რით ანებივრებენ გია ბარამიას ქალები და რატომ „ჩაუსაფრდა“ მას ცოლი
რამდენიმე თვეა, რაც აფხაზეთის მთავრობას 43 წლის გია ბარამია ხელმძღვანელობს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკვე ბევრჯერ მოხვდა. მთავრობის აქტიური და ენერგიული თავმჯდომარე არც იმ სკანდალებმა დააფრთხო, რომელიც დანიშვნისთანავე დაებედა, უფრო მეტიც, კარგი იუმორის წყალობით, ნადიპლომატარი ბარამია ყველა ფონს თურმე იოლად გადის. სოხუმში დაბადებულ და გაზრდილ კაცს ცხოვრების ბევრი სირთულის გადალახვაც მოუხდა და ამ მძიმე სიტუაციებში ყველაზე მეტად მეორე ნახევარმა ქეთი კაჭარავამ უერთგულა. მან მეუღლის კარიერის სანაცვლოდ საკუთარი კარიერაც დათმო და დღემდე ჩინოვნიკი ქმრის მეორე ნახევრის რთული ცხოვრებით ცხოვრობს. ქალბატონი ქეთი ძალიან სასიამოვნო და გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა. მან ისიც გაგვანდო, რა სისუსტეები აქვს მის ქმარს და რა რიტუალს უთმობს ის ყოველ დი
ქეთი კაჭარავა მე და გიამ ოჯახი ოცი წლის წინ შევქმენით. ორივე სოხუმში ვცხოვრობდით, იქვე გავიცანით ერთმანეთი. გია სოხუმში ძალიან პოპულარული ბიჭი იყო, დიდი სამეგობრო ჰყავდა, ყველას გულის მოგება შეეძლო და არც ჩემი მოხიბვლა გასჭირვებია. (იცინის). ჩვენ ერთმანეთს სამი წელი ვხვდებოდით, მერე დროებით დავშორდით, რადგან მე სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი, გია – სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში. მერე სტავროპოლში ჩამოვიდა და იქიდან გავიპარეთ. ერთ თვეში დავბრუნდით სოხუმში. პირველი შვილი სოხუმში გვეყოლა, მერე ომი დაიწყო. გია ბრძოლებში მონაწილეობდა, ძალიან გაუჭირდა სოხუმის დატოვება. გიჟდებოდა ამ ქალაქზე, ახლაც ისეთი ემოციებით იხსენებს ხოლმე იქაურობას, თითქოს ისევ იქ ცხოვრობს. ქალაქი ისე დავტოვეთ, გიამ მხოლოდ ფოტოებისა და ქორწილის კასეტის წამოღება შეძლო. აქ რაც გვაქვს, ყველაფერი თავად, ჩვენი შრომით შევქმენით. ძვირფას ნივთებზე არასდროს ვყოფილვართ ორიენტირებული, ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი შვილები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. სოხუმის დაცემის შემდეგ გია ერთი კვირა გვეძებდა მე და ბავშვს, ექვსი თვე კი სოხუმში ჩარჩენილ მშობლებს, რომლებიც აფხაზმა მეზობელმა შეიფარა. ისინი სარდაფში იმალებოდნენ თვეების განმავლობაში და იქიდან საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ ძარცვავდნენ მათ სახლს. კარგი და ცუდი ადამიანი ყველგან არსებობს, გიას მშობლები აფხაზების დახმარებით გადარჩნენ, ამას გია ვერასდროს ივიწყებს. იმის მიუხედავად, რომ გიას ნათესავები, რომლებიც ინტელიგენციას მიეკუთვნებოდნენ, თითქმის ამოწყვიტეს ბოევიკებმა, გიას აფხაზების მიმართ მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ისე, როგორც ყველა დევნილისთვის, ჩვენთვისაც რთული იყო ის პერიოდი. ცოტა ხანს მოსკოვში ვცხოვრობდით, მერე საქართველოში ჩამოვედით. გია ძალიან მიზანდასახული ადამიანია, ყოველთვის დამოუკიდებლად ცდილობდა ცხოვრების აწყობას. ასე მოძებნა აქ სამსახური, ყველა ეტაპი თავად, მფარველების გარეშე გაიარა. ერთხანს პარლამენტშიც მუშაობდა, მერე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აფხაზეთის საკითხს კურირებდა. იმ პერიოდში მიიღო დიპლომატის რანგი. გერმანიაშიც იყო, მარშალის ცენტრში, რის შემდეგაც საბერძნეთში დაინიშნა კონსულად.
