„ვისია, ვისია“
აღმშენებლობა დაიწყო, აღმშენებლობა გრძელდება!
პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს, თანაგუნდელებსა და, რაც მთავარია, სრულიად სახელისუფლო უმრავლესობის სრულ შემადგენლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მოგვიანებით კი, მათთან და ახლად არჩეულ, თუმცა ძველ მერთან მომავალი აღმშენებლობის დეტალებიც განიხილა. ხოლო, რაკი აღმშენებლობა იყო, არის და გრძელდება, მისი პრიორიტეტებიც ძველებურია: გზები, გამწვანება, ბანები და ავტობანები. მეტიც, პირველმა პირმა არც ის დაგვიმალა, რომ თბილისის შემოსასვლელში აშენდება ევროპაში ყველაზე დიდი უნივერმაღი. როგორც იცით, თბილისის შემოსასვლელს უკვე ამშვენებს საქართველოს ყველაზე დიდი ზომის (ერთი ისაა, თურქეთში შეკერილი) დროშა (ანუ, „პრასიც“ გვაქვს და, ახლა უკვე უდიდესი უნივერმაღიც გვექნება)!
ამას გარდა, რაკი საზოგადოების ნაწილი თბილისის ცენტრში ესტაკადის აშენებას იმის გამო აპროტესტებდა, რომ „მზიურის“ სარეკრეაციო ზონა გაიჩეხა, პრეზიდენტმა დაგვაიმედა, რომ ზოოპარკი აუცილებლად თბილისის ზღვაზე გადავა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ იქ ერთი კარგი დიდი პარკი გავაშენოთ („მზიურზე“ 10-ჯერ დიდიც კიო).
დაპირებისამებრ, თბილისი-რუსთავის ავტობანიც აშენდება (პრეზიდენტის განმარტებით, ამის შემდეგ თბილისი რუსთავის სატელიტი იქნება, რუსთავი კი – თბილისისო) და თელავამდეც დათვლილ წუთებში ჩავალთო (თელავი თბილისის სატელიტი გახდება, თბილისი – თელავისო). ბუნებრივია, ამ წამოწყებას მხოლოდ მივესალმებით, ოღონდ, ლოგიკურად იბადება რიტორიკული კითხვაც: დიდი ლიახვის ხეობა, ახალგორის რაიონი, ზედაც, კოდორის ხეობა – ვისი სატელიტია?!