ვინ შეუკვეთა ამერიკელი მილიარდერის ედვარდ ლამფერტის გატაცება და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა მილიარდერის ბიზნესის განვითარებაზე
ინვესტორები ადამიანების იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც ნებისმიერ „ფინანსურ ამინდში“ აკეთებენ ფულს. ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება და რისკზე წასვლის შესაძლებლობა – ეს არის მათი მთავარი იარაღი ბირჟაზე ბრძოლის დროს. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს ინვესტორების აღმასვლას და დაღმასვლას და სწორედ ამ პრინციპების წყალობით, უორენ ბაფეტმა, ჯორჯ სოროსმა, სტივენ ქოენმა და ჯონ თემფლტონმა საინვესტიციო გურუების და საბირჟო საქმიანობის პიონერების სახელი მოიხვეჭეს. სწორედ ასეთი ბუმბერაზი ინვესტორების გვერდით შეიძლება, დავაყენოთ თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური მენეჯერი, „მეორე ბაფეტად“ წოდებული ედვარდ ლამფერტი. ინვესტორი, რომელიც „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერთა რეიტინგში, 2 მილიარდი დოლარის ქონებით, 334-ე პოზიციაზე იმყოფება.
„ახალი ბაფეტი“ – ედვარდ ლამფერტი, 1962 წელს დაიბადა ქალაქ როსლინში, ნიუ-იორკის შტატში. მამამისი ნიუ-იორკში მუშაობდა ადვოკატად და ლამფერტების ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა, მაგრამ, მოულოდნელად, 47 წლის ასაკში უფროსი ლამფერტი გულის შეტევით გარდაიცვალა და ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. მძიმე ფინანსური პრობლემების გამო ედვარდის დედა სახლთან ახლომდებარე კაფეში დამლაგებლად მოეწყო. ედვარდის მეგობრების თქმით, მამის გარდაცვალება მისთვის ძლიერი შოკი იყო, რომელიც იმ ათვლის წერტილად იქცა, საიდანაც მან დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეხადა თავისი ცხოვრება უკეთესი. დედამისის თქმით კი 14 წლის ასაკში ედვარდი მიხვდა, რომ ერთადერთი მამაკაცი იყო ოჯახში, რომელიც დედას და დას უნდა დახმარებოდა. სკოლისგან თავისუფალ დროს ის სხვადასხვა საწყობში მტვირთავად მუშაობდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, კარგად ესწავლა და პარალელურად სპორტითაც ყოფილიყო დაკავებული. საფონდო ბაზრის ინტერესი ედვარდს პირველად ბებიამ გაუღვივა, რომელიც ტელეგადაცემა „უოლ სთრით უიქის“ ერთგული მაყურებელი იყო და ასევე, გამუდმებით აბანდებდა ფულს ისეთი კომპანიების აქციებში, როგორიც, მაგალითად, „კოკა-კოლა“ იყო, საიდანაც საკმაოდ მაღალ დივიდენდებს იღებდა. ედვარდის სკოლის მეგობრები იხსენებდნენ, რომ ედვარდი მე-9 კლასიდან დაინტერესდა ეკონომიკური ლიტერატურით და საფეხბურთო მატჩების ყურების ნაცვლად, ბიზნესსიახლეებსა და სხვადასხვა ეკონომიკურ გადაცემებს ადევნებდა თვალყურს. იელის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ედვარდი სხვა სტუდენტებისგან ფინანსური საქმის ცოდნით გამოირჩეოდა. პირველივე კურსზე ის გაწევრიანდა უნივერსიტეტის საინვესტიციო კლუბში, სადაც ძირითადად მიდიოდა ბიზნესგარიგებების განხილვა. გარდა ამისა, ედვარდი ისეთ რჩევებს იძლეოდა, რომ ნებისმიერ გამოცდილ თრეიდერს შეშურდებოდა მისი. უნივერსიტეტში გატარებული ბოლო სამი წელი ლამფერტმა პროფესორ ჯეიმს ტობინის ასისტენტად გაატარა, რომელმაც 1981 წელს ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკის დარგში. გარდა ტობინისა, ლამფერტის, როგორც პროფესიონალი მენეჯერის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მისმა მასწავლებლებმა – რობერტ რუბინმა და რიჩარდ რეინუოთერმა.
1984 წელს, ეკონომიკაში მაგისტრის წოდების მქონე ლამფერტმა მუშაობა დაიწყო საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ რისკების შეფასების განყოფილებაში. ლამფერტის თქმით, სწორედ ბანკში მუშაობამ ჩამოაყალიბა ის, როგორც პროფესიონალი ინვესტორი, რომელიც მზად იყო, წასულიყო ნებისმიერ სარისკო გარიგებაზე. გარდა ამისა, სარისკო საქმეებთან მუშაობამ ლამფერტის ანალიტიკური და, რაც მთავარია, სიტუაციის სწრაფი შეფასების აზროვნება ჩამოუყალიბა. ბანკში მუშაობის ოთხი წლის თავზე, ლამფერტიმ, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 25 წლის იყო, დამოუკიდებელი საქმის დაწყება გადაწყვიტა და 1987 წელს თავის ძველ ნაცნობთან რიჩარდ რეინუოთერთან მივიდა, რომელიც იმ დროს საინვესტიციო ფონდ „ფორთ-უორთს“ ხელმძღვანელობდა. რეინუოთერმა ლამფერტის 28 მილიონი დოლარი გამოუყო და ამ უკანასკნელმა თავისი ინიციალებისგან შემდგარი დასახელების მქონე საინვესტიციო ფონდი „ესლი“ ჩამოაყალიბა. ფონდის საქმიანობის პირველ წლებში ლამფერტი „პასიური ინვესტორივით“ იქცეოდა, ხოლო, რასაც ჰქვია პირველი მოგება, მან „აიბიემისა“ და ფინანსური კომპანია „ველს ფარგოს“ აქციებზე ნახა. 1997 წელს ლამფერტის ფონდმა შეიძინა ავტომობილების სავალი ნაწილებით მოვაჭრე კომპანია „აუტოზონი“, ხოლო 2000 წელს საავტომობილო დილერების ყველაზე დიდი ქსელის – „აუტონეიშენის“ აქციების უდიდესი პაკეტი ჩაიგდო ხელში, რის შემდეგაც მალე ლამფერტის მიმართ კრიტიკა გაისმა, რადგან ყველა მიიჩნევდა, რომ ინვესტორს მოკლევადიანი გეგმები აკავშირებდა ამ ფირმებთან, მაგრამ საბოლოოდ ყველამ ნახა, რომ ლამფერტის ხელში კომპანიების მოგება გაიზარდა და ამჟამად მის აქტივში ამ კომპანიების 29-29-პროცენტიანი წილია, ხოლო მის მიერ კომპანიის მართვის წესი სამაგალითოდ ითვლება უკვე რამდენიმე წელია. 2002 წელს, როდესაც ლამფერტიმ საცალო ვაჭრობის უდიდესი ქსელის – გაბანკროტების გზაზე მყოფი „ქეიმართის“ აქციების შეძენა დაიწყო, ის ყველამ არანორმალურად ჩათვალა, რადგან კომპანია ჩაძირვის პირას იმყოფებოდა. ლამფერტის სჯეროდა, რომ „ქეიმართისგან“ დიდი სარგებლის ნახვა შეიძლებოდა და აქციების შეძენით კალიფორნიელი მილიარდერი რონ ბერკლი დააინტერესა, რომლისგანაც ედვარდს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა, რადგან დოკუმენტზე ხელმოწერამდე ორი დღით ადრე ედვარდ ლამფერტი საკუთარი ოფისის ავტოფარეხიდან გაიტაცეს. იარაღის მუქარით გამტაცებლებმა ის „ფორდის“ მარკის ავტომობილში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. 36-საათიანი ტყვეობის შემდეგ, ლამფერტი გაათავისუფლეს, ხოლო გამტაცებლები მილიარდერის საკრედიტო ბარათის გამოყენების ფაქტზე დააკავეს, როდესაც ისინი პიცის შეძენას ცდილობდნენ. გამტაცებლები 18-23 წლის ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, რომელთაც უცნობმა პირმა ლამფერტის დროებით გაუჩინარება შეუკვეთა, რომლის არყოფნის პერიოდში მისმა პარტნიორმა ბერკლიმ „ქეიმართის“ აქციების შეძენა განიზრახა, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა – ლამფერტი მიუხვდა გეგმას და თავის თავზე აიღო ინვესტიციის მიზიდვა „ქეიმართის“ მაღაზიათა ქსელში. საბოლოოდ ბერკლი დამარცხდა, ხოლო ედვარდ ლამფერტიმ „ქეიმართის“ შეძენით სახელი მოიხვეჭა ამერიკაში. ამის შემდეგ ლამფერტიმ კიდევ ერთი კომპანიის – „სეარსის“ აქციათა დიდი პაკეტი შეიძინა და ჩამოაყალიბა ერთიანი კომპანია „სეარს ჰოლდინგსი“, რომლის საბაზრო ღირებულება 88 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დღესდღეობით ლამფერტის კომპანია „უოლ-მართისა“ და „თარგეტის“ მაღაზიათა ქსელების შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება. კომპანიაში 330 ათასი ადამიანი არის დასაქმებული და, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მომხდარი ეკონომიკური კრიზისის შედეგად ლამფერტმა 5 მილიარდი დოლარი დაკარგა, კომპანია მაინც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
უშანგი რუხაძე