– თქვენც, ალბათ, საბერძნეთში ცხოვრობდით.
– გარკვეული პერიოდი ერთად ვიყავით საბერძნეთში. უფროსი შვილი, თათა, იქ ჩაირიცხა კოლეჯში, მაგრამ პატარა ნინისთვის შესაფერი ინგლისურენოვანი სკოლის არარსებობის გამო იძულებულები გავხდით, მე და პატარა დავბრუნებულიყავით თბილისში. სასწავლო რეჟიმს ვერ ავურევდი, ბერძნულ სკოლაში სწავლა ისეთ ასაკში მოუწევდა, ოთხი წლის შემდეგ საქართველოში სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. თან მეც ვმუშაობდი, ვიფიქრე, რომ არც ჩემი სამსახურის მიტოვება შეიძლებოდა და ასე დავრჩი ბავშვთან ერთად თბილისში.
– მეუღლე იოლად გაუშვით მარტო? ვის ჩააბარეთ მოსავლელად?
– ერთმანეთს უვლიდნენ მამა და შვილი... გია სალონიკიდან ხშირად მირეკავდა და მეკითხებოდა, როგორ მოეგვარებინა საყოფაცხოვრებო პრობლემები, მერე ეს საკითხიც აითვისა და სადილების გაკეთებაშიც დაოსტატდა (იცინის). გია ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა, თუ საჭირო გახდა, თავს მშვენივრად მოუვლის. წელიწადში რამდენჯერმე მეც ვახერხებდი საბერძნეთში ჩასვლას, ასე აქეთ-იქით სიარულში გავიდა ეს დრო. ისე მიჭირდა გიას გარეშე აქ ყოფნა, რომ საშემოდგომოდ ჩვენც იქით ვფიქრობდით გადასვლას, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ძალიან მიშველა (იცინის), ცხოვრების აწყობილი რეჟიმის შეცვლას გადავურჩი. გიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა ახლობლები მეხუმრებიან, ეტყობა, იცოდი, გიას რომ ორ წელიწადში გადმოიყვანდნენ თბილისში და ამიტომაც არ წახვედი საცხოვრებლად საბერძნეთშიო.
– თქვენ მუშაობთ თუ მთლიანად ჩინოვნიკი მეუღლის მოვლას უძღვნით ცხოვრებას?
– ორივე საქმეს ერთად ვაკეთებ (იცინის). ფარმაცევტული კომპანიის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი ვარ, ამ სამსახურში დამოუკიდებლად, მეუღლის გარეშე მოვხვდი. წლების განმავლობაში ვიყავი ექიმი, ღამეებიც გამითენებია, რადგან ღამის ცვლაშიც მიწევდა მუშაობა. მე არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, ვინც პირველ ადგილზე თავის კარიერას აყენებს, გიას გამო ბევრ სამსახურზე მომიწია უარის თქმა. სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტიც კი მივატოვე და სოხუმში გადავედი სასწავლებლად, თუმცა იქ სამედიცინო ფაკულტეტი არ იყო. წლების შემდეგ მაინც დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, მაგრამ ჩემთვის ოჯახი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ კარიერის შექმნაზე არც მიფიქრია. ახლა მით უმეტეს სჭირდება მეუღლეს ჩემი თანადგომა. ჩვენს ოჯახში ნამდვილი პატრიარქატია. გია ისეა დაკავებული, საოჯახო საქმისთვის და ოჯახის გაძღოლისთვის ვერ მოვაცდენთ (იცინის), თუმცა, იყო დრო, ბაზარში სიარული, გადასახადების გადახდა და თითქმის ყველაფერი მისი მოსაგვარებელი იყო. ახლა ნამდვილად ვეღარ დავავალებთ ამდენ რამეს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხს მაინც მას ვუთანხმებთ, ყოველთვის იცის, სად და როგორ არიან ჩვენი შვილები, მათი ცხოვრების არც ერთი ნიუანსი არ გამოეპარება. გია ძალიან ყურადღებიანი მამა და მეუღლეა, როცა სადმე მიდის, ტანსაცმელსაც კი ის ყიდულობს ჩვენთვის. ტანსაცმელი მისი სისუსტეა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა. დილით მისი გამოწყობა რიტუალია ხოლმე, ყველა პერანგი უნდა გადმოიღოს, სარკის წინ პრანჭიაობა უყვარს, ამის გამო ჩვენს ქორწილშიც კი დააგვიანდა და ჩაცმული ველოდე რამდენიმე საათი (იცინის). გიას სიურპრიზების მოწყობაც გამოსდის. ამას წინათ ტატიშვილის ცენტრში ვიყავი გამოკვლევაზე. უცებ ხმა გავრცელდა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მოდისო. ძალიან შემეშინდა, რადგან მისი მთავარი მკურნალი ექიმი მე ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. მერე გავიგე ავადმყოფი ბავშვი მოჰყავსო. გული გამისკდა, ვიფიქრე, ბავშვებს რამე ხომ არ დაემართათ-მეთქი. თურმე, დევნილი ბავშვები მიჰყავდათ ლაგოდეხში და ერთ-ერთ მშობელს შეუჩივლია: ჩემს შვილს პრობლემები აქვსო. გიას მაშინვე მანქანაში ჩაუსვამს ის ბავშვი და იქ მოიყვანა. ასე დამადგა თავზე ექიმის კაბინეტში.
– დიპლომატის მშვიდი ცხოვრების შემდეგ, ახლა თქვენი ცხოვრება ალბათ, რადიკალურად შეიცვალა.
– რა თქმა უნდა, დიპლომატის ცხოვრებაც დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მით უფრო, როცა დიპლომატიურ საქმიანობას ეწევი ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ქართული დიასპორა არსებობს. გია ახლა საკმაოდ რთულ და მნიშვნელოვან სამსახურს უძღვება, ეს გაცნობიერებული აქვს, ამ საქმეში დებს სულს, გულს, ენერგიას. იმ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან მოსწონს და „მისია“, ამიტომაც თვითონ მშვიდად შეხვდა შემოთავაზებას, მე კი ძალიან განვიცადე. ახლაც ასე ვარ. არც შეხედვით, არც მისი ხმის მოსმენით არ გამომეპარება, როგორ ხასიათზეა, როგორი დღე აქვს. ტელევიზიით გამოსვლის წინ მირეკავს ხოლმე და მეუბნება, რომ ვუყურო. საღამოს ხდება გარჩევა, მიმიკასა და ჟესტიკულაციაზეც კი საკუთარ აზრს ვეუბნები. გამადიდებელი ლუპით ვარ „ჩასაფრებული“ – ვცდილობ, რეალურად, ცოტა კრიტიკულადაც კი შევაფასო მისი ყველა საქციელი, ზედმეტად არ ვაქებ, რომ არ „აწყინოს“. თვითონ მეხუმრება ხოლმე – ჩემი მთავარი კონტროლიორი ხარო (იცინის). ღამით კი მისი ტელეფონის დარაჯი ვარ, თუ ვინმე ურეკავს, გიას მე ვაღვიძებ. საღამოს სახლში როგორი დაღლილიც არ უნდა დაბრუნდეს, ვიცით, მისი ხასიათზე მოყვანის „რეცეპტი“ – ეს არის ბავშვები და გემრიელი ვახშამი. ოჯახში სამი ქალი ვყავართ და ჩვენს გარემოცვაში თავს კარგად გრძნობს, ყველა მას ვანებივრებთ, სითბოსა და სიყვარულს არ ვაკლებთ.
– როდესაც თქვენი მეუღლე მთავრობის თავმჯდომარე გახდა, მისი პირადი ცხოვრებისა და რომანების შესახებ, არცთუ სასიამოვნო ხმები გავრცელდა. ეს ქალისთვის ძნელი გადასატანი იქნებოდა.
– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მინერვიულია. თვითონ მთხოვა: მოდი, ნუ წაიკითხავ იმას, რაც გაზეთში წერიაო, მაგრამ მე ვუთხარი: პრობლემა არ არის, არ ვინერვიულებ-მეთქი. იმდენი წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ, რომ აბსოლუტურად ვენდობით ერთმანეთს, არასდროს დამისვამს მისთვის შეკითხვები: სად ხარ, ვისთან ერთად, როდის მოხვალ... ჩვენ არ ვაკონტროლებთ ერთმანეთს. ერთად უამრავ სირთულეს გავუძელით და ვერც ასეთი ხმები შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ოჯახს, მით უმეტეს, რომ კარგად ვიცით, საიდან მოდის ეს ყველაფერი.
თამუნა სამადაშვილი დიდ დროს.