რას ურჩევს ვანო ჯავახიშვილი ქალებს და რას გადაურჩნენ მამაკაცები მისი კაცად დაბადებით
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ვანოა... „ის“ ვანო არა, კაცო... „ეს“ ვანო, ანუ ვანო ჯავახიშვილი. „ის“ ვანოც არ იქნებოდა ურიგო რესპონდენტი, მაგრამ... თუმცა, ამაზე სხვა დროს...
ვანო ჯავახიშვილის „ქალის ტყავში“ შეყვანა სულაც არ აღმოჩნდა რთული. პროფესიული ოსტატობით „მოერგო“ კითხვებს და არც იმის აღიარება გასჭირვებია, რომ, იყო ქალი – მეტისმეტად საპატიო და რთული მოვალეობაა.
ვანო ჯავახიშვილი: რა თქმა უნდა, ქალობა გაცილებით ძნელია. იმიტომ, რომ ქალის ცხოვრება კაცისაზე რთულია. თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ბავშვს აჩენს. აღარაფერს ვამბობ, ის ბავშვი მერე მისი მოსავლელი და მისახედი რომ არის. ეს ერთი მიზეზიც საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ უფრო ადვილია, იყო მამაკაცი.
– ძალიან ობიექტური შეფასებაა, მაგრამ კაცი არ არის ქალის მისახედი?
– როგორ არ არის. მე ქალებს ძალიან დიდი პატივს ვცემ და ვაფასებ მათ შრომას. თუმცა, სანამ დავოჯახდებოდი და მეუღლე მეყოლებოდა, სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვხვდებოდი, რა მძიმე ცხოვრება აქვთ ქალებს. ქალი მეგონა არსება, რომელიც მარტო საკუთარ თავზე ზრუნავს. ეს აზრი მაშინ შემეცვალა, როცა მეუღლესთან ერთად, სერიოზული სირთულეები გადავლახე. მივხვდი, რა რთულია, იყო ქალი. ამის შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე საკუთარი მამაკაცობა.
– მამაკაცი ქალზეა დამოკიდებული?
– როგორ არა. კაცების ოთხმოცი პროცენტი და კიდევ უფრო მეტი, ძალიან არის დამოკიდებული ქალზე. მეუღლე რადიკალურად ცვლის კაცს – როცა ქალი ქმარზე ზრუნავს, მის ჩაცმულობაზე, მის გარეგნულ იერსახეზე... უყურადღებოდ არ ტოვებს და ძალიან ბევრი ოჯახური პრობლემის მოგვარებას ქალი საკუთარ თავზე იღებს, მამაკაცზე ძალიან კარგად აისახება. რადგან მამაკაცების უმეტესობას, ძალიან უჭირს საკუთარ თავზე ზრუნვა. ამისთვის ჰყავს მას მეუღლე. თუმცა, ქალს უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია კაცზე. მაგალითად, მე არ მიყვარს ისეთი ქალები, ქმარს მეგობრებს რომ აკარგვინებენ. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ და რისი თქმაც მინდა. ოჯახის წევრებს რომ გადაკიდებენ ერთმანეთს და აჩხუბებენ, ესეც არ მომწონს... ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით როგორი ქალი გყავს. იმიტომ, რომ ქალის ზეგავლენა მამაკაცზე ძალიან დიდია. უკეთესობისკენაც შეუძლია, შეგცვალოს და უარესობისკენაც. ქალს შეუძლია, მამაკაცი ამოატრიალოს და ფეხებით დაკიდოს... (იცინის).
– კაცი ერთხელ შეცდა, როცა ევას რჩევით ვაშლი შეჭამა და მას მერე სულ ქალის ჭკუაზე დადის და დადის...
– ასეც არ არის საქმე. ზოგჯერ ქალის ჭკუაზე უნდა იარო. ოჯახის მოწყობის საკითხები და ოჯახური მეურნეობა ქალს უკეთესად ესმის, ვიდრე მამაკაცს. ამიტომ, ჭკვიანმა კაცმა ცოლს უნდა დაუჯეროს. ქალი ბევრ რამეს სხვანაირად ხედავს. იცის, რა სჭირდება ქმარს, შვილს, ოჯახს და ამ შემთხვევაში, მის ჭკუაზე გავლა, ძალიან კარგია. ზოგი კაცი, ცოლი რომ არ ჰყავდეს, ერთ დღეში დახარჯავდა მთელ ხელფასს და კაპიკს არ მიიტანდა სახლში. გაფლანგავდა სისულელეებსა და ქეიფში. მაგრამ, ისეთი ქალებიც არიან და დანამდვილებით ვიცი, რომ არიან, რომლებიც ქმრის ნაშოვნს ერთ საათში ანიავებენ – ქარს ატანენ, ასე ვთქვათ. თუმცა ფაქტია, რომ უმრავლესობა ქალებისა, ოჯახისთვის იღვწის. ამიტომაც, დასკვნა უმრავლესობის მიხედვით უნდა გავაკეთოთ.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ გიფიქრია, რომ გაგიმართლა კაცად რომ გაჩნდი?
