ვის ამბიციებს შეეწირა საქართველოს ერთიანობა
მეთხუთმეტე საუკუნე საქართველოს ისტორიაში ის ხანაა, რომელმაც არაერთი ანტიგმირი შვა. მონარქებს, რომელნიც სამეფო სამთავროებად დაშლილ საქართველოს ტახტებს დაეპატრონენ, შესაძლოა, მრავალი, სასიკეთო ნაბიჯიც გადაუდგამთ ხალხის სასიკეთოდ, მაგრამ მათ სურვილებსა და ამბიციებს საქართველოს ერთიანობა შეეწირა მსხვერპლად. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე სწორედ ამ პერიოდის საქართველოზე გვესაუბრება.
მირიან მახარაძე: მეთხუთმეტე საუკუნე ეპოქალური პერიოდია როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ისტორიისთვის. ამ საუკუნეში დაეცა ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერიები. ამავე საუკუნეში აღმოაჩინეს ამერიკა. ეს საუკუნე მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვისაც. ამ საუკუნეში ქართველთა მეფე-მთავრების ნებით, ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა.
– ვინ იყვნენ ამ ანტიქარტული პროექტის სულისჩამდგმელები?
– პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ შემდეგი პოლიტიკური მოღვაწენი: გიორგი მერვე, ბაგრატ მეექვსე, კონსტანტინე მეორე, ალექსანდრე პირველი და ყვარყვარე მეორე.
– როგორ დაიშალა საქართველო, ანუ ვისი ძალისხმევით განხორციელდა ეს ანტიქართული საქმე?
– უმთავრესად, აღსანიშნავია, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი მერვე, რომლის ზოგიერთმა უგუნურმა ნაბიჯმა საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მეფობის პირველ პერიოდში გიორგი მერვე არ იყო ეგრეთ წოდებული „სუსტი ხელისუფალი“. ბიზანტიური წყაროები, კერძოდ, გიორგის ფრანზესი მოგვითხრობს, რომ მეფე ეკონომიკურად ძლიერია და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იპყრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამასვე ემატება ის ფაქტი, რომ გიორგი მერვის ჯარის დახმარებით, ტრაპიზონის იმპერატორი ტრაპიზონის სამეფო ტახტს ეუფლება. თუმცა, ამ სიძლიერის საფარქვეშ, სისუსტის ნიშნებიც მჟღავნდებოდა. უპირველესად, ეს სამცხის მთავრის ყვარყვარე მეორისადმი დამოკიდებულებაში გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ გიორგი მერვის უყურადღებობამ მისცა საშუალება იმერეთის ერისთავ ბაგრატს, დასავლეთ საქართველოში ძალა მოეკრიბა და მეფობაზე პრეტენზია წამოეყენებინა. ამიტომ, ჯერ კიდევ 1456 წელს, ბაგრატი იწყებს თავისი მეფობის ინდიქტიონის ათვლას. გიორგი მერვე იმდენად იყო დარწმუნებული თავის დაუმარცხებლობაში, რომ ერთგული მოხელეების რჩევასაც კი არ ითვალისწინებდა. ამის დამადასტურებელი მაგალითია ზედგინიძის გმირობა.
– რა გმირობა ჩაიდინა ზედგინიძემ?
– მან მეფის მოხელეთაგან გაიგო, რომ გიორგი მერვის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და კარავში მოკვლას უპირებდნენ. მეფემ ზედგინიძის ნაამბობი არ დაიჯერა. თუმცა, ზედგინიძის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მეფემ მას უფლება მისცა თავის სამოსში გადაცმულს, მეფის კარავში მოესვენა. ის მართალი აღმოჩნდა. მკვლელებმა მეფის მაგივრად ზედგინიძე გამოასალმეს სიცოცხლეს.
სულ მალე მეფის მხედართმთავრულ უგუნურებას მოჰყვა ის, რომ გიორგი მერვე სამცხის მთავრის ტყვე გახდა. შედეგად, ერთიანი ქართული სამეფო მეფის გარეშე დარჩა. სწორედ ამ პროცესმა, ანუ გიორგის ტყვეობამ წარმოშვა საქართველოს მებრძოლთა მთელი არმია.
– რა ბედი ეწია დატყვევებულ გიორგი მერვეს?
