რაზე გიჟდებოდა ნინო ქორიძე და რატომ დაშორდა ის კოტე გოგელიას
მნიშვნელობა არ აქვს, ნინო ქორიძე ცნობილი სახეა თუ არა, აქტიურად ჩანს ეკრანზე თუ სულ სხვა საქმით არის დაკავებული, მასზე მაინც ლაპარაკობენ, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ამა თუ იმ ჭორის ობიექტიც ხშირად არის. მიზეზი მარტივია: ნინო უპირობოდ დგას ლამაზი ქართველი ქალბატონების სიის სათავეში. სულ ახლახან კი ის გამოჩნდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პერსონაჟთან საერთო ერთი პროცენტიც კი არ აქვს.
ნინო ქორიძე: საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ბავშვობა მქონდა, ჯერ იმიტომ, რომ სახლში ძალიან ბევრნი ვიყავით – ორი ძმა და ოთხი და ვართ. სხვათა შორის, ამ სიტუაციის სიკარგე მერე უფრო ვიგრძენი. ბავშვობაში შენ რომ ყველაზე დიდი ხარ და პატარები ხელს გიშლიან, ნერვები გეშლება. სულ იყო ჩხუბი: „გადი ოთახიდან, დამტოვე ჩემს მეგობრებთან „მარტო“! ყოველთვის ქაოსი იყო. მაგრამ, მერე და მერე ჩვენ შორის ასაკი თითქოს საერთოდ წაიშალა და დავმეგობრდით. უამრავი მეგობარი მყავდა, საკმაოდ კომუნიკაბელური ტიპი ვიყავი. სულ სადღაც გავრბოდი, სულ სადღაც მეჩქარებოდა, აქტიური ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ანუ, პროფესიით მსახიობი არ ვარ, თუმცა, ისე მოხდა, რომ ბავშვობიდან მაქვს კინოსთან შეხება. წლები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვითამაშე კინოში – ბუბა ხოტივარის „დემეტრე თავდადებულში“ მეფის ერთ-ერთი შვილის როლი შევასრულე. მეორე როლი უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო. ნინო ხუჯაძის ფილმში „ბესამე“ უკვე 14 წლის ვიყავი.
– ბავშვებს, რომლებსაც პატარა ასაკიდან აქვთ კინოსთან შეხება, სხვა სფეროში თავი ვეღარ წარმოუდგენიათ. შენ რატომ წახვედი სხვა პროფილით?
– იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კომუნიკაბელურიც ვიყავი და გახსნილიც, ამ საქმეში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, მრცხვენოდა თუ რა იყო, არ ვიცი. ეტყობა რაღაც კომპლექსები მაინც მქონდა. ის დამოკიდებულება, რომ – რა მაგარია, კინოში ვთამაშობ – არასდროს მქონია, თავისთავად ხდებოდა ყველაფერი. ეს, ალბათ, მაინც გარემომ განაპირობა. დედაჩემის და მამაჩემის მეგობრები ამ სფეროში იყვნენ. მამა, კახა ქორიძე, ალბათ, ყველას ახსოვს ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“. სხვათა შორის, ეს ძალიან მეამაყებოდა, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა ეს ფილმი, მაგრამ ამ პროფესიაზე არ მიფიქრია. მართალია, ამ გზას არც ის გაჰყოლია ძალიან სერიოზულად, მაგრამ სამეგობროში ბევრი რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი ჰყავდა, ამიტომ, ხშირად მიბარებდნენ კინოსინჯებზე. „ბესამე“ ძალიან მკაფიოდ ზის ჩემს მეხსიერებაში. ქასთინგიც ისეთი იყო, სახალხო. თუკი ვინმე გოგო იყო ჩემ გარშემო, ყველა ჰყავდათ გასინჯული ამ როლზე და მართლა ძალიან გამიხარდა, როდესაც მე დამამტკიცეს. მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული მოხდა.
– პარალელურად, პოდიუმზეც დადექი.
– დიახ, 18 წლის ვიყავი, როდესაც ირინა თევზაძის ჩვენებაზე გამოვედი. დეფილეები მაშინ საერთოდ არ ტარდებოდა და ასეთი პომპეზური ჩვენება მართლა პირველად იყო, თავისი სცენით, განათებით, გადაღებით. მანამდეც სულ იყო რაღაც სტუდენტური ჩვენებები, სადაც მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ, დიდად არც ამ სფერომ მიმიზიდა, ვერ მოვიხიბლე პოდიუმით. ერთი სიტყვით, არც ამ სფეროზე გადავირიე.
– ძალიან მოხიბლული მგონი ახლაც არ ხარ, რადგან, ძალიან იშვიათად, მხოლოდ რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაზე გამოდიხარ ხოლმე.
– ასეა. მეგობრები მყავს, საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ამ საქმეში არიან და მათთან გამოვდივარ ხოლმე. ყველასთან რომ გამოხვიდე, მაშინ ეს შენი პროფესია უნდა იყოს და ამას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგე. ახლაც, „თბილისი ფეშენ-ვიქზე“, ნინო ჩუბინიშვილის ჩვენებაზე გამოვედი, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარი და უნიჭიერესი ადამიანია, აბსოლუტურად ობიექტურად ვამბობ. მართლა გენიალურ რაღაცეებს აკეთებს. რაც შეეხება მსახიობურ გამოცდილებას, ამ ბოლოს ვითამაშე „სამ სახლში“, რომელიც ძალიან მომწონს, კარგი ნამუშევარია. ვითამაშე „თბილისურ ლავ სთორიში“ ირაკლი ჩხიკვაძესთან...
– და ახლა უკვე გამოჩნდი სერიალში, „გოგონა გარეუბნიდან“. ეს როგორ მოხდა? ყოველთვის, კინო იქნებოდა ეს თუ პოდიუმი, ისეთ პროექტში იღებდი მონაწილეობას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მაღალი ხელოვნება იყო.
– ეს ჩემთვის სულ ახალი ამპლუაა, იმდენად განსხვავებული, რომ ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ზუსტად ვერ ვხვდები, რას ვაკეთებ. თავიდან ძალიან ბევრს ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, რა და როგორ გამოვიდოდა, მაგრამ ახლა კმაყოფილი ვარ. ქასთინგზე დამიბარეს როლზე, რომელსაც ახლა მარინა კახიანი თამაშობს. ძალიან კი გამიკვირდა და ვიკითხე, რატომ-მეთქი, მაგრამ, ფაქტია, რომ დამირეკეს (იცინის). საშინლად ვინერვიულე და მივხვდი, რომ ეს როლი ჩემთვის არ იყო. მოკლედ, არაფერი გამომივიდა. თვითონვე მითხრეს, ძალიან ბევრი პერსონაჟი გვყავს და, თუ ამ როლზე არა, შესაძლოა, სხვა როლზე დაგირეკოთო. მერე პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, რომ დაგამტკიცეთო. მგონი, კარგი გამოვიდა.
– შენ როგორი ხარ, რა გატაცებები გაქვს, სად გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
– სპექტაკლებზე რომ ვმუშაობ, იქ ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად – ეს მართლა ჩემია. საერთოდ, ყველაფერი ასე არეული მაქვს: კინოშიც ნათამაშები მაქვს, რეკლამებშიც ვარ გადაღებული, პოდიუმზეც ვიდექი, სპექტაკლშიც და, მართლა არ შემიძლია იმის თქმა, რომ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია და რომელიმე – ნაკლებად. ჩემი შემადგენელი ნაწილებია ეს ყველაფერი. სხვათა შორის, სპექტაკლში თამაში სპონტანურად მოხდა. ზურა გეწაძემ, რომლის სპექტაკლსაც ვაფორმებდი, (დეკორაციაზე ვმუშაობდი), გადაწყვიტა, რომ ის მსახიობი უნდა შემეცვალა, რომელიც ცუდად გახდა პრემიერის წინ. ვინაიდან მიზანსცენები, ტექსტი და საერთოდ, ყველაფერი ვიცოდი, რადგან ოცდაოთხი საათი რეპეტიციებზე ვიყავი, ზურამ მითხრა, შენ უნდა ითამაშოო. თავიდან, რომ დამირეკა, ხუმრობა მეგონა, მაგრამ ბოლოს მართლა სცენაზე აღმოვჩნდი. ისე ვინერვიულე, ვერ წარმოიდგენთ, ფეხები მომეკვეთა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ როლზე დამამტკიცეს და ათი სპექტაკლი ვითამაშე. ბოლოს ზურას ვუთხარი, ახლა სასწრაფოდ მომხსენი, ამის გადატანა აღარ შემიძლია, საშინლად ვნერვიულობ-მეთქი და ისევ დეკორაციებს დავუბრუნდი (იცინის). ზურას სამი სპექტაკლი მაქვს გაფორმებული, ბოლოს ვიმუშავე ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“-ზე, რომელიც ჩემს დასთან, სოფოსთან ერთად გავაფორმე.
– პარალელურად ვითარდებოდა შენი პირადი ცხოვრებაც...
– პირადი ცხოვრება ისეთივე ქაოსური იყო, როგორიც შემოქმედებითი ცხოვრება. როგორც ჩანს, ხასიათი მაქვს ასეთი, არასტაბილური, ქაოსური, მიყვარს მრავალფეროვნება და ეს, ალბათ, ჩემდაუნებურად ჩემს პირად ცხოვრებაზეც აისახა. მართალია, ამისგან პირადად მე ცოტა დავიღალე და ხშირად ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგია, რადგან, სულ რაღაც ხდება და ამით არის საინტერესო. ტკივილისა და დიდი სიხარულების გარეშე შეუძლებელია ცხოვრება. ჩემი ცხოვრება და შემოქმედება სულ პერიოდებად არის დაყოფილი და ამას ახლა უფრო მივხვდი. თუ საქმეში ვარ, პირადისთვის ვერ ვიცლი და თუ პირად ცხოვრებაში რაღაც სიახლეებია, ბოლომდე იქით ვეშვები და საქმე საერთოდ აღარ მახსოვს. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ხატვა, მაგრამ, 16 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და იმდენად წავედი პირადულისკენ, რომ ხატვას, პრაქტიკულად, თავი დავანებე.
