კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-23(493)


– მიდი, მიაწექი! კუდზე გვასხედან! – უთხრა მათემ ნატას და პისტოლეტი ამოაცურა.

ნატამ სიჩქარე გამოცვალა, პედალს ბოლომდე მიაჭირა ფეხი და უწყვეტი ცეცხლის ხაზი დიდი სისწრაფით გაიარა, თან მათეს დაუყვირა:

– თავი დასწიე, ტყვია არ მოგხვდეს!

– თქვენი ბოზი დედაც!.. – შეიგინა მათემ და ჯერ უკანა სავარძელზე გადაძვრა, შემდეგ კი ტყვიებით ჩამსხვრეული უკანა საქარე მინიდან პისტოლეტი გაყო და ადევნებულ „ჯიპს“ ცეცხლი გაუხსნა.

მათეს პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია „ჯიპის“ მძღოლს მარჯვენა მხარში მოხვდა და საჭეს ინსტინქტურად გაუშვა ხელი. ავტომობილმა მართვა დაკარგა და ჯერ მარცხნივ შეუხვია, შემდეგ მოსრიალდა, ხეს შეასკდა და ოთხჯერ გადატრიალდა.

– ერთი კუდი მოვიშორეთ, – თქვა ნატამ, მარცხნივ მკვეთრად შეუხვია და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ უზარმაზარ ბულდოზერს არ შეჯახებოდა, რომელიც მოულოდნელად აღიმართა მათ წინაშე ღამის წყვდიადში.

– რა რეაქცია გქონია! – თქვა აღტაცებით მათემ, – ნაღდი აირტონ სენა ხარ!

– სენა დაიბრიდა, თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ ქალი კი არა, უშიშროების მაიორი ვარ, – გაეცინა ნატას, კვლავ გზატკეცილზე გავარდა დიდი სისწრაფით, სადაც მანქანების მორევში შეერია და, ინტენსიური მოძრაობის მიუხედავად, ოსტატურად უვლიდა მათ გვერდს და წინ მიიწევდა.

– კუდები არ ჩანან, მაგრამ ასე დიდხანს ვერ ვიმოძრავებთ და დავიწვებით, – თქვა მათემ, – თანაც, არ მგონია, რომ ასეთი „დამწვარი“ მანქანით ფშავამდე აგვიშვან.

– მართალი ხარ, ფშავი ჩაიშალა, – დაეთანხმა ნატა.

– რას იტყვი, რა ვქნათ?

– რაც შეიძლება მალე უნდა მივაგდოთ ეს მანქანა და მოვტყდეთ.

– კი მაგრამ, სად?

– მთაწმინდაზე.

– შენს სახლში?

– არა, იქვე ერთი კონსპირაციული ბაითი მაქვს და იქ.

– ისეთივე ხომ არა, საიდანაც ახლა გამოვრბივართ?

– არ მგონია.

– მაშინ, რაღას ველოდებით?

– ცოტაც და, მანქანას რომ მოვიშორებთ, დავაწვეთ, – თქვა ნატამ და „ნივა“ დიდუბის ხიდის ქვეშ გააჩერა. შემდეგ გაქცეულებმა მხოლოდ ფულით სავსე ჩანთა და იარაღები აიღეს და მანქანიდან გადმოვიდნენ.

– მალე ინათებს და დაწვის მეტი საშიშროებაა, – თქვა მათემ, რომელმაც ნატას ხელკავი გაუყარა და მხარზე ჩანთამოკიდებულმა გააგრძელა გზა სამთო ქიმიის შენობისკენ.

– მით უმეტეს, როდესაც მთელი საუკეთესო ძალები შენ გეძებენ. მაგრამ, აქედანაც გამოვძვრებით.

წყვილმა ტაქსი გააჩერა და მარჯანიშვილის მეტროს სადგურამდე იმგზავრეს. იქიდან კი ფეხით გაიარეს გალაკტიონის ხიდი, ელბაქიძის აღმართს აუყვნენ და შუქით გაჩახჩახებულ რუსთაველის გამზირზე ავიდნენ.

– კარგი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, – თქვა მათემ და შუბლზე ოფლი მოიწმინდა.

– ჯოჯოხეთი შენ მაშინ ნახე, ვინმემ თუ გვიცნო, – თქვა ნატამ და მათეს საპატრულო პოლიციის მანქანებზე მიანიშნა, რომლებიც ტელეგრაფის შენობის წინ იყვნენ გაჩერებულები და გამვლელ-გამომვლელებს ყურადღებით ათვალიერებდნენ.

– ხომ არ გადავუხვიოთ?

– გვიანაა და უფრო „დავიწვებით“.

– აბა, რა ვქნათ?

– ვითომ უცხოელები ვართ და ღამის თბილისს ვათვალიერებთ, – თქვა ნატამ, მათეს ხელი შემოხვია წელზე, სასტუმრო „რედისონისკენ“ შეტრიალდა და ინგლისურ ენაზე, ხმამაღლა ალაპარაკდა. მას მათემაც აუბა მხარი და პოლიციელებმა ისე ჩაუარეს, რომ ყურადღებაც არ მიუქცევიათ.

წყვილმა მშვიდობიანად მიაღწია ოპერამდე. იქ კი მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლეს, მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ და ჭავჭავაძის ქუჩით მთაწმინდის აღმართს აუყვნენ, ოთხასიოდე მეტრი გაიარეს, შემდეგ მარჯვნივ შეუხვიეს და ერთ-ერთი იტალიური ეზოს სადარბაზოში გაუჩინარდნენ, რომელსაც ცალკე შესასვლელი ჰქონდა პირველ სართულზე და სწორედ ის იყო ნატას კონსპირაციული ბინა.

