კრიმინალური საუბრები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-23(493)
– საწყალი გოგო, მერე...
– ეე, შენ მართლა დამთვრალხარ, რას ბოდავ, ბიჭო! – ვუთხარი აუღელვებლად, თუმცა რა აუღელვებლად, გული გამიჩერდა შიშისგან, მაგრამ გადარჩენის ინსტინქტი ძალას მმატებდა, ალბათ.
– ტყუილად არ დამიწყო თავის შეცოდება ახლა მაინც, როცა ყველაფერი ფაიზაღი იცი, – მითხრა მან.
– ოო, მოკვლა, მოკვლა! მერე იმ მეორე ბოთლს მარტო დალევ?
– ჰო, შენს შესანდობარს ვიტყვი, – დამამშვიდა კრეტინმა.
– იცი რა, მოდი, სანამ მომკლავ, ერთი თხოვნა შემისრულე, რომ არ მეტკინოს, დავლიოთ და მერე მომკალი, კაი?
– შენ გგონია, ბოთლს ჩამარტყამ თავში? – ეჭვით შემომხედა ნაბიჭვარმა.
– ბოთლი არა ისა! მიდი, ჰე, გადადი, ჩამენგრა გულ-მუცელი!
– არის! – დაემორჩილა ჩემს ბრძანებას.
ის მახინჯი ისა, წამოდგა, ხელიც გამომიწოდა და სამოსიც ჩამომიბერტყა, აქაოდა ჩემი მიზეზით დაგემტვერაო. ვუყურებდი და ტვინი გამალებით მუშაობდა, თუმცა გამოსავალს ვერ ვპოულობდი. მახინჯმა ჭიქა შემივსო და ისევ მოთქმა დაიწყო.
– ნეტავ თორმეტი კაცი მყავდეს მოსაკლავი, ოღონდ შენ არა...
– კაი რა, რა დროს ეგ არის, სიკვდილი მერეც გვეყოფა, – ვუთხარი მე და ის იყო ჭიქა პირისკენ წავიღე, რომ უცბად ისევ მომაბჯინა დანა.
– რას შვრები, კაცო, არ დამაქცევინო! – შევუყვირე გაბრაზებით.
– შენ რა, არ გეშინია? – ჩამაშტერდა თვალებში.
– შენი?
– ჰო, ჩემი.
– შენი კი მეშინია, აფრენ, მაგრამ სიკვდილის – არა.
– რატომ არ გეტყობა, რომ გეშინია? – არ მაცილებდა თვალს.
– მორჩა, ამის შემდეგ შენთან აღარ დავლევ! – გამოვუცხადე კატეგორიულად.
– როგორ დალევ, როცა მკვდარი იქნები? – გულწრფელად გაუკვირდა იდიოტს.
– შე შტერო, ჯერ ხომ არ ვარ მკვდარი, – გადავიკისკისე ალალად.
ახლა, შენ რომ გიყვები, სულეიმან, მეშინია, მაგრამ მაშინ, პირველმა მოულოდნელმა თავდასხმით გამოწვეულმა შიშმა რომ გადამიარა, არ ვიცი, რა დამემართა, აბსოლუტურად ბუნებრივად ვიქცეოდი, არაფერს ვმსახიობობდი, თითქოს ბედს შევეგუე, ფეხებზე დავიკიდე, რა ხდებოდა და რა მელოდა.
– შენ კატა თუ გინახავს, თაგვს რომ დაიჭერს და შეჭმამდე რომ ეთამაშება? – შემეკითხა მახინჯი.
– აუ, რა მაგარი თვალები აქვს, არა?
– კატის თვალები მოგწონს? – ჩამეკითხა ისევ.
– როგორ უელავს...
– თაგვის თვალებისთვის თუ შეგიხედავს მაგ დროს...
– აბა, რა, რა გაშტერებული და გადმოყვლეპილი აქვს.
– სად ნახე? – აშკარად რაღაც სიამოვნებდა.
– ჩემთან, ეზოში.
– თაგვი შეგეცოდა?
– თაგვის დედაც ვატირე, კატაა ჯიგარი...
ამ დროს საწყობის კარზე ბრახუნი გაისმა. მაშინ უფრო შემეშინდა, ვიდრე ამის სულელობაზე. იმ სიჩუმეში საზარელ ხმას გამოსცემდა რკინის კარი. ბრახუნი განმეორდა. ვიღაცამ დანამდვილებით იცოდა, რომ საწყობში ვიღაც იყო.
– ვაიმე, ბიჭო, რა ვქნათ, ვინ არის, რას იფიქრებს, აქ ერთად რომ გვნახოს, – შემომეყარა გულს.
– ვინ არის და მესამე ტრუპი! ჩუმად იყავი!
– გააღე, თორემ უფრო ბევრ ხალხს დაგვასევს, – შევთხოვე მახინჯს.
– არა, ეგეც აქ მოვა... თქვენი დედა, სად გზიდოთ ამდენი ტრუპები, – ჩაიღრინა, წამოდგა, კართან მივიდა და მოგუდული ხმით იკითხა:
– რომელი ხარ?
– შენ ხარ, ბიჭო? მე ვარ, ლერი. გეძინა?
– ჰო, მეძინა. დაიცა, გავაღო.
მანიშნა, კარებს ამოეფარეო.
– შემო, ლერი, შემო! – ეპატიჟება.
– არა, არ მინდა. რა სახე გაქვს, ბიჭო!
– რა სახე...
– რაღაც არეული სახე.
– მეძინა...
– კაი, კაი, წავედი. მარტო ხარ?
ფეხი არ შემოუდგამს ლერის, მაგრამ რაღაცამ კი დააეჭვა. ხმის ამოღება უაზრობა იყო. ეს მახინჯი კარს რომ აღებდა, მეორე ხელი ზურგს უკან ჰქონდა ამოდებული და გაშლილი დანა ეკავა. ხმა რომ ამომეღო, ორივეს დაგვჩეხავდა. რისი იმედი მქონდა, არ ვიცი, მაგრამ არხეინად კი ვიყავი. ერთიც შევნიშნე – ის, როგორც პახმელიაზე მყოფი და, საერთოდ, ლოთბაზარა, ღვინისგან ითენთებოდა, მე კი, ალბათ, სიცოცხლისთვის ბრძოლაში სასმელი უფრო მამშვიდებდა და ძალას მმატებდა, თანაც ის ბოლომდე ცლიდა, მე – ნახევარს ვსვამდი... იმ დღეს უეჭველ სიკვდილს გადაურჩა ლერი. იმ მახინჯმა კარი მიხურა, გადამხვია ხელი და ისევ ჩვენს ადგილებზე დავბრუნდით. ვხედავ იდიოტს რაღაცაზე ეცინება და თავისთვის ხარობს.
