რისგან შეიძლება დასცვივდეს ალოკაზიას ფოთლები და რა ზომის იზრდება ალოკაზია ოდორა
„ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად ამჯერად, ალოკაზიასა და მის ერთ-ერთ სახეობაზე ვისაუბრებთ. თუ როგორ შევუნარჩუნოთ მათ ზაფხულში ტენი და როგორ დავიცვათ მათი ფოთლები, მზემ რომ არ დაწვას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, გვიამბეთ ალოკაზიას შესახებ...
– ალოკაზია ძალიან ლამაზი და ეფექტური მცენარეა. განსაკუთრებულია თავისი დიდი, დაკბილული და ლამაზად მოხატული ფოთლებით. ზრდასრულ ალოკაზიას ფოთლები 50 სანტიმეტრზე გრძელი აქვს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ახლა მცენარე?
– სამწუხაროდ, ეს მცენარე ძნელად იზრდება. მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. ფოთლები სიგრილეში სცვივა, თუმცა, თუ ოთახში ტემპერატურა მოიმატებს, ფესურადან ახალი ფოთლები ამოვა. ამიტომ, ზაფხულში კარგია, თუ ტემპერატურა 20-25 გრადუსი მაინც იქნება, ზამთარში კი მინიმუმ, 18 გრადუსი.
– ტენის შესანარჩუნებლად, ახლა, ხშირი მორწყვაა საჭირო?
– მართალია, ამ მცენარეს ზამთარში ხშირი მორწყვა არ სჭირდება, მაგრამ ახლა ტემპერატურა იმატებს და ტენი მისთვის აუცილებელია. ამიტომ ზაფხულში მას ინტენსიური მორწყვა სჭირდება. რეგულარულად დაუსხით ხოლმე წყალი და მიწაც ხშირად შეუმოწმეთ, რომ მუდამ ტენიანი იყოს.
– ამ მცენარეს თუ სჭირდება დამატებითი კვება?
– აქტიური ზრდის პერიოდში, ანუ ახლო მომავალში, ნიადაგი კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ტენიანობის შესანარჩუნებლად, გირჩევთ, კიდევ ერთ რამეს: ფოთლები რბილი წყლით დაუნამეთ და ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით.
– როგორ განათებაზე ვამყოფოთ ალოკაზია და რას გვირჩევთ, ბინის რომელ კუთხეში მოვათავსოთ ეს მშვენიერი მცენარე?
– მცენარეს არ უნდა მოაკლოთ გაბნეული შუქი, თუმცა აუცილებლად მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ფოთლები რომ არ დაეწვას. თუ შესაძლებელი იქნება, დადგით ნათელ სააბაზანოში. ასეთ ადგილას მცენარე ტენსაც შეინარჩუნებს და უკეთესადაც გაიზრდება.
– რას გვეტყვით ალოკაზია ოდორას შესახებ, განსხვავდება თუ არა ის ზემოაღნიშნული მცენარისგან?
– ალოკაზიას ოჯახში 70 სახეობა შედის. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიში კი ალოკაზია ოდორაა. ალოკაზია ოდორა ერთ-ერთი ის მცენარეა, რომელიც საოცრად ეფექტურია მისი დანახვისთანავე. ის ბალახოვანი მცენარეა და მისი სიმაღლე ხანდახან 3 მეტრსაც აღწევს. მასაც ძალიან საინტერესო ფოთლები აქვს და შეიძლება, საკმაოდ დიდიც გახდეს.
– რით მრავლდება ალოკაზია ოდორა და როგორ მოქმედებს მასზე მზის სხივები?
– ეს მცენარე თავისივე თესლით მრავლდება, რომელიც მომწიფდება აგვისტოსა და სექტემბერში. ამის შემდეგ შეგიძლიათ, დათესოთ. რაც შეეხება მზის სხივებს, არც ამ მცენარეს უყვარს მწველი მზე. ის ეფექტს უკარგავს ოდორას ლამაზ ფოთლებს. ალოკაზია ოდორასთვის უფრო მისაღებია გაფანტული მზის სხივები. მცენარეს უყვარს დიდი რაოდენობით ჟანგბადი, ამიტომ გირჩევთ, ახლა გარეთ გაიტანოთ. რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემთ მცენარეს, მით უფრო კარგად გაიხარებს და იყვავილებს.
– თუ არ გვაქვს ბაღი, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ ზაფხულში?
– მაშინ ბინაში დატოვეთ, მაგრამ შეარჩიეთ ნათელი ჰოლი, მისაღები. თუ აივანი გაქვთ, გაიტანეთ და დადგით ისე, რომ მზის სხივები პირდაპირ არ მოხვდეს.
– როგორ მოვრწყათ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ზაფხულში მასაც ხშირი მორწყვა სჭირდება, დაახლოებით, ორ დღეში ერთხელ. ამ დროს მას დამატებითი კვება არ უნდა, მხოლოდ ხშირად შეუმოწმეთ ნიადაგი. ზამთარში კი – მორწყეთ თხუთმეტ დღეში ერთხელ და ასევე მოიქეცით შემოდგომაზეც. გაზაფხულზე, თუ ტემპერატურა მაღალი იქნება, მხოლოდ მაშინ მორწყეთ ხშირად, სხვა შემთხვევაში კი იშვიათად.
– მავნებლები თუ ემტერებიან ამ მცენარეს?
– ალოკაზია ოდორას მავნებლები არ უჩნდება, რადგან მას აქვს თავდაცვის უნარი მწერების მიმართ და ახლოს არ უშვებს.
– თუმცა, ალოკაზია ოდორას ერთი უარყოფითი თვისებაც აქვს...
– დიახ, ეს მცენარე შხამიანია. არ შეიძლება მისი ფოთლისა და ღეროს მოტეხვა. მცენარის წვენი მომწამვლელია, თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ. მთავარია, წვენი პირში არ მოიხვედროთ. თუ ბინაში გედგმებათ და ფოთლებს არ მოატეხავთ ალოკაზია საშიში სულაც არ იქნება. გარედან ხელის შეხება ნებადართულია.
– რატომ ეშლებათ ალოკაზია არმაში და რით განსხვავდება ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან?
– დიახ, ეს ხშირად ხდება. არმას არც ძალიან დიდი ზომის ფოთლები აქვს და არც მათი სიხშირით გამოირჩევა. ალოკაზია კი დიდი ტანისაც არის და მასზე დაახლოებით, 15 ფოთოლი ამოდის. ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან მოვლის პირობებითაც განსხვავდება. ამიტომ, თუ ალოკაზიას შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ, მისი ზუსტი დასახელება, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ.