როგორ დაამსგავსა საქართველოს „შრომის კოდექსმა“ საქართველოს დასაქმებული მოქალაქეები ოცდამეერთე საუკუნის მონებს
მართალია, მტკიცედ გვწამს, რომ გამოქვაბულის პერიოდიდანვე „ევროპაში ვსხედვართ“ (ზეზვა-მზიას ეშხითა და მადლით), მაგრამ, ამ ჩვენს „შრომის კოდექსს“ თუ გადავხედავთ, ეჭვი ჩნდება, რომ იმ დალოცვილი გამოქვაბულიდან მთლად შორსაც ვერ წავსულვართ, იმ მარტივი მიზეზით, რომ, რა მონის და რა – საქართველოს დასაქმებული მოქალაქის უფლებები. განსაკუთრებით, დაუცველ მდგომარეობაში რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალბატონები ბრძანდებიან, რადგან ჩვენი მშობლიური „შრომის კოდექსი“, ისეთ პრობლემას, როგორიც დემოგრაფიაა, არ ცნობს. მეტიც, ბავშვის გაჩენა ლამის გმირობის ტოლფასია, რადგან (თუ „შრომის კოდექსით“ ვიხელმძღვანელებთ) ხელისუფლება გამრავლებას დიდ ცოდვად მიიჩნევს. თემაზე, ემსგავსნენ თუ არა ამ გაჩახჩახებულ ოცდამეერთე საუკუნეში დაქირავებული ქართველები დამქირავებელთა მონებს, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს გავესაუბრეთ.
– ამ წლის დასაწყისში თქვენ გააფორმეთ მემორანდუმი საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანიც შრომითი კანონმდებლობის მოწესრიგება იყო. რა ფაზაშია ეს პროცესი?
– ჩვენი თანმიმდევრული მოთხოვნებისა და პროტესტის შესაბამისად, ვითხოვდით, რომ მთავრობას შეეცვალა „შრომის კოდექსის“ ის მუხლები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენ გვიქმნის პრობლემას, არამედ შეუსაბამობაშია საერთაშორისო ნორმებთან. რადგან ქართველი საზოგადოება არ არის ევროპული ტიპის ღია საზოგადოება და სამოქალაქო განათლებაც არცთუ მაღალია, ჩვენ გვჭირდება დასავლური სტრუქტურების დახმარება, ჩვენი „შრომის კოდექსი“ კი ეწინააღმდეგება ევროპის საერთაშორისო ქარტიას, შრომის საერთაშორისო კონვენციებს.
– ანუ, ზოგადად იმ სამყაროს მოთხოვნებს, რომელში ინტეგრაციაც თითქოს ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობაა?
– დიახ. ბოლო დროს პოპულარულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების თემა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს აღმოსავლეთ თანამშრომლობა სრულყოფილი იყოს, ევროპას აქვს მოთხოვნები. მაგალითად, ევროპა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ნებას გვრთავს, მაგრამ, ამავე დროს, აყენებს შემდეგ მოთხოვნას: შემოიტანეთ პროდუქცია, ოღონდ, ამ პროდუქციის შექმნის სტანდარტი არ უნდა განსხვავდებოდეს ევროპული სტანდარტისგან. მათ შორის იგულისხმება შრომის სტანდარტიც, რადგან ევროპელ საზოგადოებას არ უნდა მონური შრომის შედეგად შექმნილი პროდუქციის მიღება, თუნდაც ის იაფი ღირდეს და ამის შედეგიც იყო ხსენებული მემორანდუმის გაფორმება, რადგან საქართველოს პროფკავშირმა დაასაბუთა, რომ მთავრობა არ ასრულებს ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, მთავრობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომ ეს საკითხები გადაწყდეს ამ დიალოგის შედეგად და „შრომის კოდექსში“ შევიდეს ცვლილებები. მეორე მხრივ, ჩვენ უარი განვაცხადეთ დიალოგზე, რომ პუნქტობრივად განგვეხილა ეს კოდექსი, რადგან იქ არის დისკრიმინაციული მუხლები. ჩვენ ვამბობთ, რომ დიალოგი შეიძლება ყველაფერზე, მათ შორის, კოდექსის გაუმჯობესებაზე, მაგრამ არანაირი დიალოგი არ სჭირდება „შრომის კოდექსში“ დისკრიმინაციული მუხლების შეცვლას, რადგან ამისთვის მთავრობას არ სჭირდება პროფკავშირების თანხმობა. თავის მხრივ, მთავრობამ აირჩია ასეთი პოზიცია: რადგან ევროპა ითხოვს ამ დიალოგს, ევროპასთან კი თბილი ურთიერთობების შენარჩუნებაა საჭირო, ჩვენ ამ პროცესს გავაჭიანურებთ, ვიქნებით დიალოგის რეჟიმში პროფკავშირებთან და ამით დავაკმაყოფილებთ ევროპის მოთხოვნებსო. მაგრამ ჩვენ უარს ვაცხადებთ ასეთ დიალოგზე, რადგან ჩემთან შეთანხმება არ სჭირდება იმას, რომ ქალთა შრომა დაცული უნდა იყოს; არ სჭირდება ჩემთან შეთანხმება იმას, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, და 24 საათი ამაზე ლაპარაკობს მთავრობა, დეკრეტული თანხა არ უნდა იყოს თანაბარი, როგორც ეს კომუნისტების დროს ხდებოდა. არ შეიძლება, რომ ადამიანს უმიზეზოდ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან და ხშირად მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ იგი ქალია, რომ ფეხმძიმედაა, ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის, რომ პროფკავშირის წევრია და ასე შემდეგ. ჩვენი აზრით, ამ თემებზე დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან ეს უპირობოდ მთავრობის პასუხისმგებლობაა, ამიტომ, კეთილი უნდა ინებოს და თავის მიერვე დაწერილი სიმახინჯე „შრომის კოდექსი“ გამოასწროს. დანარჩენზე კი, ანუ ხალხის ბედნიერ მომავალზე, ამის შემდეგ შეიძლება დიალოგის დაწყება.
