პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად ბოდიში მოიხადა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებას 1972 წლის „წითელი კვირის“ გამოძიების შედეგები გააცნო, ოფიციალურად მოიხადა ბოდიში. კამერონის განცხადებით, ინგლისელი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმართ ცეცხლის გახსნა, ყოვლად დაუშვებელი და გაუმართლებელი იყო. 1972 წლის 30 იანვარს, კვირა დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერიში ბრიტანეთის პირველი საპარაშუტო ბატალიონის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ჩრდილოირლანდიელების უფლებების დასაცავად ქუჩაში იყვნენ გამოსულნი. ამ შემთხვევას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 7 სკოლის მოსწავლე იყო და ისტორიაში ის „წითელი კვირის“ სახელით შევიდა. გამოძიება ჯერ კიდევ ტონი ბლერის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო დაწყებული 1998 წელს და მხოლოდ ახლახან დასრულდა.
ამერიკის ექს-პრეზიდენტი სექსუალური ორგიების მონაწილე აღმოჩნდა
„ეფბეერის“ რამდენიმე საქმეს ახლახან მოეხსნა სტატუსი „გრიფით საიდუმლო“ და ცნობილი გახდა ედვარდ კენედის საიდუმლო საქმის დეტალები. აღმოჩნდა, რომ 60-იანი წლების დასაწყისში მაფია ძმებ კენედების სახელის შელახვას ცდილობდა და მათ ამის გაკეთების რეალური საფუძველი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი და მისი ძმები სექსუალური ორგიების მონაწილეობაში იყვნენ შემჩნეული მერლინ მონროსთან, ფრენკ სინატრასთან, მსახიობ პიტერ ლოუფორდთან და სხვა ნაკლებად ცნობილ ადამიანებთან. ორგიების მოწყობის სავარაუდო ადგილად მოხსენიებულია სასტუმრო „კარლაილის“ საპრეზიდენტო აპარტამენტები, სადაც მონროს და ჯონ კენედის, მაფიის ინფორმატორების თქმით, არაერთი ღამე გაუტარებიათ.
ტიმოშენკო იანუკოვიჩს ჩოგბურთითა და გოლფით გატაცებას უწუნებს
უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, ქვეყნის ახლანდელ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს სამუშაო დროის არასწორად გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, იანუკოვიჩი სამსახურში მხოლოდ 5 საათს ატარებს, ის დილის 10-ზე შედის კაბინეტში და იქიდან დღის სამ საათზე გამოდის, დანარჩენ დროს კი დასვენებაში, გოლფისა და ჩოგბურთის თამაშში ატარებს. გარდა ამისა, ტიმოშენკომ სახელმწიფო ტელევიზიებიც გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით პრეზიდენტს „საქმიან იმიჯს“ უქმნიან. სხვათა შორის ჩოგბურთით გატაცება იანუკოვიჩს თავის დროზე მძიმე ტრავმად დაუჯდა, 2007 წელს ერთ-ერთი თამაშის დროს მან მენისკი დაიზიანა და შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა რუსეთში, კერძოდ ალტაის მხარეში.
გერმანელები ანგელა მერკელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან
გერმანული ელიტის თითქმის მთლიანი შემადგენლობა – ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის მმართველი კადრების 92 პროცენტი უკმაყოფილოა ანგელა მერკელის კანცლერის პოსტზე მუშაობით. ანსბაჰის დემოსკოპიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა სოციალურმა გამოკითხვამ, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება 1988 წლიდან, აჩვენა, რომ გერმანული პოლიტიკის უმრავლესობა მიიჩნევს ანგელა მერკელს სუსტ კანცლერად. ნდობის ფაქტორი მის მიმართ ყოველდღიურად დაბლა იწევს. გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტია კმაყოფილი მერკელის კაბინეტის მუშაობით, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, დროა ქვეყანას ახალი კოალიციური მთავრობა ჩაუდგეს სათავეში.
ლუკაშენკოს 17-ათასდოლარიანი მაჯის საათი აღმოუჩინეს
ერთ-ერთმა ბელორუსმა ბლოგერმა, თავის ვებ-გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მაჯის საათია დაფიქსირებული. აღმოჩნდა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ძვირად ღირებული საათების მარკების მოყვარულია და ამჟამად მის მაჯას 17 ათას დოლარად ღირებული „პატეკ ფილიპის“ საათი ამშვენებს. „პატეკ ფილიპის“ საათებს ლუკაშენკოს გარდა უპირატესობას ვლადიმირ პუტინი, ანატოლი ჩუბაისი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ანიჭებენ. აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო პუტინის მსგავსად საათს მარჯვენა ხელზე ატარებს. საინტერესოა, რომ ძვირად ღირებული საათებით მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილიც არის გატაცებული. უკრაინაში ვიზიტის დროს პატრიარქს ხელზე „ბრეგოს“ მარკის საათი ეკეთა, რომლის ფასი 28-36 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს.