კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისგან ელის შვილს თეა თუთბერიძე და რატომ არ ნახულობს ის მშობლებს


თეა თუთბერიძეს სკანდალები არასდროს აკლდა, თუმცა ეს სკანდალები, ძირითადად მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო ხმაურიანი ისტორია კი, რომლის მთავარი პერსონაჟიც თეა გახდა, მის პირად ცხოვრებას ეხება – ის ოთხი თვის ფეხმძიმეა და შვილს ცნობილი დიჯეისგან ელის. მისი რჩეული ბომონდური საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი გუგა ჟღენტია. რა გარემოებებმა განსაზღვრა თეა თუთბერიძის სკანდალებით სავსე გზა, რატომ დაუკავშირა მან პირადი ცხოვრება განსხვავებული წრის და ინტერესების ადამიანს და რაზე შეთანხმდნენ ისინი, ამის შესახებ თეა თუთბერიძემ ჩვენს ჟურნალს ექსკლუზივი ანდო.


თეა თუთბერიძე: მე არ ვფიქრობ იმ ადამიანების მსგავსად, ტელევიზორში ხშირად გამოჩენის გამო რომ ჰგონიათ, რაღაცას მიაღწიეს, არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით წარმატებული კარიერა მაქვს. როდესაც თბილისში ჩამოვედი და იურიდიულზე შევიტანე საბუთები, ჩემი სურვილი იყო, იურისტი გავმხდარიყავი. მე არ მყავდა „პატრონი“ და მფარველი, არც ბევრი ფული მქონდა და მივხვდი, საკუთარი თავისთვის თვითონვე უნდა მიმეხედა. იმ პრობლემებმა, რასაც უნივერსიტეტში წავაწყდი, უფრო აქტიურ ადამიანად ჩამომაყალიბა. ეს აღმოჩნდა ბიძგი, რომ უფრო მეტად მებრძოლა უსამართლობების წინააღმდეგ. ჩემი ცხოვრების გზა გარემოებებმა განსაზღვრა, თორემ შესაძლოა, მე ვყოფილიყავი ჩვეულებრივი, ნაკლებად აქტიური სტუდენტი და ბოლოს გავმხდარიყავი რიგითი იურისტი. მეც შემეძლო, დავმდგარიყავი უნივერსიტეტის ეზოში და მზესუმზირის ჭამაში გამეტარებინა წლები, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე აღმოვჩნდი გარემოში, რომელმაც დეპრესიაშიც კი ჩამაგდო. უნივერსიტეტი სხვანაირად წარმომედგინა, რეალობა კი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. მე ვხედავდი, რა მიდგომები ჰქონდათ ლექტორებს სტუდენტებთან, რამაც ჩემში დიდი პროტესტი გამოიწვია. ამას არც ვმალავდი. იმ ყველაფერმა, რაც მაშინ დაიწყო, მიბიძგა, მემუშავა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რაც მე ძალიან მომწონს.

– რა იყო შენი პირველი სამსახური და რატომ არ აღმოჩნდი უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ვიდრე სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელობაა, იმ წვლილის მიუხედავად, რაც ვარდების რევოლუციაში შეიტანე?

– ჩემი პირველი სამსახური იყო „თავისუფლების ინსტიტუტში“, სადაც სტუდენტობის დროს მივედი და მუშაობა დავიწყე ინტერნად. მერე გადავედი „სამართლიან არჩევნებში“, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. მან მთხოვა, რამდენიმე თვით წავსულიყავი მასთან და დავხმარებოდი. მე ვიყავი თბილისის კურატორი. როდესაც „კმარას“ მოძრაობა დავიწყეთ, აღმოვჩნდი არჩევნის წინაშე – ან ვყოფილიყავი „კმარას“ წარმომადგენელი, ან გამეგრძელებინა მუშაობა „სამართლიან არჩევნებში“. მე უარი ვთქვი ხელფასიან სამსახურზე და წავედი „კმარაში“, სადაც ანაზღაურება საერთოდ არ მქონდა. იმ პერიოდში ფინანსურად, როგორც შეეძლო, ჩემი ოჯახი უზრუნველმყოფდა. ხელფასს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, დღემდე ასე ვარ – თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ ჩემი ინტერესების სფეროს არ მიეკუთვნება, ასეთ სამსახურში ვერ ვიმუშავებ. იმედია, ეს არც მომავალში დამჭირდება (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობის აღების მეშინია. მე მიმაჩნია, რომ, როცა სახელმწიფო სამსახურში გადადიხარ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – უკვე არ ხარ დამოუკიდებელი შენს გადაწყვეტილებებში, რის გამოც ხშირად მოგიწევს საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა. ჩემთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა, სადაც მექნება მაღალი ხელფასი, გავლენა და მომემსახურება სახელმწიფო მანქანა.

– გავლენა არც „თავისუფლების ინსტიტუტს“ აკლია.

– კი, ამბობენ, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ მართავს ხელისუფლებას, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, ადამიანებს ამ ორგანიზაციაში, აბსოლუტურად სწორი ღირებულებები აქვთ. ჩვენს ორგანიზაციას ყოველთვის ჰქონდა იდეები, თუ რა უნდა შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და როგორი რეფორმები გატარებულიყო იმისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება რომ მომხდარიყო. ამას „თავისუფლების ინსტიტუტს“ ვერავინ დაუკარგავს.

– თეა თუთბერიძე და სკანდალები განუყრელი ცნება გახდა. როგორც ჩანს, ვირტუალურ სამყაროს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში. სწორედ „ფეისბუქზე“ გაიცანი გუგა ჟღენტი, რომლის წყალობითაც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – შვილს ელოდები.

– ჩემი მოსაზრებები, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება საზოგადოებისთვის სკანდალური. ჩემთვის ხშირად მიუღებელია ის, რასაც ვიღაც მენტალიტეტს და ტრადიციას უწოდებს. რაც შეეხება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გახმაურებულ ამბებს, მე თითქმის არ ვსაუბრობ მასზე და არ მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესოა. ადამიანს, არის თუ არა ის ცნობადი სახე, თავისი პირადი ცხოვრება აქვს, რომელში ჩარევის უფლება არც მე მაქვს და არც სხვას. ეს გადაწყვეტილება ჩემი პირადულია, მე არავის ვეკითხები, რა ნაბიჯს გადავდგამ, არავის არაფერს ვუთანხმებ. მე და გუგას ურთიერთობა მთლად ისე არ ყოფილა, როგორც ითქვა. ჩვენ უფრო ადრე გავიცანით ერთმანეთი. წლები არაა, რაც ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის ისტორია, საკმაო პერიოდს მოიცავს. ჩემ შესახებ ძალიან ბევრი ჭორი დაწერილა, მე ყურადღებას არაფერს ვაქცევ ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ეს ყველაფერი მარტო მე არ მეხება. ალბათ, ამიტომაც, უფრო მეტი მორიდებაა საჭირო.

– რატომ გადაწყვიტეთ მისგან შვილის გაჩენა, ეს თქვენს ცხოვრებაში დიდი სიყვარული იყო?

– ამაზე საუბარი არ მსურს. მე არ ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. როცა გაქვს ოჯახი, გაცილებით მეტი დრო გჭირდება მისთვის, ბავშვს ძიძას ავუყვან, ქმარს ძიძას ხომ ვერ დავუქირავებ? (იცინის) ოჯახის შექმნა მართლა არ მქონდა დაგეგმილი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თან საქართველოში ოჯახს ისე უყურებენ – მთავარია ადამიანთან ხელი მოაწერო, მეუღლე გერქვას და მერე რა ხდება, ამას არავინ აღარ უყურებს. ეს ხდება ხშირად ოჯახების დანგრევის მიზეზი. არ მესმის, რატომ უნდა მიხვიდე აქამდე, როცა ოჯახისთვის მზად არ ხარ? მე არ მინდოდა, ასე მარტივად ოჯახის შექმნა.

– ბავშვის გაზრდა მარტოს არ გაგიჭირდება?

– ეს უკვე გაცნობიერებული მაქვს, რომ მარტოს მომიწევს ბავშვის გაზრდა. ამ ცხოვრებაში იოლი არაფერია. ბავშვის გაზრდა არც მაშინ არის მარტივი, როცა მეუღლესთან ერთად ზრდი. რატომ უნდა გამიჭირდეს? მე ვიპოვე ძალიან მარტივი გამოსავალი – ბავშვს ეყოლება ძიძა, რომელიც მოუვლის. ბავშვი ჩემთანაც იქნება, მაგრამ იმდენი დრო არ დასჭირდება მას, რაც ოჯახს სჭირდება. მე არც მიფიქრია სხვა გადაწყვეტილებაზე, გარდა იმისა, რომ შვილი უნდა მყოლოდა.

– თავად გუგა როგორ შეხვდა ამ ამბავს? ეს ხომ არ გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

– დიახ, ზუსტად ეს გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი. მე მესმის მისი. ის არ იყო მზად კიდევ ერთი შვილისთვის. კიდევ ერთი შვილი მისთვის იქნებოდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი მე და მას არანაირ ვალდებულებას არ ვაკისრებდი, შესაბამისად, ასეც მოხდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მე არ გადავდგამდი ნაბიჯს, შვილი თვითონ მომეკლა, თუმცა არც მას დავაკისრებდი პასუხისმგებლობას. აქ არსებობდა ერთი მარტივი გამოსავალი, მე ჩემთვის ვიქნები, ის – თავისთვის. ეს არანაირი პრობლემა არ იქნება ჩვენთვის.

– თქვენ უკვე შვილი გაკავშირებთ, გამორიცხავ, რომ კიდევ გადაიკვეთოს თქვენი გზები? მით უმეტეს, როგორც თქვი, გუგა შენი მდგომარეობით ინტერესდება.

– მე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ნამდვილად არ ვფიქრობ ამაზე. ისედაც ძალიან ბევრი საფიქრალი მაქვს, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში. მე დღესაც მაქვს ურთიერთობა გუგასთან. ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ და მგონია, რომ ურთიერთობის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. გუგა მწერს, მისვამს შეკითხვებს, და მე ბუნებრივია, ვპასუხობ. ვიცნობ ქალებს, რომლებიც შვილს ოსტატურად იყენებენ მამაკაცებთან, მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები. ისიც კი ვუთხარი გუგას, რომ მისი გვარიც არ მინდოდა ბავშვისთვის, უბრალოდ, ის თავად აღმოჩნდა თანახმა ამაზე. არც ამაში დავავალდებულებ – უნდა მისცემს გვარს ბავშვს, უნდა – არა. მე ჩემი გვარიც მომწონს.

– როგორც ამბობენ, შეგნებულად შეარჩიე ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება აქვს?

– ეს ნამდვილად არ მქონდა გათვლილი. როცა ასეთ ურთიერთობას იწყებ, ამაზე, ალბათ, არ ფიქრობ. მე და გუგას ცხოვრების განსხვავებული სტილი გვაქვს. ამის გამო ერთმანეთს დისკომფორტსაც ვუქმნიდით. მისი და ჩემი მეგობრები აბსოლუტურად სხვადასხვა წრის წარმომადგენლები არიან. მაგრამ, ეს ჩვენს ურთიერთობას არ ცვლიდა. ფაქტი სახეზეა – ბავშვს ველით (იცინის). მამაკაცის ცხოვრების სტილი ქალისთვის მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა უფრო სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ და ოჯახის შექმნას აპირებ. მე გუგასთან დაკავშირებით ასეთი გეგმები არ მქონია, თუმცა ცხოვრებაში იმდენი მოულოდნელობა ხდება, ხშირად ამასაც ვერ გათვლი.

– როგორი ფეხმძიმობა გაქვს?