– კმაყოფილი ვარ, რომ კაცად გავჩნდი. მართლა ძალიან მიხარია. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამის გადატანა არ მომიწევს. მაგრამ, კაცსაც ბევრი საფიქრალ-სადარდელი აქვს. პასუხისმგებლობაც ძალიან დიდი აკისრია. ისე არ არის, რომ ფეხი ფეხზე გადაიდოს და თქვას, რა კარგია, ქალად რომ არ დავიბადეო. ძალიან ბევრი უნდა იშრომოს კაცმა. მე კიდევ იმიტომ მიხარია კაცი რომ ვარ, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა „ვანოს შოუ“, ქალი რომ ვყოფილიყავი. თან ვანოა, თანაც ქალიო.
– მერე ალბათ, „ვანანოს შოუ“ იქნებოდა და სტუმარი მამაკაცები გაგეპრანჭებოდნენ.
– შამპანურს, ყვავილებსა და „ბანბანერკას“ მომიტანდნენ. ისე, არ იქნებოდა ცუდი. ბენდში „შავი გიას“ მაგივრად, მეყოლებოდა შავი გოგო „ბარაბანშჩიკი“... მგონი, რაღაც საინტერესო იდეა წამოვიდა. მე ხომ იდეებს ვაფრქვევ. იდეების გენერატორი ვარ. კი, ასეა.
– მაშინ, ქალებს „გადმოგვიფრქვიე“ იდეები და გვირჩიე, როგორ მოვიქცეთ, რომ კაცებს მოვწონდეთ?
– ქალები როგორები უნდა იყოთ, კაცებს რომ მოსწონდეთ?! უნდა აწვალოთ ისინი. მაშინვე არ უნდა გამოუტყდეთ სიყვარულში. არ მიყვარს ისეთი ქალები, მამაკაცს პირველივე შეხვედრაზე რომ ჩამოეკიდებიან კისერზე. ქალებს ვურჩევ, იყვნენ თავდაჯერებულები და არ ჰქონდეთ კომპლექსები. ბევრი ქართველი გოგო, ჯერ კიდევ დაკომპლექსებულია და ურთიერთობის აწყობა უჭირს. მაინც საქართველოა. ყველა ყველას იცნობს და ყველას რაღაცის ეშინია...
– არ მეგონა, ვინმეს კიდევ თუ ეშინოდა რამის.
– როგორ არა, ეშინიათ. თუმცა პოზიტიური ძვრები ამ მიმართულებით არის. მაგრამ, ჯერ კიდევ ვერ ვხედავ, რადიკალურ ცვლილებებს.
– ანუ, ქალები კიდევ უნდა გავაქტიურდეთ?
– არა, კი არ უნდა გააქტიურდეთ, მამაკაცების მიმართ, კიდევ უფრო მომთხოვნები და პრეტენზიულები უნდა გახდეთ.
– მართლა? არასაკმარისად მომთხოვნები ვართ?
– დიახ. როგორ შეიძლება მამაკაცმა არ იწვალოს და ისე მიართვას ქალმა საკუთარი თავი. არ შეიძლება. რაღაც არის საჭირო, რომ მიხვდე, მართლა უყვარხარ, კაცს, თუ არა.
– აჰა, ესე იგი, კაცს საქმენი საგმირონი უნდა მოვთხოვოთ.
– აბა, რა! მე და ჩემი მეუღლე ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს შეყვარებულების სტატუსით და სანამ არ დარწმუნდა, რომ მართლა ძალიან მიყვარდა, ცოლად არ გამომყვა. სამაგიეროდ, კარგი ოჯახი შევქმენით და ვფიქრობ, წარმატებული წყვილი ვართ.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ქალს ფეხი უკან უნდა ედგას და კაცს წინ უშვებდეს?
– აუცილებლად. ნახევარი ნაბიჯი, მაინც უნდა ედგას უკან.
– ნახევარზე ცოტა მეტსაც გვადგმევინებენ, ხოლმე...
– არა უშავს, სამაგიეროდ, ასეთი საქციელით, ქალი კიდევ უფრო მეტს მოიგებს. კაცი ასეთ ქალს მეტ პატივს სცემს. მამაკაცს ძალიან მოსწონს, როცა ქალი ცოტას აწვალებს.
– შენ რომ ქალი ყოფილიყავი, კაცებს სულ ცეცხლში და ქარიშხალში გაატარებდი.
– შეიძლება. არ უარვყოფ. მე არ ვეთანხმები იმას, რომ ერთი კვირა უყვარდეს და მერე უცებ გადაიყვაროს. დიახ, დიახ, ცეცხლში და ქარიშხალში გამოვცდიდი კაცის სიყვარულს. აბა, როგორ! ხედავ, შენც რა კარგად ხვდები, ქალი როგორ უნდა იქცეოდეს (იცინის).
– საჭესთან მჯდარი ქალი შენთვის გამაღიზიანებელია?
– გააჩნია ქალს. თუ ნორმალური მძღოლია, არ მაღიზიანებს. საჭესთან გამაღიზიანებელი კაციც შეიძლება იყოს, თუ უყურადღებოდ და არეულ-დარეულად დაჰყავს მანქანა. მაგრამ რაშია იცი, საქმე? საჭესთან უყურადღებო უფრო ქალია. უმრავლესობას ჰგონია, რომ მანქანას სარკეები იმიტომ აქვს, შიგ ჩაიხედო და გაიპრანჭო. ძირითადად, ამ მიზნით იყენებენ ხოლმე.
– სამაგიეროდ, ქალი ისეთ რამეს ამჩნევს, კაცი რომ საერთოდ ვერ ხედავს.
– მაგაში გეთანხმები. დაკვირვებული ვარ, ჩემი ცოლი როგორ კარგად ამჩნევს, ვის რა აცვია. სულ სხვა თვალით ხედავს ყველაფერს. მეც სხვანაირად მაკვირდება, რომ ისეთი რაღაც არ ჩავიცვა, რაც არ მიხდება, ან ტანზე ცუდად მადგას.
– კი. აშკარად შეგეტყო პირადი სტილისტი რომ გყავს, ცოლის სახით.
– ჩემი დიზაინერი მეუღლეა და ხომ აშკარად გამომისწორდა სტილი, ამ ბოლო პერიოდში? (იცინის). მე მართლა არ ვერევი საკუთარ ჩაცმულობაში. იმას მოაქვს და მე ვიცვამ. არაფრით არ შემიძლია წავიდე მაღაზიაში და ნახევარი საათი ვარჩიო პერანგი, ან შარვალი. არც მცალია საამისოდ. მეუღლე დადის და ყიდულობს. იმას დროც მეტი აქვს და მოსწონს კიდეც ეს საქმე.
– ესე იგი, შენი ზომები მეუღლემ კარგად იცის.
– არაჩვეულებრივად. განსაკუთრებით, ჩემი ღიპის ზომები იცის ძალიან კარგად (იცინის).
– ბავშვს იტოვებ, ხოლმე? შეგიძლია აჭამო, გამოუცვალო...
– როგორ არ შემიძლია. რა უნდა მაგას. დამიტოვონ და დავიტოვებ. მაგრამ, რა არის იცი? ჩემი ბავშვი ცოტათი უცნაურია. თავისი კაპრიზები აქვს, მაგალითად, მარტო იმასთან ჭამს კარგად, ვინც ძირითადად კვებავს. ანუ, მიხვდი, ხომ?! სულ ერთი და იგივე ადამიანმა უნდა აჭამოს, თორემ შეიძლება არ ჭამოს და მშიერი დარჩეს, მეც სხვა რა გზა მაქვს, იძულებული ვარ, დედამისმა აჭამოს.
– როგორ ფიქრობ, რომელი საოჯახო საქმეა ყველაზე საშინელი?
– ქალის საქმე? – ჭურჭლის დარეცხვა. ძალიან არ მიყვარს და არც ვრეცხავ ჭურჭელს. თუ მართლა გამოუვალი სიტუაციაა, ერთ თეფშს კიდევ მოვავლებ წყალს. მაგრამ, ვტოვებ იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომ დავდგე და ჭურჭელი ვრეცხო? კერძის მომზადება, კიდევ მესმის. მამაკაცმა თუ მოინდომა, ქალზე გაცილებით მაგარი კულინარია. მაგრამ, ჭურჭლის დარეცხვა აშკარად არ არის ჩვენი საქმე. თქვენ უნდა აკეთოთ... რა გიყოთ, აბა... (იცინის). კაცი შეიძლება იყოს კარგი კულინარი, მაგრამ კარგი მრეცხავი ვერასდროს იქნება.
– კაცურ ქალებზე რა აზრის ხარ?
– ქალს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეპატიება გინება და კაცივით ბილწსიტყვაობა, თუ ის საჭესთან ზის. ამ ქალაქში ისეთი მოძრაობაა და ზოგადად, მძღოლები ისე დადიან, ბავშვი რომ დასვა საჭესთან ისიც შეიგინება. მუნჯი ამოიდგამს ენას და დაიწყებს ლანძღვა-გინებას. ამ შემთხვევაში ქალის გინებასაც ასი პროცენტით ვამართლებ. სხვანაირად, მართლა არ გამოდის, მაგრამ მხოლოდ ამ ერთადერთ გამონაკლისს ვუშვებ.