ჯიმი პაპკიაურის ცხოვრება კოჯრის ბავშვთა სახლიდან შოუ-ბიზნესამდე
ჯიმი პაპკიაურის ცხოვრება ფილმის სიუჟეტს ჰგავს. დღეს ძალიან მოკლედ მოგიყვებით მის ისტორიას. ჯიმისთან ვრცელ ინტერვიუს კი სულ ცოტა ხანში იხილავთ ჩვენს ჟურნალში. ის კოჯრის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მამა არასდროს უნახავს. ისე გაიზარდა, ავადმყოფობის გამო დედაც ვერ აქცევდა ყურადღებას. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ უსახლკარო ბებიასთან, რომელიც ქუჩაში სანთლებს ყიდდა და ძმასთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. თუმცა, ნიჭი და გონებრივი შესაძლებლობები ყოველთვის, ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. ჩვიდმეტი წლის ჯიმიმ იმდენი მოახერხა, რომ საერთო საცხოვრებელში მათთვის ერთი ოთახი გამოყვეს. ეს გადაცემა „60 წუთის“ დახმარებით მოახერხა. ჩააბარა გამოცდები ექსტერნად 23-ე სკოლაში და საშუალო განათლებაც მიიღო. ჯიმი ლექსებს წერდა, მას სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში აქვეყნებდა და მწერალთა კავშირიდან მიღებული მცირე ჰონორარებით ბებიასა და ძმას ინახავდა. ჯიმიმ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანა. ყოველთვის იცოდა, რომ სიმღერის ნიჭი ჰქონდა, თუმცა ამის გამოვლენის ერიდებოდა. არ იცოდა, როგორ და საიდან დაეწყო და ამიტომაც, მხოლოდ ახლა, 25 წლის ასაკში მოახერხა თავისი ნიჭის რეალიზება. ის თვითონ წერს მელოდიებსაც და უკვე შეძლო ხუთი სიმღერის ჩაწერა. მათ შორის ერთ-ერთი კი აქტიურად ტრიალებს რადიო „საქართველოს ხმაზე“ და მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.