როდის ხდება კორკოტა „ტანწერწეტა“ მამა და რატომ ასწავლის მას შვილი „ბალერინას დიეტებს“
კორკოტა მართლაც ღირსეული ადამიანია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ოთხი შვილის მამაა, როგორც ამბობენ ხოლმე, ოთხი კარგი შვილის. ოთხივე მათგანი საკმაოდ ნიჭიერია და თავის სიტყვას, სალომეს მსგავსად, ალბათ, ყველა იტყვის. ულამაზესი, ხავერდოვანი ხმის გოგონა, რომელიც „ნაცნობის“ დილაში მამასთან ერთად ხუმრობს და მსჯელობს სერიოზულ თემებზე, მისი მესამე შვილი, ელენე კორკოტაშვილია.
ელენე კორკოტაშვილი: სკოლა ორი წლის წინ დავამთავრე, ახლა თავართქილაძის უნივერსიტეტში ვსწავლობ, უკვე მეორე კურსზე ვარ, ფინანსების სპეციალობით. პარალელურად დავდივარ რადიოში, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვარ და, ვნახოთ, მერე რა იქნება. თავიდან იდეა მამას გაუჩნდა, რაღაც ახლის გაკეთება უნდოდა თავის გადაცემაში. ჯერ სალომეს წაყვანა უნდოდა, მაგრამ ბავშვის გამო ვერ მოახერხა, ამდენ დროს ვერ გამონახავდა და მერე მე მითხრა, იქნებ შენ დაიწყოო.
– ანუ, თქვენი იუმორის სჯერა.
– ალბათ. ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით მამასთან. სახლშიც რომ ვართ, ერთმანეთს ძალიან მაგრად ვუგებთ. შეიძლება, უცებ რაღაც ვთქვა და ამაზე მერე მამამ კარგი ისტორია მოაყოლოს. ყოველთვის კარგად ვიყავით, ვეწყობოდით და, ალბათ, ამიტომ მიხვდა გია, რომ ჩვენი ერთად ყოფნით რაღაც კარგი გამოვიდოდა. ჯერ ცდით დაიწყო ყველაფერი, მერე მოეწონა და ასე გავაგრძელეთ. პირველი გადაცემა ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ, ისე ვინერვიულე, კინაღამ მოვკვდი, დარობოტებული ვკითხულობდი რაღაცეებს. ამინდი ისე უემოციოდ წავიკითხე, ალბათ, ძალიან ცუდი იყო მოსასმენად, დაბოხებული ხმით ვთქვი: „თბილისში ახლა ოცი გრადუსია“, – თუ რაღაც ეგეთი (იცინის). მერე გიამ პირდაპირ ეთერში მითხრა, რას შვრები, ცოტა აზრზე მოდიო და მეც ცოტა მოვეშვი. მიხვდი, როგორი შინაურული გარემოა?! შეიძლება, პირდაპირ ეთერში შენიშვნაც მოგცენ. ახლაც ხდება ასეთი რაღაცეები: – „მაგრად გაუტიე, კაი გეყოფა, რაებს ყვები“, „დაწყნარდი“... – ასეთი ფრაზები თავიდან ძალიან ხშირი იყო. ნელ-ნელა უკვე მეც ავეწყვე და შენიშვნებს აღარ ვიღებ.
– თუმცა, ხანდახან მაინც გაწყვეტინებს საუბარს და სულ სხვა თემებზე გადადის ხოლმე.
– ეგ კი, თავისას „აჯაზებს“. ანუ, გადაცემის მთელი ხიბლიც ესაა, რომ ერთი თემა არ გვაქვს, იმდენ თემაზე გადავდივართ და გადმოვდივართ, რომ, შეიძლება, გადაცემის ბოლომდეც აღარ დავუბრუნდეთ მთავარ თემას. ძალიან ხშირად ვკამათობთ კიდეც და ბევრ რამეში ვეთანხმები. სულ სხვადასხვა თაობა ვართ და, მგონი, ის უფრო საინტერესოა, რა განსხვავებებია ჩვენ შორის. ყველა გადაცემა ძალიან მიყვარს, რადგან სულ სხვადასხვანაირი და საკმაოდ დატვირთულია. შეიძლება, „ბალერინების დიეტაზე“ ვსაუბრობდეთ, ამ დროს ვიღაცამ დარეკოს და საუბარი თბილისზე გაგრძელდეს.
– ზუსტად ეს „ბალერინების დიეტა“ მაინტერესებდა. ამდენი ტორტისა და ნამცხვრების რეცეპტებს რომ გვასწავლი, მართლა იცი ცხობა?
– არა, დედა მეხმარება (იცინის). დედა მყავს ისეთი კულინარი, რომ ეგეთს მეორეს არ ვიცნობ. რაღაცეები მეხერხება, მაგრამ, ნამდვილად არ ვზივარ და სახლში ტორტებს არ ვაცხობ. ყველა მეუბნება, ისე ყვები, გეგონება, ერთი ოცჯერ მაინც გამოგვიცხვიაო, მაგრამ არა.
