ბედის ტორეადორი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-23(493)
ვინ თქვა, რომ საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა?! ეს ყოველთვის ასე არ არის. გააჩნია, თავდამსხმელსაც და თავდაცვის, ანუ მოგერიების ფორმასაც. ყვირილით რომ ვერაფერს დაამტკიცებ, ეს პატარა ბავშვმაც იცის, მაგრამ მაინც ყვირის. ყვირის იმიტომ, რომ უფროსებს თავი მოაბეზროს და ამით მიიღოს ის, რისი მიღებაც იმ მომენტში უნდა. ზოგჯერ უფროსებიც ვგავართ ბავშვებს, უფრო სწორად, ვცდილობთ, დავემსგავსოთ, რომ ვიღაცამ მეტისმეტად სერიოზულად არ აღიქვას ჩვენი დანაშაული, რომლის სიმძიმე სრულად გვაქვს გაცნობიერებული. სწორედ ამ დროს, გარეშე თვალისთვის, მათთვის, ვისთვისაც ჩვენი საქციელი აღარ არის გაოცების საბაბი, ნათელი ხდება ერთი უბრალო ჭეშმარიტება: შენ დამნაშავე ხარ! სირაქლემასავით ქვიშაში თავჩაყოფილებს კი გვავიწყდება, რომ გვიჩანს ის, რისი დაფარვაც უპირველესად უნდა გვეცადა: ჩვენი სასირცხვო ადგილი...
***
ლევანი გაოცებით ჩააშტერდა ცოლს:
– რა თქვი? მართლა თქვი თუ მომესმა?
– არ მინდა ექიმი, კარგად ვარ, – თინიკოს წეღანდელი ისტერიკის კვალიც აღარ ეტყობოდა. ნამტირალევ თვალებს ისევ შერჩენოდა სიწითლე, მაგრამ მზერა საღი და მშვიდი ჰქონდა.
– არ მჭირდება ექიმი, კარგად ვარ, – გაიმეორა მკაფიოდ და ქმარს მიაშტერდა.
– თინიკო, ახლა უკვე მაშინებ. წეღან ისტერიკა არ გქონდა? გელაპარაკებოდით და ჩვენი არც ერთი სიტყვა არ გესმოდა.
– ყველაფერი მესმოდა.
– რაა?!
– ჰო, ყველაფერი მესმოდა, ყველა სიტყვა. თუ გინდა, გეტყვი, რაზე ლაპარაკობდით. აქ ნიკუშა და ია იყვნენ და ეგონათ, რომ ჭკუიდან შევიშალე, ხომ ასეა?
– თინიკო, საყვარელო!..
– საყვარელო... – გაიმეორა ქალმა, – საყვარელო... ზოგჯერ ეს სიტყვა ისე გულისამრევად ჟღერს... მირჩევნია, ასე აღარასოდეს დამიძახო...
ლევანმა ამოიოხრა. ცოლს მხრებში მოჰკიდა ხელი და თავისკენ შეაბრუნა.
– აბა, ახლა მითხარი, რა მოხდა.
– მოხდა ის, რომ შენ მე კიდევ ერთხელ მომატყუე.
– რას ამბობ, არაფერი მესმის!
– არ გესმის, იმიტომ, რომ არ გინდა, გაიგო. არადა ეს ხომ ისეთი მარტივია!..
– თინიკო, გამაგებინე, რას ამბობ! შენ თბილისიდან დაგირეკეს და უცებ გაითიშე.
თიკამ თავი გააქნია:
– არა, არ გავთიშულვარ.
– აბა, ის ტირილი და არაადეკვატური საქციელი რა იყო, გულები რომ დაგვიხეთქე?
– ყურადღების გადატანის მცდელობა.
ლევანი წამოხტა და ხელების მკვეთრი ქნევით ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა. თინიკომ აცადა, უსიტყვოდ ადევნებდა თვალს მისი ემოციების ამოფრქვევას.
– გინდა, რომ ჭკუიდან შემშალო! ეს გინდა, ხომ? გეკითხები, ეს გინდა? თიკა, მომისმინე: მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუკას შეემთხვა რამე და გადარეულივით ვრეკავდი თბილისში, დედაშენი კი არ მპასუხობდა. მერე მამაშენის მობილურზეც ვცადე... შენ კი ამ დროს ერთობოდი?
– მე არ ვერთობოდი.
– არ ერთობოდი? შენს საქციელს სხვა რამე ერქვა? თინიკო, შენ მაინც უნდა ხვდებოდე, როგორი მძიმე პერიოდი მაქვს ახლა. უკვე რამდენი დღეა, სამინისტრო უპატრონოდ მაქვს მიგდებული. კიდევ კარგი, რომ „პირველს“ ჩემთვის არ სცალია და არავის გავახსენდი, თორემ, მერე გენახა ჩემი საცოდაობა! ამას ვინ ჩივის, აქ ისე არაა ყველაფერი, დროა, ბილეთს ვიღებდეთ და უკანმოუხედავად გავრბოდეთ თბილისში. ნახატის ამბავმა საერთოდ გადამრია! ელენემ ეს როგორ გააკეთა? ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ, თუ თვითონ მოახდენდა ძარცვის იმიტაციას... მოკლედ, მე ახლა აეროპორტში დავრეკავ, გავიგებ პირველი რეისი რომელ საათზეა და მივდივართ.
– შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, – დაეთანხმა თიკა, – დარეკე და შეუკვეთე ბილეთები.
– ესე იგი, მეთანხმები.
– გეთანხმები იმაში, რომ შენს მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალია. აქ მართლა აღარაფერი გესაქმება, მაგრამ, შენთან ერთად არ წამოვალ.
ლევანი გაშეშდა:
– მოიცა, რას ნიშნავს, არ წამოხვალ, აბა, რას იზამ?!
– აქ დავრჩები, ჩემს ძმასთან.
– რომელ ძმასთან, შენ ხომ არ შეიშალე?
– არა, სრულ ჭკუაზე ვარ. ნიკუშა ჩემი ძმაა და, როგორც მივხვდი, ჩემი ერთადერთი უახლოესი ნათესავი. მხოლოდ მას შემიძლია, ვენდო და დავეყრდნო.
ლევანი გაფითრდა:
– ეს რას ნიშნავს?.. გამოდის, მე არაფერი ვყოფილვარ? რას წარმოვადგენ შენთვის იმის მერე, რაც მითხარი?
– ეგ უკვე შენი პრობლემაა, საყვარელო, მიზეზსაც თავად მიხვდი. ნუ გექნება იმის იმედი, რომ კიდევ ერთხელ შეძლებ ჩემს მოტყუებას. პრინციპში, ვერც აქამდე ახერხებდი, რადგან მე თვითონ ვიტყუებდი თავს, რასაც აღარ გავაკეთებ.
– თიკა, – ლევანი ცოლთან მივიდა და მისი ხელები ხელისგულებში მოიქცია. ქალი არ გასძალიანებია. ამან კაცს სითამამე შეჰმატა და იმედი დაუბრუნა, – თიკა, ჩემო საყვარელო...
– ხომ გითხარი, საყვარელს ნუ მეძახი-მეთქი.
– კი, მაგრამ, რატომ, რატომ...
– იმიტომ, რომ შენი საყვარელი ქვემოთ ზის, სასტუმრო ოთახში და გელოდება.
ლევანი ამას არ ელოდა, თინიკოს სიტყვები მისთვის თოფის გავარდნასავით გაისმა.
ნიკუშამ ოთახში ფეხი მაშინ შედგა, როცა მის მეგობარს გაწითლებული ნატუკასთვის მაჯაში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ანჯღრევდა. გოგო წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ გაბრაზება არ ეტყობოდა. ეს უკვე ბედთან შეგუების წინ უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავდა.
– რა ხდება, ვახო? დაანებე მაგ გოგოს თავი, რას ერჩი? ვერ ხედავ, რომ ფეხმძიმედ არის?
– ვხედავ, ამის არდანახვა შეუძლებელია. ისე, საგანგებოდ ჩამობრძანდა, რომ შენთვის დაენახვებინა, როგორი სულელი ხარ.
– ვახო, – ნიკუშა შეიჭმუხნა, – ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ პატივს ვცემ იმას, რომ ყოველთვის გვერდში მიდგახარ, მაგრამ, არის მომენტები, როცა, უბრალოდ, განზე უნდა გადგე და მე მაცადო.
– შენ ამას იმიტომ ამბობ, რომ სიმართლე არ იცი. მერე მადლობას მეტყვი, შეცდომის დაშვების საშუალება რომ არ მოგეცი.
– ძალიან დავიღალე ამდენი რჩევა-დარიგებით. მადლობას ახლავე გეტყვი, ოღონდ, პირდაპირ და ბევრი ლაპარაკის გარეშე ამიხსენი, რა შეცდომაზე ლაპარაკობ?
ვახომ ნატუკას ხელი გაუშვა და ნიკუშას მისკენ მიუთითა:
– აი, ეს გეტყვის ჩემზე უკეთ და ბევრი ლაპარაკის გარეშე.
– მე და ნატუკას ისედაც გვაქვს სალაპარაკო. თუ ამას გულისხმობდი, მაშინ, მით უმეტეს, არ მესმის შენი მხრიდან ასეთი აქტიურობა.
– ნატუკა აგიხსნის, – მოუჭრა პირქუშად ვახომ და გოგოს გამაფრთხილებლად გადახედა: – არ დაგავიწყდეს, რაზე შევთანხმდით!
– ვიცი და საჭირო აღარ არის შემახსენო, –აიმრიზა ნატუკა, – ვერ ვიტან, როცა ჩემს თავისუფლებას ვინმე ზღუდავს. ამ დროს „ატკატს“ ვიძლევი ხოლმე.
– მე გაგაფრთხილე და ახლა შენი გადასაწყვეტია, „ატკატს“ მისცემ, თუ სხვა რამეს. – ჩაიცინა ვახომ.
ნიკუშამ აღშფოთება ვერ დამალა:
– თუ არ მეტყვით, რა ხდება, ძალიან მაგრად გავბრაზდები.
ნატუკამ ამოიოხრა:
– მერჩივნა, შენს მეგობარს თავად ეთქვა, მაგრამ, რადგან სხვა გზა აღარ დამიტოვეთ, ვიტყვი, ოღონდ, აქ არა, სხვა ოთახში, ან, გარეთ გავიდეთ.
ნიკუშამ აივნის კარი გააღო:
– კარგი, გავიდეთ. აი, გამოვედით. მითხარი, რისი თქმა გინდოდა.
ნატუკა შეყოყმანდა.
– შეიძლება დავჯდე? წყალსაც დავლევდი.
ნიკუშამ თავი გადააქნია:
– ვხედავ, სათქმელს სპეციალურად აჭიანურებ, ცდილობ, მოთმინება დამაკარგვინო. მოგიტანენ წყალსაც, მაგრამ მერე არ თქვა, რომ გშია.
– ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისგან ეს გასაკვირი იქნება? – თავი მოისაწყლა გოგომ.
– გასაკვირი არ იქნება, მაგრამ, მაინც გირჩევ, ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები.
– მე მესმის შენი. არ ვიცოდი, დედაშენს რა შეემთხვა, თორემ, შეიძლება, წამოსვლა გადამედო. მაგრამ, მეც არ ვარ კარგ დღეში. ხომ ხედავ, რა სერიოზული პრობლემა შემექმნა. მეტს ვეღარ დავიცდიდი.
– ეგ პრობლემა საკუთარ თავს თვითონვე შეუქმენი. მართალია, მეც ვარ შუაში, მაგრამ, ჩემთვის არაფერი გიკითხავს, ისე დამაყენე ფაქტის წინაშე. გულახდილად გეტყვი, ბევრი მამაკაცი ჩემს ადგილას აუცილებლად შეიტანდა ეჭვს შენს უანგარო სურვილში, რომ მაინცდამაინც მე ვიყო ბავშვის მამა. შეიძლება, ამ ფაქტის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები მოეთხოვა, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა კაცი ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს. შენს სინდისზე იყოს მართალს ამბობ, თუ ტყუილს, ამიტომაც არაფერს გკითხავ. პირდაპირ გეტყვი, მზად ვარ, ბავშვს გვარი მივცე და ვიზრუნო მასზე. ყოველგვარი ზედმეტი საუბრებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე გავაკეთებ ამას. იმასაც დაგპირდები, რომ ყურადღებიანი და მზრუნველი მამა ვიქნები ჩემი შვილისთვის. შენ ხომ გჯერა, რომ ის ჩემი შვილია?
ნატუკამ არ უპასუხა, ჩუმად წრუპავდა წყალს და ცდილობდა, მისთვის თვალებში არ შეეხედა.
– მაგრამ... ცოლად ვერ შეგირთავ, გამორიცხულია.
გოგომ თავი ასწია. თვალებში ცრემლები უელავდა.
– ჩემი წარსულის გამო ხარ ასეთი კატეგორიული? ვერ წარმოგიდგენია, რომ, შესაძლებელია, შენს ცოლს შენამდე სხვა მამაკაცებიც ჰყოლოდა?
ნიკუშამ უარყოფის ნიშნად ხელები გაიქნია:
– ეგ არაფერ შუაშია. არც ის არ ნიშნავს არაფერს, რომ არ მიყვარხარ და ჩვენი ურთიერთობა შენი ინიციატივით დაიწყო. აუცილებლად ვიცხოვრებდი ერთ ჭერქვეშ, ჩემი შვილის დედასთან და შევეცდებოდი, მისთვის გამეგო. იქნებ, გამოგვსვლოდა კიდეც ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ შენგან რადიკალურად განსხვავებული ტიპის ქალები მომწონდა ყოველთვის... ერთი სიტყვით, აუცილებლად გავრისკავდი. ვგიჟდები ბავშვებზე და, შვილის გამო, მისი ბედნიერებისთვის, რაღაც მსხვერპლს აუცილებლად გავიღებდი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, სხვა ქალი მიყვარს, ძალიან მიყვარს და მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
– ია, ხომ?
– ჰო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. შენ მასზე არ უნდა დაიბოღმო, ის არაფერ შუაშია და იმიტომ. იამ ძალიან ბევრი მაპატია და ძალიან დიდხანს მელოდა. ახლა რომ შენ შეგირთო ცოლად, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაზე სამართალი არ ყოფილა. ძალიან მინდა, რომ გესმოდეს ჩემი. თან, რატომღაც, მგონია, რომ შენ ჩემი ცოლობა არ გინდა.
ნატუკამ გაიღიმა:
– მართალი ხარ, გათხოვება საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, ჩემგან კარგი ცოლი და დედა რომ არ დადგება. მაგრამ, არც ისეთი წყალწაღებული ვარ, შენს ძმაკაცებს რომ ვგონივარ. რაღაც ადამიანური მეც მაქვს შერჩენილი და ამას ახლავე დაგიმტკიცებ: ამ ბავშვის მამა შენ არ ხარ!
ნიკუშამ დაეჭვებით შეხედა:
– ხუმრობ თუ, გინდა, გამომცადო?
– არა, არ ვხუმრობ. პირიქით, ისეთი სერიოზული ვარ, როგორც არასდროს. მომისმინე და დაიჯერე, რასაც ვიტყვი, თორემ ვეჭვობ, კიდევ ვიყო გულახდილობის გუნებაზე.
– მოიცა, ასე არ გამოვა. შენ აქ იმისთვის ჩამოხვედი, რომ ჩემთვის გეთქვა, მშვიდად იყავი, ჩემი მომავალი შვილის მამა შენ არ ხარო? და, დარწმუნებული ხარ, რომ ამას დავიჯერებ?
ნატუკამ თავი გააქნია:
– ჯერ ბოლომდე მათქმევინე. მაგისთვის არ ჩამოვსულვარ, მართალი ხარ. პირიქით, სულ სხვა გეგმები მქონდა: ერთმა ადამიანმა დამარწმუნა, რომ საუკეთესო ვარიანტი ჩემი მომავლისთვის, შენზე გათხოვება იქნებოდა.
ნიკუშამ კბილები გააღრჭიალა:
– ჰოო?! შეიძლება, გავიგო, ვინ არის ის ადამიანი, შენზე ასე ძალიან რომ შესტკივა გული?
– მაგას მოგვიანებით გეტყვი. იმ რჩევის შემდეგ მეც ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მართლაც არ იქნებოდა ურიგო, ჩემი მომავალი იმ ადამიანისთვის დამეკავშირებინა, რომელსაც ყველაფერი აქვს, უზრუნველად რომ გვაცხოვროს მეც და ჩემი შვილიც.
– აი, მანდ ცოტა შეგეშალა, – გესლიანად ჩაურთო ნიკუშამ.
– ხომ გთხოვე, არ შემაწყვეტინო-მეთქი. მე ვცდილობ, გულახდილი ვიყო.
– გმადლობთ და ვაფასებ.
– არ მინდა მადლობა. უბრალოდ მომისმინე. ვერ გეტყვი, რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ სინდისმა შემაწუხა...
– ჰო, სინდისმა რომ შეგაწუხოს, მინიმუმ, ის უნდა გქონდეს, – გაღიზიანდა ნიკუშა. იცოდე, თუ არ მეტყვი, ვინ მოგაწოდა, ჩემი „შებმის“ იდეა, იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც არ მინდა. ძალიან ცუდი აზრი მაქვს ყველა იმ მამაკაცზე, რომელიც ქალზე ძალადობს, მაგრამ, მოგკიდებ ხელს და გარეთ გაგიძახებ!
– ნუ ღელავ, ამისი გაკეთება არ დაგჭირდება. მე თვითონ წავალ, როგორც კი ყველაფერს გავარკვევ და ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.
– მე კი მარტო ერთი რამე მაინტერესებს. შენი კეთილისმყოფელის ვინაობა.
– აუცილებლად გეტყვი, რადგან ახლა ასეთი მითითება მაქვს: ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა.
– ეგ ვიცი. ლევანმა სადღაც დამპატიჟა და გადაწყვიტა, რომ ნაშებიც აუცილებლად დაგვჭირდებოდა.
– ნაშები არა, მარტო ერთი ნაშა და ისიც, მხოლოდ შენთვის. თუმცა, რამდენად გჭირდებოდა – ეს სხვა საუბრის თემაა. მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ მეც არაფერში მჭირდებოდი. შენ არ ხარ ის ტიპი, რომელზეც შეიძლება გავგიჟდე. მით უმეტეს, რომ მაშინ ფულიც არ გქონდა.
– მოიცა, ეს რას ნიშნავს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმა ადამიანმა მთხოვა შენთან დაახლოება. უფრო სწორად, დამავალა და მეც დავთანხმდი. ოღონდ, არ მკითხო, რატომო – გადამიხადა და იმიტომ, მე კი ფული ძალიან მიყვარს.
ნიკუშას სული შეეხუთა:
– ნატუკა, ეს ადამიანი... მე მას ვიცნობ?.. – ხომ მიხვდი უკვე, რატომ მეკითხები?
ნიკუშამ მაისურის საყელო ჩამოიწია და დაიგმინა:
– ეს... ეს... ლევანი იყო?..
– ხომ გითხარი, მიხვდი-მეთქი. ლევანმა მთხოვა, დაგახლოვებოდი, სულ გვერდით გყოლოდი და დედაშენთან შემერიგებინე.
– კი მაგრამ, რატომ... რატომ...
– ისეთ მიხვედრილობას იჩენ, თუ ცოტას კიდევ დაფიქრდები, მაგასაც აუცილებლად მიხვდები, – ხმაში ირონია გამოურია ნატუკამ.
ნიკუშამ თავზე იტაცა ხელები.
– თუ ყველაფრის მიზეზი ფულია, მე გავგიჟდები და მოვკლავ მაგ უბედურს!
– ჰო, მგონი, მართლა მოკლავ, როცა გაიგებ, რომ ფეხმძიმედაც მისგან ვარ.
– შეუძლებელია! – აღმოხდა ნიკუშას.
– ძალიანაც შესაძლებელია და არ გეგონოს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ხომ გაინტერესებდა, საიდან მომივიდა იდეა, ჩემი მომავალი შვილის მამად შენ დამესახელებინე? ჰოდა, იცოდე: ლევანმა მიკარნახა. მისი ცოლი, მგონი, შენი დაა, არა?! საწყალი, უარესად გახდება, როცა ამ ამბავს გაიგებს.
– ლევან! – მთელი ხმით იბღავლა ნიკუშამ და აივნის კარი ისე შეანგრია, მინებმა ზანზარი დაიწყო. ვახო გვიან მოეგო გონს და მისი შეჩერება ვეღარ შეძლო. ლევანი თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს და მეორე სართულის კიბისკენ გაიქცა.
ვახო აივანზე გავარდა:
– გოგო, ამისთანა რა უთხარი?
ნატუკამ მშვიდად აიწურა მხრები:
– სიმართლე. განა ეს არ გინდოდა?
– რა სიმართლე, გადარეულივით შემოვარდა და გაიქცა!..
– ალბათ, ლევანის მოკვლას აპირებს. მე ნურაფერს დამაბრალებ, ეს შენ გინდოდა. უნდა გეფიქრა, როგორ შეხვდებოდა შენი ემოციური ძმაკაცი ამ სიმართლეს, მაგრამ, ყველა კაცი ასეთია, მათთვის მთავარია, ყველას დაუმტკიცონ, რომ თვითონ მაგრები არიან და შეცდომებს არ უშვებენ, მაგრამ, ასე რომ არ არის?! სამწუხარო იქნება, თუ ლევანი მოკვდება. რაც უნდა იყოს, ის ჩემი შვილის მამაა...
ვახო აღარ უსმენდა. გარბოდა და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, როგორმე დროზე მიესწრო და არ დაეშვა, რომ ბიჭებს ერთმანეთისთვის რამე დაეშავებინათ. ნატუკამ დამცინავი მზერით გახედა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– ეს შენ გინდოდა, თქვენ ყველას გინდოდათ... მაგრამ, იქნებ ეს ჩემი პატარა, უნებლიე შურისძიებაა მამაკაცთა მოდგმის მიმართ?!
***
ლევანი ცოლს გაოგნებული და გაშტერებული უყურებდა. თიკა აშკარად არ ტყუოდა, მის ნათქვამში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო.
– ზურაბმა თავი მოიკლა? და ეს დედაშენმა გითხრა? არა, ვერ დავიჯერებ! ზურაბი ამას არ გააკეთებდა! ამისთანა რა უთხრა დედაშენმა?
– ალბათ, სიმართლე ჩემ შესახებ.
– და ზურაბმა ეს ვერ აიტანა?
– გიკვირს? მე – არა. მას ყოველთვის დიდი დოზით ჰქონდა პატივმოყვარეობა. რა თქმა უნდა, ვერ აიტანდა ვერაგობას იმ ქალისგან, რომელსაც მთელი ცხოვრება არარაობად თვლიდა და მიაჩნდა, რომ მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ მისი ჭირვეულობები ეთმინა უსიტყვოდ. წარმომიდგენია, რა განიცადა, როცა დედაჩემი ამას ეუბნებოდა.
თინიკომ ქმარს შეხედა და განაგრძო: – შენ კიდევ კარგად არ იცნობდი ზურაბს. მე ვგრძნობდი, შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ის ამას გააკეთებდა.
– დედაშენმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ბოლოს მოსაღებად და გამოუვიდა კიდეც.
– მე ვამართლებ დედაჩემს... მას მთელი ცხოვრება ღალატობდნენ, არაფრად აგდებდნენ. არ მიკვირს, რომ შურისძიება გადაწყვიტა. მამაკაცებს წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი საშიშია ქალი, როცა მის ქალურ ღირსებას ფეხებზე იკიდებენ.