– მივყვეთ მუხლობრივად: რა უნდა გამოასწოროს უპირველესად მთავრობამ „შრომის კოდექსში“, რომ ხალხის ბედნიერ მომავალზე შეძლოს ზრუნვა?
– უპირველესად, უნდა აღმოიფხვრას დისკრიმინაცია. დისკრიმინაციის შემცველი რამდენიმე მუხლია „შრომის კოდექსში“, კერძოდ, მეხუთე მუხლის მერვე პუნქტი, რის მიხედვითაც, დამსაქმებელს უფლება აქვს, სამსახურში მიღების მსურველს არ დაუსაბუთოს უარის მიზეზი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უარის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, აუხსნას ადამიანს, რატომ არ იღებს სამსახურში, რადგან უარის მიზეზი შეიძლება იყოს სქესი, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება. ხოლო, რადგან მიზეზი არ იწერება, სამსახურის მაძიებელს აღარ აქვს საშუალება, სასამართლოს გზით დაუსაბუთოს დამსაქმებელს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა. ასევე, დისკრიმინაციის შემცველია 37-მუხლის, „დ“ ნაწილი, რომელშიც ცალსახად წერია, რომ შრომითი კონტრაქტი წყდება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება შეიძლება, მოიშალოს ნებისმიერ დროს, დასაქმებულის როგორი დაცვის მექანიზმებიც არ უნდა იყოს მასში ჩადებული. მოვიშველიებ კონკრეტულ მაგალითებს: ხელშეკრულება, შეიძლება, მოიშალოს იმიტომ, რომ დასაქმებული არის პროფკავშირების წევრი; სურს პროფკავშირების ჩამოყალიბება; ქალია და ბავშვის გაჩენას აპირებს; ეთნიკურად სომეხია; რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია და ასე შემდეგ. თუ დასაქმებული არ დავავალდებულეთ, დაასაბუთოს ხელშეკრულების გაწყვეტის მოტივი, ნებისმიერი რამ შეიძლება, გახდეს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
– დასაქმებულს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, თუ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს არაობიექტური მიზეზის გამო, სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე?
– გამორიცხულია ამის დამტკიცება, თუ დამსაქმებელი არ აღმოჩნდა იმდენად უწიგნური და, სხვათა შორის, ასეთი შემთხვევებიც ხშირია, რომ კარგად ვერ წაიკითხა მისთვის დაწერილი კოდექსი, რომელიც დამსაქმებელს მხოლოდ უფლებებს ანიჭებს, დასაქმებულს კი – მხოლოდ ვალდებულებებს. თუ სისულელეებია ჩაწერილი გათავისუფლების მიზეზად, ასეთ შემთხვევაში ვიგებთ სასამართლო პროცესებს. სიმართლის დადგენის მეორე გზაა ის, რაც ზესტაფონსა და ჭიათურაში მოხდა: როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩვენი აქტივისტები, გავფიცეთ ქარხანა და ამის შედეგად ის ხალხი სამსახურში აღადგინეს.
– გარდა ამისა, მაღაროელები ხელფასების მომატებასაც ითხოვდნენ.
– ხელფასებმაც მოიმატა 23 პროცენტით. ჩვენი მოთხოვნებიდან დაახლოებით 9 პუნქტი შესრულდა.
– გასაგებია, რომ ჩვენს სასამართლოებში, როდესაც დამსაქმებელი უწიგნური არ არის, იყენებს „შრომის კოდექსით“ მისთვის მინიჭებულ უფლებებს და ათავისუფლებს დასაქმებულს, საქმეს ვერ მოიგებ, მაგრამ ევროპის სასამართლოში თუ არის ამგვარი საქმეების მოგების შესაძლებლობა?
– რა თქმა უნდა. ჩვენ სამივე ინსტანციაში წავაგეთ სასამართლო პროცესები ფოთის პორტთან, ხელვაჩაურელ მკერავებთან დაკავშირებით. ახლა ველოდები, რომ დამთავრდეს ეს სასამართლო პროცესები საქართველოში და მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს.
– დასაქმება და დასაქმებულის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, მთავარი პრობლემა მაინც დემოგრაფიაა, თუნდაც იმიტომ, რომ დასაქმებულები და დამსაქმებლები გვყავდეს. ჩემთვის გაუგებარია, ასეთ კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებაში, რატომ ჩაგრავს „შრომის კოდექსი“ ფეხმძიმეებს? „შრომის კოდექსით“ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის დასაქმებულ ქალს ეძლევა შვებულება 477 დღის ოდენობით, აქედან უნაზღაურდება მხოლოდ 126 დღე და, ყველას თანაბრად 600 ლარის ოდენობით. რა ეჭვი აქვს მთავრობას, დანარჩენი 351 დღე როგორ უნდა ირჩინონ თავი დედამ და ჩვილმა?
– თქვენთვის და ჩემთვისაა დემოგრაფია პრობლემა, თორემ, „შრომის კოდექსის“ შემქმნელებისთვის ეს პრობლემა არ არის. თავის დროზე, როდესაც კანონის ავტორებთან გვქონდა ოპონირება ამ პუნქტების გამო, მთავრობის სახელით გველაპარაკებოდა ვახტანგ მეგრელიშვილი. და, თუკი ზემოჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში შენიღბულად გვიწევდნენ ოპონირებას, ფეხმძიმეებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენისას პირდაპირ უთხრა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჩემს იურისტს, გოგონას: დიახ, ეს კოდექსი იმიტომ იწერება, რომ დამსაქმებელს მიეცეს საშუალება, სამსახურში არ აიყვანოს თქვენნაირი გოგონა, რომელიც პოტენციური დედაა და ხვალ, შეიძლება, დაფეხმძიმდეს და სამუშაო პროცესი შეუფერხოსო. გგონიათ, ამაზე რომ ვილაპარაკებთ, მათ გავაოცებთ?! არა, მათ იციან, რაც გააკეთეს და გამიზნულადაც გააკეთეს ეს ყველაფერი! მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის, ჯერ კიდევ ლადო ჭიპაშვილის, ბრძანება, რომ ფეხმძიმე ქალებს, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში გავლენ, იმის მიუხედავად, რამდენი აქვთ ხელფასი, ეძლევათ 600 ლარი, ანუ, უნაზღაურდებათ 126 დღე. არადა, საქართველოში ერთ დასაქმებულზე ორი-სამი დაუსაქმებელი მოდის, ანუ, ხშირად ოჯახში ერთი წევრია დასაქმებული და, ამდენად, ხელფასს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, ძირითადად გოგონებს, ანუ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალბატონებს აქვთ მეტ-ნაკლებად მაღალი ანაზღაურება, მაგრამ ისინი, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ოთხი თვის განმავლობაში თვეში 150 ლარზე მეტს ვერ მიიღებენ. სხვათა შორის, ამის გამო ძალიან ბევრი შემთხვევა მთავრდება ფატალურად. ლამის სამსახურებში მშობიარობს ქალების დიდი ნაწილი, რადგან ცდილობს, რომ ის ხელფასი, რომელიც მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ბოლო წუთამდე შეინარჩუნოს.
– კოდექსში არაფერი წერია ამის შესახებ, მაგრამ, რეალურად, დამსაქმებელს აქვს დეკრეტში გასული ქალბატონის გათავისუფლების უფლება?
– კოდექსში წერია, რომ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში შრომითი კონტრაქტი შეჩერებულია და ის მართლაც შეჩერებულია, მაგრამ, არსად წერია, რომ დამსაქმებელს აქვს დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის გათავისუფლების უფლება.
– მაგრამ არც ის წერია, რომ არ აქვს?
– არ წერია, მაგრამ, როდესაც შექმნიათ ასეთი პრობლემა, ხალხი დაგვიტოვებია სამსახურში. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში საქმე სასამართლომდე არც მიდის, პირდაპირ დამსაქმებელთან ვწყვეტთ.
– თუმცა, „შრომის კოდექსი“ საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, რომ აღდგენიდან ორ კვირაში, თუ მესამე დღეს არა, მაინც გაათავისუფლოს დასაქმებული სრულიად უმიზეზოდ?
– რა თქმა უნდა, თუ თქვენ ჩემთან მუშაობთ და, ერთ დღესაც, ცოლის მიერ გაბრაზებული მოვედი სამსახურში, შესაძლოა, ჯავრი თქვენზე ვიყარო და გაგათავისუფლოთ.
– საჯარო მოხელეები უფრო დაცულები არიან თავიანთი „კანონით საჯარო სამსახურის შესახებ“ თუ ისიც დისკრიმინაციულია?
– უკეთესია, ვიდრე შრომის კანონმდებლობა. მაგალითად, თუ „შრომის კოდექსის“ მიხედვით, დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლების შემთხვევაში დასაქმებულს ერთი თვის ხელფასი უნდა მიეცეს, საჯარო მოსამსახურეებს ორი თვის ხელფასი ეკუთვნით. მაგრამ, ორივე შემთხვევაში იყენებენ „ხვრელებს“. მაგალითად, „შრომის კოდექსში“ ხვრელია ის, რომ დამსაქმებელს შეუძლია, გაგიფორმოთ მოკლევადიანი კონტრაქტი, ყოველთვიურად გაგიგრძელოთ და სამსახურიდან კონტრაქტის ამოწურვის გამო გაგათავისუფლოთ, რის გამოც იმ ერთი თვის ანაზღაურებას ვერ მიიღებთ. არსად წერია, მაგრამ, საჯარო სექტორში დამკვიდრებულია ასეთი წესი: ახალი ხელმძღვანელი მოუწოდებს თანამშრომლებს, დაწერეთ განცხადებები გათავისუფლების შესახებო, შემდეგ კი სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე ათავისუფლებს თანამშრომლებს და ისინი იმ ორი თვის ხელფასს ვერ იღებენ.
– პედაგოგთა დიდი შემცირება იგეგმება. მათ თუ იცავს რაიმე კანონის მსგავსი?
– პედაგოგები „შრომის კოდექსს“ ექვემდებარებიან. უკვე მზადაა შესამცირებელთა სია, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება სექტემბრისთვის, ამიტომ ახლა საჭიროა პროფკავშირების დისკრედიტაცია, რადგან ეს ერთადერთი ორგანოა, რომელიც ამაზე ხმას ამოიღებს. გასულ კვირას უკვე გავიდა საინფორმაციო საშუალებებში პედაგოგთა პროფკავშირებზე ნეგატიური სიუჟეტები, ამის შემდეგ თქვენს მონა-მორჩილზეც შეიძლება, ითქვას ან დაიწეროს, რომ ნარკოტრეფიკინგის ქსელში ვსაქმიანობ. ჯერ ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას მოახდენენ და შემდეგ შეამცირებენ პედაგოგებს.
– შევადაროთ ფეხმძიმე ქალების ჩვენთან არსებული შრომითი უფლებები, ანუ უუფლებობა, აი, იმ ევროპული ქვეყნების ანალოგიურ გამოცდილებას, რომლებსაც, თურმე, რაღაც საკითხებში უკვე გავუსწარით.
– არ მოვიტან ძალიან განვითარებული ქვეყნების მაგალითებს.
– რატომ? გული ძალიან გაგვისკდება?
– საერთოდ, ძნელია ევროკავშირის ქვეყნების დაყოფა განვითარებულებად და განუვითარებლებად, მაგრამ, საფრანგეთისა და გერმანიის სოციალური გარანტიები მაინც განსხვავდება ლიტვის ან ლატვიის სოციალური დაცვის სისტემისგან. მაგალითად, ლიტვაში დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ქალბატონს ერთი წლის განმავლობაში ხელფასი 100 პროცენტით უნარჩუნდება; მეორე წელს, თუ ისურვა დეკრეტული შვებულების გაგრძელება, იღებს ხელფასის 80 პროცენტს; თუ მესამე წელსაც გააგრძელა შვებულება – ხელფასის 60 პროცენტს აიღებს და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილიც უნარჩუნდება. ამასთან, დეკრეტული შვებულების აღება შეუძლია როგორც დედას, ისე მამას.
– ჩვენთან ეს ნორმა არ არის?
– არა. ავიღოთ, თუნდაც, რუსეთის მაგალითი. იქ დაახლოებით 9 000 ამერიკული დოლარი ეძლევა ქალს თითოეული გაჩენილი ბავშვისთვის და სხვა თემაა, რომ ფეხმძიმე ქალისთვის დაწესებული ტარიფები უფრო დაბალია.