„ქალის“ სურნელის საოცარი ძალა
ერთხელ „ცეკას“ ერთ-ერთი ნომენკლატურული საცხოვრებელი სახლის მანქანების სადგომიდან, ქურდებმა ორი ახალთახალი „03“ მარკის „ჟიგული“ მოიპარეს, მიიმალნენ და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. იმ პერიოდში მანქანების დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა იყო მოდაში. ამიტომ, მანქანების „ცოცხლად“ პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა. ნაწილებით კი როგორ გაიგებდი, რომელი რომლის იყო. თუმცა, საქმე „ცეკას“ თანამშრომლებს ეხებოდა და დავტრიალდით.
უპირველესად შემთხვევის ადგილი დავათვალიერეთ და ახალგაზრდა დარაჯი დავაკავეთ, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. მართალი გითხრათ, ის დარაჯი არც მიმაჩნდა დამნაშავედ და ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავაკავებდი, მაგრამ ასე გადაწყვიტა უფროსობამ.
ადგილს, საიდანაც მანქანები მოიპარეს, მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და რაც მთავარია, იმ ტერიტორიაზე ოთხი უზარმაზარი მამალი ნაგაზი იყო გაშვებული, რომლებიც მხოლოდ დარაჯს ემორჩილებოდნენ და ეჭვიც ამიტომ გაგვიჩნდა. როგორც დარაჯი ყვებოდა, ის ნიღბიანებმა გაკოჭეს და მანქანები ისე მოიპარეს. იმას კი, თუ რატომ არ ჰქონდათ ძაღლებს რეაქცია, ვერაფრით ხსნიდა.
ქურდობიდან ორი კვირის მერე, სიმართლე გითხრა, ქურდები შემთხვევით დავაკავეთ. თან, გაგვიმართლა და ორივე მანქანა მთელი და ხელუხლები აღმოჩნდა. სულ სამნი იყვნენ და ერთი ტანმორჩილი მეთაური ჰყავდათ, მეტსახელად „ჯუჯა“. მან ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ გააჩერა ძაღლები, გვითხრა:
– ქალითა, უფროსო, ქალითა.
– რა ქალითა, – შევუღრინეთ „ჯუჯას“, – დროზე მოყევი, თორემ სეირს გიჩვენებთო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ჯუჯა“ შემთხვევის ადგილზე წავიყვანეთ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად და როგორც მოითხოვა, ერთი დედალი ძაღლი, ჯოხი და ჩვარი მივეცით. მან კი, ჩვარი ჯოხზე დაახვია, შემდეგ ძუკნას საშოში ამოუსვა და კბილებდაკრეჭილ ნაგაზებს გადაუგდო... მოხდა სასწაული და ნაგაზები ჩვარს დაესივნენ, არ შორდებოდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, ირგვლივ რა ხდებოდა...
– კი, უფროსო, ასე გავთიშე ეს ვერანები და მანქანები რომ მიგვყავდა, ჩვენკენ არც კი გამოუხედავთ, ჩვარს ვერ შორდებოდნენ, – გვიპასუხა „ჯუჯამ“.
მართლაც საოცრება იყო, რაც ვიხილეთ, თურმე ქალის სურნელი არც დაგეშილ ნაგაზებს ტოვებს გულგრილად...
მაიორ ოთარ კაშიას ნაამბობის მიხედვით