– რა გაცინებს? – დავინტერესდი მე.
– რა და, სულ მეგონა, უკნიდან რაღაცას ჩამარტყამდი, ამიტომ ცალ თვალს შენკენ ვაპარებდი და თვალი ამტკივდა.
– უი, რა შტერი ხარ? მე კიდევ იმას ვფიქრობდი, ახლა ის უბედური ლერი თუ შემოვიდა, ეს იმას მოკლავს და მერე გვამი როგორ უნდა გავათრიოთ-მეთქი.
– შენ რა, მომეხმარებოდი?
– აბა, მიგატოვებდი?
– მე კიდევ შენს მოკვლას ვაპირებდი... ისედაც ხომ ვიცი, რა ჯიგარი ხარ, – აუჩუყდა და რას აუჩუყდა გული, ნამდვილი ტირილი დაიწყო, სინანულის ცრემლებით. ხან ასე ვამშვიდე, ხან ისე. როგორც იქნა, დაწყნარდა და მეკითხება:
– შენ გგონია, მართლა მოგკლავდი?
– რას ამბობ! მასე რომ მგონებოდა, შიშით გული გამისკდებოდა, – დავუმუღამე მე.
– რატომ არ გეგონა?
– იმიტომ, რომ ჩემი ძმა ხარ, ჯიგარი და ვაჟკაცი, – ავიყვანე ქებით ცამდე, ისეთ რამეებს ვეუბნებოდი, რისი მოსმენაც უნდოდა.
– მორჩა. ახლა წავიდეთ, მაგრამ იმ გაჩერებულ ცეხში შეიძლება ვინმე გაიჩითოს, ამიტომ, დარწმუნებული რომ ვიყო, აჰა, ეს დანა შენ გქონდეს და ეგრევე დაარტყი, სულერთია, ქალი იქნება თუ კაცი, ბოლოს მე მოვუღებ. თუ ასე არ იზამ, იმასაც მოვკლავ და შენც. მოსულა?
– მოსულა!
გამოვართვი დანა. გააღო კარი, მეორე დანა თვითონ მოიმარჯვა და გავუყევით ცეხისკენ მიმავალ დერეფანს. გულით ვნატრობდი, არავინ შეგვხვედროდა, რადგან იძულებული ვიქნებოდი, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მითხრა. გადავრჩით, მეც და ვიღაცაც. არადა, იმ მიწისქვეშა დერეფანში რომ მოვდიოდით, ერთი წუთით არ მიფიქრია რომ ზურგში დანას ჩამცემდა. ავედით მაღლა.
– დაიღალე? – მკითხა მზრუნველად.
– აბა, არა?
– აფსუს, ლელას ლიფტი.
– რატომ მოკალი, გამაგებინე, ბოლოს და ბოლოს...
– რაზეც ლერი უნდა მომკვდარიყო, ზედმეტი დაინახა...
– ვინმეს კლავდი?
– არა, ვჟიმავდი.
– ქალს თუ კაცს, – გადავირიე.
– ორივეს.
– ერთად? – მთლად შევიშალე.
– მორჩა. ხომ ვართ ძმები?
ერთმანეთს კიბის თავში დავშორდით. ათ წუთში ისეთი კანკალი ამიტყდა, რომ თავს ვეღარ ვერეოდი, ხელები დამიხტოდა, ვეღარაფერს ვაკეთებდი. ხან საწყობი მედგა თვალწინ, ხან ლელას სახე. იცი, ისე მინდოდა, გამომძიებლისთვის მეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ გავჩერდი. ესაა ქვეყანა? აქ ხომ სამართალს ვერ იპოვი. ყველაფერი გავიაზრე, უკვე მომხდარიც და მოსახდენიც. რომ მივსულიყავი გამომძიებელთან, ჯერ ერთი, დაიწყებოდა იმის დამამცირებელი გამოძიება, რა მინდოდა სარდაფში უცხო მამაკაცთან ერთად, მერე სამსახურის საათები, მერე მოედებოდა მთელ სანათესაოს და აქცენტი იქნებოდა სარდაფია თუ რა ჭირია, საწყობში ჩასვლაზე. იმას კი არავინ იტყოდა, რა ველურები ვართ, გოგოს სიგარეტი დღის შუქზე ვერ მოუწევია მშვიდადო, არა, საწყობში რატომ ჩაჰყვაო. და ბოლოს, არანაირი მტკიცებულება არ მქონდა, რომ დამედასტურებინა რამე. ის კიდევ, საკითხავია, აღიარებდა? არ მგონია და ისევ მე გამიხდებოდა შარი. იცი რა, სხვამაც იცოდა და იმას ეთქვა, რაღა მე გამეყო შარში თავი...
– აი, ეს ამბავი მომითხრო იმ ლამაზმა გოგომ, – მითხრა სულეიმანმა.
– საღოლ, მართლა მაგარი ყოფილა...
– გოგოსადმი რომ სიმპათიით ხარ განწყობილი, ხომ გინდა, რაღაცაში გამოადგე, ჰოდა მეც გავუჭირე საქმე, ვინ არის, მითხარი, ნახავ, რა შემიძლია-მეთქი. უარზე იყო, არაფერი მინდაო. გოგო, ნურაფერს მეტყვი, მარტო გვარი და სახელი მითხარი, იქნებ ჩემი ძმაკაცია და არ ვიცი-მეთქი, ვითომ მაგარი რამე ვუთხარი. რა ჩემი საქმე იყო, ვინ ვის კლავდა და ვინ ვის ჟიმავდა, მაგრამ ის მიშლიდა ნერვებს, რომ ასეთი კარგი გოგო ვიღაცამ შეაშინა... რა ვიცი, იქნებ მართლა მოეკლა, ხომ არის მომენტი. ეს მართლა ვაჟკაცურად მოქცეულა, თორემ ის მოკლავდა...
– მერე, – დამელია მოთმინება – ადექი, იპოვე და მოკალი?
– არა, მართლა ასე ადვილი ხომ არაა ვიღაცის მოკვლა. სახლში ქათამი რომ უნდა დაკლან, მეზობელს ეძახიან... ვინაობა მითხრა... იმ გვარისა და სახელის ადამიანს რამდენ წელს ვეძებდი და ახლა ეს არ მეუბნება? ადგილს ვეღარ ვპოულობდი, სულ იმაზე ვფიქრობდი. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე იყო ლაპარაკი. ამას ყველაფერი გამოვკითხე რაც იცოდა მის შესახებ, გარდა საცხოვრებელი ადგილისა და დავიმახსოვრე. გავიდა რამდენიმე წელი. ვსხედვართ ბიჭები, ხინკალს ვჭამთ და ზურგს უკან კაცის ხმა მესმის, ვიღაცას ეკითხება: შენ კატა თუ გინახავს, თაგვს რომ დაიჭერს, შეჭმამდე რომ ეთამაშება? ვაიმე, მეშინია თაგვის, – მომესმა ქალის ხმა. მკვეთრად შევტრიალდი. შეცვლილი იყო, მაგრამ ისე არა, რომ ვერ მეცნო. გავხსენი დანა და დავაკალი მაგიდაზე...
– დაიცა, ვინ იცანი, რა იცანი...
– მაგ ნაბიჭვარმა წლების წინ ჩემი და გონების დაკარგვამდე სცემა და მერე გააუპატიურა...
– რაა?!
– ეგრე იყო. მე არც ჩემი და მიხსენებია, არც ვინმე ლელა და არც ის ლამაზი გოგო, მთვრალმა მოვკალი კაცი, სამი შვილის მამა... პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, – ჩაიცინა სულეიმანმა.
– საღოლ, ძმაო!
***
ორი სახელმწიფოს საზღვარი უკვე გადავჭერით უკანონოდ და მესამეს ვუახლოვდებით. თან, არანაირი საბუთი არ მაქვს, მაგრამ მაქვს ფისოს წერილი, რომელსაც მალე ზეპირად ვისწავლი. წერილი, რომლის წაკითხვის შემდეგაც ძალა მეძლევა, რომ კიდევ ერთი მთა გადავიარო დაღლილმა, მშიერმა და ღვთის ანაბარად მიტოვებულმა. ეს წერილი მაგიურია, ფისოს ხელებით, თვალებითა და გულით დამუხტული. ეს მსოფლიოში უსაზიზღრესი წერილია, რაც კი ოდესმე ქალს კაცისთვის მიუწერია, მაგრამ, ამავე დროს, სასწაული ძალის მქონე. სიტყვები ისეა დალაგებული, რომ ჩემდა უნებურად მებეჭდება ტვინში და მამახსოვრდება. საოცარი ისაა, რომ გულის ჯიბეში ჩადებულ ამ უსაზიზღრეს წერილს ხელს რომ ვუსვამ, ძალიან თბილი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც საოცნებოს ვეხები. სანამ ფისოს გავიცნობდი, შორიდან თუ ახლოდან რომ ვხედავდი, საოცრად მძულდა. ერთ გაქუცულ გერმანულ ნაგაზს ასეირნებდა ხოლმე. ის ძაღლიც მძულდა. ვფიქრობდი, ჯერ გოგო რას ჰგავს და მერე, ძაღლი, თუმცა ასეთ ბანძს სწორედ ასეთი ძაღლი უნდა ჰყავდეს-მეთქი. დღემდე ვერ ამოვიგდე გულიდან გერმანული ნაგაზისა და დობერმანის სიძულვილი. ამ ჯიშის ძაღლები „ძაღლებთან“ ასოცირდება. თურმე, სადა ბანაობ, მოიცადე, ჯერ ხომ არ იცნობ, ჯერ ხომ მის თვალებში არ ჩაგიხედავს, მისი ხმა და ლაპარაკი არ მოგისმენია... ხმა, რომელსაც ათას ხმაში გამოვარჩევ... მერე, როცა უეცრად ფისოს სიყვარული დამეტაკა და გავუშინაურდი, დაუფარავად ვუთხარი ჩემი მისადმი სიძულვილის შესახებ. ფისომ გაიცინა და მოკლედ ამიხსნა:
– შენ პირველი დანახვისთანავე შეგიყვარდი, მაგრამ ვერ გააცნობიერე. ადრენალინი სიძულვილისკენ წარმართე, რადგან ვერ მიხვდი, რა დაგემართა და ჩემდამი ლტოლვას სიძულვილი დაარქვი.
– მძულდი, გოგო!
– გიყვარდი, მაგრამ ტვინი სწორად ვერ ხარშავდა შენს იმპულსს. თუ ასე არ იყო, აბა, ამიხსენი, ახლოს რომ მნახე და დამელაპარაკე სულ ხუთი წუთით, მაშინაც რაღაც ნართაულად, იმის შემდეგ რატომ გინდოდა იქ ყოფნა, სადაც მე ვიყავი? სულაც ძალით არ ჩაგვიხტი მანქანაში მე, ბადრისა და მზიას? ვინ გეპატიჟებოდა? ყველამ იცოდა, რომ ვერ მიტანდი. შენ არ მეძებდი? შენ არ რეკავდი ყველგან, ჩემი ტელეფონის ნომერი რომ გაგეგო? შენ არ იყავი, კედელთან რომ მიმაყუდე და დამემუქრე, ქმარსაც მოგიკლავ, საყვარელსაც და ყველას, ვინც წინ დამიდგებაო? რა გინდოდა ჩემგან, თუ გძულდი? გძულდი კი არა, ისტერიკულად გიყვარდი, ტირილამდე გიყვარდი, გტკიოდი... შენ ეს შენდაუნებურად დამიმტკიცე იმით, რომ, როცა ოცდასამი დღე გვერდით გყავდი, ფხიზელიც იყავი, მთვრალიც, „პახმელიაზეც“ და თითი არ დაგიკარებია, სიტყვაც არ გიკადრებია, თხუთმეტი წლის ქალიშვილი გოგოსავით დამფოფინებდი. შენ ჩემი ხორცი კი არ გინდოდა, ჩემი სული გსურდა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება, სასაცილო იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ფასეულია...
– ჰო, ეგრე იყო, – გამახსენდა ყველაფერი და გამეღიმა.
– რამდენჯერაც სახლში წასვლა მოვინდომე, იმდენჯერ დანა გახსენი და კართან დადექი. ამ დროს, არ იცი რატომ არ გინდა, რომ დაგტოვო, რას ვაკეთებდი, რო? არაფერს. მიყურებდი, მელაპარაკებოდი, ერთად ვისხედით მაგიდასთან და ერთი ჰაერით ვსუნთქავდით. მე ხომ ამას არასდროს დაგიკარგავ, გინდაც მართლა შეგვძულდეს ერთმანეთი...
აი, ვინ და რა დავკარგე ჩემი ზედმეტი ამბიციურობის გამო, ჩემი სისუსტის გამო, ჩემი გადაჭარბებული წარმოდგენის გამო საკუთარ თავზე... ვის ებლატავები, რას ებლატავები, ქალია რა! მერე რა, რომ ცოლი გახდა, ისევ ის ფისო არაა, რომელიც მიყვარს? არა, ცოლია! ცოლი რომაა, ამიტომ მოეფერე, მიუალერსე, რატომ აგერია „რამსი“! სად გაქრა ის ოცნების ქალი... ოცნების ქალი გადმოვიდა რეალობაში, ოცნება ამიხდა და ვერ შევიფერე, ჰოდა, ახლა დაჯექი იაქესავით და ისევ იოცნებე...
რა უსასრულობაა, დედამიწას ხომ არ უნდა შემოვუაროთ...
– თუ ვინმეს რამე გაქვთ ისეთი, რაც თქვენს ვინაობას გაამჟღავნებს, დახიეთ და გადაყარეთ, აქედან ძალიან სახიფათო ადგილი იწყება, – ჩურჩულით ამბობს გამყოლი.
მშვიდობით, ფისოს წერილო, მაგრამ არა უშავს, უკვე ზეპირად ვიცი და გულში გავიმეორებ „მამაო ჩვენოს“ შემდეგ...
***
„რომეოს“ უთქვამს „ჯულიეტასთვის“, შენ ხარ ახალი სახის ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, დოზირებულად და ნელ-ნელა შემომაპარე შენი თავი, როგორც წამალზე შეჯდებიან და ვეღარ ეშვებიან, ისე გამხადე შენზე დამოკიდებულიო. ეს რომ მოვისმინე, მაგრად მომეწონა შედარება, მაგრამ მერე გავიაზრე და დამცხა – ფისოც ისეთივე ნარკოტიკი არ აღმოჩნდა? წამალიც გადავაგდე, დასალევიც და ყველაფერი, მაგრამ ფისო, იმის ნაცვლად რომ გამომნელდეს, უფრო მედება მთელ ორგანიზმში. ნარკოტიკი კი არა, ახალი სახის სარკომაა. ასეთი არაფერი გამიგია, ანგელოზივით ქალი რომ დამიდგეს წინ, ვერ აღვიქვამ, ან თუ ცოტათი მაინც აღმოვაჩინე რაღაც ქალის მსგავსი, იმ წამსვე ფიქრი გადამირბენს, რა უნდა გავაკეთო ამ ქალთან?.. და აღარ მინდა. ფისოსავით ვერავის მოვეფერები, ვერ ჩავეხუტები, გულში ვერ ჩავიკრავ, კოცნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მართლაც, რა გავაკეთო ვიღაც ქალთან, ცხოველი ხომ არ ვარ, კაცი ვარ... ვაა, რა დამალენჩა ამ ქალმა...
– შენ იმის ამბავი გაგონილი გაქვს ცხონებულის, ვერელი რომ იყო, ყამა?
ახალი გამოსულია და აბანოში წავიდა ვერაზე, მექისე უნდა, ხომ უნდა ჩამოიბანოს ზონის ჭუჭყი...
– კაროჩე, მექისე თან ებაზრება, თან საქმეს უბერავს. წინა დღეს ფეხბურთი იყო და, ხო აზრზე ხარ, მიდის თამაშის გარჩევა. სამი-ოთხი მაგარი ბალეშჩიკიც ჩაერთო ბაზარში და მიდის ყაყანი. ამ კამპოტში გაიცნო ვიღაც მაგარი ინტელიგენტი, სიმპათიური ბიძა. ისე მოხდა, რომ აბანოდან ერთად გამოვიდნენ. ბიძა რომ დაიზმანა, ამას თურმე თვალები გადმოსცვივდა და ფიქრობს, როგორ აახიოს ტიპს რამე. ამ ფიქრებშია და ბიძა ეპატიჟება, აბანოს მერე ცივი შამპანური კარგია, „მუხამბაზში“ ჩავიდეთო. ამასაც რა ენაღვლებოდა, ჩაჰყვა. ბიძამ კაი პურ-მარილი იკისრა და მაგრად „ჩაბრატდნენ“. ამას თავისი ფიქრი არ ასვენებდა და შედის რა დავერიაში. კარგად რომ შექეიფიანდნენ, ბიძამ სახლში დაპატიჟა. ამასაც რა ენაღვლებოდა? ბიძამ სახლში გადარეკა ცოლთან, აბა, სუფრა დაგვახვედრეო და მივიდნენ. ტიპი ყვებოდა, მისი ცოლი რომ დავინახე, პირი დამრჩა ღია, ისეთი ლამაზი იყოო. ცოლი დაცქრიალებს, კაცები – უბერავენ. თურმე ეს ტიპი ეუბნება თავის ცოლზე, ხომ მაგარი ქალია, არ მოგწონსო? ამას უფიქრია, ეტყობა, მაგარი მთვრალი ვარ, რაღაც ამერია, ცოლი კი არა, ნაშააო და უთქვამს, მაგრად დამევასაო. გაჟიმვა გინდაო? როგორ არ მინდაო. თუ მე გამჟიმავ, მაგასაც გაგაჟიმინებო.
ამას რა ენაღვლებოდა, თათარი იყო, თანაც პირველი იყო თუ რა! კაროჩე, ამან ის ბიძა გაჟიმა, ბიძამ – ქალი და მერე ამანაც ის ქალი. ვითომც აქ არაფერი, გააგრძელეს ქეიფი. წამოსვლისას ბიძამ „ტაქსის ფულიც“ მისცა თურმე და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ამანაც დაუტოვა. კაროჩე, სამნი მაგრად „დაძმობილდნენ“, მაგრამ მთავარი რა არის, იცი, ის ქალი იმ კაცის ცოლი ყოფილა, ამას არ მოჩვენებია.
– ეს მაგრად ჩაუსახლდა ოჯახში, მერე უკითხავს ცოლისთვის, ეს რანაირი პონტი გაქვთო. ცოლს უტირია, სულ ესე კი არ იყოო, რა ვქნა, მიყვარსო, ამას კიდევ სხვანაირად აღარ შეუძლიაო...
მერე ეს მოკლეს და დაობლდა ოჯახი რა!
ლაგერში 71 წლის რეციდივისტი იყო, ბებერი რუსი. ოქტომბრის რევოლუცია რომ მოხდა, ბავშვი ყოფილა, მაგრამ უკვე მკვლელობის გამო იჯდა. პატარა რომ იყო დაინდეს და არ ჩამოახრჩვეს. ფორტუნა იყო ჩემს მხარეს, თორემ ბავშვს ვინ რად აგდებდაო, ამბობდა თვითონ. მამა ბუნდოვნად ახსოვდა, პირველ მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულიყო, დედამ მიატოვა და იყო ასე მარტო. ფიწლით შემოაკვდა ვიღაც და მას შემდეგ სულ იჯდა, ყველაზე დიდი, ორი კვირა ექნებოდა გატარებული ციხის გარეთ. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა ლაგერს მიღმა და არც აინტერესებდა, პირიქით, ეშინოდა. ბობოქარი წლები უკვე ჩავლილი იყო და ესეც თავისთვის, მშვიდად მიაჩოჩიალებდა დღეებსა და წლებს, არავის ერჩოდა და არავინ ერჩოდა. ორი კბილიღა ჰქონდა დარჩენილი, ერთი ზევით, ერთი – ქვევით. ერთხელაც, გავიხედეთ და ბებერმა არევა დაიწყო, წვრილმანი დარღვევები იყო, მაგრამ ესეც მოულოდნელი იყო მისგან. ადმინისტრაციამ სამ-ოთხჯერ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. რა საკარცერო ის იყო, მაგრამ არ დაშოშმინდა ბებერი, პირიქით, უფრო გაახურა, „ძაღლების“ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ერთი ხანობა იფიქრეს, სკლეროზი დაეწყოო, მაგრამ გასინჯეს და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ერთ დღეს იძახებს „ხაზეინი“, მაგრამ სადაა ბებერი? არ არის. მთელი ლაგერი ფეხზე დადგა, ყველაფერი გაშმონეს, მაგრამ ბებერი არაა. ჩვენ ჩაგვკეტეს, ტყეში აღარ გავყავართ, გამალებული ეძებენ ბებერს. ლაგერის ტერიტორიაზე არაა, ესე იგი, ტყეშია, დაასკვნეს „ძაღლებმა“. იქით „ძაღლები“, აქეთ ჯარისკაცები – ბებერი კი არაა, კვალიც არსად ჩანს. „ხაზეინისთვის“ სულერთია, რა მოუვიდა ბებერს, გვამი უნდა ედოს წინ, თუნდაც ჩონჩხი – ჭკუაზე არაა. სამი დღის მერე შემთხვევით ნახა ვიღაცამ გულწასული ბებერი კაჩიგარკის მილში. მოასულიერეს. შიმშილისა და უწყლობისგან იყო მისავათებული. გონს რომ მოვიდა, ახლა ვენების გადაჭრა სცადა. თურმე სროკი უმთავრდებოდა და გარეთ გასვლას გაურბოდა. ცხარე ცრემლით ტიროდა, იხვეწებოდა, არ მინდა სვაბოდა, რა უნდა გავაკეთო გარეთ, ლაგერი ჩემი სახლიაო. არავინ ჰყავდა, ამიტომ სახელმწიფო თვითონ ჩაასახლებდა სადმე, მაგრამ ბებერს ისე ეშინოდა, არაფრის გაგონება არ უნდოდა. 28-ში რომ უნდა გასულიყო, 27-ში საღამოს უხმოდ მოკვდა თავის ნარზე... 7-8 წლის შემდეგ ადამიანში შეუქცევადი პროცესი იწყება, ეს „გენიოსები“ კიდევ მოგარჭობენ რამე დიდ სროკს და იმის იმედით არიან, ჭკუას ისწავლის და გამოსწორდებაო. თუ გამოსწორება გინდა, ექვსი წელი პატალოკია. ადამიანს სინანულისთვის და გამოსასწორებლად წლები კი არა, ხანდახან ათი წამი ჰყოფნის. ერთია – დანაშაული არ ჩაიდინო იმიტომ, რომ იზოლირება არ გინდა და, მეორეა – დანაშაული არ ჩაიდინო და მორჩა.
– გიუშ, გძინავს?
– ისე რა!
ფისოს ნათქვამი მახსენდება – საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული ადამიანებიდან, ისინი კარგავენ ქართულ სახესა და მეტყველებას, ვისაც თავისი წარმომავლობის ქვეცნობიერად ერცხვინებაო. მკვეთრად უარყოფითი განწყობა ჰქონდა ყველას მიმართ, ვინც კი ამახინჯებდა რამეს – ძალიან ქართულს. ძირშივე მოყანყალებული ხალხის არ მწამს არაფერიო... მე რაღა მომაყანყალებს...
– ბიჭო, არ მოგწყინდა?
– რომ მომწყინდა, იმიტომ ვცდილობ წაძინებას. წაუძინე, არ გინდა?
– ამდენი წაძინება სად შემიძლია...
– იმ ქალსა და კაცს ხედავ?
– რომლებს, გაუთავებლად რომ ბაზრობენ?
– მერე...
– დაგენიძლავები, თუ ქართველები არ იყვნენ...
– მერე რა, რომ იყვნენ, ჩვენ რა!
– მაგარი უცნაური წყვილია, გეგონება, ორივე აფრენსო.
– რაზე შეატყვე, რო...
– რაღაც სხვანაირად ლაპარაკობენ.
– ბიჭო, შენ თვითონ ლაპარაკობ სხვანაირად, ვერ უნდა გამაგებინო, რას ამბობ?
– მოუსმინე და გაიგებ...
ეს გიუშა შარს გადამყრის-მეთქი ხომ ვფიქრობდი, აჰა, ის ტიპი უკვე ჩვენკენ მოდის.
– გამარჯობა!
სალამი ღვთისაა, რა გინდა, რომ ჰქნა?
არაფერი სჭირს ამ კაცს უცნაური, გიუშა ვერაა...
– რა თქვი, ძმაო? – ჩავეკითხე მოსულს.
მომესმა თუ მართლა ის თქვა?
– არ მოგესმათ, სწორედ ის ვთქვი, რაც გაიგონეთ, – გამიღიმა კაცმა.
რა კეთილად იღიმება ეს ჩემისა!
რა საკაიფოდ თქვა?!.
– ჰო, ეგრეა, ჩვენც ერთი დიდი საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული პატიმრები ვართ, – უპასუხა გიუშამ.
– მშვენიერია! – მთლად გაუნათდა სახე ტიპს.
რა არის მშვენიერი, ეს მართლა უბერავს, ოღონდ სხვანაირად...
– სიმართლე რომ გითხრათ, მე თქვენ უფრო საინტერესო ადამიანად მომეჩვენეთ, არა, კი არ მომეჩვენეთ, ნამდვილად ვიცი, რომ არ შევმცდარვარ, – მე მომიტრიალდა ტიპი.
გიჟია ეს ჩემისა თუ პედერასტი...
ერთ ჩემს ბავშვობის ძმაკაცს რაღაც პრობლემა გაუჩნდა და ვენდისპანსერში გავყევი. ექიმი ჩემი ხნის კაცი იყო. ის ჩემისა, ჩემს ძმაკაცს სინჯავდა და მე მელაპარაკებოდა. შევატყვე, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა და შევეშველე, თუ გნებავთ, რუსულად ილაპარაკეთ, პრობლემა არ არის-მეთქი. ერთი წინადადებაც თქვა და მორჩა, ყველაფერი ცხადი იყო, ჩემ წინ ტიპური პედერასტი იდგა, ლამის ზედ დამახტა. დიდი გაცვეთილი ვინმე იყო, ეგრევე მაჯახა, სად იჯექიო. შემდეგ მისვლაზე ჩემი გაყოლა რაღად უნდოდა, მარტო წავიდა ჩემი ძმაკაცი და მერე დამცინოდა, რა იყო, ბიჭო, წამომყოლოდი, ერთხელ გნახა და ფასი დამიკლო, მეორედაც რომ ენახე, მგონი სულ არ გამოერთმია ფული, ისე გულითადად მოგიკითხაო. ფისოს მოვუყევი ეს ამბავი და დიდი მცოდნესავით დაასკვნა, როგორც შენ არ შეგეშლებოდა პედერასტის ცნობა, ისე იმას არ შეეშლებოდა, რა ზომის უნდაო... ოჰ, ფისო, ფისო, სად ხარ ახლა შე ჩურჩუტელა ქალო, ჰა?!
– რა პროფესიის ხარ, ძმაო!
– ამჟამად გიჟად აღარ ვმუშაობ, მაგრამ, რამდენადაც თავისუფალი ვარ, ესე იგი, მაინც გიჟი ვარ, გიჟი ხომ თავისუფალია, – ჩაიცინა ტიპმა.
რა უნდა უპასუხო, აშკარად რაღაც სხვა ჩამოსხმაა...
– ქალბატონი თქვენი მეუღლეა?
– კი, ჩემი მეუღლეა, მაგან გამათავისუფლა საკონცენტრაციო ბანაკიდანაც და შინა პატიმრობიდანაც. ხომ მაგარია, არა? – ისევ გაიღიმა ტიპმა.
ვა, მართლა რა უცნაური ვინმეა, მაგრამ გიჟს რომ არ ჰგავს, ეს როგორღაა? ეს გიუშაც შემომჩერებია და კაიფობს, იცის, რომ მაგრად დავინტერესდები ასეთი უცნაური ტიპით.
– მაგარია! – დავეთანხმე და მეც გამეღიმა.
– ცუდად ნუ გამიგებთ, მე ერთი არაჩვეულებრივად არანორმალური კაცი ვარ, მაგრამ ბოროტი და მავნებელი – არავითარ შემთხვევაში. აი, ჩვენი მისამართი, იქნებ ოდესმე გაგახსენდე... არ გადააგდო, შეინახე, რა იცი რა დროს მოგინდეს ვინმესთან ლაპარაკი. მე საუკეთესო მსმენელი ვარ დედამიწაზე...
– გმადლობთ, ძმაო, არ გადავაგდებ, შევინახავ...
აუ, რა მაგრად ასხია?!
– აქ „სუბუტექსი“ ყრია, თბილისი კი არაა! – თვალი ჩამიკრა, ლამის ტუჩები ყურთან მომიტანა და ხმადაბლა მითხრა ტიპმა.
– მადლობა, მადლობა! – ვუთხარი აჩქარებულმა.
რას გადამეკიდა ეს ნაგიჟარი?!
– მომისმინე! – მაქსიმალურად ჩემკენ გადმოიხარა ტიპი და განაგრძო, – იქ, ჩვენთან, საკონცენტრაციო ბანაკში, ანუ საქართველოში, ვიღაცეებს აპატიმრებენ „სუბუტექსის“ გამო. რა მაგარია ციხე ციხეში, არა?
რა უცნაური ვიღაცაა, ე!
– ჰოდა, იმ დაჭერილებს, ანუ „სუბუტექსის“ მომხმარებლებს, ძალიან უცნაურ კითხვას უსვამენ, საიდან გაქვსო? საფრანგეთიდანო, პასუხობს დაკავებული...
გიუშა ხან მე მიყურებს თვალებდაჭყეტილი, ხან – უცნაურ ტიპს.
– საინტერესო ერთი რამეა, სხვაც აქ, ამ შუაგულ ევროპაში ყიდულობს, აბა, მარსზე კი არ მიფრინავენ „სუბუტექსისთვის“... მე ერთი რამ მაინტერესებს, იმ ჩვენი საკონცენტრაციო ბანაკის უფროსობას, „ნატო, ნატოს“ რომ გაიძახიან, ეს „ნატო“ რუსის ნაშა ნატაშა ხომ არ ჰგონიათ?
ვაჰ, ახლა რომ დაბოლილები ვიყოთ, რას ვიკაიფებდით მე და გიუშა? შევხედე და ყურებამდე გაღიმებული ზის ისიც. ტიპი აგრძელებს:
– ფრანგებმა გამოიგონეს ეს წამალი იმისთვის, რომ ადამიანებს დაეხმარონ, იმ საფრანგეთმა, რომელიც „ნატოს“ შექმნის დღიდან, 1949 წლის 4 აპრილიდან, „ნატოს“ წევრი ქვეყანაა. საფრანგეთი უკვე შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში კი არ შევარდა, ამ ალიანსის ერთ-ერთი შემქმნელია. ის დიხლიპარტო ქვეყნები მერე შეუერთდნენ ნელ-ნელა...
ვა, რა ხოხმა ტიპია?!
– ძმურად, ნამდვილად არ ვიცოდი და მაგრად დამაინტერესა, შემთხვევით, ხომ არ იცი ეს „სანატრელი ნატო“ რომელმა ქვეყნებმა შექმნეს? – ალალად ჩაეძია გიუშა.
– ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, დანიამ, იტალიამ, კანადამ, ლუქსემბურგმა, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა პორტუგალიამ და ისლანდიამ. ჩვენ სადაც ვეტენებით, იქ „ვეტერანი ნატოელი“, საფრანგეთი, „სუბუტექსს“ აფთიაქში ჰყიდის და შენ ვინ ხარ, შე ბოროტო ქვეყანავ, ჰა, რატომ კრძალავ? მაგათი ნაბჟუტურევით ისე გამოდის, რომ ლიბან-მარსელის ტრასა ქართული ვარდებით არის მოფენილი... SUBUTEX!
– კაი, კაცო! – გაფართოებული თვალებით შესცქეროდა გიუშა.
– ასე! – დაბეჯითებით გვითხრა უცნაურმა მგზავრმა, თვალი ჩაგვიკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
– რა უცნაური ვინმეა არა? – მომიტრიალდა გიუშა.
– ქართველი ცოლების ამბავი რომ ვიცი, ორ წუთში უკან უნდა მოჰყოლოდა თავის ქმარს, მაგრამ ასე არ მოიქცა. არ ვამბობ მართალს?
– არ ვიცი.
– მე ვიცი და მენდე, ბოლოს და ბოლოს, მესამე ცოლი მყავს...
– შენ, როგორც მრავლის მნახველს, რაღაც ვერსიები გაგიჩნდებოდა უკვე.
– აზრზე არ ვარ, მაგრამ ეჭვი კი მღრღნის.
– დაივიწყე.
***
რა სასიამოვნოდ მარწევდა ავტობუსი, მაგრამ შეგარგებს ვინმე რამეს ბოლომდე? როდემდე ვივლით ასე უთავბოლოდ? მომწყინდა მუდმივად მგზავრის როლში ყოფნა. აღარასოდეს იქნება ბოლო გაჩერება?.. ფრიშტ! ეგეც ეგრე, ხომ მივიღე ის, რაც არ მინდოდა! ნეტავ, „რომეო“ და „ჯულიეტა“ რას შვრებიან, კიდევ ერთად არიან? რომ შემეძლოს, ძმასავით დავარიგებდი ყველა „რომეოს“, ვეტყოდი: ძმებო, „რომეოებო“, გაუფრთხილდით იმ ქალს, რომელიც გიყვართ. სიყვარული ღვთის საჩუქრად მიიღეთ და გაუფრთხილდით, ოდნავი სუსხი არ მიაკაროთ, თორემ, მწარედ ინანებთ. არ გაეჯიბროთ ქალს სიყვარულში, არ მოსთხოვოთ ის, რაც მხოლოდ კაცური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გინდათ. თუ გიყვართ, დაუჩოქეთ, ნუ შეგეშინდებათ პატიების თხოვნის. შეყვარებული ქალი გაპატიებთ და არც არასოდეს წამოგაყვედრებთ... სიყვარული ერთხელ მოდის, მაგრამ მოდის ზვავივით... სიყვარული ის სტიქიაა, რომლისგანაც თავის დაღწევა კი არ უნდა სცადოთ, პირიქით, მთლიანად უნდა მიენდოთ, სხვანაირად სამუდამოდ დაკარგავთ იმ ლურჯ ფრინველს, რომელსაც ოცნებების ახდენა შეუძლია...
აქ, სადღაც გადაკარგულში, თითქოს არც საჭმელს აქვს გემო და არც წყალს. თითქოს მზეც სხვანაირად ანათებს და ცაც სხვანაირი ფერისაა. ღამით ვარსკვლავებს ვუყურებდი სრულიად მოწმენდილ ცაზე. ნეტავ, შემეძლოს დავკრიფო და ვარსკვლავების თაიგული გავუგზავნო ფისოს, ამ უცხო ცას ისედაც არ უხდება, ზედმეტია; ან ამათი მთვარე რას ჰგავს, ფერიც და ფორმაც დაკარგული აქვს. საქართველოს მთვარე სულ სხვანაირია, დიდი, ყვითელი და ოსური ხაჭაპურივით მრგვალი. მომშივდა, ალბათ, მაგრამ დედიჩემისამ, გზებზე სუფრა არ გამიფინონ, რა, ქურდი ქისტებივით მივიპარებით სადღაც... პირველად გავიგე ასეთი შედარება, რა თქმა უნდა, ფისოსგან და გავოცდი. რას ნიშნავს-მეთქი „ქურდი ქისტი”. ფისომ კი ამიხსნა ვითომ, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ არიან ჩაღმა თუშები და წოვა თუშები, მაგრამ ვისაც წოვა თუშებს ეძახიან, სინამდვილეში ქისტები არიან, მაგრამ ესეც ვერ გავიგე ბოლომდე. მოსწყინდა ფისოს ჩემი განათლება ამ კუთხით და მომიჭრა, შენთვის გასაგებ ენაზე არ ვიცი, სხვანაირად ვერ აგიხსნიო...
ამხელა გზაზე ფიქრის დრო თავზე საყრელადაა და ვფიქრობ ძალაუნებურად. ბოლო ხანებში ფისო მეშარებოდა, ისეთი შეცვლილი ხარ, ასე მგონია გამოგცვალესო. ახლა ვფიქრობ და ვხვდები, რაც დამემართა. პირველი და უმთავრესი – ორი ქალის კიჟინი, რომ მე ფისო თავის ჭკუაზე მატარებს და მეორე – ჩემი ახლობლების თვალნათელი მაგალითი, ცოლები სახალხოდ რომ ამათრახებდნენ და ისინი, იმის მაგივრად, რომ კარგად მოეცხოთ, იცინოდნენ. ახლა ვხვდები, რომ მე ფისოს სახით მართლა ანგელოზივით ქალი მყოლია. თურმე, სხვა ყველა უნდა ამოაგდო შენი პირადი ცხოვრებიდან და მიიღო მხოლოდ ის, რასაც საკუთარი არსება გთხოვს. რა ჩემი საქმე იყო, ვისი ცოლი როგორ მოიქცეოდა ხალხში, ჩემი ცოლი ხომ ჩემი სიამაყე იყო. იცოცხლე, სახლში კი მირჩევდა საქმეებს და მებუტებოდა, მაგრამ გარეთ ისეთი სათნო და მორჩილი იყო, მართლა თვალებში შემომციცინებდა. მე და ფისო რომ ერთი მთლიანი ვიყავით და სხვა ცოლ-ქმარს არ ვგავდით, იმით მაინც უნდა მივმხვდარიყავი, რომ ერთი სული მქონდა, დროზე მივსულიყავი სახლში და ფისოს გვერდით ვყოფილიყავი. მე სხვებისთვის კი არ უნდა დამეჯერებინა, ფისოს და „ჯულიეტას“ დიალოგი უნდა მდებოდა თავში მუდმივად. დედასაც გაუმარჯოს, მამასაც, და-ძმებსაც და ყველას, მაგრამ საყვარელ ქალს რომელი შეგიცვლის? ყველას თავისი გზა აქვს... ახლა ვინ ნაღვლობს ჩემზე, რომელი „კეთილისმსურველი“, ისინი რომლებიც სიამოვნებით მისმენდნენ როგორ ვლანძღავდი ზურგს უკან ფისოს? მომენტებში საკუთარი თავის მრცხვენია...
ფისოს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა უცხოეთში წასულ ხალხზე, სამშობლოდან გაქცეული ხალხის არ მწამსო, ვერ გავაგებინე, რომ სამშობლოდან კი არ გარბიან, საბოზეთიდან გარბიან. საბოზეთია, აბა, სხვა რა ჰქვია იმ ტერიტორიას, სადაც თვით უმაღლესი ხელისუფალი ოფიციალურად მოგიწოდებს ბოზობისკენ და თან ამისთვის ჯილდოსაც გპირდება. ენით ზურგს იფხანს მავანი და „მატეო ფალკონე“ არ წაუკითხავს... თუმცა ვინ რაღას კითხულობს, მარტო ინგლისურად იტეხენ ენას... რამე მაინც გაეგებოდეთ თუნდაც იმ ინგლისურის...
– რამდენჯერ გითხარი, ექსკურსია კი, მაგრამ მე მსოფლიოს ვერც ერთ წერტილში ვერ ვიცხოვრებ, საქართველოს გარდა! – დაიწიკვინა ფისომ ერთ-ერთი გადაბირების მცდელობისას.
– მხოლოდ თბილისში და ისიც ვაკეში, სხვაგან არა?
– თბილისი და ვაკე რა შუაშია, მე ამოვირჩიე თუ რა! ჩემი ბრალია, რომ აქ დავიბადე და არა, ვთქვათ, არხილოსკალოში?
– აბა, რა საქართველო აგიტყდა...
– რას გადამეკიდე, კაცო, არ მინდა არსად წასვლა და მორჩა!
რაღა უნდა მეთქვა, გავჩუმდი.
სიტუაცია დაიძაბა.
– რა ვთქვი სულელური?
– შენი თქმით, აქ მარტო „მშვილდოსნები“ უნდა ცხოვრობდნენ?
– არა, რატომ, ჩვენ სხვასაც ვიგუებთ...
– გმადლობთ რა!
– არაფერს. ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან უყვართ მოგზაურობა, მაგრამ უცხო ქვეყანაში არ იდებენ ბინას...
– კიდევ რა უყვართ?
– რა უყვართ კი არა, მე შტრიხებს გეუბნები. არიან სექსუალურები...
– ერთი ცნობილი „მშვილდოსანი“ დამისახელე!
– ჩემი პრეზიდენტი! – მკვირცხლად მიპასუხა ფისომ და ისე აკისკისდა, მეც კი გამეღიმა.
– ჩურჩუტო!
– რა, ვტყუი? – სულ მთლად გალაღდა ჩურჩუტი.
– შენი ჭკუისა უცებ გაგახსენდა არა?
– რატომ რა, ცუდი შემადგენლობა ვართ – მე, ჩემი პრეზიდენტი და სულაც სტალინი?
– შენც კაი მადა გქონია?!
– ეჰ, მადა კი მაქვს, მაგრამ ხელშეწყობა არ მაქვს.
– კიდევ რა მოგწონს, ჩურჩუტელა?
– რაღაცეები, მაგრამ ასე უცბად არ გამახსენდება.
– მიდი რა, გეხვეწები, პატარა გოგონა მგონიხარ, თითქოს გაკვეთილი უნდა მომიყვე.
– აი, მაგალითად, ის, რომ არ უნდა მოპარო ახლობელს...
– კიდევ, კიდევ...
– ვალი რომ უნდა გადაიხადო ხელოსნის და, საერთოდ, ნაშრომში რომ ფული უნდა გადაუხადო, არ უნდა დაასმინო, მშობელს პატივი უნდა სცე, არ უნდა მოკლა შენიანი, მევახშეობას და ეგეთ რამეებს არ უნდა მისდევდე, სახელმწიფოს საქმეებსა და პოლიტიკაში რომ არ უნდა ჩაერიო, პოლიტიკური მუხლებით სასჯელმისჯილებს მხარი რომ არ უნდა დაუჭირო და ამნაირი რაღაცეები.
– ყოჩაღ, ფისო?!
– შენ მაშაყირებ, მე სერიოზულად გეუბნები!
– არა, ფისუნია, არ გაშაყირებ. რაც ახლა შენ ჩამოთვალე, დღეს რომ კაიფზე ძალიან გადახეული „ჩემი დედა“ ბიჭები არიან, ვითომ რაღაცას რომ აწვებიან თავიანთ გაგებაში, იმათ არ იციან.
– იმათ წერა-კითხვაც არ იციან და მე რა ვქნა? ახლა ერთ რამეს გეტყვი და არ დამცინო, კარგი?
– როდის დამიცინია?
– იცი ხოლმე. მოკლედ, ეს რაღაცეები სახარებაში წავიკითხე და თვალებს არ დავუჯერე. მაშინ შენ გიცნობდი კი არა, თუ არსებობდი ამქვეყნად, ისიც არ ვიცოდი.
– რას ამბობ, ფისუნია, ცოტა გარკვევით მითხარი?
– ა, ბატონო! „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“; „არა კაც ჰკლა“; „არა – ცილი სწამო,“ „არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა“ და რაც მოყვასისაა, მოძრავ-უძრავი – ქონებაზეო, „არა იპარო“ – ეს ნაწილობრივ მახსოვს, პატიმრებზე წავიკითხე, უფალი ამბობს, რომ პატიმარს რაც ეკუთვნის, ის ხელშეუხებელია, და ასეთი რაღაცეები.
– უყურე შენ!
– ე, მე ისეთი აზრები მომდის ხოლმე თავში, თქვენ არც დაგესიზმრებათ...
– ფისუნია, ხომ მეტყვი?
– მეტი საქმე არ მაქვს!
– რატომ, ფისო?
– ენას ამომაგლეჯ და იმიტომ!..
– რა არის, გოგო, ასეთი!
– აი, ხომ ხედავ, უკვე ხმა შეგეცვალა და...
– აბა, რა მომივა!
– შენზე ვფიქრობ-მეთქი, ხომ არ მითქვამს?
– შე ჩემისა, ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ შენი საფიქრალი იყოს ქურდული სამყარო, წადი, სარეცხი გარეცხე და საჭმელი გააკეთე!
– ე, ამას უყურე ერთი! შენ მე შნირი ხომ არ გგონივარ?!
– ენა, გოგო!
– ეგრე გიწერიათ ქურდულში, ქალს ეძველბიჭეო?
– შენ ქალი კი არა, „პიავკა“ ხარ! არ ამიშალა ნერვები?
– სულ არ გაგცემ ხმას და იჯექი შენთვის მარტო, მაინც მიუჩვეველი ხარ ნორმალურ ურთიერთობებს...
– აღარ გაჩერდები?
– ფåðåç òâîé òðóï!
– რა გინდა, ქალო, პრიგავორი ხარ?!
– ვარ!
– ოხ, შე ლაწირაკო, შენი...
– ჰო, ჰო, რა ჩემი, რატომ ვერ აბოლოვებ?
რა უნდა ვუპასუხო, ამ მართლა ქალს ამას!
მიყურებს და ეშმაკურად მიღიმის. ნეტავ ამის ტვინის კოლოფში ჩამახედა, რა აზრები მოსდიოდა ასეთი, თვითონვე რომ ხვდებოდა ენა ამოსაგლეჯი მაქვსო. საინტერესოა... არა უშავს, ოდესმე მაინც დამიხეთქებს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში