გათავისუფლდი ემოციისგან
წარუმატებლობას სიყვარულში ან საქმეში ადამიანები ხშირად მიჰყავს გულგატეხილობამდე, ზოგჯერ დეპრესიამდეც კი. არის სიტუაციები, როცა თავს უმწეოდ და მიუსაფრად ვგრძნობთ. წინააღმდეგობის ქარიშხალი ისეთ ბარიერებს გვიქმნის, რომ ერთი შეხედვით, მდგომარეობა სრულიად უიმედოდ გვეჩვენება. მაგრამ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, მთავარია, ემოციებმა უკან დაიხიოს, მისცეს გონებას მოქმედების საშუალება და გამოსავალიც მოიძებნება. ერთი სიტყვით, უპირველესად ემოციისგან უნდა „დაიცალოთ“. მით უმეტეს, ისეთი ემოციისგან, რომელსაც ნეგატივისა და ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.
ნეგატიური ფიქრი აუცილებლად უნდა იქცეს სიტყვებად და „გადმოიღვაროს“. ზოგ ადამიანს უჭირს საკუთარ პრობლემებზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ისაუბროს. თუ თქვენ ეს პრობლემა გაქვთ, გაიხსენით ნეიტრალურ პიროვნებასთან. რომელსაც ექნება უნარი, მოგისმინოთ და თბილი სიტყვა გითხრათ.
პრობლემებზე მუდმივად ფიქრი და დუმილი სერიოზული ფსიქოლოგიური დატვირთვაა და ყველა ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ასეთ ტვირთს. აუცილებლად დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, ვისაც ენდობით და ვინც მოახერხებს თქვენს პრობლემას „გვერდიდან“ შეხედოს. რთულ სიტუაციაში ნამდვილად ღირს ფიქრი იმაზე, რომ არის კიდევ უფრო რთული და მტკივნეული პრობლემები. აუცილებლად გექნებათ რაღაც ისეთი, რაც სიხარულის, შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. ჩართეთ ლოგიკა და გათავისუფლდით ემოციისგან. თუნდაც ამ საქმეში ცრემლების გადმოღვრაც გახდეს საჭირო. გულს მოიოხებთ და დამშვიდდებით.