარ, ან, უბრალოდ, მოვბეზრდი. მე კი იმ ხუთ წელს ვერ ვივიწყებ და მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. მინდა, ვკითხო მიზეზი, მაგრამ ვერ ვბედავ. იქნებ, ეს წერილი წაიკითხოს და ისევ თვითონ დამიკავშირდეს?!
ანანო, 24 წლის.
მამამ მიგვატოვა
ძალიან თბილ, სიყვარულითა და ხალისით სავსე ოჯახში გავიზარდე. სულ ის მქონდა სატრაბახო, ჩემს მშობლებს რომეო და ჯულიეტასავით უყვართ ერთმანეთი-მეთქი. 16 წლის ისე გავხდი, სახლში ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია. დედა და მამა სულ თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. ხანდახან ვეჭვიანობდი კიდეც, ერთმანეთის მეტი არავინ გინდათ, ერთადერთი შვილიც კი აღარ გახსოვთ-მეთქი. ერთ დღეს კი მამა სახლში მოვიდა და დედას ჩემი თანდასწრებით უთხრა, უნდა დავშორდეთო. თავიდან ორივეს გვეგონა, ხუმრობდა, მაგრამ, როცა მივხვდით, რომ მამამ სერიოზულად თქვა ის, რაც თქვა, მოულოდნელი შოკისგან მე მამაჩემთან მივვარდი საშინელი ყვირილით და გინებით და დასარტყმელად გავიწიე, დედა კი გაფითრდა და, რაღაცნაირად, გაქვავდა. როგორც თვალებგახელილი მკვდარი, ისე იჯდა მთელი ნახევარი საათის განმავლობაში. რომ შევხედე, ისეთი საცოდავი იყო, გული მომიკვდა. პირველმა შოკმა რომ გაუარა, ძლივს წამოდგა და ისე, რომ ერთი კითხვაც არ დაუსვამს მამაჩემისთვის, ოთახიდან გავიდა.
მამამ იმ საღამოსვე ჩაალაგა თავისი პირადი ნივთები, დედასთან ოთახში შესვლა ვეღარ გაბედა, მე მომიბრუნდა და დარცხვენილმა მითხრა, კაცი ხარ და უნდა გამიგო. დედაშენი სიცოცხლეს მერჩივნა, მაგრამ, ეტყობა, ყველაფერი მთავრდება, ახლა სხვა მიყვარს. სიტყვა მივეცი და ვერ მივატოვებ, თანაც, ჩემგან ბავშვს ელოდება. დედაშენს შენ უნდა მიხედო და გაამხნევოო.
მე რა პასუხს მცემ-მეთქი, ვკითხე. შენ უკვე კაცი ხარ, თანაც შენთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებ. ფულსაც გამოგიგზავნით და ისედაც, როცა რამე დაგჭირდება, დამირეკე. სამაგიეროდ, ბინას არ გაგიყოფთ, მთლიანად თქვენ გიტოვებთ, მარტო მანქანას წავიყვანო. ბოლო წინადადებამ ისე გამაცოფა, გაუცნობიერებლად წამოვავლე ხელი მაგიდაზე მდგარ მაღვიძარას და მთელი ძალით ვესროლე. კიდევ კარგი, კარის მიხურვა მოასწრო, თორემ თავში რომ მოხვედროდა, ნამდვილად მოკლავდა.
საწყალი დედაჩემი ერთი თვე არ ამდგარა ლოგინიდან. არც ხმას იღებდა, არც ჭამდა, არც სვამდა, იწვა თვალგახელილი, ჭერს მიშტერებოდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. კიდევ კარგი, დეიდაჩემი გადმოვიდა ჩვენთან და უვლიდა, თორემ, ალბათ, გავგიჟდებოდი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მამამ მხოლოდ ერთხელ დარეკა, ისიც იმიტომ, რომ რაღაც საბუთები დარჩა უჯრაში და მთხოვა, სამსახურში მომიტანეო. დედა არც კი უკითხავს.
რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და, შეიძლება, სიყვარულიც გამქრალიყო, მაგრამ ადამიანის ასე ელვისებური გადაგვარება, რაც მამაჩემს დაემართა, წარმოსადგენადაც კი ძნელია.
ჩემს სამეგობროში ყველაზე ბედნიერი და ლაღი ბიჭი მშობლების წყალობით ვიყავი და მშობლების წყალობითვე გავხდი ყველაზე მარტოსული, უბედური და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული.
როგორც ჩანს, ნამდვილი და მარადიული სიყვარული მართლაც არ არსებობს.
ნოდარი, 16 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.