– მე მგონი, მშვიდობით მოვედით, – თქვა მათემ, როდესაც სამოთახიან ბინაში შედგა ფეხი.

– ჰო, კუდი არ გამოგვყოლია, – დაეთანხმა ნატა და შუქი აანთო.

– რას შვრები, დავიწვებით!

– ნუ გეშინია. „სვეტამასკიროვკა“ უმაღლეს დონეზე მაქვს და აქედან ერთი სხივიც არ გააღწევს, – თქვა ნატამ და მათეს შავი ფერის ძველ მძიმე ფარდებზე მიანიშნა, რომლებიც ფანჯრებს ეკვროდა.

– ასე ხომ ჩავიხუთებით ამ სიცხეში.

– არ ჩავიხუთებით, – გაეღიმა ნატას და ჯერ ვენტილატორი ჩართო, შემდეგ ტელევიზორი და მათეს უთხრა, – აქ ისეთი საჰაერო და ხმის იზოლაცია მაქვს გაკეთებული, რომ ბომბის ხმა არ გავა.

– მეზობლები არ ჩაგვიშვებენ?

– რა იციან, რომ აქ ვართ? მათთვის ეს ბაითი დაკეტილია.

– შუქის მრიცხველით რომ დავიწვათ?

– არ ტრიალებს, ლევი ხაზი მაქვს.

– მაინც ძალიან საეჭვო ადგილია.

– სარდაფიც მაქვს, რომელსაც გვირაბი უერთდება, სანაპირომდე ჩადის და ალექსანდროვის ბაღთან რომ „ნავესებია“, იქ ამოდის, მტკვრის პირას. თითქმის კილომეტრ-ნახევრის სიგრძისაა.

– შენ გათხარე? – იხუმრა მათემ.

– ქალაქის მუნიციპალიტეტმა ასი წლის წინ, – სრული სერიოზულობით თქვა ნატამ, – სხვათა შორის, ეს გვირაბი ილია ჭავჭავაძის ინიციატივით გაკეთდა.

– რისთვის?

– იმისთვის, რომ მამადავითის მთიდან წამოსულ წვიმის წყალს მთაწმინდის ქუჩები არ ჩაერეცხა და მტკვარში ჩასულიყო. 20 წლის წინ ახალმშენებლობები დაიწყო, გვირაბის ზედა მხარე გაუქმდა და მხოლოდ ესღა დარჩა.

– ამდენი საიდან იცი?

– მამაჩემის ნათლიისგან. ის ძველი ინჟინერი იყო, ეს ბინაც მას ეკუთვნოდა და მის ჩანაწერებში აღმოვაჩინე. ბინა მან მამაჩემს დაუტოვა ანდერძით და ახლა მე ვსარგებლობ. უფრო სწორად კი, ჩვენ.

– მამაშენი გარდაიცვალა?

– არა, უცხოეთშია, იქაური ცოლი მოიყვანა და, მგონი, არც აპირებს უკან დაბრუნებას.

– შენ კი ამბობდი, კონსპირაციული ბინააო, – თქვა მათემ, – ასე ხომ აუცილებლად „დავიწვებით“. შენი კოლეგები ყველაფერს ამოყრიან, ამ ბინის ამბავსაც გააიასნებენ და დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგვაგნებენ. მით უმეტეს, შენ არ თქვი, რომ საუკეთესო ძალები გვეძებენო?

– ვერ მოგვაგნებენ.

– რატომ გგონია?

– იმიტომ, რომ ჩემს დოსიეში წერია, რომ უმამო ვარ, ანუ, მამა დაღუპული მყავს.

– რატომ წერია ასე?

– იმიტომ, რომ ასე მითხრა დედაჩემმა და მხოლოდ 15 წლის ასაკში შევიტყვე, თურმე, მამა მყოლია – ერთ მშვენიერ დღეს ის სკოლის უკან დამხვდა და მითხრა, რომ მამაჩემია.

– თხუთმეტი წელი სად იყო, რატომ არ გპატრონობდა?

– თვითონაც არ იცოდა, რომ შვილი ჰყავდა. ჩემები ერთი წელიწადი ხვდებოდნენ ერთმანეთს. დედაჩემი რომ ჩემზე დაორსულებულა, სწორედ მაშინ დაუპატიმრებიათ მამაჩემი ყაჩაღობისთვის და 15 წლის მერე რომ გამოვიდა, სწორედ მისმა ნათლიამ უთხრა მას ჩემ შესახებ. დედაჩემმა არც კი იცის, რომ მამის ამბავი ვიცი და თითქმის 15 წელია, რაც მას ამას ვუმალავთ. ასე რომ, აქ ნამდვილად ვერ აღმოგვაჩენენ.

– გლდანში როგორ მოგვაგნეს?

– გლდანის ბინა დედაჩემის ძმაზეა გაფორმებული და, ალბათ, იქიდან. აქ კი ამ მხრივ ყველაფერი სუფთადაა.

– მაინც რომ მოვიდნენ?

– მაშინ, გვირაბით მოვტყდებით.

