ვინ და რატომ ახორციელებდა წარმატებული, ნიჭიერი სტუდენტების გადაბირებას „კაგებეში“ სამუშაოდ
1999 წელს მექსიკაში გამოვიდა წიგნი სათაურით „ორმაგი ცხოვრება“, რომლის ავტორია საბჭოთა უშიშროების ყოფილი მაიორი ქალი. ავტორი საკუთარ თავს ალა პავლოვას უწოდებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი ფსევდონიმია. არ სურს ვინაობის გამხელა, რადგან მის მრავალრიცხოვან ოჯახში არ იციან მისი ნამდვილი საქმიანობის შესახებ და ბიზნესმენი ჰგონიათ. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.
საბედისწერო ქალი
რასაც ამ წიგნში ვწერ, ყველაფერი სინამდვილეა, გარდა ჩემი ვინაობისა, რომელიც იმიტომ შევიცვალე, რომ ჩემი მრავალწევრიანი ოჯახის წინაშე არ გავიშიფრო...
დავიბადე თბილისში მეოცე საუკუნის ორმოცი-ორმოცდაათიანი წლების მიჯნაზე და „კაგებეს“ საიდუმლო აგენტი 19 წლის ასაკში გავხდი. მაშინ თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ფაკულტეტის მესამე კურსზე გადავედი. ეს კი ასე მოხდა. ყველა გამოცდა ფრიადზე ჩავაბარე, თავისუფალი ვიყავი და საზაფხულოდ გეგმებს ვაწყობდი. უნივერსიტეტის ბაღში სკამზე ვიჯექი და ამ დროს მომესმა:
– გამარჯობა, ალაჩკა!
შევცბი, ფიქრებში გართულმა ვერ შევნიშნე, როგორ მომიჯდა გვერდით ორმოციოდე წლის წარმოსადეგი მამაკაცი, რომელიც მიღიმოდა.
– გაგიმარჯოს, ჩემი სახელი საიდან იცით? – ვკითხე გაოცებულმა.
– ცხოვრებაში ბევრად უკეთესად გამოიყურებით, ვიდრე თქვენს დოსიეში ჩაკრულ სურათებში, – მითხრა და მაიორ დოლიძედ გამეცნო, თან, ამიხსნა, რომ „კაგებეში“ მუშაობს და ხელმძღვანელობისგან ჩემთან ლაპარაკი აქვს დავალებული.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დოლიძემ „კაგებეში“ მუშაობა შემომთავაზა და მოსაფიქრებლად ორი თვე მომცა, გამაფრთხილა, რომ კრინტი არავისთან დამეძრა, თან ღიმილით დააყოლა:
– თქვენ ძალიან მომხიბვლელი, ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონა ხართ და თუ არ გაგვაწბილებთ, ვალში არ დაგრჩებით, ბრწყინვალე კარიერა გარანტირებული გაქვთ.
ორი თვის მერე დოლიძე თავად დამიკავშირდა. შეხვედრა კაფე „მეტროში“ დამინიშნა, რომელიც ამჟამინდელი ფოსტა-ტელეგრაფის შენობის ადგილზე მდებარეობდა სასტუმრო „ივერიასთან“ და მკითხა:
– თანახმა ხართ თუ არა?
– თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. ხვალ რუსთაველის მეტროსთან იყავით, დილის 9 საათზე. მანქანით გამოგივლით, ერთ ადგილზე მივალთ და დანარჩენი იქ ვილაპარაკოთ...
მეორე დღეს ფურგონიანმა „მოსკვიჩმა“, რომელიც საგანგებოდ იყო მოწყობილი და გარედან არაფერი ეტყობოდა, „კაგებეს“ შენობაში, შევჩენკოს ქუჩაზე მიმიყვანა და მაიორ დოლიძესთან ერთად, პოლკოვნიკ გოგოლაძეს შევხვდი. მან გულითადად მიმიღო და „კაგებეს“ ორწლიან სკოლაში სწავლა შემომთავაზა.
– მერე, უნივერსიტეტი? – ვკითხე გოგოლაძეს.
– დარდი ნუ გაქვს, ალაჩკა, – გამიღიმა პოლკოვნიკმა, – როგორც წარჩინებული სტუდენტი, მოსკოვში გადახვალ „ემგეუში“ და სწავლას იგივე პროფილით გააგრძელებ. პარალელურად კი, „კაგებეს“ მზვერავთა სკოლაში ივლი...
„კაგებეს“ მზვერავთა სკოლა, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, სპეცაგენტთა სამჭედლო იყო და იქ ჯერ ორწლიანი კურსები გავიარე, შემდეგ ერთი წელი სპეცკურსზე დამტოვეს. ლომონოსოვის უნივერსიტეტი და სპეცაგენტობის სრული კურსი ერთდროულად დავამთავრე. იატაკქვეშა ფსევდონიმად „საბედისწერო ქალი“ მიწოდეს. საიდუმლო დიპლომში, რომელიც „კაგებეს“ სპეცარქივში რჩება, ეწერა: „სპეცკურსის წარჩინებული, აგენტი „საბედისწერო ქალი“, რომელსაც მზვერავი-ოპერმუშაკის უმაღლესი – პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული. ვარგისია ურთულესი სპეცდავალებების შესასრულებლად“. მზვერავი-ოპერმუშაკი, თანამედროვე გაგებით, მკვლელი სპეცაგენტია და ასეთად ჩამოვყალიბდი 22 წლის ასაკში.
მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი სპეცმომზადება მქონდა გავლილი და ურთულესი საქმეებისთვის ვიყავი მზად, პირველი დავალების შესრულება საკმაოდ გამიჭირდა და კინაღამ ჩავვარდი. თუმცა, საბოლოოდ, მაინც კვალიფიკაციამ მიხსნა.
მაისში ნიუ-იორკში გამამგზავრეს და ვინმე პავლე რუსმანის, მეტსახელად „ბიძას“ მოკვლა დამავალეს. ის რუსული მაფიის ერთ-ერთი ნათლია იყო, რომელიც „კაგებეზე“ მუშაობდა. თუმცა, ბოლო დროს დამოუკიდებელი მოქმედება გადაწყვიტა, რის გამოც ცენტრში მისი მოშორება გადაწყდა და ეს მისია მე დამეკისრა.
„ბიძა“ ბრაიტონ-ბიჩზე ერთ-ერთი რუსული რესტორნის კუპეში უნდა მომეკლა, სადაც ის ყოველდღე ვახშმობდა, მრავალი პირადი მცველის გარემოცვაში. შემუშავებული გეგმის მიხედვით, რუსმანი კუპეში შესვლისას უნდა მომეკლა მაყუჩიანი პისტოლეტით, შემდეგ კი ტუალეტის ფანჯრიდან ქუჩაში გადავმძვრალიყავი, სადაც მანქანა დამელოდებოდა.
დანიშნულ დროს რესტორანში შევედი, მაგიდას მივუჯექი და ვახშამი შევუკვეთე. ხუთიოდე წუთში რვა მცველის თანხლებით „ბიძა“ შემოვიდა და კუპესკენ გაემართა. პისტოლეტი ამოვაცურე და რუსმანს ორი ტყვია თავში მოვარტყი. მისმა მცველებმა „ბიძა“ იქვე დააწვინეს და მკვლელის ძებნა დაიწყეს. მე კი იმის მაგივრად, რომ მშვიდად გავცლოდი იქაურობას, მცველებს ცეცხლი გავუხსენი და ექვსი ადამიანი თითო-თითო გასროლით დავხოცე. ამის გამო ტყვიები გამითავდა და შეიარაღებული მცველების წინაშე უიარაღოდ აღმოვჩნდი. ცოტაც და ჩავვარდებოდი, მაგრამ ადგილს მოვწყდი, ტუალეტში შევვარდი, ღია ფანჯრიდან ქუჩაში გადავეშვი... იმავე საღამოს ჯერ ჰავანაში ჩავფრინდი, მეორე დღეს კი მოსკოვში დავბრუნდი. ლუბიანკაზე პირველი წარმატება მომილოცეს.