კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროტესტი ჰქონდა თინა მახარაძეს წლების წინ კონკრეტული ადამიანების მიმართ და როდის ხდება ის შეურაცხადი


„იმედის“ არხზე ახალმა ქართულმა სერიალმა – „გოგონა გარეუბნიდან“ – გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და ყოველ ორშაბათს დიდი ინტერესით ელიან მოვლენათა განვითარებას. მთავარი მოქმედი გმირი, თამუნა ჭელიძე, იგივე თინა მახარაძე, თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, სწავლობს გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში და ამით ნამდვილად ამაყია. რაც შეეხება მის სერიალში გამოჩენას, სპონტანურად მოხდა. ქასთინგზე ისე მივიდა, არც კი იცოდა, რას იღებდნენ. საბოლოოდ, იგი ყურადღების მიღმა არავის დარჩენია და მთავარ როლზე დაამტკიცეს, გარეგნობა შეუცვალეს და, ნაზი და მიმზიდველი გოგონა, რადიკალურად განსხვავებულ ადამიანად აქციეს. თუმცა, თავად თინას მიაჩნია, რომ მას თამუნასთან ბევრი საერთო აქვს და მისი გმირი სულაც არ არის ისეთი, როგორადაც მას ხალხი აღიქვამს.



– კამერასთან მუშაობის გამოცდილება თუ გქონდა ამ სერიალში გადაღებამდე?

– კინოს სპეციფიკით გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ, კამერასთან მიმუშავია „ჯეოსელის ზუმის“ სახე ვიყავი და მუსიკალური გადაცემა „ზუმერანგი“ მიმყავდა.

– მესამე კურსის სტუდენტი ხარ. ამ ეტაპზე მართლაც რომ კარგი მომენტია გამოცდილების შესაძენად, თან, პოპულარულიც გახდები.

– პოპულარობა ჩემთვის აბსოლუტურად გულწრფელად მეათეხარისხოვანია, რაც შეეხება გამოცდილებას, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს უნდა მესწავლა, რომ ის გამოცდილება მიმეღო, რაც ამ რამდენიმე თვეში დავაგროვე. ძალიან კარგი ჯგუფია. ჩემი მინუსი ის არის, რომ ყველაზე არაპუნქტუალური და საშინლად დაბნეული ვარ. სულ იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ კბილებისა და სათვალის გაკეთება არ დამავიწყდეს. ყოფილა შემთხვევა, კამერა ჩართულა, „მატორ“ დაუძახიათ და უცებ ჩერდებიან იმის გამო, რომ კბილები არ მიკეთია.

– შენი პიროვნება რით ჰგავს თამუნა ჭელიძეს? თქვენ შორის რამე მსგავსება დაინახე?

– კი, როგორ არა. თამუნა ძალიან მაგარი ტიპია და სულ იღიმება. რომ ამბობენ, გოიმი და გამოუსვლელიაო, არ ვეთანხმები. ის ძალიან ჭკვიანი, მიზანმიმართული და მოტივირებული გოგოა, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია თავის საქმეზე. არის ძალიან მართალი, არასდროს იტყუება და არ თამაშობს. სულ ცდილობს სხვები გააღიმოს და კარგად აგრძნობინოს თავი. რაც შეეხება მსგავსებას, მეც ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი, ისევე, როგორც თამუნას და მეც სულ ვიღიმები.

– გარეგნობით ისე განსხვავდები თამუნასგან, რომ, ალბათ, ხალხი ქუჩაში ვერ გცნობს.

– არ მეგონა, მაგრამ, ძალიან ბევრი მცნობს, მით უმეტეს რომ ვიღიმები, მაშინ. ორი დღით ბათუმში ვიყავი ჩასული და ქალმა, ვისთანაც ვაპირებდი, ბინა მექირავებინა, მიცნო – შენ ხომ თამუნა ხარო, მკითხა. ყველასგან ძალიან კარგი ემოცია მოდის. ეს ყველაფერი კი „ღამის შოუ სტუდიის“ დამსახურებაა.

– ალბათ, ძალიან სწრაფ ტემპში გიწევს ტექსტის სწავლა. მაგალითად, „შუა ქალაქის“ მსახიობებს ამისთვის მხოლოდ ორი დღე აქვთ.

– ჩვენ ორი დღეც არ გვაქვს. სცენარი ერთი კვირით ადრეა მზად. შეგვიძლია, ავიდეთ, ამოვაპრინტეროთ და წამოვიღოთ. ფიზიკურადაც ვერ ვასწრებ ამის გაკეთებას, რადგან დილიდან ღამემდე გვაქვს გადაღება. სახლში რომ ვბრუნდები, ისეთი დაღლილი ვარ, ვითიშები და ვიძინებ. ამიტომ, გადაღებაზე რომ მივდივარ, ცალკეულ ფურცლებს გადავიკითხავ, ორი წამი ვიფიქრებ და მერე ვთამაშობ. ანუ, რომ ვთქვა, როლს წინასწარ ვსწავლობ-მეთქი, არა, ამას იქვე ვაკეთებ.

– კვირაში რამდენი დღე გაქვთ გადაღება?

– მე ყოველდღე მაქვს გადაღება, რადგან ყველა სერიაში ვარ. დღეს არის ერთადერთი დღე, სასწაული რომ მოხდა და დავისვენე. მშვიდად შევედი ტუალეტში, არსად არ მეჩქარებოდა და არავინ მიკაკუნებდა კარზე. საჭმელიც ადამიანურად ვჭამე.

– შენ თუ შეგიძლია, თამუნას მსგავსად, თავის წარმოჩენა ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად? ანუ შენი გმირივით მიზანდასახული ხარ თუ გაქვს ამის კომპლექსი?

– ამ მხრივ არანაირი კომპლექსი არ მაქვს. 16 წლიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ, მატერიალურად იქნება ეს თუ სხვა მხრივ. ჩემებიც შეეჩვივნენ ამას და, ალბათ, მოსწონთ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის წარმოუდგენელია არ ვიმუშაო და სხვაზე ვიყო დამოკიდებული. რომელ კომპლექსზეა ლაპარაკი! „ზუმერანგი“ რომ დაიხურა, ისე მოხდა, რომ 4-5 თვე მხოლოდ რეპეტიციებით ვიყავი დაკავებული და სამსახური არ მქონია. ლამის გავგიჟდი. თამუნაც ასეთია, მუშაობს იმ საქმეზე, რაც აინტერესებს და უყვარს.

– როგორც თქვი, 16 წლიდან დამოუკიდებელი ხარ. ძნელი იყო შენთვის დამოუკიდებლობის მოპოვება?

– 16 წლიდან ვმუშაობ, თორემ, დამოუკიდებელი მანამდეც ვიყავი. მახსოვს, მეათე კლასში რომ ვსწავლობდი, ერთ-ერთმა კომპანიამ სცენარებზე კონკურსი გამოაცხადა. გაკვეთილები რომ დამიმთავრდა, ჩანთა მეგობართან დავტოვე და წავედი იმ კომპანიაში. ზარი რომ დავრეკე, რა გინდაო, მკითხეს. განყოფილების უფროსთან უნდა შემიშვათ-მეთქი. კი მაგრამ, ვინ ხარ, ან რამხელა ხარ, პირადობა გაქვს საერთოდო? პირადობაც კი არ მქონდა მაშინ აღებული. მოკლედ, პირდაპირ შევედი. კაბინეტში სამი ტიპი იჯდა. რა გინდაო რომ მკითხეს, ვუპასუხე, სცენარი მოვიტანე, მაგრამ, დაწერილი არ მაქვს, მოგიყვებით-მეთქი, მაგრამ, სანამ მოგიყვებით, მანამდე გეტყვით, რატომ უნდა აირჩიოთ ჩემი სცენარი-მეთქი. ვილაპარაკე ბრენდინგზე, მენეჯმენტზე, ფიარზე და ასე შემდეგ. მაინც მიყურებდნენ... ეხლა რომ ვიხსენებ, ძალიან მეტიჩარა ბავშვი ვიყავი. ცოტა მაღიზიანებს რაღაცეები, მაგრამ, ალბათ, ასეთი რომ არ ვყოფილიყავი, სხვა რაღაცეებში ნაკლებად აქტიური ვიქნებოდი, მუშაობის ნაკლები სურვილი მექნებოდა და ვერ განვვითარდებოდი.

– თეატრალურ უნივერსიტეტში ვის ჯგუფში სწავლობ?

– გიორგი შალუტაშვილის. ჯერ მესამე კურსზე ვარ და რა წარმატებაზეა ლაპარაკი, მაგრამ, თუკი რამე წარმატება მქონია, პირველი წარმატება ის იყო, რომ გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. კარგისკენ თუ განვვითარდი, ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ გიორგის.

– შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

– მყავს დედა, მამა, და-ძმა. მე ყველაზე უფროსი ვარ, მაგრამ ჩემი და გათხოვილია და შვილიც ჰყავს. ერთადერთი, ჩემი დაა, რომლის გადადგმულ ნაბიჯსაც ვამართლებ პატარა ასაკში გათხოვების შემთხვევაში. ძალიან კარგი ოჯახი აქვს და ძალიან უყვარს თავისი ქმარი. ჩემთვის, მაგალითად, მიუღებელია ადრე გათხოვება. დედა მყავს ძალიან ლამაზი. ჩემი ძმა 11 წლის არის, ძალიან კარგი ტიპია. უხარიათ ჩემი გამოჩენა სერიალში, თუმცა, ჩემი ძმა ყველაზე ნაკლებად იმჩნევს სიხარულს – რატომ უნდა იამაყოს რაღაცით. ჯიუტია და ჩემსავით რთული ხასიათი აქვს მასაც, მაგრამ, კარგი ტიპია. თუკი ვინმე არსებობს ამქვეყნად, მათგან მამაჩემი მიყვარს ყველაზე მეტად.

– შენს ცხოვრებაში სწრაფად ვითარდება ყველაფერი?

– იმდენად სწრაფად ხდება ყველაფერი, რომ რაღაც მოვლენების გაანალიზება თვეების შემდეგ მიწევს. ალბათ, ამიტომაც ვარ დაბნეული.

– კრიტიკას ადვილად იღებ?

– რომ ვთქვა, ადვილად ვიღებ-მეთქი, არა. არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც კრიტიკა, პირიქით, უხდებათ და მეტ სტიმულს აძლევს, მაგრამ. არის კატეგორია, ვისაც, რაც უფრო აქებენ მით უფრო მოტივირებული ხდებიან და მე ვარ ასეთი. კრიტიკა არც ერთ ვარიანტში უკან არ მხევს, პირიქით, არიან კომპეტენტური ადამიანები, რომელთა აზრი და კრიტიკაც მაინტერესებს და ვეუბნები, მითხარი ყველაფერი რაც არ მოგწონს, რომ მერე გავითვალისწინო-მეთქი.

– შენი რთული ხასიათი რაში გამოიხატება?

– ახლა იმდენად აღარ, მაგრამ, ადრე ძალიან კონფლიქტური ვიყავი. რაღაცეებისა და ვიღაცეების მიმართ სულ რაღაც პროტესტი მქონდა. ყველასთან და ყველაფერთან გაუგებრობაში მოვდიოდი, სულ მინდოდა, მეთქვა: ხალხნო ეს ასე კი არ არის, ასეა და, დაინახეთ სიმართლე და ჭეშმარიტება-მეთქი. ახლა გაცილებით ინდიფერენტული დამოკიდებულება მაქვს კონკრეტული ადამიანების მიმართ. თუ ვხვდები, რომ რაღაცაში ვერ ვემთხვევით ერთმანეთს, ვამბობ: კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა და მე ვიფიქრებ, როგორც მე მინდა. რთული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ პროტესტი მაინც დამრჩა. იმდენად ბევრი რაღაცის მიმართ მაქვს პროტესტი, რომ ძალიან შორს წამიყვანს ლაპარაკი. დრო კი ახლა ნაკლებად მაძლევს პროტესტის გამოხატვის საშუალებას. ფიზიკურად ვერ ვიცლი.

– გადასაღებ მოედანზე როგორი ხარ?

– დაბნეული. სულ ვიცინი და ვმაიმუნობ. ოპერატორი გვყავს ყველაზე მაგარი ტიპი, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. მე და ის სულ რაღაც საოცრებებს ვაკეთებთ. სხვისი სცენის გადაღების დროს იმდენად გათიშული ვარ, მეძინება. რომ მაღვიძებენ, ჯერ ხომ ვერაფერს ვხედავ, მერე კი, თავი რომ გამოვიყვანო, გაუცნობიერებლად არაადეკვატური რაღაცეების კეთებას ვიწყებ და ისტერიკა მეწყება, იმდენს ვიცინი. მაგრამ, რაც უნდა ცუდად ვიყო, კამერა რომ ირთვება და „მატორს“ იტყვიან, ვიცი, რომ ჩემ გამო არც რეჟისორმა უნდა დაკარგოს დრო, არც ოპერატორმა, არც ხმის რეჟისორმა და არც ჩემმა უამრავმა პარტნიორმა.

– ყველაზე დიდ კომფორტს რა გიქმნის?

– წიგნები. ყოველთვის დისკომფორტი მაქვს მაშინ, როცა ჩანთაში წიგნი არ მიდევს. კომფორტს მიქმნის ჩემი „აიპოდი“ დიდი ყურსასმენებით, ბლოკნოტი, რაშიც სულ უნდა ვწერო, რასაც ბოლო პერიოდი ვეღარ ვახერხებ. კომფორტს ის ადამიანები მიქმნიან, რომლებიც ჩემიანები არიან. რომ გითხრათ, ბევრი ხალხი მიყვარს-მეთქი, არა. დისკომფორსტს მიქმნის, როცა კევს ხმაურით ღეჭავენ. ეს იმდენად ცუდად მოქმედებს, შეურაცხადი ვხდები. კიდევ, შემიძლია, დავიძინო ყველგან, ნებისმიერ ადგილას და ვჭამო იქ, სადაც მომშივდება.

– თქვენი სერიალის მაყურებელს რას ეტყვი?

– იმედი მაქვს, ყველა სერია წინა სერიაზე უკეთესი იქნება. მე რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ, დანარჩენებს რომ გამოუვათ, ეჭვი არ მეპარება, რადგან მართლა მაგრები არიან.


скачать dle 11.3