– კორკოტა ყოველთვის ძალიან პატრიოტულია და ძირითადად ამ თემებზეა საუბარი. შენი თაობისთვის თუა ეს თემა აქტუალური?
– ჩვენთან ეს პატრიოტული მომენტები ბევრად უფრო განელებულია. ყველას უნდა უცხოეთში სწავლის გაგრძელება, იქ დამკვიდრება და სხვა. მაგრამ, ჩვენ მაინც ცოტა სხვანაირად ვართ გაზრდილები – რაც დავიბადე, სულ საქართველო, საქართველო მესმოდა. რა თქმა უნდა, ბავშვებს ჩვენი აზრი გვაქვს, მაგრამ, ეს ქვეყანა უფრო დედისგან და მამისგან შეგვიყვარდა. მამაჩემიც აკრიტიკებს ქართველებს, არც მთლად ასეა საქმე. იმედია, ჩვენც გავიზრდებით და ჩვენ თაობაშიც გაჩნდება პატრიოტული გრძნობები.
– რას გსაყვედურობთ ხოლმე?
– მამაჩემისგან ჩხუბი არ მახსოვს. თუ რაღაცაზე გაგვიბრაზდა, ჩვენთვის ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როცა გაიბუტება და ხმას აღარ გვცემს. გია რომ არ გველაპარაკება, ამაზე გული გვისკდება. ეს ყველაზე ცუდი დასჯაა. ერთადერთი, რასაც გვთხოვს, არის პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის, სწავლის, უფროსების მიმართ.
– მეგობრებისა და ახლობლების წრეში თავისი ხუმრობები ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა, ის, რომ შენი იუმორი ყველასთვის სასაცილო და საინტერესო იყოს ძალიან რთულია. შენთვის ეს, ალბათ, მემკვიდრეობითი ნიჭია...
– რა თქმა უნდა. ჩემს ოჯახში იუმორის კულტია. მამა მაინც სხვა თაობის ადამიანია, სხვანაირი იუმორი აქვს, სხვა რაღაცეებზე ეცინება. ნელ-ნელა ვისწავლე, როგორ უნდა ვიხუმრო მამაჩემის თაობის ადამიანებთან. მამაჩემის მეგობრებიდან და დედაჩემიდან გამომდინარე, ვიცი, რაზე ეცინებათ. თან, რადიოში საერთოდ ვერ ხვდები, რომ ძალიან ბევრ ხალხს ელაპარაკები – შენთვის ზიხარ პატარა ოთახში, შენ წინ მამა ზის და მასთან ერთად რაღაცეებს ლაპარაკობ. რეკლამის დროს რაღაცას თუ გავიხუმრებ, მეუბნება ხოლმე, ეგ კარგია, ჩავაგდოთო. ზოგჯერ რაღაც ანეკდოტი გვაქვს მომზადებული და მერე იმაზე მაგარი ამბები იგება. ძალიან ხშირად ვხუმრობდით ისეთ გოგონებზე, „ცოტა რაღაცნაირად“, რომ ლაპარაკობენ, მაგრამ, ბოლო პერიოდში ცოტა შევეშვით და „მოქოქილ“ ქალებზე გადავედით, მაღალ ტონალობაში რომ საუბრობენ – „ოჰ! ოჰ!“ – ყველაფერი რომ უკვირთ. ადამიანების ტიპაჟები გვაძლევენ ხუმრობის მიზეზს, მაგრამ, საკუთარ თავზე, ალბათ, ყველაზე მეტს ვხუმრობთ. მამა სულ ამას ამბობს: „გეტყობა, შვილო, დიეტა; ჭამე, შვილო, რამე, საშინლად გამიხდი“ (იცინის). თუმცა, წონის ამბავი ჩემი მხრიდანაც გადასარევად მუშაობს – „ტანწერწეტა“ მამა რომ მყავს, ამას ხშირად ვუსვამ ხაზს.
– კორკოტა რადიოში სულ „შემოგევლე, გენაცვალეთი“ ლაპარაკობს. ცხოვრებაშიც ასეთია?
– დიახ, სულ ასეთია. ახლა რომ ვაკვირდები, უფრო ვხვდები, რომ ყოველთვის განსაკუთრებული მამა იყო, თუმცა, არასდროს არ იყო სტაბილური. მაგალითად, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ დაბადების ან რამე ეგეთ დღეს საჩუქარი არ გაჩუქოს, მაგრამ, აბსოლუტურად ჩვეულებრივ დღეს, შეიძლება, ისეთი საჩუქარი გაგიკეთოს, მართლა გაგიჟდე. სულ მახსოვს ეს სიურპრიზები და ამბები. მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგი განათლება მიგვეღო, მაგრამ, ამასთან ერთად, გართობაც არასდროს დაუშლია. არ მახსოვს, სადმე წასვლა აეკრძალოს, მაგრამ, ლიმიტი გვქონდა 11 საათამდე. ცოტა რომ გავიზარდე, უფრო სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ძმაკაცები ვართ. ჩვენს სახლში ქეიფი რომ იყო, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი – ანეკდოტებს, ისტორიებს ყვებოდნენ. სულ ასეთ სიტუაციაში გავიზარდე. 16 ივლისს მაქვს დაბადების დღე. ამ დროს თბილისში ბავშვები აღარ იყვნენ ხოლმე. ერთხელ, კიკეთში ვიყავით და ჩემს დაბადების დღეზე ორმოცდაათი კაცი ამოვიდა, სულ მამას მეგობრები და ეს ყველაზე მაგარი დაბადების დღე იყო.
– შენს სამეგობროში თუ უყვართ ქეიფი, გიტარა, სიმღერა?
– დიახ, რაღაც, ამ ბოლო დროს, ეგ სიტუაცია დაბრუნდა. თავიდან ყველა ამბობს ხოლმე – გიტარა არა, ისო, მაგრამ, მერე, ერთ-ორ ჭიქას რომ დალევენ, იწყება: „აუ, გეხვეწები, ის ვიმღეროთ, რა!“ სულ ქართულს არ ვმღერით ხოლმე, ჩვენი თანამედროვე ქართული რაღაცეებიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ის ძველი მაინც არის. ყველას უყვარს თავისთვის მოჯდომა, გიტარა და ქეიფი.
– ვიცი, რომ კარგად მღერი, რატომ არ ჩანხარ ამ მხრივ?
– არ ვიცი, ალბათ, ცოტა ხანში გამოვჩნდები. სულ მეკითხებიან ხოლმე, სალომეს სტილში იმღერებო? არა, ეს არ იქნება არც სალომეს და არც „ნაცნობის“ სტილი, სულ სხვა იქნება, განსხვავებული. ჯერ არ მინდა თქმა, ვნახოთ, რა გამოვა.
– სალომესთან ურთიერთობაზეც მომიყევი.
– ჩვენ შორის ოთხი წელია სხვაობა და მისთვის სულ პატარა და ვიყავი, ყველაფერს რომ უშლის, კაპასი დები რომ არიან, ასეთები ვიყავით – სულ ვჩხუბობდით. თემა არ არსებობს, რის გამოც არ გვიჩხუბია. რომ გათხოვდა, ჩემთვის ეს მართლა შოკის მომგვრელი იყო. ნელ-ნელა მივხვდი, სალომე როგორ დამაკლდა. ახლა უკვე ვმეგობრობთ და ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ, იყო პერიოდი, მეგობრები რომ მოდიოდნენ მასთან, ოთახში არ მიშვებდა (იცინის). უსაყვარლესი შვილი ჰყავს. ჩემს უფროს ძმასაც ჰყავს პატარა, ერთი თვის შუალედით ეყოლათ მას და სალომეს და ორივე ერთად ისეთი საყვარლები არიან, შეიძლება, ჩაყლაპო. ორივე მამაჩემს ჰგავს, მაგრამ, თან ერთმანეთს არ ჰგვანან.
– სხვა რა გატაცებები გაქვს.
– მუსიკაზე ვგიჟდები. რატომღაც, რომ არ მიყვარდეს... (იცინის) არ არსებობს, არ ვღიღინებდე. ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. ვგიჟდები მიუზიკლებზე და ჩემი ოცნებაა, მიუზიკლში თამაში. მგონი, ყველა მიუზიკლი ნანახი მაქვს. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და, ალბათ, იმის გამო, რომ ჩემი ცოდნა მაინც არ დაკარგულიყო, ფინანსებზე ჩავაბარე. მამა სულ მეუბნებოდა, ნიჭი არ დაიკარგებაო. მიუხედავად პროფესიისა, შეიძლება, ამ სფეროშიც რაღაც გავაკეთო. აბა, მამაჩემი რა მსახიობია და რამდენ ფილმშია გადაღებული! ჩემი მეგობრები ამბობენ ხოლმე, ფული იმიტომ უნდა ვიშოვო, რომ ელენე მიუზიკლში ვათამაშოო. სულ ამაზე ვლაპარაკობ.
– გათხოვებას არ აპირებ?
– კატეგორიულად არა. ჯერ კარგად უნდა გავერთო და მერე. თან, არავითარ შემთხვევაში არ გავიპარები. სალომე რომ გაიპარა, მამა ისეთ დღეში იყო, მარტო მაგიტომ არ გავიპარები არასდროს. საშინლად იყო. სალომემ ჰკითხა, სექტემბერში რომ გავთხოვდე, რა მოხდებაო. არ გათხოვდე, ძალიან პატარა ხარო, მაგრამ, სალომე მაინც გაიპარა და ამან მამა გააგიჟა. რამდენიმე დღე არ ამოუღია ხმა და ეს საშინელება იყო ჩვენთვის. სახლში, რომ ვაგვიანებ მკითხავს, სად იყავი აქამდე? მე ვპასუხობ: „რავი დამაგვიანდა“. „რატომ არ დარეკე?“ „აუ, ვერ დავრეკე“. „ვერ დარეკე და ნახვამდის“, – ეს კი ნიშნავს, რომ ხმას არ გაგცემს. მერე დედის დახმარებით ხდება ხოლმე მისი შემორიგება – მაგარი შუამავალი გვყავს.