– ყვარყვარე მეორე მიხვდა, რომ გიორგი მერვის დატყვევებით, მან საფუძველი შეუქმნა სხვა პოლიტიკოსებს, საქართველოს ტახტზე პრეტენზია გამოეთქვათ. ამიტომ, მან გიორგი მერვე ტყვეობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული მეფე საქართველოს ტახტს უკან ვერ იბრუნებს და იძულებული ხდება, კახეთში გადავიდეს, სადაც დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს აყალიბებს. ერთიანი საქართველოს მეფე პარალელურად, დამოუკიდებელი კახეთის მეფე – გიორგი პირველი ხდება. ყოველივე აქედან, ნათლად ჩანს, რომ გიორგი მერვისთვის არ იყო მთავარი საქართველოს ერთიანობა. მას შეეძლო ტახტი დაეთმო თავის ძმისშვილ კონსტანტინე მეორისთვის, რითაც საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებდა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა და კახეთის სამეფოს ჩამოყალიბებით დასაბამი დაუდო საქართველოს დაქუცმაცებას. დამეთანხმებით, ეს უდავოდ ანტიქართული საქციელია.
– რაც შეეხება დანარჩენ ქართველ მონარქებს...
– კონსტანტინე მეორის, ანტიქართულ საქმიანობაზე შემდეგი გარემოებები მეტყველებს: 1465 წელს, გიორგი მერვის დატყვევების შემდეგ, კონსტანტინემ თავი საქართველოს მეფის მემკვიდრედ გამოაცხადა. იგი ამბობს კიდეც, რომ ურჯულო ყვარყვარემ გიორგი მეფე დაატყვევა და სანამ მეფე ტყვეობაშია, საქართველოს პატრონობა მე მევალებაო. ამ ნათქვამიდან ერთგვარად ჩანს, რომ კონსტანტინე მეორე ბიძის გამოხსნას ფიქრობს და მხოლოდ დროებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. იგი ქართლში გადმოსულ ბაგრატს ებრძვის, რათა დაიცვას საქართველოს მთლიანობა და გიორგი მერვეს ტახტი შეუნარჩუნოს. თუმცა, სულ სხვაგვარად იქცევა, მას შემდეგ, რაც გიორგი მერვეს ყვარყვარე მეორე ათავისუფლებს. კონსტანტინე აღარ ცნობს გიორგი მერვეს ერთაინი საქართველოს მეფედ. მეტიც, 1468 წელს იგი კავშირს ამყარებს თავის მტერთან, ბაგრატ მეექვსესთან და მას, მეფეს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ამ სიგელში, როგორც კონსტანტინე, ისე ბაგრატი მეფეებად მოიხსენიებიან, მაშინ, როდესაც ერთიანი საქართველოს მეფის სახელი არსად გვხვდება.
კონსტანტინე მეორე თავისი მიზნების განსახორციელებლად, უცხო ძალის შემოყვანასაც კი არ თაკილობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა საქართველოს მრავალჯერ ამაოხრებელი თეთრბატკნიანთა მბრძანებელი უზუნ ჰასანია. 1472 წელს, იგი კახეთის მეფე ალექსანდრე პირველთან ერთად, დასავლეთიდან გადმოსულ ქართველებს თეთრბატკნიანთა ჯარით ხვდება.
სწორედ კონსტანტინეს მეფობის დროს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დაშლას და ეს იურიდიულადაც გაფორმდა.
– რას გულისხმობთ?
– 1478 წელს, ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე იერთებს დასავლეთ საქართველოს, თუმცა, ამ ერთიანობას იგი ვერ ინარჩუნებს და ასკვნის, რომ უმჯობესია, მან შემოხაზოს საზღვარი საქართველოში, რომელზეც, არავინ შეეცილება. ამიტომ, იგი სამეფო შეკრებას მოიწვევს და საქართველოს დაშლას სამეფო-სამთავროებად ოფიციალურად გააფორმებს.
– როგორ გადაინაწილეს საქართველო?
– კონსტანტინეს დარჩა აღმოსავლეთ საქართველო, კახეთი ერგო გიორგის ძე ალექსანდრე პირველს, დასავლეთი, ბაგრატის ძეს, სამცხე – ყვარყვარე მეორეს. დასავლეთში, ასევე, დამოუკიდებლობა მოიპოვეს წვრილმა სამეფო-სამთავროებმა. მათ განაგებდნენ: სამეგრელოს, აფხაზეთისა და რაჭის ერისთავები.
ყოველივე აქედან ნათელი ხდება, რომ ამ პერიოდის მეფეებს უნდოდათ საქართველო გაეერთიანებინათ იმ შემთხვევაში, თუ სათავეში თვითონ მოექცეოდნენ. მათ არ ჰქონდათ ნება, რომ ურთიერთდათმობის გზით საქართველოს ერთიანობა შეენარჩუნებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეფეების მოღვაწეობის დროს იყო გმირული შეტაკებები უცხო დამპყრობელთა წინააღმდეგ, მათი პოლიტიკა ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია.