რამ გააღარიბა ქართული გენოფონდი და რატომ თრგუნავენ ჩვენს გენოტიპში ხარისხიან გენებს უხარისხო გენები
წინაპრების ხასიათისა და ქცევის რა თვისებები გამოჰყვათ გენეტიკურად თანამედროვე ქართველებს; რა გავლენა მოახდინა ჩვენს გენებზე ისტორიის განმავლობაში თავს დამტყდარმა უბედურებებმა; არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მოგვევლინოს დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, გიორგი ბრწყინვალე; და, ბოლოს და ბოლოს, ვართ თუ არა დღევანდელები ის ქართველები, რომელთა ვაჟკაცობასა და გმირობაზე უცხოურ მატიანეებშია მოთხრობილი. ამ საკითხებზე სასაუბროდ, ბუნებრივია, ქართველ გენეტიკოსებს მივაკითხეთ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის გენეტიკის მიმართულების ვერც ერთი თანამშრომელი ჩართულ დიქტოფონთან საუბარზე ვერ დავითანხმეთ, ზოგი მოუცლელობის, ზოგიც – სხვა მიზეზთა გამო, მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში საკმაოდ საინტერესოდ და კომპეტენტურად მსჯელობდნენ. ამიტომაც ნაცადი ჟურნალისტური ხერხი გამოვიყენეთ და დიქტოფონი რესპონდენტისთვის შეუმჩნევლად ჩავრთეთ. მართალია, რესპონდენტის ვინაობას არ გაგიმხელთ, სამაგიეროდ, მის საუბარს სიტყვა-სიტყვით მოგახსენებთ.
– რას ამბობს გენეტიკა, როგორც მეცნიერება, თანამედროვეები ვართ ისეთი ქართველები, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები, თუნდაც, დიდგორის ბრძოლის ველზე, ბახტრიონის ციხის აღებისას?
– გენოტიპის მიხედვით, რა თქმა უნდა, ის ქართველები ვართ. მე არ ვიცი, ისტორიის განმავლობაში რამდენი ხალხის სისხლი შეგვერია, მაგრამ გენოტიპი ძალიან რთული სისტემაა. შეიძლება, ვატარებდეთ გენებს, რომლებიც განაპირობებს ამა თუ იმ ფიზიკურ ნიშანს, გნებავთ, ინტელექტუალურ თავისებურებებს, მაგრამ ამ გენებს ყოველთვის შეიძლება, არც მიეცეს გამოვლენის საშუალება. ჯერ ერთი, ამა თუ იმ გენს გენოტიპმა, რომელსაც ინდივიდის თითოეული უჯრედი ატარებს, უნდა მისცეს გამოვლენის საშუალება და, გარდა ამისა, ნებისმიერი ნიშანი ეს არის გარემოსა და გენოტიპის ურთიერთქმედების შედეგი. ესე იგი, ფორმირდება გარემოსა და გენების ურთიერთქმედებით. როდესაც ვლაპარაკობთ ისეთ ნიშნებზე, როგორიცაა ინტელექტი, ქცევა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ გარემოს. ერთი და იგივე ნიშანი სხვადასხვა გარემოში შესაძლოა, სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. მაგალითად, კრიმინალურ გარემოში გაბედულება სხვანაირად გამოვლინდება, სამხედრო საქმეში – სხვაგვარად, აქ გაბედულება გამოიხატება სიმამაცესა თუ თავდადებაში. მეორე მხრივ, შეიძლება, ადამიანი ცუდ გარემოში, სოციალურად საშიშ წრეში იყოს, მაგრამ კარგი თვისებები მაინც შეინარჩუნოს და გამოავლინოს. საკმაოდ ტრივიალურ მაგალითს მოგიყვანთ: ჩატარდა ცდა, ადამიანებს უშვებდნენ ოთახში, სადაც დიდი რაოდენობით ფული იდო და ვერავინ გაიგებდა, აიღებდა თუ არა ვინმე ამ ფულს. ზოგმა აიღო, ზოგმა – არა. ესეც გენოტიპზეა დამოკიდებული: ზოგი აძლევს ამის უფლებას თავის თავს, ზოგი – არა. ამდენად, ადამიანებს აქვთ ერთადერთი რამ – თავისუფალი ნება და მეტი არაფერი; დანარჩენი: ნიჭიერება, პოეტური იქნება ეს, მუსიკალური თუ სხვა, მონიჭებულია, ესე იგი, ჩვენი არ არის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ თავისუფალი ნება, რომელიც ყოველ წუთს გვაყენებს არჩევნის წინაშე: თუნდაც, სიმამაცე შეიძლება, გამოვიჩინოთ, შეიძლება – არა და ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ადამიანმა, თუ მთლად ნამუსგარეცხილი არ არის, ყოველთვის იცის, რა არის ცუდი და რა – კარგი. ყველა ადამიანს აქვს სინდისი და ამიტომაც ვიცით, რაიმეს სწორად ვაკეთებთ თუ მცდარად.