ლევანმა თინიკოს მზერაში ისეთი რაღაც დაინახა, რომ გული უსიამოვნოდ მოეწურა. ცუდმა წინათგრძნობამ საფეთქლები აუწვა...
– ესე იგი, დღესვე უნდა დავბრუნდეთ, მიზეზი გვქონია.
– უკვე გითხარი, რომ მხოლოდ შენ დაბრუნდები. მე ჩემს ძმასთან ერთად კიდევ ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
– იმის თქმა გინდა, რომ მამაშენის დაკრძალვას არ დაესწრები? თიკა, ასე არ შეიძლება...
– ჩემი გადასაწყვეტია, რა შეიძლება და რა – არა, – ცივად ჩაილაპარაკა ქალმა, – მე ეს უკვე ტრადიციად მექცა – არ დავესწრო მამის დაკრძალვას.
– თინიკო, საყვარელო, წარმოუდგენელ რაღაცას ამბობ...
– შენ ტყუილად ღელავ. ჩემი პრობლემები ჩემი პრობლემებია და შენ არ უნდა შეწუხდე.
– აბა, რას ამბობ?! მე შენი ქმარი ვარ და შენი მომავალი შვილის მამა...
– ჰოო?! და შენ ფიქრობ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩემი ბედი განაგო? მაშინ, იმას რას უპირებ, ქვემოთ, სასტუმრო ოთახში რომ ზის და გელოდება?
– ვის გულისხმობ? არაფერი მესმის... – მართლა ვერ მიხვდა ლევანი.
– ვის და იმ გოგოს, რომლის შვილის მამაც აქ ზის და ცდილობს, დამარწმუნოს, რომ მასთან საერთო არაფერი აქვს.
– ნატუკაზე ამბობ ამას?
თინიკომ თავი დაუქნია.
– არა, საყვარელო, ეს როგორ იფიქრე?! მე მასთან...
– გაჩუმდი, არც ერთი სიტყვა აღარ თქვა ამასთან დაკავშირებით! მე დავინახე, როგორ შეხედე, როცა ის შემოვიდა და ამ მზერით ყველაფერი იყო ნათქვამი. ახლა რა უნდა თქვა ისეთი, რომ საპირისპიროში დამარწმუნო. თუ გინდა, შენდამი სულ ცოტა პატივისცემა კიდევ შემრჩეს, აღარაფერი თქვა, რადგან ყოველი სიტყვა კიდევ უფრო დაამძიმებს შენს სიტუაციას.
– შანსს არ მიტოვებ, რომ თავი გავიმართლო?
– ეგ ყველაზე დიდი საშინელება იქნება და...
თინიკომ სათქმელი ვეღარ დაასრულა, რადგან ვიღაცამ კარი ისეთი ძალით შემოგლიჯა, რომ კედელს მიახეთქა. ზღურბლზე ნიკუშა იდგა შეშლილი სახით, ამღვრეული მზერა ლევანს მიაპყრო და აკანკალებული ხელი მისკენ გაიშვირა:
– ახლა უკვე ვეღარ გადამირჩები, ყველაფერზე გაგებინებ პასუხს! თიკა, შენ არაფერი მკითხო და არც ჩაერიო. უმჯობესი იქნება, სულ წახვიდე აქედან!
თინიკომ ქმარს დანანებით შეხედა:
– ჩემთან ნამდვილად აღარ მოგიწევს თავის მართლება. მეცოდები...
– თიკა, არ გახვიდე!
– ნიკუშა, დამშვიდდი!
– დავმშვიდდე? ამას შენ მეუბნები? შენ?.. მითხარი, რომ მოსაკლავი არ ხარ და შეგეშვები.
– მაგას ვერ იტყვის, – ჩაურთო თიკამ, – ხომ ხედავ, როგორ გაფითრდა. სათქმელი აღარაფერი აქვს, მაგრამ, მოკვლა გამოსავალი არ არის.
– აჰა, ესე იგი, ჩემ წინააღმდეგ შეკარით ერთმანეთს? ძალიან კარგი, მაგრამ, იცოდეთ, ადვილად არ დაგნებდებით. არც ისეა საქმე, თქვენ რომ გგონიათ. შეიძლება, მე ნაძირალა ვარ, მაგრამ, არც თქვენ ხართ ანგელოზები.
– მოკეტე! – ზიზღით შეიჭმუხნა ნიკუშა, – თინიკო მართალია. მგონი, არ ღირს შენზე ხელის გასვრა. არ მინდა, თინიკოს გული უარესად ვატკინო, თუმცა, ვხედავ, უჩემოდაც ყველაფერი იცის. თინი, შენ არ ინერვიულო, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და ყველაფერში შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს.
ლევანმა დრო იხელთა, აივნის კართან გაძვრა, გამოაღო და იყვირა.
– იცოდე, არ მომეკარო, თორემ, გადავხტები!
