კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა ტიციან ტაბიძე ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრი და საფრანგეთის დაზვერვის ჯაშუში


დიდი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე იმ რეჟიმისა და ცილისწამების მსხვერპლია, რომელმაც უამრავი უდანაშაულო და ნიჭით გამორჩეული პიროვნება შეიწირა. მან სიცოცხლის უკანასკნელი თვეები შინსახკომის ჯურღმულებში გაატარა. ამ პერიოდს გვაცნობს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის საქმე ¹10.817. იგი რუსულ ენაზეა, შედგება 212 ფურცლისგან და მოიცავს პოეტის ეგრეთ წოდებულ მავნებლურ მოქმედებათა ძიებას. ამ საქმის დეტალებსა და შედეგებზე ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება:


– 1937 წელს სტალინმა სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა. ამ დროს საბჭოთა კავშირი ერთი დიდი საპყრობილე იყო, მაგრამ ამჯერად დაიწყო ტოტალური წმენდა, განუკითხავი ნადირობა ადამიანებზე. საეჭვოდ მიჩნეულ მოქალაქეთა დამუშავებას 2 ფორმა ჰქონდა – ფარული და ღია. ორივე პარალელურად მიმდინარეობდა, თუმცა მათ კავშირზე ეჭვმიტანილს წარმოდგენა არ ჰქონდა. მხოლოდ ბოლო მომენტში საბედისწეროდ გადაკვეთდა ხოლმე ეს ორი ხაზი ერთმანეთს.

ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს კომუნისტთა მეათე ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა ლავრენტი ბერია. ერთი მხრივ, იგი საბჭოთა საქართველოს არნახულ მიღწევებზე ლაპარაკობდა, მეორე მხრივ, – მთელ რისხვას თავს ატეხდა ტროცკისტებს, მავნებლებს, სხვადასხვა ჯურის ბანდიტებს – ძირითადად ინტელიგენციას. მწერალთაგან განსაკუთრებული სისასტიკით მსჯელობდა: პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, გიორგი ლეონიძის, ნიკოლოზ მიწიშვილისა და ტიციან ტაბიძის შესახებ.

მანამდე უკვე მოასწრეს არაერთი მწერლის რეპრესირება. ახლა სხვების ჯერი დგებოდა.

– ამჯერად, ეს სხვა – ტიციან ტაბიძე იყო?

– აქ გადამწყვეტი და საბედისწერო მომენტი, ტიციანის განუყრელი მეგობრის თვითმკვლელობა აღმოჩნდა (22 ივლისს). ამის შემდეგ, ბერია კატეგორიულად მოითხოვდა ტიციანისგან – დაწერე, რომ პაოლო უცხოეთის ჯაშუში იყოო. მოსაფიქრებლად 2 თვე მისცა.

– როგორ მოიქცა ტიციან ტაბიძე?

– სერგო კლდიაშვილი და სიმონ ჩიქოვანი ურჩევდნენ, დაწერე, თორემ დაიღუპებიო. ტიციანმა არ შეასრულა ბერიას დავალება, ვერ შებღალა თავისი სინდისი და მეგობრის სახელი.

– რა მოჰყვა ტიციანის ურჩობას?

– 30 სექტემბერს „ლიტერატურული საქართველო“ ბეჭდავს გიორგი ნატროშვილის პასკვილს „პოლიტიკური გახრწნის ჭაობში“. 8 ოქტომბერს ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ხოლო გვიან ღამით დააპატიმრეს. ამ გარეგნულ ფაქტებს განსაზღვრავდა წყალქვეშა მდინარება – „ცეკას“ მითითებით შინსახკომში მიმდინარე პროცესი.

პოეტი ისევ გატაცებით წერდა ხალხთა მეგობრობასა და საბჭოთა ხალხთა აღმასვლაზე. შინსახკომში ნაწამები პატიმრები კი ცრუ და დამღუპველ ჩვენებებს იძლეოდნენ.

– ვინ იყვნენ ეს პატიმრები და რას წერდნენ ისინი?

– 27 მარტს ლიდია გასვიანი (დაპატიმრებამდე – სახელგამის განყოფილების გამგის მოადგილე) ასახელებს ტროცკისტული და ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს, ხოლო 3 აპრილს აცხადებს, რომ აღნიაშვილის განკარგულებით გამოიცა ტიციანის ლექსების წიგნი, რომელშიც ჩართულია ლექსები: რობაქიძეზე, ლომინაძესა და დუმბაძეზე. ეს იყო პირველი სიგნალი. გრიგოლ რობაქიძე – ტიციანის მასწავლებელი და მეგობარი, ფაშისტურ გერმანიაში დარჩა და ფაშისტად მიიჩნეოდა, ხოლო ლომინაძე და დუმბაძე – ტროცკისტებად, ესე იგი ხალხის მტრები იყვნენ. მათთან სიახლოვე და მათი მფარველობა პოეტს მძიმე დანაშაულად ეთვლებოდა.

3-5 აპრილს გიორგი ელიავამ (დაპატიმრებამდე – ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორი) ჩვენება მისცა, რომ საფრანგეთის გენშტაბს აგენტურის ქსელი ჰქონდა საქართველოში და მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა ტიციანი (სხვებთან ერთად). იგი დავალებებს იღებდა საფრანგეთის დაზვერვისაგან, რათა თვალი ედევნებინა საქართველოში ანდრე ჟიდისთვის, გაევრცელებინა მწერლობაში ფრანგულის გავლენა.

ფაშისტობას და ტროცკისტობას დაერთო ჯაშუშობის ბრალდებაც!

21 მაისს ბუდუ მდივანი (დაპატიმრებამდე – საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) მიუთითებს, რომ გასვიანმა, მისი დავალებით ტერორისა და დივერსიისთვის სხვა მწერლებთან ერთად ჩაითრია ტიციანიც.

– ამით თქვეს, რომ ტიციანი ტერორისტიც ყოფილა?

– ეს კიდევ ერთი ბრალდებაა. 12 ივნისს დავით წერეთელი (დაპატიმრებამდე – ლიტფონდის დირექტორის მოადგილე) უჩვენებს, რომ ტიციანიც ანტისაბჭოურად არის განწყობილი – მსჯელობს აუტანელ პარტიულ რეჟიმზე; აკრიტიკებს ბერიას; ამბობს, რომ არ არის შემოქმედებისთვის საჭირო პირობები, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და გადააგდონ ბერია.

14 ივნისს, ნიკოლო მიწიშვილმა (დაპატიმრებამდე – „ზარია ვოსტოკას“ განყოფილების რედაქტორის მოადგილე) კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრებად დაასახელა მრავალი მწერალი, მათ შორის ტიციანიც.

20 ივნისს დავით წერეთელმა განმეორებით ჩვენებაში კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრებად მიიჩნია არაერთი მწერალი, ხოლო ტიციანზე თქვა, იგი იმიტომ დაჰყვებოდა ანდრე ჟიდის, მისთვის „ნამდვილი“ ინფორმაცია მიეცა საქართველოს შესახებო. ამიტომ ყოფილა უკმაყოფილო ჩეკისტების თანხლების გამო.

– კიდევ რამეს სწამებდნენ ტიციან ტაბიძეს?

– 28 ივნისს დავით მიქაძე (დაპატიმრებამდე – საქართველოს „წითელი ჯვრის“ ცეკას თავმჯდომარე) გამოყოფს ტიციანს, მიხეილ ჯავახიშვილსა და პაოლო იაშვილს. ჟიდი, რომ ევროპაში საბჭოეთის ლანძღვით გამოვიდა, ეს ტიციანის ბრალიც არისო.

2 აგვისტოს დავით ლომინაძემ (დაპატიმრებამდე ექიმი, ბესარიონ ლომინაძის ძმა) აღნიშნა, ტიციანიც მიიჩნევდა თავის მფარველად ჩემს ძმასო.

წრე თითქოს შეიკრა და ტიციანსაც პატიმრის ბორკილი ელოდა. ჩვენებებში განუწყვეტლივ ტრიალებს ერთი და იგივე პირთა სახელები. სიტუაცია კიდევ უფრო და უფრო დამძიმდა. 4 ოქტომბერს გერმანე მგალობლიშვილმა (დაპატიმრებამდე – სახკომსაბჭოს თავმჯდომარე) ტიციანისადმი წაყენებულ ბრალდებებს კიდევ ერთი დაუმატა.

– რას იუწყებოდა გერმანე მგალობლიშვილი?

– ეს იყო – კულტურულ-ბურჟუაზიული და აზნაურული სამყაროს იდეოლოგობა, ფერეიდანელი ქართველების ჩამოსახლების სურვილი, რაც შოვინიზმად მოინათლა.

9 ოქტომბერს პავლე საყვარელიძემ (დაპატიმრებამდე – „ფედერაციის“ განყოფილების გამგე) ტიციანი ფაშისტურ-ნაციონალისტური ჯგუფის აქტიურ წევრად დაასახელა. იმავე დღეს, გაიცა ტიციან ტაბიძის დაპატიმრების ორდერი. პოეტი დამნაშავედ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58/10 და 11 მუხლით. განესაზღვრა ცალკე კამერაში ყოფნა. იგი ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. 1954 წელს, დაკითხვის დროს ჩეკისტმა ვახტანგ არზანოვმა აღიარა, კრიმიანი სასტიკად აწამებდა ტიციანს, რათა გამოეტეხა, რომ ის რომელიღაც ორგანიზაციის წევრი იყო.

ორთვიანი წამების შემდეგ, 10 დეკემბერს გაფორმდა ტიციან ტაბიძის (დაპატიმრებამდე – მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი) დაკითხვის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ შინსახკომის მეოთხე განყოფილების მეექვსე ქვეგანყოფილების უფროსი ქადაგიშვილი და ოპერრწმუნებული პარნკოვი. ოქმის ყველა ფურცელს ხელს აწერს ტიციანი.

– რას გვიამბობს ეს ოქმი?

– დაკითხვის ოქმში ტიციანი აღნიშნავს, რომ იყო „ცისფერი ყანწების“ წევრი, რომელსაც ნაციონალისტურ-ბურჟუაზიული, ფაშისტური ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძღვანელობდნენ, – ტიციანი, პაოლო და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო მათ იდეებს იზიარებდნენ – ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, ალიო არსენიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ივანე ყიფიანი, გიორგი ლეონიძე. ჯგუფი ოფიციალურად მოქმედებდა 1928 წლამდე. ფაქტობრივად კი, არსებობდა ბრალდებულის დაპატიმრებამდე. ზოგიერთი წევრი, მაგალითად, რობაქიძე ეწეოდა ფაშისტურ მოღვაწეობას. მას ტიციანისა და პაოლოს დახმარებით მიუღია ვიზა და წასულა გერმანიაში. მასთან მიმოწერა ჰქონდათ ტიციანს, პაოლოსა და ნიკოლო მიწიშვილს. მათ რობაქიძისთვის დავალება მიუციათ – გერმანიაში ფაშისტ ლიტერატორებთან კავშირი დაემყარებინა, რაც გაუკეთებია კიდეც. ბოლოს, როდესაც ტიციანს მისგან დაუბრუნებლობის წერილი მიუღია, ტაქტიკური მოსაზრებით, მასთან კავშირი გაუწყვეტიათ. შემდეგ ტიციანი „პასუხობს“, რომ გრიგოლი თურმე დაახლოებია ფაშისტური მთავრობის წევრებსაც – არ ახსოვს ვის. ფაშისტების გავლენის ფაქტი: 1935 წელს მიხეილ ჯავახიშვილი სისხლს ისინჯავდა თავისი არიული წარმოშობის დასამტკიცებლად.

– კიდევ რას „აღიარებს“ ტიციან ტაბიძე?

– იგი „აღიარებს“, რომ თურმე მასაც უნდოდა შეექმნა საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციურ მწერალთა გაერთიანება. ამ მიზნით დაკავშირებია პასტერნაკს, პილინიაკს... (სულ ჩამოთვლილია 19 გვარი). ესენი თარგმნიდნენ და ბეჭდავდნენ ქართველ ნაციონალისტთა ნაწერებს. თითქოს ტიციანი, პაოლო, გვეტაძე, მიწიშვილი, გაფრინდაშვილი და ლეონიძე იყვნენ საგამომცემლო საქმის მონოპოლისტები. პოეტი იმასაც იხსენებს, რომ ადრე ნაციონალისტი იყო. 1928 წლიდან თანაუგრძნობდა ფაშიზმს, ხოლო 1933 წელს დაეთანხმა პაოლოს, რომ ყოფილიყო კონტრრევოლუციონერი, ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრი. ჩამოთვლილია წევრებიც – ახმეტელი, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე, ბააზოვი და დახასიათებულია ყოველი მათგანი. თურმე, მათ რწმენას იზიარებდნენ: გამსახურდია, ჭუმბაძე, ნადირაძე, მეტრეველი... ყველანი ერთად ქადაგებდნენ მავნე იდეებს.

ტიციანი უარყოფს ტერორისტობას და კავშირს ლიდა გასვიანთან. ასევე უარყოფს შპიონაჟში მონაწილეობას, თუმცა შენიშნავს, პაოლომ ორჯერ გამხადა თავისი ჯაშუშობის მონაწილეო.

გიორგი ელიავას ჩვენებით, მან პოეტი 1936 წელს ჩაითრია ფრანგების დაზვერვაში სამუშაოდ, რადგან უნდა ჩამოსულიყო ანდრე ჯიდი (ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი). ამ ფაქტს უარყოფს ტიციანი, თუმცა, ამბობს ელიავას ვიცნობდიო. როგორც ვხედავთ, პოეტი ბრალდებათა საკმაო ნაწილს არ იღებს, რაც გმირობად უნდა ჩაითვალოს.

გამოძიებას ჰქონდა სხვა მასალებიც, აგენტურის მონაცემები, რაც საქმეს არ ახლავს. ტიციანზე დოსიე, ხომ ადრევე იქნებოდა შედგენილი. მართალია, პოეტი ხელს აწერს თავისი ჩვენების ყოველ გვერდს, მაგრამ, იგი ხომ საბჭოთა ციხის პოლიტპატიმარი იყო, თანაც 1937 წელს, როდესაც არნახული სისასტიკით ეპყრობოდნენ მათ, სასურველი ინფორმაციის მისაღებად. ქანცმილეული მომაკვდავი პატიმრები ხელს აწერდნენ ყველაფერზე. დაკითხვა ფიქსირდებოდა მაშინ, როდესაც ბრალდებული ფიზიკურად და ფსიქიკურად დამუშავებული იყო. ამიტომ, არსებობს ტიციანის დაკითხვის ერთადერთი ოქმი. ისიც დახვრეტის წინა დღეებში შედგა.

– საბოლოოდ რა „დამტკიცდა“?

– ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ტიციანი იყო: 1. ერთ-ერთი აქტიური წევრი ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციისა საქართველოში. 2. ლიტერატურისა და ხელოვნების ფრონტზე ეწეოდა მავნებლურ მუშაობას და 3. იყო საფრანგეთის დაზვერვის ჯაშუში საქართველოში. პოეტმა თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. მამხილებელ ჩვენებათა საფუძველზე საქმე განსახილველად გადაეცა „სამეულს“.

დიდი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს ისე, რომ „სამეულს“ მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს. ოჯახს კი შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო!

ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი, ელოდა მეუღლის დაბრუნებას, დედას კი შვილის ტანსაცმელი გამოჰქონდა აივანზე და ცხარე ცრემლით ტიროდა: „ტიტიკო, შვილო სადა ხარ ახლა...“


скачать dle 11.3