– გენიოსები, როგორებიც იყვნენ: დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე მაკედონელი, შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, შექსპირი და სხვები, საიდან ჩნდებიან, გენები გროვდება და ამოიფრქვევა თუ გენიოსები უცბად, არაფრისგან ჩნდებიან?
– ცარიელ ადგილზე, რასაკვირველია არაფერი ჩნდება. ძალიან რთულია იმის თქმა, გამორჩეული თვისებები: ლიდერობისკენ სწრაფვა, სტრატეგიული ნიჭი, პოეტური ნიჭი, ფილოსოფიური ნიჭი, რამდენად გადადის შთამომავლობით. ეს ყველაფერი მაინც ნიჭია, მონიჭებულია. ამა თუ იმ პოპულაციაში ერთი და იმავე ნიშნის განმსაზღვრელი ძალიან ბევრი გენი ტრიალებს. ეს ნიშანი შეიძლება, იყოს ფიზიკური, გარეგნული.
– მაგალითად, ქართველებს ცოტა დიდი და კეხიანი ცხვირი გვაქვს.
– ეს ერთი გენითაა განპირობებული. მაგრამ არის რაღაც ისეთი თვისებები, რომლებსაც ერთი გენი კი არ განაპირობებს, არამედ – მრავალი. როგორც წესი, პიროვნული ხასიათის ნიშნების, ნაწილობრივ ინტელექტის, ქცევის თავისებურებების ჩამოყალიბებაში მრავალი გენი იღებს მონაწილეობას და ეს მრავალი გენი პოპულაციაში მრავალი სახით არსებობს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელს მიიღებს პიროვნება, რამდენად გაერთიანდება მის გენოტიპში ეს გენები და რამდენად მისცემს მათ სხვა გენები გამოვლენის საშუალებას. თორემ ცარიელ ადგილზე არავინ და არაფერი ჩნდება.
– ესე იგი, მარტივად რომ ვთქვათ, გიორგი ბრწყინვალის გენები ასე მიმოფანტულია ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედში და უბრალოდ სხვა გენები არ აძლევს მათ ჯერჯერობით გამოვლენის საშუალებას?
– მთლად გიორგი ბრწყინვალის არა, მაგრამ შეიძლება, მიმსგავსებული გენები იყოს და სხვა გენები არ აძლევდეს გამოვლენის საშუალებას. მაგრამ შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, გიორგი ბრწყინვალე ძალიან გამორჩეული პიროვნებები იყვნენ, როგორც თომას მანი ამბობს „დოქტორ ფაუსტუსში“: ისინი გამტარებელი ადამიანები არიან.
– ყველანაირი ლოგიკით, წარმოუდგენელია, როგორ დაწერა 16 წლის ბარათაშვილმა „ფიქრნი მტკვრის პირას“?
– გავიხსენოთ ჰაინეს მაგალითიც, ლერმონტოვი... როდესაც ასეთ ადრეულ ასაკში ასე ღრმა ფილოსოფიურად წერ, ეს აშკარად მონიჭებულია. გნებავთ, გავიხსენოთ, რა ადვილად წერდა მოცარტი. უამრავი ასეთი მაგალითია და არა მხოლოდ ქართველებში. ისიც ფაქტია, რომ სხვებზე ნაკლები კი არა, ბევრიც გვყოლია გამორჩეული პიროვნება. მიჭირს, დავასახელო რუსთაველისნაირი მსოფლიო პოეზიაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართველებს, ვინც გვყავს და რაც გვაქვს, ეს მხოლოდ ქართველისთვისაა გასაგები. ჩვენ შექსპირიც წაგვიკითხავს, მოლიერიც, სხვებიც; გავიგეთ მათი და გვესმის, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი თარგმნილია, თარგმანით მის სიღრმეს მაინც ვერავინ ჩაწვდება ბოლომდე, ისე, როგორც ქართველი. გაიხსენეთ ლაზარეს სახარებისეული ამბავი, ყველაფერი ქართული სხვებისთვის თითქოს დამარხულია, გაცხადებული არ არის.
– და, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა: გვესმის მსოფლიო შედევრებიც და საკუთარიც. ხშირად მიფიქრია, რატომ მოხდა, რომ რუსთაველი, ვაჟა, გალაკტიონი წერდნენ ქართულად, რატომ დაუმალა ღმერთმა დანარჩენ კაცობრიობას ისინი?
– ალბათ, იმიტომ რომ რაღაც დრომდე დამცრობილი უნდა ვიყოთ. ბევრ ქართველში დევს ამპარტავნება, რასაც, რატომღაც, ზოგჯერ სიამაყეს ვუწოდებთ და დადებით თვისებად მივიჩნევთ. არადა ამპარტავნება ღუპავს ერებს. ღვთის რჩეული ერი იყო ებრაელები, მაგრამ მესია ვერ მიიღეს და დღემდე ელოდებიან. ეტყობა, მათი გაგებით, მესია უნდა ყოფილიყო მეფე, ძლიერი და ბაგაში დაბადებული, მათ შორის გაზრდილი მეუფე ვერ აღიქვეს. ესეც თავისებური ამპარტავნებაა. ალბათ, ქართველებიც კიდევ უფრო დამცრობილი ვიქნებით, მაგრამ რაღაც მაინც გვაქვს ისეთი, რის გამოც დღემდე მოვაღწიეთ. როგორც ჩანს, ჰქონდათ ქართველებს რაღაც თვისებები, რომელმაც შეინარჩუნა ქართველობა. ჩვენ ძალიან წინააღმდეგობრივი ხალხი ვართ: გამორჩეული პიროვნებებიც გვყავდა, გამორჩეული ქმნილებებიც გვაქვს ქართულ ენაზე შექმნილი, მაგრამ, ასევე, გამორჩეულები ვიყავით ცუდი თვისებებითაც. ვინ ჰყიდდა თავის თანამემამულეს ბაზარზე?
– დიახ და ეს თითქმის ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც თანამემამულეებს ასე მასობრივად ყიდდნენ მონების ბაზარზე.
– ამაზე დიდი ცოდვა რა არის?! აი, ასეთი ცოდვის მატარებელი რომ გაამპარტავნდები, ამიტომაცაა შენი დამალული სხვებისთვის. სხვათა შორის, „გენოციდიც“ გენებს უკავშირდება. რუსებმა ახლახან დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ რამდენჯერმე მოხდა რუსი ხალხის გენოციდი და ეს დაუკავშირეს რევოლუციას, კოლექტივიზაციას, 37-იან წლებს. ამას ამტკიცებდნენ რუსი გენეტიკოსები. ჩვენში კი ეს გენოციდი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა: ხდებოდა ქართველების მასობრივი გადასახლება, მათი გაყიდვა, თანაც – საუკეთესოების! ესე იგი, გენოფონდი კარგავდა საუკეთესო გენოტიპებს, რომელთა ხელახლა შექმნას დიდი დრო სჭირდებოდა. თანაც, ლაპარაკია არა მხოლოდ გამორჩეულ მეომრებზე; ინტელექტუალურად გამორჩეულ ადამიანებზე, არამედ მეურნე გლეხებზეც. ქართველებზე, რატომღაც, ამბობენ, თითქოს ზარმაცები არიანო. თუ ზარმაცები იყვნენ, ვინ შექმნა ვაზის ამდენი ჯიში?! ვინ შექმნა ხორბლის ამდენი ჯიში?! კულტურული ხორბლის სამშობლო საქართველოა! ეს ერთხელ დაწერა ვავილოვმა და შემდეგ აღარ გაამეორებინეს, იმიტომ რომ მალავდნენ ამ ამბავს.
– არსებობს ცხვრის, ძროხის, ცხენის, ფუტკრის ქართული ჯიშები.
– სასელექციო მუშაობას დიდი დრო სჭირდებოდა. გნებავთ, გავიხსენოთ, ვენახების ტერასები. ეს ყველაფერი ხომ შრომამ მოიტანა?! ქართველი კაცი მშრომელი იყო, მაგრამ ის მშრომელი მასა, რომელიც დოვლათს ქმნიდა, გადაასახლეს, მათი უმეტესობა დაიღუპა და დავრჩით დიდი რაოდენობით ზარმაცები. ამიტომაც დღეს ამ ზარმაცებმა კარგად აითვისეს ცუდი თვისებები, კორუფციამაც ამიტომ გაიდგა ფესვი. უფრო მეტიც, გენოციდს დღესაც განვიცდით, რადგან ხდება ინტელექტის მასობრივი გადინება. ამასობაში უცხოეთში მეორე თაობაც წამოიზარდა და ისინი სამშობლოდ უკვე საქართველოს კი არა, იმ ქვეყანას აღიქვამენ, რომელშიც ცხოვრობენ. ამიტომ მეორე თაობას, ფაქტობრივად, აქეთ დაბრუნება აღარ უნდა და, ალბათ, არც დაბრუნდებიან.
– არსებობს რაღაც თვისებები, გარდა კეხიანი ცხვირისა, რომლებიც მხოლოდ გენეტიკურად გადაეცემა?