– ყელში ამოვიდა ამდენი მოტყდომა და გვირაბები, – ჩაეცინა მათეს, – კრისად გადავიქეცი, ამხელა კაცი ვირთხასავით დავძვრები გვირაბ-გვირაბ.

– ასეთი პროფესია გაქვს და რას იზამ! შენი საქმე გაქცევაა, შენი მტრების კი – დევნა.

– არა, ნატა, ასე არ ივარგებს. რა აზრი აქვს ჩემს სვაბოდაზე ყოფნას და თუნდაც სიცოცხლეს, თუკი საქმე არ გაკეთდა. ჰამო და პეტიკო უნდა ვნახო სასწრაფოდ და დაველაპარაკო, მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმეა.

– არც ისე რთულია, – გაეღიმა ნატას, – როდესაც კარგი საგრიმიორო და სათანადო გამოცდილება გვაქვს, ამერიკული დაზვერვის ცხვირწინაც კი არის შესაძლებელი საქმის გაკეთება და მათი გაცურება...

***

ნატამ და მათემ პეტიკოსთან მისვლამდე მოხუცებულების გრიმი გაიკეთეს, ჭაღარა პარიკები მოირგეს და ამგვარად ეწვივნენ ოფისში. თანაც, წინასწარ გამზადებული, ქაღალდზე დაწერილი ტექსტი მოამზადეს, რომ პეტიკო არ დაბნეულიყო.

იერშეცვლილი წყვილი გვირაბით სანაპიროსკენ დაეშვა და უსაფრთხოდ გავიდა ქუჩაში, შემდეგ სამარშრუტო ტაქსიში ჩასხდნენ და პეტიკოს ოფისამდე ორასიოდე მეტრის დაშორებით ჩამოვიდნენ. ისინი წელში მოხრილები, ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ და ყურადღებით ათვალიერებდნენ ყველაფერს, რომ არაფერი გამოჰპარვოდათ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული წინააღმდეგობის გასაწევადაც მზად იყვნენ. თითოეულ მათგანს სამოსის ქვეშ ორ-ორი პისტოლეტი და ორ-ორი ხელყუმბარა ჰქონდა დამალული.

– არ დაგავიწყდეს, მათე, – უთხრა ნატამ – ოფისიდან ორასი მეტრის რადიუსში ყველაფრის მოსმენაა შესაძლებელი და მაგ ზონაში რომ შევალთ, ისეთი არაფერი წამოგცდეს.

– არ წამომცდება, – თქვა მათემ და ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო.

– ორმოცდაათი მეტრიც და მოსასმენი ზონა იწყება, – თქვა ნატამ, როდესაც კიდევ ორმოცდაათი მეტრი გაიარეს, – რაც შეიძლება ნაკლები ვისაუბროთ და, რასაც ვიტყვით – ბებრულად, შეცვლილი ხმით.

– გასაგებია, – თქვა მათემ მოხუცის ხმით. შემდეგ, აკანკალებული მარჯვენით ხელკავი გამოსდო ნატას და ოფისის აღმართს აუყვა.

წყვილმა ბებრულად აიარა აღმართი, ოფისის ჰოლში შევიდნენ და წინ ჰამო შეეფეთათ, რომელიც, როგორც ეტყობოდა, პეტიკოსთან იყო და გარეთ აპირებდა გასვლას. მათემ მას მაჯაში ჩაავლო ხელი, შეაჩერა და ბებრული ხმით ჰკითხა:

– უფროსის კაბინეტს ვერ მიმასწავლი, შვილო?

ჰამომ თანაგრძნობით შეხედა „მოხუცს“, შემდეგ გაუღიმა და უთხრა:

– ვინ უფროსს ეძებთ, ბაბუა?

მათე მიხვდა, რომ ვერ იცნო.

– პეტრეს, შვილო, – უპასუხა მან, შემდეგ ნატას მიუბრუნდა, პეტრე არ ჰქვია უფროსს?

– ჰო, პეტრე, პეტრე, – ბებერი ქალის ხმით დაუდასტურა მათეს ნატამ.

– პეტრეს, შვილო, – უთხრა მათემ ჰამოს.

– ესე იგი თქვენ პეტიკოს ეძებთ, – თქვა ჰამომ, – ფირმის პრეზიდენტს. თუ საიდუმლო არაა, რა საქმე გაქვთ?

– რა საიდუმლო, შვილო, – თქვა ნატამ, – ამბობენ, ქველმოქმედი, გულისხმიერი კაციაო და იმიტომ მოვედით აქ, რომ დახმარება ვთხოვოთ.

– ფული გჭირდებათ? – თანაგრძნობით ჰკითხა ჰამომ „მოხუცებს“ და ნატას მხარზე ნაზად დაადო ხელი.

– მათხოვრები არ გეგონოთ, შვილო, – უთხრა ჰამოს მათემ, თან გულში ეცინებოდა, რომ მთაწმინდელი მას ვერ სცნობდა.

– რას ბრძანებ, ბაბუა, – ახლა უკვე მათეს მიუალერსა მხარზე ჰამომ, – უბრალოდ, ძალიან დამაინტერესა, რისთვის გარჯილხართ ეს ორი მოხუცი ასე.

– ჩვენ, შვილო, პენსიას ვიღებთ და ავად თუ კარგად გაგვაქვს თავი, – თქვა ნატამ აცრემლებული მოხუცის ხმით და თან გულში გაეცინა, რომ ჰამო „მოხუცებს“ ვერ ცნობდა, – ფული გვინდა, ფული, მაგრამ ჩვენთვის არა.