– მშვენიერი, დავდივარ ექიმთან კონსულტაციაზე, მის რჩევებს ვემორჩილები, თითქმის უპრეტენზიო ფეხმძიმე ვარ. ტონუსიც ნორმალური მაქვს. ერთი ის იყო, რომ ერთი თვის წინ მოულოდნელად ბრმა ნაწლავის ოპერაცია დამჭირდა. თუმცა, ამას ფეხმძიმობისთვის ხელი არ შეულია. ბავშვს „ჰერაში“ გავაჩენ. იქ მე მიმყავდა ხოლმე ჩემი მეგობრები, ახლა თვითონ დამჭირდა „ჰერა“ (იცინის). ჩვეულებრივი საქმიანი რეჟიმი მაქვს. სამსახურშიც ყველაფერს ვაკეთებ, ფეხმძიმობა ხელს არაფერში მიშლის.

– ბიჭს ელოდები თუ გოგოს? სახელი შერჩეული გაქვს?

– ერთმა ექიმმა მითხრა – ბიჭიაო, მეორემ – გოგოო. ასე რომ, მკითხაობას არ დავიწყებ. ჩემთვის ბავშვის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შვილი შვილია, მით უმეტეს პირველი. აი, სახელთან დაკავშირებით კი ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი (იცინის).

– როგორ შეხვდნენ შენს ამ გადაწყვეტილებას მშობლები, პროტესტი ხომ არ გამოხატეს?

– ქართველი მშობლისთვის, რა თქმა უნდა, რთულია, როცა შვილი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. მაგრამ, მშობლები ჩემს ცხოვრებაში არ ერევიან. მე არავის არაფერს ვუთანხმებ. არ ვარ 13-14 წლის, რომ ჩემს გადაწყვეტილებას მშობლებს ვუთანხმებდე. თუმცა, არც მაგ ასაკში ვუთანხმებდი მათ ჩემს გადაწყვეტილებებს. მე მესმის ჩემი მშობლების, იოლი არაა, როდესაც უამრავი მეგობარი, ნათესავი გირეკავს და შეკითხვებს გისვამს. არსებობს მარტივი გამოსავალი – ან ერთი ყურიდან უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა, ან ინერვიულო. მე განვუცხადე ოჯახის წევრებს, რომ ამ ორი ვარიანტიდან არჩევანი საკუთარი სურვილით უნდა გააკეთონ. ნაკლებად მაინტერესებს საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელიც შეიძლება, აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობდეს. არავის მივცემ უფლებას, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს.

– ისიც ბევრჯერ ითქვა, რომ მშობლებთან არ გაქვს კარგი დამოკიდებულება და მათთან, ზესტაფონში, საერთოდ არ ჩადიხარ.

– რაც სტუდენტი გავხდი და დამოუკიდებლად ვცხოვრობ, შეიძლება, წელიწადში ერთხელ მომიხდეს მშობლებთან ჩასვლა, ან სადღაც რომ მივდივარ, გზად შევიარო. ორი წელიც გასულა ისე, რომ საერთოდ ვერ ჩავსულვარ ზესტაფონში. ეს აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული ჩემს ფეხმძიმობასთან, არც ნათესავებთან მაქვს ხშირი ურთიერთობა, ამისი მიზეზი დროის უქონლობაა და კიდევ სხვა დამატებითი გარემოებები. ჩემს პრობლემებს არც მე ვახვევ ვინმეს თავს და ზედმეტად არც მე ვინტერესდები სხვისი პრობლემებით.

– დედობის განცდა ძალიან ცვლის ადამიანს. ამან მაინც თუ შეცვალა თეა თუთბერიძე?

– ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ ვგრძნობ. ვნახოთ, მერე როგორ იქნება, როცა ბავშვი გაჩნდება. ბუნებრივია, დედობა პასუხისმგებლობაა და ამას იაზრებ. რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, უფრო მეტი გათვლები გჭირდება. არის თემები, რომელთან დაკავშირებითაც უფრო მეტად უნდა მოემზადო. გვერდში მიდგანან მეგობრები. მე ძალიან მიყვარს მათი შვილები, აქედან გამომდინარე, ბავშვის გაზრდის თეორიული ცოდნაც შევიძინე. ახლა უკვე მეც ვკითხულობ ლიტერატურას ორსულებზე. სხვა მხრივ, დედობისთვის სამზადისი არ დამიწყია (იცინის).


скачать dle 11.3