– ადამიანებზე ცდა არავის ჩაუტარებია, მაგრამ ცხოველებში ეს ადვილად დასანახავია. ცდებს ატარებდნენ შავ მელიებზე. ისინი მონოგენურები არიან და მათზე დაკვირვება ადვილია. ერთი გენით განპირობებული ნიშნით: ერთი ტიპი მამაცია, მეორე – ლაჩარი და მესამე – ლაჩარი, რომელიც ინიღბება აგრესორად, ოღონდ, თუ ძალა შეხვდა, უკან იხევს. დაკვირვებით კარგად ჩანს, როგორ გადადის ეს თვისება თაობიდან თაობაზე. ესეც უფალმა ჩადო. იცით, რომ ინსტინქტი არის სახეობისთვის დამახასიათებელი ქცევა და ეს არის უდიდესი საოცრება: ყველა სახეობას აქვს მისთვის დამახასიათებელი ქცევა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამრავლებას, გადარჩენას, გარემოსთან შეგუებას, შთამომავლობის მოცემას და ასე შემდეგ.
– ადამიანებს აქვთ ასეთი ინსტინქტი?
– ადამიანებში სხვა ფაქტორები თრგუნავს ინსტინქტებს და მიიჩნევა, რომ ჩვენ ინსტინქტებზე მაღლა უნდა ვიყოთ. მაგალითად, ცხოველებში ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტია საკუთარი ტერიტორიის დაცვა: ისინი უცხო სახეობის ცხოველს არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვებენ. ეს ევოლუციურად ერთ-ერთი სასარგებლო და უძველესი ინსტინქტია, ერთუჯრედიანების დონეზეც კი. არის ერთუჯრედიანების სახეობა, ისინი ერთად ცხოვრობენ, კოლონიად და სხვა კოლონიიდან რომ მოუახლოვდეს ვინმე, აგდებენ და კლავენ მსუსხავი უჯრედებით. ანუ ერთუჯრედიანსაც კი აქვს ეს ინსტინქტი და რაღაც დოზით, არც ადამიანებს აწყენდათ.
– თქვენი საუბრიდან გავიგე, რომ ქართველებში მიმობნეულია ჩვენი გენოტიპი, მაშინ ასე გკითხავთ: ბაგრატიონების შთამომავლებს აქვთ უფრო მეტი შანსი, რომ მათში იფეთქოს დავით აღმაშენებელმა თუ ეს მთელი ერის შანსია?
– სამეფო დინასტიების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ გენეტიკოსები და შემდეგ აკვირდებიან, მათი რომელი თვისება თუ ქცევაა შემთხვევითი, რომელი – კანონზომიერი; გადაეცემა თუ არა მემკვიდრეობით. გენეალოგიის საფუძველზე კი დგება საგვარტომო ნუსხა.
– არის ასეთი ნუსხა ბაგრატიონებზე?
– სამწუხაროდ, არა. თუმცა, ცნობილია, რომ, მაგალითად, რომანოვები ჰომოფილიის მატარებლები იყვნენ, ჰაბსბურგებს გამოწეული ქვედა ყბა ჰქონდათ…
– ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი აზრი გამოვიტანე: იმის ალბათობა, რომ ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავალი გამოგვერევა, არცთუ დაბალია.
– ჩვენი ისტორიისთვის კანონზომიერია ის, რომ მაშინ, როდესაც გვიჭირს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაღაც ხდება. არსებობს უზენაესი კანონმდებელი და ამიტომაც ქართველებს ისტორიული გასაჭირის ჟამს ჰყოლიათ დავითი, გრიგოლ ხანძთელი, ილია, სხვები, რომლებსაც თანამედროვეები ღირსეულად ვერ აფასებდნენ, მაგრამ რომლებმაც გადაარჩინეს ქართველობა. დღესაც გვყავს ილია, რომლის სიდიადესაც, ალბათ, შემდეგ უფრო დავინახავთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც გასწია სამოციქულო მოღვაწეობა. ისეთ პერიოდში მოგვივლინა უფალმა, როდესაც სულიერად გვიჭირდა. ვის ჰქონდა მაშინ ჩვენში წარმოდგენა ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე?! მე შევსწრებივარ მის ქადაგებებს, რომლებითაც მან მთელი საქართველო შემოიკრიბა. შეიძლება, დღეს ყველა არ არის ჭეშმარიტად ღვთისმოსავი, მაგრამ მორწმუნეთ რაოდენობა დიდია და ის აუცილებლად გადავა ხარისხში.
– მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ერი მცირდება რაოდენობრივად.
– იმიტომაც მოგვიწოდებს პატრიარქი დაბრუნებისკენ, რომ გენოტიპები გვეკარგება.