– აბა, ვისთვის? – იკითხა ჰამომ.

– ზურიკოსთვის, ჩვენი შვილიშვილისთვის.

– ავადაა?

– არა, შვილო, ჯანმრთელია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, – ჰაერში პირჯვარი გადასახა ნატამ, – თუმცა, დღე-ღამეს ასწორებს შრომასა და სწავლაში და ჩვენ კი არ გვეუბნება, მაგრამ, ნახევრად მშიერია ხოლმე და მეშინია, არ გამოიფიტოს.

– ჰო, ჰო, – დაამატა ნატას სიტყვებს აცრემლებულმა მათემ, – ძალიან ყოჩაღია ჩვენი ზურიკო.

– ჰოდა, შვილო, – განაგრძო ნატამ, – ჩვენს ზურიკოს სწავლის ფული აქვს გადასახდელი და ბატონი პეტრეს ნახვა იმიტომ გვინდა, რომ იქნებ ჩვენს მდგომარეობაში შევიდეს და თანხა გადაურიცხოს, რომ ბიჭი არ გარიცხონ.

– რამდენია გადასახადი?

– სულ ათასი ლარი, მაგრამ ბავშვს ოთხას ორმოცდაათი მოგროვილი აქვს და ხუთას ორმოცდაათიღა სჭირდება, – თქვა ნატამ.

ჰამომ საფულე ამოაცურა, გახსნა, რაც ქაღალდის ფული ჰქონდა, ამოიღო, ნატას გაუწოდა და უთხრა:

– აი, ბებო, გამომართვი. აქ რვაასი ევროა, გადასახადზეც ეყოფა თქვენს ზურიკოს და სხვა რამისთვისაც.

წყვილი მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა და სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინათ რამე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პეტიკოსთან შეხვედრა არ შედგებოდა და გეგმები ჩაეშლებოდათ. ამიტომ მათემ ჰამოს უთხრა:

– ჯერ ერთი, შვილო, ამდენი ფული არ გვჭირდება, ძალიან ბევრია. მეორე ის, რომ ზურიკომ არ იცის, აქ რომ ვართ, თუ გაიგო, სახლიდან გაიქცევა და ჩვენ კი რა თავში ვიხლით ამდენ ფულს. ხომ გითხარით, რომ პენსიაც გვყოფნის. პეტრეს ნახვა კი იმიტომ გვინდა, რომ ვთხოვოთ, მისმა ფირმამ ჩვენი შვილიშვილის ანგარიშზე ფული გადარიცხოს და ყველაფერი რიგზე იქნება.

– რა პრობლემაა, ანგარიშის ნომერი მომეცით და ნახევარ საათში დავსვამ ფულს, – თქვა ჰამომ.

– არა, შვილო, მასე არ გვინდა, – თქვა მათემ.

– კი მაგრამ, რატომ?

– იმიტომ, შვილო, რომ, ზურიკო აუცილებლად შეამოწმებს და, რომ ნახავს, ფული კერძო პირმა გადაურიცხა, მაშინ ყველაფერს მიხვდება და შვილიშვილს დავკარგავთ.

– კერძო პირის ფულს თუ თაკილობს, ორგანიზაციის ფულზე რატომაა ყაბულს? – გულწრფელად გაუკვირდა ჰამოს.

– მთლად ყაბულს არაა, – თქვა მათემ, მაგრამ თუკი ბატონი პეტრე ფულს გადარიცხავს, თანაც მის სასწავლებელს მისწერს, რომ ზურიკოს იმიტომ ურიცხავს ფულს, რომ მისითაა დაინტერესებული, მაშინ ზურიკო არაფერს იტყვის.

ჰამოს გულიანად გაეცინა:

– რთული ხასიათის შვილიშვილი გყოლიათ. კეთილი, ასე იყოს. მომეცით თქვენი შვილიშვილის სასწავლებლის მისამართი და ბანკის ანგარიშის ნომერი და ყველაფერს მოვაგვარებ. ფულიც დაჯდება და წერილიც ისეთი მივა, რომ წყალი არ გაუვა.

ჰამოს სიტყვები იმდენად ამომწურავი იყო, რომ „მოხუცებს“ ისღა დარჩენოდათ, დათანხმებულიყვნენ, რათა, მათ ვინც უსმენდათ, არაფერში შეპპარვოდათ ეჭვი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში პეტიკოსთან შეხვედრა არ შედგებოდა. ამიტომ მათემ მაჯაში ჩაავლო ჰამოს ხელი, მაგრად მოუჭირა და თვალებით ანიშნა, წამოგვყევიო, ხმამაღლა კი უთხრა:

– შენი დიდი მადლობელი ვართ, შვილო, მაგრამ, არ გვინდა. აუცილებლად ბატონ პეტრეს უნდა შევხვდეთ და მას დაველაპარაკოთ. შენ კი, თუ ჩვენი პატივისცემა გინდა, მასთან წამოგვყევი და გვიშუამდგომლე.

ჰამო უმალვე მიხვდა ყველაფერს, წყვილიც იცნო და, რადგან მანაც იცოდა, რომ ამერიკელები უსმენდნენ და მცირე შეცდომასაც კი საქმის დაღუპვა შეეძლო, „მოხუცს“ უთხრა:

– რა გაეწყობა, ასე იყოს. წამობრძანდით და მე მიგყვებით პეტიკოსთან.

ჰამომ ორივე „მოხუცი“ ხელკავით მიიყვანა პეტიკოსთან და უთხრა:

– ეს ტკბილი ხალხი ჩემი ნათესავები არიან, შენთან ერთი თხოვნა აქვთ და მოუსმინე.

წყვილი ვერც პეტიკომ იცნო, ჰამოს სიტყვები სერიოზულად მიიღო და თავაზიანი ღიმილით უთხრა:

– გისმენთ. ბრძანეთ, რამ შეგაწუხათ?

ჰამომ და მათემ ერთდროულად მიიდეს ტუჩებზე თითები, რითაც პეტიკოს მიანიშნეს, რომ არ გაშიფრულიყო. მათემ კი მას წინასწარ მომზადებული ტექსტი დაუდო წინ წასაკითხად, ხმამაღლა კი უთხრა:

– ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, შვილო. თუ ეს შესაძლებელია, იქნებ ჩვენს შვილიშვილს, ზურიკოს, 550 ლარი გადაურიცხოთ სწავლის ფული, სასწავლებელში კი წერილი გაგზავნოთ, თითქოს ამ ფულს იმიტომ ურიცხავთ, რომ მისით ხართ დაინტერესებული.

სანამ მათე ამერიკელების გასაგონად ლაპარაკობდა, პეტიკომ ყურადღებით წაიკითხა ფურცელზე ნაწერი: „მათე და ნატა ვართ. ჩვენ გვეძებენ ყველგან და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თქვენ დაჟინებით გისმენენ და გითვალთვალებენ ამერიკელები. ამიტომ, იძულებულები ვართ, რომ ასეთი სახის კონტაქტი დავამყაროთ თქვენთან. აუცილებლად უნდა შევხვდეთ უსაფრთხო ადგილას და საქმეზე დავილაპარაკოთ. ამაღამ, 12 საათზე მარჯვენა სანაპიროზე რომ „ნავესებია“, უკუდოდ მოდით, ოღონდ, კუდი არ მოიყოლოთ. გაფრთხილებთ, ყველაფერი გულდასმით შეამოწმეთ და ისე იარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „დავიწვებით“ და მეტად ვეღარ დავაღწევთ თავს ამერიკელებს“.

პეტიკომ თაბახის ფურცელზე სწრაფად დაწერა და მათეს მიაწოდა: „დარდი ნუ გაქვს, დათქმულ დროზე მოვალთ მე და ჰამო და ჩვენი სახლის ქვეშ გათხრილი გვირაბით ვისარგებლებთ“, – ხმამაღლა კი ჰამოს მიმართა:

– არ გრცხვენია, ჰამო? ეს სათნო მოხუცები აქ რომ მოიყვანე, შენ არ შეგეძლო ყველაფრის მოგვარება?

ჰამომ ირონიულად ჩაუკრა თვალი პეტიკოს და ამერიკელების გასაგონად თქვა:

– როგორ არა, პეტიკო, მაგრამ თვითონ არ ისურვეს და შენი ნახვა პირადად უნდოდათ.

– ჰო, შვილო, მართლა ასე იყო, – ერთდროულად თქვეს „მოხუცებმა“.

– კეთილი, ჩემო კარგებო, – თქვა პეტიკომ, – არანაირი პრობლემა არაა. დღესვე გავაკეთებ ამ საქმეს და ყველაფერს ჰამო მიხედავს. თქვენ კი ბანკის ანგარიში და სასწავლებლის მისამართი დამიტოვეთ.

– აი, აქ წერია ყველაფერი, – უთხრა პეტიკოს მათემ და ქაღალდზე დაწერილი მისამართი და საბანკო ანგარიშის ნომერი დაუდო წინ

– კარგი, – წამოდგა პეტიკო, – კიდევ რამე ხომ არ გნებავთ?

– არა, შვილო, დიდი მადლობა, – თქვეს „მოხუცებმა“ და ჯერ პეტიკოს და ჰამოს გამოემშვიდობნენ. შემდეგ ბებრული ნაბიჯებით გამოვიდნენ ოფისიდან და ქუჩაზე დაეშვნენ...

***

ჰამომ და პეტიკომ ჩვეული ხერხით დააღწიეს თავი ამერიკელების კუდს. მათ გასაგონად ცოლებს უთხრეს, რომ ძალიან დაღლილები იყვნენ და თითქოს დასაძინებლად წვებოდნენ. თავად კი ღამის 11 საათზე გვირაბის მეშვეობით დატოვეს სახლი და ტყეში ამოვიდნენ, რომელიც ზემო ვერაზე, მთაწმინდის გაყოლებაზე მდებარეობდა. ორივე უბრალოდ იყო ჩაცმული, რომ ყურადღება არ მიექციათ, თან თითო დატენილი პისტოლეტიც ჰქონდათ. მათ საკმაოდ სწრაფად ჩაიარეს ვერის ვიწრო ქუჩები, თორმეტის ნახევარიც არ იყო, რომ ფილარმონიასთან ტაქსი გააჩერეს და მძღოლს უთხრეს:

– სასტუმრო „მეტეხთან“ და უკან.

– ოცი ლარი, – თქვა მძღოლმა.

– წავედით! – თქვა ჰამომ, რომელიც მძღოლის გვერდით მოკალათდა, პეტიკო კი უკანა სავარძელზე მოთავსდა.

ჰამომ და პეტიკომ ასეთი მარშრუტი იმიტომ აირჩიეს, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, არავინ უთვალთვალებდათ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ უკანა გზაზე მშრალ ხიდთან ჩამოქვეითდებოდნენ და „ნავესებამდე“ ფეხით გააგრძელებდნენ გზას. ტაქსის მძღოლი, როგორც თითქმის ყველა მისი კოლეგა, საკმაოდ დაკვირვებული, ცნობისმოყვარე და ენაწყლიანი აღმოჩნდა. მან ადგილიდან მოწყვიტა მანქანა და მგზავრებს ჰკითხა:

– „მეტეხში“, ალბათ, ნაშების მოსახსნელად მიდიხართ, არა?

– არა, – მოკლედ მიუგო ჰამომ.

– კატაობთ? – შეფარული ირონიით იკითხა მძღოლმა.

– რა, არ შეიძლება? – გაეღიმა ჰამოს.

– როგორ არ შეიძლება, ჯიგარო, თუ გინდა, მთელი ღამე ვიკატაოთ. თქვენ მაყუთი გადაიხადეთ და, თუ გინდათ, მთელ თბილისს ვურტყათ კრუგები, – თქვა ლაპარაკში გართულმა მძღოლმა და ბოლო მომენტში დაინახა უზარმაზარი თხრილი. რომ აეცილებინა, საჭე მკვეთრად მარცხნივ აიღო, ამის გამო წინ მჯდომმა ჰამომ წონასწორობა დაკარგა და სავარძელს მოსწყდა, მაგრამ ხელებით „ტორპედოს“ დაეყრდნო და საქარე მინაზე დაჯახებას გადარჩა, თუმცა, ქამარში გარჭობილი პისტოლეტი ამოუვარდა..

– ფრთხილად, შე ჩემა! – კბილებში გამოსცრა ჰამომ და პისტოლეტს დასწვდა, რომ თავის ადგილას დაებრუნებინა. მძღოლი დაიბნა, ხელები ინსტინქტურად ასწია და იღრიალა:

– არ მომკლათ, ფული წაიღეთ!

საჭეს ხელი რომ გაუშვა, საკმაოდ დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ მარცხნივ გადაუხვია და საპირისპირო მიმართულებით გადავიდა, იქ კი ასევე დიდი სისწრაფით მიმავალმა „პრადოს ჯიპმა“ მას კუდში ცხვირი გაჰკრა, დააბზრიალა და ტაქსიმ ჯერ სანაპიროს ჯებირი გაანგრია, ბოლოს კი ანჩისხატის ეკლესიის წინ მტკვარში გადავარდა...

ჰამომ და პეტიკომ, რომლებიც საუცხოოდ ცურავდნენ, მალევე ამოყვინთეს და მძღოლი რომ ვერ დაინახეს, იფიქრეს, დაიხრჩოო, მაგრამ ხუთიოდე მეტრში განწირული ღრიალი მოესმათ:

– მიშველეთ, ამომიყვანეთ, ცურვა არ ვიცი!

– ეს სირი ტაქსის მძღოლი ყვირის, – ჩაილაპარაკა ჰამომ და მისკენ გაცურა. მას პეტიკოც მიეხმარა, ნაპირზე ამოიყვანეს გულწასული მძღოლი და იქვე, ასფალტზე დააწვინეს.

ირგვლივ ოცდაათამდე ადამიანი იყო შეკრებილი. იქვე იმყოფებოდნენ პატრულებიც და ერთ-ერთმა მათგანმა პეტიკოს ჰკითხა:

– რა მოხდა?

– მე და ჩემი ძმა ტაქსის მგზავრები ვართ, კაპიტანო, – უთხრა პეტიკომ პოლიციელს და ეს კი ტაქსის მძღოლია. იამკას ააცილა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავარიაში მოვყევით.

საუბარში „პრადოს“ მძღოლი ჩაერია, რომელმაც პოლიციელს უთხრა:

– ამის ტუპიაკი დედაც... ჩემს გზაზე მივდიოდი, ეს კი წინ ჩამიხტა და, კიდევ კარგი, რომ დავამუხრუჭე, თორემ შუაში გავჭრიდი და სამ კაცს დავხოცავდი...

– კიდევ კარგი, – დაეთანხმა „პრადოს“ მძღოლს პოლიციელი.

– კარგი რა არის, უფროსო, – უკიდურესად აღშფოთდა „პრადოს“ მძღოლი, – ამ დეგენერატის გამო ახალი მანქანა გავაფუჭე და ხაზეინს რა პასუხი გავცე? მე ამის გასაკეთებელი ფული სად მაქვს, ოქმი გააფორმე, რომ ტაქსის მძღოლმა გადაიხადოს.

– დამშვიდდით, ყველაფერს გავარკვევ, – თქვა პოლიციელმა, – დასასჯელი დაისჯება და გადასახდელი გადაიხდება.

– ჰო, უფროსო-ჯან, შენი ჭირიმე, აბა როგორ?! – თქვა „პრადოს“ მძღოლმა, – ჩქარა ოქმი დაწერე და ტაქსისტს საბუთები გამოართვი, რომ ვერსად გაიქცეს.

– დამშვიდდით, მოქალაქევ, ვერავინ ვერსად გაიქცევა და ყველაფერს გავარკვევთ, – გაიმეორა პოლიციელმა.

– აი, უფროსო, აზრზე მოვიდა, – თქვა „პრადოს“ მძღოლმა და ტაქსისტ მძღოლზე მიუთითა, რომელიც მარდად წამოხტა და „პრადოს“ მძღოლს შეუტია:

– ფული არა, ბასთურმა! რა ჩემი ბრალია!

– რაო? – წაიწია ტაქსისტ მძღოლზე „პრადოს“ მძღოლი, – იქნებ თქვა, რომ პროწივზე არ გადმოსულხარ?!

– გადმოვედი, – თქვა ტაქსის მძღოლმა, შემდეგ პოლიციელს მიეტმასნა და ჰამოზე და პეტიკოზე მიუთითა, – ამათ პისტოლეტი მომადეს, მძარცვავდნენ და ავარიაც ამიტომ მომივიდა!

პოლიციელმა ჰამო და პეტიკო შეათვალიერა და უთხრა:

– თქვენი საბუთები!

– რა საბუთები, კაპიტანო, ვერ ნახეთ, რომ ეს იდიოტი წყლიდან ამოვათრიეთ და მის გამო ყველაფერი დავკარგეთ? გჯერათ, რასაც ეს კრეტინი ამბობს? ხომ ხედავთ, რომ სრულ ჭკუაზე არაა და თავისი დანაშაული უნდა, გადმოგვაბრალოს.

– არ დაუჯერო, უფროსო. მაგათ პისტოლეტები აქვთ ქამარში და შეამოწმეთ! – აღრიალდა ტაქსის მძღოლი.

პოლიციის კაპიტანი ჰამოსკენ და პეტიკოსკენ წავიდა, თან პისტოლეტისკენ წაიღო ხელი. მაგრამ, მთაწმინდელმა დაასწრო, იარაღი მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– ადგილზე გაქვავდი, თორემ, დაგადუღებ!

კაპიტანიც და მისი კოლეგაც გაშეშდნენ, რადგან პეტიკოსაც იარაღი ჰქონდა მათთვის მიშვერილი. ტაქსის მძღოლმა კი, ეს სცენა რომ დაინახა, გაფითრდა და სანამ გულწასული დაენარცხებოდა ასფალტს, ამოილუღლუღა:

– ხომ ვთქვი, ბანდიტები არიან...

სანაპიროზე მოძრაობა გაჩერდა, ცნობისმოყვარე ხალხი თანდათან მატულობდა, ცოტაც და, იქაურობას კიდევ რამდენიმე საპატრულო მანქანა შემოემატებოდა, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა შეიარაღებული შეტაკება. ამიტომ, ჰამომ და პეტიკომ პოლიციელებს დაწოლა უბრძანეს. შემდეგ ერთ-ერთ საპატრულო მანქანაში ჩასხდნენ და ორთაჭალის მიმართულებით წავიდნენ. საჭეს ჰამო უჯდა. მან მეტეხის ხიდისკენ აიღო გეზი, მაგრამ მარჯვნივ აღარ შეუხვია და ლესელიძის ქუჩაზე შეაგდო მანქანა, ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარა, გააჩერა და პეტიკოს უთხრა:

– ახლა კი ფეხით დავაწვეთ! ჩქარა, თორემ, ალბათ, უკვე მთელი თბილისის საპატრულო პოლიცია გვეძებს და დროზე მოვუტყდეთ!

ჰამომ და პეტიკომ სწრაფად გაიარეს ვიწრო ქუჩები და კოლმეურნეობის მოედანზე ავიდნენ. შემდეგ ყოფილი „პირიმზისკენ“ აიღეს გეზი და სამხედრო კომენდატურას რომ გასცდნენ, მოულოდნელად საპატრულო მანქანას შეეჩეხნენ, რომელიც ვიწრო ქუჩაზე, ალექსანდროვის ზედა ბაღის მოპირდაპირე მხარეზე იყო გაჩერებული. მანქანამ შუქი აანთო, წყვილს მიანათა და პოლიციელმა, რომელსაც ისინი ვერ ხედავდნენ, დაუძახა:

– თუ შეიძლება, აქეთ მობრძანდით!

– არ გაჩერდე, პეტიკო, „მოვტყდეთ“, თორემ დაგვიჭერენ, – გადაუჩურჩულა ჰამომ ცოლის ძმას და ნაბიჯს უმატა. ნაბიჯს უმატა პეტიკომაც, პოლიციელმა კი პისტოლეტი გადატენა და დაიძახა:

– შეჩერდით, თორემ გესვრით!

ჰამო და პეტიკო გაიქცნენ. პოლიციელები მანქანით გაეკიდნენ, მაგრამ მათ, ალექსანდროვის ქვედა ბაღისკენ აიღეს გეზი და მანქანიანი პოლიციელები საგრძნობლად ჩამოიტოვეს, თუმცა, ქვევით მათ სხვა, ფეხით მოსიარულე პატრულები დაუხვდათ და გაჩერება უბრძანეს, რაზეც ჰამომ გინებით უპასუხა და პისტოლეტი იშიშვლა. იგივე გააკეთა პეტიკომაც და სიძეს გაეკიდა...

ფეხოსან პატრულს მანქანიანი პატრულებიც შეუერთდნენ და გაქცეულებს დაედევნენ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გარბოდნენ „ნავესებისკენ“, რომ სხვა გასაქცევი არ ჰქონდათ და ალყაში იყვნენ მოქცეულები.

– რა ვქნათ, ეს ბოზები გვეწევიან და, ალბათ, ტრასიდანაც მოგვადგებიან... – უთხრა პეტიკომ ჰამოს.

– ერთი შანსი გვაქვს – მტკვარში უნდა გადავხტეთ, სანამ ის „ნაბოზრები“ აზრზე მოვლენ, სად ვართ, მეორე ნაპირზე ამოვიდეთ და მოვტყდეთ. პლეხანოვზე კი ერთი ძმაკაცი მყავს, მარტო ცხოვრობს და შეგვიფარებს, – უთხრა ჰამომ პეტიკოს და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დააპირა გადასვლა, რომ ჩანაფიქრი შეესრულებინა. თუმცა, გზაზე საპატრულო მანქანა გამოჩნდა და თავი შეიკავა.

– გვიანაა, – თქვა პეტიკომ, – მთელი ძაღლობა აქაა და პლეხანოვისკენ ვეღარ მოვტყდებით. აქ კი მალე გვიპოვიან.

პეტიკო და ჰამო გზატკეცილის, სანაპიროსა და ვიწრო ქუჩას შორის ეულად მდგარი სახლის ღობესთან იყვნენ ჩაცუცქულები, საიდანაც „ნავესები“ სულ რაღაც ორმოცი მეტრის მოშორებით, გზის საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. ჰამომ საათს დახედა და თქვა:

– ღამის პირველი საათი სრულდება. ერთი საათის წინ უნდა შევხვედროდით მათეს. არც ეს გამოგვივიდა და, თან, გვიჭერენ... ბედი არ გინდა?

– მოდი, სადარბაზოში მაინც შევიდეთ, იქნებ დამალვა მოვახერხოთ, – თქვა პეტიკომ და შეტრიალებას აპირებდა, როდესაც მან და ჰამომ მხარზე ხელის დადება ერთდროულად იგრძნეს. რომ შებრუნდნენ, მათე დაინახეს, რომელიც ისევ მოხუცებულის გრიმით იყო და საჩვენებელი თითი ტუჩზე ჰქონდა მიდებული.

– ჩუმად, – გადაუჩურჩულა მათემ, – წამომყევით!

მათემ ჰამო და პეტიკო ეულად მდგარი ძველი სახლის სადარბაზოში შეიყვანა და სარდაფში ჩავიდნენ. შემდეგ, ძველი, ნესტიანი აგურის კედლებში საიდუმლო კარი იპოვა, გააღო და მხოლოდ მას მერე ჩაკეტა, როდესაც გაქცეულებთან ერთად გვირაბში შევიდა.

– მგონი, გადავრჩით, – თქვა პეტიკომ.

– გადავრჩით, – გაიმეორა ჰამომ.

– ახლა უკვე არაფერი გემუქრებათ, ვერავინ მოგაგნებთ, – უთხრა პეტიკომ მათეს, მძლავრი ფანარი გაანათა და წინ გასწია...

***

ღამის 2 საათი სრულდებოდა, როდესაც მათე, პეტიკო და ჰამო ნატას კონსპირაციულ ბინაში მივიდნენ მთაწმინდაზე. მოხუცებული ქალის გრიმში გამოწყობილმა მასპინძელმა სტუმრები სავარძელში დასხა და ჰკითხა:

– რა მოხდა, ორი საათით რატომ დააგვიანეთ?

გაქცეულებმა ნატას დაწვრილებით უამბეს ყველაფერი. ბოლოს ჰამომ თქვა:

– მტკვარში უნდა დაგვეხრჩო ის „ნაბოზარი“ ტაქსისტი მძღოლი. რომ არ გადაგვერჩინა, ამდენ შარს ხომ არ ავიკიდებდით?!

– მაგის დედაც... – ხელი ჩაიქნია ნატამ, სტუმრებს ყავით გაუმასპინძლდა და უთხრა:

– მოგწონთ ჩვენი გრიმი?

– მაგარია, – გაეცინა ჰამოს, – სანამ ცინკი არ მომეცით, რომ თქვენ იყავით, ვერაფერს მივხვდი და, როგორც ბებრებს, ისე გებაზრებოდით.

– როგორ ფიქრობ, ამერიკელები „ჭამდნენ“, რაც გვითხარით? – ჰკითხა პეტიკომ მათეს.

– ადრესატი და ქსივები ნაღდი მოგეცით და იყვნენ და ამოწმონ. თუმცა, მაინც ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, – თქვა ნატამ, – ამერიკელები ზერელედ არაფერს აკეთებენ, ყველაფერს ამოწმებენ, ყველაფერზე ეჭვი მიაქვთ და სრულ ინფორმაციას ფლობენ.

– ამოწმონ და იყვნენ. მე გაჭირვებულ სტუდენტს დავეხმარე, – თქვა პეტიკომ.

– არა, როგორ დავგოიმდი და სანამ ცინკი არ მომეცით, როგორ ვერ მივხვდი, ვინ იყავით, – იმეორებდა ჰამო და ყავას სვამდა.

– კარგი, კარგი, საქმეზე გადავიდეთ, უკვე სამის ნახევარი სრულდება, – თქვა მათემ, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და სალაპარაკოდ მოემზადა, მაგრამ კარზე კაკუნი გაისმა.

კონსპირაციულ ბინაში მყოფნი გაისუსნენ. ნატამ ტუჩზე მიიდო თითი და დანარჩენებს ანიშნა, ხმა არ ამოეღოთ, თავად კი კედელთან მივიდა და შავ ღილაკს დააჭირა თითი. კედელი გაიხსნა და თაროზე დამონტაჟებული ტელევიზორები გამოჩნდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3