მაქსიმ შევჩენკო: „საქართველო, პეტერბურგი და მოსკოვი იყო რუსეთის იმპერიის სამი მთავარი პოლიტიკური ცენტრი“
ქართველი პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ბუშის ადმინისტრაციისთვის საქართველო რუსეთთან დაპირისპირების საშუალების როლს ასრულებდა (ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამ ჩვენს ქვეყანას ანკესზე წამოგებულ ჭიაყელასაც ადარებს). მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ ბარაკ ობამას ჯერჯერობით ანკესი არ სჭირდება (რა თქმა უნდა, რუსულ ზღვაში გადასასროლად), შესაბამისად, არც ჭიაყელებია აქტუალური. რა ფუნქცია აქვს (თუ უკვე აღარც აქვს) „გადატვირთვაში“ საქართველოს, ამის გაგებას მაქსიმ შევჩენკოსგან შევეცდებით.
– საქართველო მართლაც იქცა გადატვირთვის მსხვერპლად, როგორც ეს „ნიუსვიქმა“ დაწერა?
– დიდწილად ეს ასეა. საქართველოში უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს „რესპუბლიკელებისა“ და ჯორჯ სოროსის ინტერესები. ამიტომ, უკრაინისგან განსხვავებით, სადაც ტიმოშენკო და იუშჩენკო იყვნენ „რესპუბლიკელების“ პარტნიორები და ისინი „რესპუბლიკელების“ პოლიტტექნოლოგებმა შექმნეს, როგორც რუსეთთან დაპირისპირების საშუალებები, საქართველოსთან მიმართებაში ვითარება უფრო რთულია. მართალია, პირადად სააკაშვილი არ არის ახლოს ობამასთან, რადგან ის მაკქეინის მეგობარია, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ბევრი ისეთი ფიგურაა, რომლებსაც შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობის დამყარება „დემოკრატებთან“ და, კერძოდ, ობამასთან.
– ქართულ ელიტაში რა იგულისხმეთ: ხელისუფლების ნაწილი თუ ოპოზიცია?
– მხედველობაში მაქვს ხელისუფლების ნაწილიც და ოპოზიციაც.
– საქართველოში რთული ვისთვისაა ვითარება: რუსეთისთვის, თავად საქართველოსთვის თუ ამერიკისთვის?
– უპირველესად, რთულია ქართველი ხალხისთვის, რადგან საქართველოს ელიტამ ისე აგრესიულად დაიწყო მოქმედებები, რომ, ფაქტობრივად, გაწყვიტა ყველა მოლაპარაკების პროცესი ოსებთან და აფხაზებთან. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, ეჩხუბა რუსეთთან და მიაღწია იმას, რომ საქართველო აღარ არის დსთ-ის წევრი და გაწყვიტა ყველა ხელშეკრულება რუსეთთან. სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიღწევაა, რომ ქართული ღვინო და „ბორჯომი“ არ იყიდება რუსეთში. მე მგონია, ბატონი სააკაშვილი ძალიან ნიჭიერია იმ თვალსაზრისით, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები რუსეთთან და თავისი პირადი დამოკიდებულება ექცია ქვეყნის პოლიტიკად, მაგრამ ქართული პოლიტიკური ელიტა გაცილებით რთული ფენომენია. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ისეთებიც, რომლებსაც უყვართ სააკაშვილი და ისეთებიც, რომლებსაც სძულთ სააკაშვილი, მართალია, რუსი ვარ, მაგრამ ქართველების ფსიქოტიპი ჩემთვის მაინც გასაგებია.
– კერძოდ?