– მაგრამ მაშინ ეს ძალიან ადრე გათხოვებად არ ითვლებოდა.
– გეთანხმები, იყო რაღაც ცუდი მოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ტალღაში მოვყევი, მაგრამ, ალბათ, ასე მოხდა. ხშირი იყო მოტაცებები და მეც ერთ-ერთი მოტაცებული აღმოვჩნდი (იცინის). მართალია, მანქანაში ძალით არავის ჩავუტენივარ, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მოტყუებით აღმოვჩნდი ქალაქგარეთ. გარდატეხის ასაკის მერე, როდესაც უკვე აღარ ვთამაშობდი ბიჭებთან ფეხბურთს, დავსერიოზულდი და პრანჭვა დავიწყე, გავთხოვდი კიდეც (იცინის). ჩემს დას, რომელიც ახლა 21 წლისაა, თექვსმეტის რომ გახდა და გავიაზრე, ზუსტად იმხელა ვიყავი, რომ გავთხოვდი, შოკში ჩავვარდი, გადავირიე – თურმე მთლად ბავშვი ვიყავი. ჩემი მეუღლე კი 18-ის იყო. ორ წელიწადში ერთმანეთს დავშორდით.
– ვინ იყო შენი მეუღლე?
– პირველი ქმარი იყო დათო კვირიკაძე, „ბათურას“ ეძახდნენ. გვყავს ერთი შვილი, ირაკლი კვირიკაძე, 17 წლის, რომელიც ახლა ინგლისში სწავლობს. ალბათ, ადრე გათხოვების ერთადერთი პლუსი სწორედ შვილია. თან ირაკლი მაღალი ბიჭია და, ვინც არ იცის, ყველას ჩემი ერთ-ერთი ძმა ჰგონია.
– მერე როგორ განვითარდა ყველაფერი?
– დავშორდით ერთმანეთს და ისევ საქმეში გადავეშვი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავთხოვდი, მაშინ უკვე 21 წლის ვიყავი, მაგრამ, რომ გითხრა, იმ დროს დიდად ვიყავი ჭკუაში ჩამჯდარი, მოგატყუებ. თითქოს იმავე ტალღას გავყევი და მერე წელიწად-ნახევარში მასაც დავშორდი.
– მეორე ქმარი ვინ იყო?
– კოტე გოგელია. სხვათა შორის, ჟურნალისტები ინტერვიუზე რომ მოდიან, პირველად ამას მეკითხებიან.
– ალბათ იმიტომ, რომ ის ახლა მაკა ასათიანის ქმარია და ეს ფაქტი ორმაგ ინტერესს იწვევს.
– შესაძლებელია, მაგრამ, ზუსტად ამიტომ არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. ჩვენი ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. თან, პირად ცხოვრებაზე საუბარი ისედაც მიჭირს, მით უმეტეს, თუ ეს საუბარი სხვა ადამიანების პირად ცხოვრებასაც ეხება. არ მომწონს ეს.
– მისთვის პირველი ცოლი იყავი?
– დიახ, ერთმანეთს ირინა თევზაძის ჩვენებაზე შევხვდით. კოტე ირინას მეგობარია და, თუ არ ვცდები, ამ ჩვენებას აფინანსებდა. გავიცანით ერთმანეთი, დაიწყო სიყვარულის ისტორია, რომელიც მალე ჩემი გათხოვებით დასრულდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ძალიან მალე დავშორდით ერთმანეთს.
– ამის შემდეგ ამ გადაწყვეტილებამდე აღარ მისულხარ?
– არა, აღარ გავთხოვილვარ. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტს ფიქრობ, მეტ რაღაცას აქცევ ყურადღებას. გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მანამდე თუ უფრო დაუფიქრებლად ვდგამდი ნაბიჯებს, ისევ და ისევ ასაკიდან გამომდინარე იყო, ახლა კი, ემოციურ მომენტებთან ერთად, რაციონალური მომენტები მოდის წინა პლანზე. პარალელურად, ბევრს ვფიქრობ შვილზე, რომელზეც პირდაპირპროპორციულად აისახება ყველა ჩემი გადაწყვეტილება. თუ პირველად გაცნობიერებულად მოხდა ყველაფერი, მეორედ მართლა ვერ მივხვდი რა მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მივიღე. რაც დრო გადის, ყველაფერი რთულდება. რა თქმა უნდა, შეიძლება, უცებ ისეთი რაღაც მოხდეს, რომ დაგავიწყდეს ყველანაირი მსჯელობები და კიდევ ერთი სისულელე ჩაგადენინოს, მაგრამ, ამის უკვე ნაკლებად მჯერა (იცინის).