ნიკუშამ გადააფურთხა:
– ფუჰ, შენ ვინ ყოფილხარ?! უნდა მოვიდე, მოგკიდო ფეხებში ხელი და კისრით გადაგიშვა ქვემოთ, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რომ საკუთარ თავს არ მივაყენო შეურაცხყოფა. კაცი რომ იყო, გცემდი.
– დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც მუშტით გამისწორე ანგარიში. მაშინ კაცი არ ვიყავი?
– მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ იყავი კაცი. ახლა დავრწმუნდი, რომ ერთი სულმოკლე და სულმდაბალი, საცოდავი არარაობა ხარ, ჭიაყელა, რომლის გასასრესად ფეხსაც არ გავისვრი.
– მშვენიერია, მშვენიერი... შენც ეთანხმები, საყვარელო? – ცოლს მიუბრუნდა ლევანი, – შენთვისაც საცოდავი არარაობა ვარ?
თინიკომ არ უპასუხა. ნიკუშასთან მივიდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი:
– წავიდეთ, მართლა არ გადახტეს.
– ვინ, ეს?! რა გულუბრყვილო ხარ, თინი! შენი ქმრისნაირები არ არიან დაბადებულები თავგანწირვისთვის. მსხვერპლის გაღება მათთვის უცხოა. ეგ თავს არათუ არ მოიკლავს, უმნიშვნელო ზიანსაც არ მიაყენებს, დამიჯერე!
– ამას ნუ იტყვი. თუ მამაჩემმა გააკეთა ეს, შეიძლება, ლევანშიც მოხდეს რაღაც ისეთი, რაც „შარიკს“ გადაუტრიალებს.
ნიკუშა მაშინვე ვერ ჩასწვდა თინიკოს სიტყვების არსს, მერე ნელ-ნელა გააცნობიერა და გაოგნებულმა წამოიძახა:
– ზურაბმა თავი მოიკლა? თინიკო, თბილისიდან ეს ამბავი გაგაგებინეს? ეს სიმართლეა?
– ჰო, სიმართლეა. დედაჩემმა დარეკა, ტყვია იკრა შუბლშიო. მორჩა, ნიკუშ, დასრულდა... ის, ვისზეც შურისძიებას აპირებდი, აღარ არსებობს. აღარ არსებობს ის ადამიანი, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევდა. ახლა უკვე შეგიძლია, გათავისუფლდე იმაზე დარდისგან, რომ შენი შეურაცხმყოფელი სადღაც სიცოცხლით ტკბება. ზურაბი აღარ არის, საკუთარ თავს თვითონ გაუსწორა ანგარიში.
ლევანი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა.
– მოისვენე? ახლა ერთი მტრით ნაკლები გყავს! – დაუყვირა ლევანმა, რომელსაც ცალი ფეხი ისევ აივნის მოაჯირზე ჰქონდა შემოდებული.
– შენ მოკეტე! – იფეთქა ნიკუშამ, მაგრამ მაშინვე დაცხრა და თინიკოს სევდიანად შეხედა, – ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა და არც ის ვიცი, რა დავარქვა ამ გრძნობას, რომელსაც ახლა განვიცდი.
– ჰო, მესმის შენი და ყველაფერს ვხვდები. არ ჩავიდეთ? ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა ვილაპარაკოთ. მერე კი ელენეს ვნახავ. ის ახლა ორივეს საზრუნავია.
– მამ... მინდოდა მეთქვა, ზურაბის დაკრძალვაზე არ ჩახვალ?
თინიკომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:
– არა. აზრი არ აქვს, დედაჩემი ყველაფერს მოაგვარებს.
– კარგი. მაშინ ქვემოთ ჩავიდეთ... – ნიკუშამ მხარზე მოხვია ხელი თიკას.
– მოიცა, მე რაღას მიპირებთ?! – საცოდავად ამოიკნავლა ლევანმა და ვახოს სიხარულით მიაძახა:
– მოდი დროზე, თორემ ნიკუშას ჩემი აივნიდან გადაგდება უნდა!
ვახომ თვალის ერთი შევლებით შეაფასა სიტუაცია და გაიღიმა:
– რაღაც არ ეტყობა, ეგ უნდოდეს... თინიკო, შენ, ალბათ, უკვე ყველაფერი იცი.
თინიკომ თავი დაუქნია. მის ნაცვლად კი ნიკუშამ უპასუხა:
– მიხვდა. ლევანს რომ ჰგონია, ისეც არ არის საქმე. ძალიან ჭკვიანი ცოლი ჰყავდა და არ დააფასა.
– ცოტა ხნით ჩემს ცოლთან დამტოვეთ!
– ბიჭო, შენ კიდევ ულტიმატუმს გვიყენებ? ვერ გაიგე, რა გითხარი, მოკეტე-მეთქი? ძალიან გინდა, მოთმინების ძაფი გამიწყდეს? ის გირჩევნია, იმ გოგოს დაელაპარაკო და გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა!
– რა ურთიერთობა? ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს!
– ჰმ, ბავშვს კი შენგან ელოდება და... მოკლედ, მე ეს ამბავი აღარ მაინტერესებს. გინდა ეჩხუბე, გინდა შეურიგდი და ცოლადაც შეირთე, მაგრამ, ორივე წადით ამ სახლიდან!
– განქორწინებას უპრობლემოდ მოგცემ, ბედნიერებაში ხელს არ შეგიშლი, – მშვიდად დაამატა თიკამ.
ლევანი ლამის მეორე ფეხითაც შეხტა მოაჯირზე:
– კი მაგრამ, მე? მე აღარაფერს მეკითხები? თიკა, მე არავინ მჭირდება შენ გარდა, მიყვარხარ, თიკა!..
– ეგ უკვე შენი პრობლემაა...
– თიკა, გადავხტები! – განწირული ხმით იბღავლა ლევანმა და აივნის მოაჯირზე შეხტა. ნიკუშამ მექანიკურად გადადგა აივნისკენ ნაბიჯი...
***
ჟანმა სავარძელში პატარა ბალიში ჩადო და თინიკოს ისე შესთავაზა დაჯდომა, ქალმა გაუღიმა მადლობის ნიშნად, მოხერხებულად მოიკალათა და მისთვის განკუთვნილი ფინჯანი თავისკენ მიიჩოჩა.
– მიყვარს ბალახების ჩაი, ძალიან მშველის.
– ესე იგი, მაინც მიდიხარ, გადაწყვეტილებას არ შეცვლი? – ჰკითხა ნიკუშამ, რომელსაც იასთვის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და მასზე მიხუტებული მშვიდად იღიმებოდა.
– ჰო, თქვენ გამოგყვებით, ბილეთი ჩემთვისაც შეუკვეთე...
– თინი, მერჩივნა, აქ გემშობიარა... და, საერთოდ, აქ შენი სახლია.
– ვიცი, ნიკუშ, მაგრამ, არ შემიძლია. ეს ხუთი თვე ტანჯვა იყო ჩემთვის. რა ვქნა, მიყვარს, ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ამ გრძნობას ვერაფერს მოვუხერხებ. თანაც, ახლა ძალიან ვჭირდები. ხომ იცი, ნატუკამ ბავშვი მიუგდო და ვიღაც ზანგთან ერთად გადაიკარგა. შენ გაქვს უფლება, არ აპატიო, მაგრამ, მე მოვალე ვარ, მის გვერდით ვიყო.
– ლევანი ამას არ იმსახურებს.
– ერთ შანსს ყველა იმსახურებს, მით უმეტეს, ის ადამიანი, რომელიც მიყვარს. ასე მგონია, ლევანმა ჭკუა ისწავლა.
– მაგისთანები ჭკუას ვერასოდეს სწავლობენ. თუ არა, აგერ, ჟანს ჰკითხე.
ჟანმა ჩაის მორევა შეწყვიტა, კოვზი დადო და თიკას თანაგრძნობით შეხედა:
– მე მესმის შენი. როცა ადამიანი გიყვარს, პატიება-არპატიების საკითხი იმდენად უმნიშვნელოა, ერთი კი არა, ბევრი შანსი უნდა მისცე, რაც შეიძლება ბევრი, რომ არ დაკარგო.
თინიკოს გაეცინა და ნიკუშას ნიშნისმოგებით გადახედა.
– ახლა რაღას იტყვი, შეუკვეთავ ბილეთს?
– ნიკუშამ ხელი ჩაიქნია.
– უკვე შეკვეთილი მქონდა... ჟან, თქვენ რას იზამთ?
– მე პასუხი მივიღე კლინიკიდან და ორ დღეში ელენეს შვეიცარიაში გადავიყვან. მეუბნებიან, რომ ორ-სამ თვეში დამოუკიდებლად სიარულს შეძლებსო. მერე კი ვნახოთ... ან თქვენ ჩამოხვალთ აქ, ან ელენეს ჩამოვიყვან თბილისში.
– კიდევ ერთი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, – ნიკუშამ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები, – ნახატს რა ვუყოთ?
ჟანმა მხრები აიწურა:
– ეს შენი, ელენესი და თიკას გადასაწყვეტია. თუ გინდათ, გაყიდეთ.
– მე ვფიქრობ, არ უნდა გავყიდოთ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ელენე საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება რაც უნდა იყოს, ნახატი მაინც მისი საკუთრებაა.
– მეეჭვება, დედაჩემი ოდესმე მაგას შეელიოს, – გაეცინა ნიკუშას.
– მის ადგილას, მეც ვერ შეველეოდი, – თქვა თიკამ და, მომრგვალებულ მუცელზე ნაზად დაისვა ხელი.