– თითოეული ქართველი საკუთარ თავს მიიჩნევს თავადად და მნიშვნელოვან პერსონად, განსაკუთრებით, თუ ის განათლებულია და აქვს ფული. ეს თავისებურ ფსიქოლოგიურ საფუძველს უქმნის ქართულ მენტალიტეტსა და ქართველ საზოგადოებას. სააკაშვილი მხოლოდ ზედაპირული ნაწილაკია, რომელსაც პოლიტიკური ტალღები ათამაშებს, ქართველი ელიტა კი უფრო მრავალფეროვანია და ეძებს კარგ პერსპექტივებს. ამდენად, საქართველოში ყოველთვის მოიძებნებიან მოთამაშეები, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა კალათაში მოათავსონ ბურთები. საერთოდ, ქართველი ყოველთვის ქართველად რჩება, ვისზეც არ უნდა თამაშობდეს. საქმე ისაა, რა საჭირო იყო რუსეთთან ურთიერთობის ასე გამწვავება, თუ მაინც გახდებოდა საჭირო ამ ურთიერთობის მოწესრიგება?! ამიტომაც ვამბობ, სააკაშვილის პოლიტიკა არის ქუჩის ფსიქოპათიის გაგრძელება, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკელი პარტნიორები.
– ნაწილაკია თუ არა, სააკაშვილი მაინც ზედაპირზე და ზემოთაა?
– სააკაშვილი არის საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული წრის ადამიანების სახე. ავიღოთ იგივე ნოღაიდელი: ის შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი გადატრიალების ერთ-ერთი ავტორია. რა განსხვავებაა მასა და სააკაშვილს შორის? მაქვს ეჭვი, რომ ნოღაიდელსა და სააკაშვილს შორის არის დიალოგი და ნოღაიდელის მთელი ოპოზიციონერობა თამაში და ბიზნესია. ქართველი საზოგადოება და ელიტა გაცილებით უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ღრმა განხეთქილება ქართული პოლიტიკური სცენის მოთამაშეებს შორის არ არის და მე ამას ნათლად ვხედავ.
– სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის ის განსხვავებაა, რომ ნოღაიდელი ხვდება პუტინს, სააკაშვილს – არა? არასაკმარისი განსხვავებაა?
– სააკაშვილსაც ხვდებოდა პუტინი, მერე რა?! იყო დრო, როდესაც სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთს ხვდებოდნენ დახურულ კარს მიღმა და კმაყოფილი სახეებით გამოდიოდნენ; იყო დრო, როდესაც სააკაშვილი ამაყობდა, რომ ის პუტინმა მიიღო. არის განსხვავება?!
– არ ვიცი. ობამასა და მედვედევს შორის აქტიური ურთიერთობაა, მედვედევი უკვე მეორედ ჩადის ვაშინგტონში. ამბობენ, რომ ობამა რუსეთის გამოკვეთილ პირად მედვედევს აღიარებსო. ეს აღიზიანებს პუტინს?
– საქმე ის არის, რომ მედვედევია რუსეთის ხელისუფლების პირველი პირი.
– მაგრამ, როგორც ამბობენ, ფორმალურადაა პირველი პირი, რეალურად კი პირველი პირი პუტინია.
– მერწმუნეთ, ეს ასე არ არის! მათ შორის ძალიან კონსტრუქციული დიალოგია. რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტია და დიმიტრი ანატოლიევიჩი, დამიჯერეთ, საკმაოდ ხისტი და მკაცრი პიროვნებაა, როდესაც საჭიროა, იღებს კიდეც ხისტ და სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, არ არის საჭირო „ნედოოცენივატ ეგო“. არ დაუჯეროთ იმას, რასაც წერენ ინტერნეტში. მედვედევი დამოუკიდებელი პოლიტიკოსია და მან იცის, რომ პუტინთან თანამშრომლობა რუსეთის სტაბილურობისა და განვითარების გარანტია.
– ესე იგი, ობამას სწორად განუსაზღვრავს პრიორიტეტი.
– ობამა პრეზიდენტია და ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან. გარდა ამისა, მედვედევი მართავს ბირთვულ ღილაკს და არა პუტინი. ასე რომ, ბუნებრივია, ობამა სწორად იქცევა, მაგრამ მას, ასევე, ესმის, რომ პუტინი არის და დარჩება გავლენიან ფიგურად რუსულ პოლიტიკურ სივრცეში.
– თქვენი შეფასება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მედვედევი შეიძლება, პუტინის კონკურენტი გახდეს?
– არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას. ორივე ერთი პარტიის ლიდერია, მაგრამ, შესაძლოა, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინოს კანდიდატებად. მედვედევმა, შესაძლოა, სხვა პარტია აირჩიოს ან „ედინაია როსიასგან“ შეიქმნას ახალი პარტია. თუ ეს მოხდება, საინტერესო პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება, რადგან ორივე ძლიერი და საინტერესო პიროვნებაა. მათ ჰყავთ თავიანთი მომხრეები: ნაწილს პუტინი უფრო მოსწონს, ნაწილს – მედვედევი. ეს ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული თანამშრომლობაა.
– შევარდნაძემ მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ სწორედ პუტინსა და სააკაშვილს შორისაა დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ, არა მედვედევსა და სააკაშვილს შორისო. ეს ნიშნავს, რომ მედვედევი უფრო ხელსაყრელი პარტნიორია საქართველოს ხელისუფლებისთვის?
– „ჩტობი ვი ნე ობოლშჩალის“, შეგახსენებთ, რომ სწორედ დიმიტრი ანატოლიევიჩმა გასცა ბრძანება რუსეთის ჯარის საქართველოში შეყვანის შესახებ.
– „ია ნე ობოლშჩაიუს“, უბრალოდ, შევარდნაძის სიტყვებს ვიმეორებ.
– ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც გასცა ომის დაწყების ბრძანება და აღიარა „იუჟნაია ოსეტია“ და აფხაზეთი. მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილება მისთვის არავის მოუხვევია თავს, ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო.
– გადაწყვეტილება მიიღო მედვედევმაო, მაგრამ, სულ ახლახან, სწორედ ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ, თურმე, რუსეთს „მისტრალი“ საქართველოსთვის არ სჭირდება?
– მე ხომ არ ვფლობ საიდუმლო ინფორმაციას?! თუ ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც ხელი მიუწვდება ბევრ ინფორმაციაზე, ესე იგი, ასეა. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთს არ სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღება, რადგან საქართველო არ არის რუსეთის მტერი. საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება მოგვარდეს ომისა და ძალადობის გარეშე.
– სულ ახლახან ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთი ასეთი განცხადებაც გააკეთა: თბილისიდან 20 კილომეტრში იმიტომ გაჩერდა რუსეთის ჯარი, რომ, უბრალოდ, არ უნდოდათ თბილისში შემოსვლა. ვის გასაგონად თქვა ეს? უფრო რომ შეგვეშინდეს? ისევ დაიძვრება, თუ ცუდად მოიქცევითო?
– უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს მტერი არ არის. რუსი ჯარისკაცები არასდროს იყვნენ ქართველების მტრები. გაგახსენებთ, რომ რუსმა ჯარისკაცმა იხსნა საქართველო ირანის შემოსევებისგან.
– მაქსიმ, ჩვენ ეს გვახსოვს, დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ.
– გაგახსენებთ, რომ სწორედ რუსი ჯარისკაცების სისხლი იღვრებოდა თანამედროვე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე, ამიტომ, რუსეთის ჯარი თბილისამდე რომ მისულიყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსის ჯარს სიხარულითა და სიმპათიით შეხვდებოდა, იმიტომ რომ, ადამიანების უმეტესობისთვის რუსეთის ჯარი საბჭოთა ჯართან ასოცირდება.
– ძალიან ცდებით!
– შეიძლება, ვცდები, მაგრამ, ასე მგონია. გორში, ზუგდიდში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ, ადგილობრივი გლეხები მათ აჭმევდნენ, აძლევდნენ ღვინოს, ჭაჭას, ბევრი ამბობდა, რა კარგია, რომ მოხვედითო.
– მოსახლეობას ეშინოდა – ეს ხომ მტრის ჯარი იყო!
– ნუთუ ჩვენ იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ ქართველებს რუსი ჯარისკაცების ეშინიათ?! ქართველებს არასდროს ეშინოდათ რუსი ჯარისკაცების. რუსი ჯარისკაცი ყოველთვის იცავდა ქართველებს მთიელთა თავდასხმებისგან. რა უნდა შეცვლილიყო ქართველების ცნობიერებაში ისე, რომ რუსი ჯარისკაცი შიშთან ასოცირებულიყო?! თქვენ ამეტებთ, ნინო.
– დამერწმუნეთ, არ ვამეტებ.
– რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, მათ სერიოზული პოზიციები აქვთ რუსულ ისტებლიშმენტში და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, არ შევსულიყავით თბილისში, თორემ, არანაირი წინააღმდეგობა არ გვქონდა, მენდეთ.
– გენდობით, უბრალოდ, არ მესმის, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური დღეს?
– ძალიან გამწვავდა ვითარება ახლო აღმოსავლეთში: კორეა, ირანი, ისრაელი. სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება, ამიტომ, მგონია, ამ განცხადებით პრემიერმა ყველას შეახსენა, რომ რუსეთის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია, მაგრამ, ამავდროულად, ის არის არმია, რომელიც მზადაა, გამოავლინოს კეთილი ნება და ის არ არის ქართველი ხალხის მტერი. თუ ვინმეს გაუჩნდა ილუზია, რომ საქართველოს მეშვეობით ან რუსულ-ქართული დაპირისპირების ზონაში პროვოკაციის მოწყობით აკონტროლოს ნავთობის ფასი, ცდება, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული რუსული სამხედრო დაჯგუფება კარგ საბრძოლო მზადყოფნაშია.
– ალბათ, იცით, რომ ქართული პარლამენტი აპირებს ჩერქეზების გენოციდის აღიარებას. რას იტყვით?
– ჩერქეზების მასობრივი განადგურება კავკასიური ომის დროს რეალური ისტორიული ფაქტია, მაგრამ, მე გაგახსენებთ, რომ სწორედ საქართველო იყო კავკასიური ომის ინიციატორი და სწორედ საქართველომ ჩაითრია რუსეთი კავკასიურ ომში.
– მაქსიმ, რას ამბობთ?!
– ქართული ელიტა აწვდიდა ოფიცერთა კადრებს რუსეთის არმიას და სწორედ ქართველი არისტოკრატები იბრძოდნენ ჩრდილოკავკასიელების წინააღმდეგ.
– საქართველოს ელიტა ეხმარებოდა რუსეთის იმპერიას, იმიტომ, რომ თავისი ანგარიშები ჰქონდა ჩრდილოკავკასიელებთან, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველომ ჩაითრია რუსეთი კავკასიურ ომში, სრული აბსურდია!
– საქართველო არა მხოლოდ ეხმარებოდა, არამედ, ქართველები იყვნენ რუსეთის არმიის ძირითადი ბირთვი. ასე რომ, როდესაც ჩერქეზების გენოციდს აღიარებს, საქართველო ნუ ემიჯნება რუსეთის იმპერიას. რუსეთის იმპერიამ, რა თქმა უნდა, საშინელი დანაშაულები ჩაიდინა კავკასიური ომის დროს, მაგრამ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიის ორგანული ნაწილი იყო. ყველა ქართველი ოფიცერი იყო რუსეთის მეფის არმიის ოფიცერი, ასე რომ, მათ ისეთივე პასუხისმგებლობა აქვთ, როგორიც რუსეთის იმპერიას. ამდენად, ჩერქეზების გენოციდის აღიარებისადმი ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს ისტორიული სიმართლეა. გაგახსენებთ, საქართველო არ ყოფილა კოლონია, ის იყო იმპერიის გული, ქართული ელიტა იმპერიას სამხედრო არისტოკრატიას აძლევდა. ასე რომ, საქართველოს ისეთივე პასუხისმგებლობა აქვს ჩერქეზების გენოციდზე, როგორც პეტერბურგსა და მოსკოვს. საქართველო, პეტერბურგი და მოსკოვი იყო რუსეთის იმპერიის სამი მთავარი პოლიტიკური ცენტრი.
– მაგრამ, იურიდიულად, დღევანდელი რუსეთია როგორც რუსეთის იმპერიის, ისე საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე?
– საქართველო არის რუსეთის იმპერიის ყველა მოქმედების მემკვიდრე. ბოლოს და ბოლოს, იმპერიას ქართველი ხელმძღვანელობდა, რასაც, რატომღაც, აღარ იხსენებენ ქართველები.
– არის საქართველო ფაქტორი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში თუ მხოლოდ გასაცვლელი მონეტაა?
– ჩემი აზრით, საქართველო არასდროს იქნება გასაცვლელი მონეტა. რუსეთს შესანიშნავად ესმის, რომ საქართველო კავკასიის გასაღებია. ვისთანაც არის საქართველო, სწორედ მას აქვს კავკასიის სტაბილიზაციის შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო რუსეთის მეგობარი იყოს. თუ საქართველო უფრო მეგობრულად განეწყობა რუსეთისადმი, ის ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
– ამბობთ, რომ საქართველო კავკასიის გასაღებიაო, მაგრამ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკვე რუსეთისაა და მაინც სჭირდება რუსეთს დანარჩენი საქართველო გასაღებად?
– საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვყოფთ კავკასიას რეგიონებად. ჯერ ერთი, სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ „იუჟნაია ოსეტია“ რუსეთის გავლენის ქვეშაა. რაც შეეხება აფხაზეთს: იქ სხვა სიტუაციაა. აფხაზეთით დაინტერესებულია არა მხოლოდ რუსეთი, თურქეთიც, მაგრამ ამჯერად მე ვლაპარაკობ საქართველოს გულზე. თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ თქვა, რომ, სადაც ქართულად აღესრულება წირვა-ლოცვა, ის არის საქართველოო. ჩემი აზრით, აი, ეს არის საქართველოს ზუსტი განმარტება. დღეს სააკაშვილს უნდა, რომ მართლმადიდებელი ქართველი ნაციის ბაზაზე შექმნას ქართული ლიბერალური ნაცია, მას უნდა, რომ სიძულვილის ღობით შემოფარგლოს საქართველო და აქციოს კავკასიის ისრაელად. ჩვენ კი სხვანაირი საქართველო გვინდა. მე ვფიქრობ, რომ მართლმადიდებელი საქართველო და აფხაზეთი გამონახავენ საერთო ენას, მაგრამ სააკაშვილის საქართველო და აფხაზეთი საერთო ენას ვერ გამონახავენ.
– როგორ არის ძალები გადანაწილებული სამხრეთ კავკასიაში: რა დოზითაა წარმოდგენილი რუსეთის, დასავლეთის, ამერიკისა და თურქეთის ინტერესები?
– რუსეთი ძლიერადაა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ქართულ პოლიტიკაშიც. ჯერ ერთი, რუსეთში ცხოვრობს ყველაზე დიდი ქართული დიასპორა, მეტიც, ყველაზე მდიდარი ქართველები სწორედ რუსეთში ცხოვრობენ და არა ამერიკაში. ამასთან, რუსეთს მაინც ყველაზე მეტი გავლენა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არხები გადაკეტილია. ამერიკა მუშაობს მათზე, ვინც „თავისუფლების ინსტიტუტშია“. აშშ ორიენტირდება ელიტაზე, რუსეთი – კულტურულ, ისტორიულ და ეკლესიურ კავშირებზე. თურქეთი საქართველოს უახლოესი მეზობელია, თურქეთთან გახსნილია საზღვარი და საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს ყველაზე მეტი ტვირთბრუნვა, მაგრამ თურქეთს მაინც არ შეუძლია აფხაზეთის მიტოვება. იცით, რომ თურქეთში ბევრი აფხაზი ცხოვრობს. ერთი სიტყვით, რთული გორგალია, რომელიც უნდა გავხსნათ, რომ კიდევ უფრო არ ჩაიხლართოს.
– ნოღაიდელი და ბურჯანაძე გახსნიან ამ გორგალს?
– მათ ზუსტად ასეთივე კონტაქტი აქვთ მიხეილ სააკაშვილთან, უფრო მჭიდროც კი, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, ნოღაიდელს. ამიტომ, მგონია, რომ პოტენციალი არ ეყოფათ, რადგან პაიკები არიან.
– არ ვაპირებდი ამის კითხვას, მაგრამ, მაშინ, რატომ ხვდება პუტინი?
– ვიღაცას ხომ უნდა შეხვდე, რომ რაღაც კონტაქტი გქონდეს?! ჩვენ ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს აღვიქვამთ, როგორც ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილს.