ქართულად გამოდემოკრატიულებული
მინიმუმ – 17, მაქსიმუმ – 60
ქართული დემოკრატია იმდენადაა გამოდემოკრატიულებული, რომ თვით ევროპელი ელჩებიც კი ბრძანებენ, ასეთი დემოკრატია ევროპაშიც არ გაგვიგონიაო (დაახლოებით, ასეთი პათოსით: „ორ საათს ელაპარაკა ივანე რუსს ბაბუაშენი, ისე ხმარობდა ორივე ხელს ლაპარაკის დროს, გეგონებოდა, დოლზე უკრავსო. ორ საათს პირდაფჩენილი უგდებდა ყურს ივანე რუსი. მერე მიუბრუნდა ხალხს და ასე უთხრა: – მასეთი რუსული ჩემს სიცოცხლეში არ გამიგონიაო.“), თორემ, ჩვენ ხომ, არ გაგვიგონია და არ გაგვიგონია! ამ ჩვენი არჩევნების კიდევ უფრო და უფრო გადემოკრატიულება პრეზიდენტმაც აღნიშნა და ოპონენტთა გასაგონად (რომლებსაც დემოკრატია ყოველ არჩევნებზე ხელისუფლების ცვლა ჰგონიათ და, ვაი, რა მწარედ ცდებიან!) ბრძანა, რომ იაპონიას (დემოკრატიაში წუნს რომ ვერ დასდებო) 60 წელი მართავდა ერთი პარტია, გერმანიას – ამაზე ნაკლებ ხანს, მაგრამ, მაინც 17 წელს (გერმანიას ხომ ვერ დასდებ და ვერ დასდებ, რა თქმა უნდა, წუნს), ჩვენი „ნაცმოძრაობა“ კი ჯერ მხოლოდ ექვსი წლისააო (მეშვიდე წელში ვართო). შესაბამისად, დაგვპირდა, რომ მხოლოდ მაშინ წავლენ, თუ დაიღლებიან, რაც მეტად ლოგიკური არგუმენტითაც გაამყარა: თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, საქართველო აღარ იარსებებსო (რბილად რომ ვთქვათ, ამბიციური განაცხადია).
მეორე მხრივ, დარჩება თუ აღარ იარსებებს, ზემოთქმული მოწმობს, რომ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დარჩენას, მინიმუმ, 17 წელს აპირებს, მაქსიმუმ – 60-ს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ კომუნისტური პარტია, საერთოდაც, 70 წელს მართავდა, კონსტიტუცია კი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ჰქონდა (ოღონდ, ქაღალდზე, ანუ თითქმის ისე, როგორც ჩვენ), არ არის გამორიცხული, ზემომოყვანილი ზედა ზღვარი (60 წელი) კიდეც გადაისინჯოს, ანუ გაიზარდოს.