დაწუნებულმა სასიძომ ექვსი წლით უფროსი ქალი გააუპატიურა
24 წლის სტუდენტმა მასზე 6 წლით უფროსი ქალი გააუპატიურა. გიორგი მ-ს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ გაუმართლა – პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე წავიდა, რასაც სასამართლოც დათანხმდა. მოძალადეს 2,6 წლით პირობითი პატიმრობა და 7 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სასჯელით უკმაყოფილო დარჩა დაზარალებული. გაუპატიურებული ქალბატონი მიიჩნევდა, რომ მოძალადეს პასუხი სხეულის დაზიანებისთვისაც უნდა ეგო. მან ხომ გააუპატიურების გარდა, თმებით ითრია და კბილი ჩაუმტვრია.
არშემდგარი გაუპატიურების
კრიმინალური ფინალი
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 24 წლის სტუდენტი გიორგი მ. თბილისში, ეგრეთ წოდებულ კიკვიძის ბაღში იმყოფებოდა. უფრო ზუსტად, დიდუბის ავტოსადგურში თავისი სოფლის სამარშრუტო ტაქსს უნდა დახვედროდა, რადგან გიორგის დედა მძღოლს შვილისთვის გარეცხილ თეთრეულს ატანდა. „მარშუტკა“ არ ჩანდა, როგორც გაარკვია, სამარშრუტო ტაქსი გზაში გაფუჭდა და ვიდრე მძღოლი თბილისამდე ჩამოაღწევდა, ბიჭმა იქვე მდებარე კიკვიძის ბაღში გადაწყვიტა დალოდება.
როგორც განსასჯელი ყვება, ბაღში შესვლიდან რამდენიმე წუთში მასავით სოფლიდან ჩამოსული გოგონები გაიცნო. როგორც ჩვენებაში უსვამს ხაზს, ინიციატივა გოგონებისგან მოდიოდა – პირველად ისინი გამოელაპარაკნენ, სიგარეტი სთხოვეს. მისი თქმით, ამ მომენტში თავად მზესუმზირას ჭამდა. სიგარეტით რომ გაუმასპინძლდა გოგონებს, მზესუმზირაც შესთავაზა და დროის გასაყვანად საუბარში აჰყვა მათ. განსასჯელის ჩვენებით, ეს საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა და შენიშნა, რომ იმ სამიდან ერთ-ერთი, სახელად ელა „ძალიან აქტიურობდა“. გოგონებმა წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ელა მათ არ გაჰყვა და, ის მასთან დარჩა. განსასჯელის თქმით, საბოლოოდ, დარწმუნდა, რომ გოგონას მასთან ყოფნა უნდოდა, მას შემდეგ, რაც მარტოები დარჩნენ, შესთავაზა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან შეხვედრის შემდეგ, მასთან სახლში ასულიყვნენ (განსასჯელი ახლობლის სახლში ქირით ცხოვრობდა). გოგონა სახლში გაყოლაზეც დათანხმდა, მანამდე კი ყმაწვილი ახლოს მიუჯდა და ხელი მოხვია... განსასჯელის თქმით, ის დროის გაყვანას ცდილობდა, რადგან მეგობარი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, მეტროში ღამის ცვლაში მუშაობდა და არ უნდოდა შინ დახვედროდა. ამასობაში გიორგის კვლავ დედამ დაურეკა, უთხრა, რომ „მარშუტკა“ თბილისში გვიან ჩამოვიდოდა და ურჩია, სახლში წასულიყო და მძღოლი დილით ენახა.
ზუსტი გათვლების მიუხედავად, განსასჯელს არაფერი გამოუვიდა. მოულოდნელად, მისმა მეგობარმაც დარეკა და უთხრა, რომ მორიგეობა გაცვალა და ღამე ისიც სახლში იქნებოდა. მოგვიანებით კი, საქეიფოდ მიდიოდა და სთხოვა, ისიც გაჰყოლოდა. განსასჯელის თქმით, საქეიფოდ წასვლაზე უარი ვერ უთხრა და გეგმები შეიცვალა. გადაწყვიტა, ახლად გაცნობილთან სექსუალური კავშირი ბაღშივე დაემყარებინა. თუმცა, უკანასკნელ მომენტში გოგონა ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა. განსასჯელის ჩვენებით, ამის გამო მან თავი ძალიან ცუდად იგრძნო. გოგონას გაეკიდა, მაგრამ ვეღარ დაიყოლია. თანაც, ქუჩაში ხალხი იყო და ზედმეტ აყალმაყალს მოერიდა.
პატიმრის ჩვენებით, ის ისევ ბაღში დაბრუნდა. ცოტა ხანს იქ იჯდა, აზრზე რომ მოსულიყო და შემდეგ საქეიფოდ წავიდა. თუმცა, სუფრაზე მისულს მასთან ერთად მცხოვრები მეგობარი აღარ დახვდა. აღმოჩნდა, რომ პიროვნებას, რომელსაც მის ნაცვლად უნდა ემუშავა, ძაღლმა უკბინა. ამიტომ, გიორგი მ-ს მეგობარი იძულებული გახდა სუფრა დაეტოვებინა და სამუშაოდ წასულიყო.
საბრალდებო დასკვნის თანახმად: „გიორგი მ-მ, რომელიც მეგობრის თხოვნით უცხო ოჯახში მივიდა, სუფრაზე 6 წლით უფროსი, მსუბუქი ყოფაქცევის მარინა ჯ. გაიცნო. მოქეიფეები დაახლოებით, ღამის პირველ საათზე დაიშალნენ. გიორგი მ-მ ქალს შესთავაზა, რომ სახლში გააცილებდა, რაზეც ქალი დათანხმდა და ტაქსიში მასთან ერთად ჩაჯდა. თუმცა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა განსასჯელმა, ნაცვლად გაცილებისა, ქალი თავის საცხოვრებელში მიიყვანა და ორჯერ გააუპატიურა. წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ქალს ტანსაცმელი შემოახია, გახადა საცვალი და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა... განსასჯელს მეორედ გაუპატიურების მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან მთვრალი იყო, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საქმის „ბოლომდე მიყვანა“ ვერ შეძლო...
სასამართლოზე დაზარალებულ მარინა ჯ-ს არ დაუმალავს, რომ ის უმუშევარია და ვინაიდან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს სარჩენი, თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს. მისი ჩვენებით, იმ საღამოს მას ერთ-ერთმა „კლიენტმა“ დაურეკა და აღნიშნულ სუფრაზე მიიყვანა. ამის შემდეგ, ისინი სასტუმრო „კოლხეთში“ უნდა ასულიყვნენ, მაგრამ მის კლიენტს დისშვილი შეეძინა, წასვლა მოუხდა და ის იქ დატოვა. წასვლამდე კი უთხრა, რომ ეჩქარებოდა და ბიჭები გააცილებდნენ. დაზარალებულის თქმით, გაცილებას სუფრაზე შემოსწრებული გიორგი მ. დაჰპირდა: „გიორგი სუფრაზე მოსვლისთანავე მომეწონა და ამიტომ დავთანხმდი გაცილებაზე. ტაქსიში ჩაჯდომისთანავე მითხრა, რომ მასთან ავსულიყავით და უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. თუმცა, უარი ვუთხარი, რადგან ტაქსიში ჩაჯდომამდე, სხვა კლიენტმა დამირეკა და მთხოვა, მასთან ავსულიყავი. გიორგის ავუხსენი, რასაც „ვსაქმიანობდი“, ვუთხარი, რომ ბავშვისთვის საჭმლის ფული არ მქონდა და იძულებული ვიყავი, ფული ამ გზით მეშოვა. ამიტომ, მას ვერ გავყვებოდი. დამპირდა, რომ ფული რამდენიმე დღეში ექნებოდა და მომცემდა. მაგრამ, არ მაწყობდა, ფული ძალიან მჭირდებოდა. ამის მიუხედავად, ტაქსი მისი კორპუსის ეზოში შევიდა. თავიდან მთხოვდა, გადავსულიყავი, მაგრამ რომ არ გავყევი, თმაში ჩამავლო ხელი და სახლში ძალით ამიყვანა. შემდეგ დივანზე დამაგდო, ტანსაცმელი შემომახია და ძალით დაამყარა სქესობრივი კავშირი. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი... ცოტა ხანში ვუთხარი, რომ აბაზანაში მინდოდა შესვლა. ვიფიქრე გავპარულიყავი, მაგრამ კარისკენ რომ გავიხედე, განზრახვას მიმიხვდა, ისევ საწოლზე დამაწვინა და კვლავ გაუპატიურება დამიწყო“, – განაცხადა დაზარალებულმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ განსასჯელმა მას ორი კბილი ჩაუმტვრია, მაგრამ რეალურად დადგინდა, რომ მას კბილები ჩასმული ჰქონდა. გადაკრული კბილები უბრალოდ მოერყა...
როგორც საქმის მასალებით ჩანს, მას შემდეგ, რაც დაღლილ განსასჯელს ჩაეძინა, მარინა ჯ. სახლიდან გაიპარა და პირდაპირ პოლიციაში მივიდა. პოლიციამ მოძალადე საწოლში დააკავა.
რომ არა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადახდილი 7 ათასი, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლომ გიორგი მ. მსუბუქად დასაჯა. მსუბუქად დასჯის მიზეზი კი, ალბათ, მისი ჩვენება იყო, რამაც სასამართლოზე გავლენა აშკარად მოახდინა.
როგორც გაირკვა, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გიორგი მ-ს, როგორც იტყვიან, „მძიმე ბავშვობა“ ჰქონდა. განსასჯელმა სასამართლოს მოუთხრო, რომ დედა და ბებია სულ კუდში დასდევდნენ, სათამაშოდაც კი არ უშვებდნენ. ამის გამო, კი ბავშვები დასცინოდნენ. ასეთმა აღზრდამ, როგორც ჩანს, პროტესტი გამოიწვია და საერთოდ არ სწავლობდა. მე-8 კლასში ჩარჩა კიდეც. მიუხედავად ამისა, დედისა და ბებიის წყალობით, მან სკოლა დაამთავრა, მაგრამ სწავლის გაგრძელებაზე მას და მის ოჯახს არც უფიქრია: „სკოლის დამთავრების შემდეგ ხან სად ვმუშაობდი, ხან – სად. ბიძაშვილის დაბადების დღეზე მის კლასელ მაკას დავუახლოვდი და გადავწყვიტე ცოლად მომეყვანა. თუმცა, როდესაც მისმა მშობლებმა გაიგეს ჩვენი ამბავი, მამამისმა მცემა. ის პოლიციამ დააკავა, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. იმ კაცს არ მოვწონდი, რადგან უსწავლელი ვიყავი, მაკა კი სტომატოლოგიურზე სწავლობდა“, განაცხადა განსასჯელმა.
განსასჯელის მეზობლის ჩვენებიდანაც გაირკვა, რომ თვითონ გიორგი კარგი ბავშვი იყო, უცნაურები მისი დედა და ბებია იყვნენ. არც მეზობელი იცოდნენ, არც ნათესავი, ბავშვს მათ მიერ მიწოდებული ხილის გამორთმევასაც კი უკრძალავდნენ. თავს სხვებზე მაღლა აყენებდნენ, მაგრამ არაფერს არ წარმოადგენდნენ: „მართალია, ბავშვიც ცოტა სხვანაირი იყო, მაგრამ ამის მიზეზი ოჯახის გავლენა იყო“, – განაცხადა მოწმემ.
როგორც ჩანს, დაწუნებული სასიძოს ცხოვრება სწორედ ამ ფაქტმა შეცვალა. მართალია, უკვე 23 წლის იყო, მაგრამ ოჯახს გამოუცხადა, რომ უმაღლესში მასაც უნდა ესწავლა. ოჯახი წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ ბიჭს ვეღარ გადაათქმევინეს. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ამიტომ, გადაწყვიტეს, სადმე ფასიან სასწავლებელში მოეწყოთ, მაგრამ იმ პირობით, რომ თბილისში კი არა, ქუთაისში ისწავლიდა. თუმცა, დიდი დავიდარაბის შემდეგ გიორგიმ თავისი გაიტანა, თბილისში ჩამოვიდა და ერთ-ერთ ფასიან სასწავლებელში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამაში კი ხელი შეუწყო მეზობელმა, რომელსაც ბიჭი შეეცოდა და არა მხოლოდ უმაღლესში მოწყობაში დაეხმარა, საკუთარ ბინაში ცხოვრებაც შესთავაზა, სადაც მისი სტუდენტი ძმისშვილიც ცხოვრობდა...
განსასჯელმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, მაგრამ სასამართლოს იმაში არწმუნებდა, რომ, როდესაც ქალს სახლში წაყვანა შესთავაზა, არც უცემია და არც არანაირი ძალადობა არ ყოფილა. გარდა ამისა, მან დეტალურად მოყვა კიკვიძის ბაღში მომხდარი ინტიმური დეტალები და სასამართლოს სთხოვა, გაეთვალისწინებინა, რომ იმ დღეს ძალიან აღგზნებული იყო: „შეიძლება დავარტყი კიდეც, არ მახსოვს, რადგან ნასვამი და გაბრაზებული ვიყავი. თუმცა, სახლში რომ ავიყვანე, არაფერი დამიძალებია. სქესობრივი კავშირი მასთან ნებით დავამყარე და ერთად დავიძინეთ. როცა გავიღვიძე, პოლიცია იყო მოსული და დამაკავა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა“, – განაცხადა განსასჯელმა საბოლოო სიტყვაში.
ამის მიუხედავად, განსასჯელს საბოლოოდ, ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით – „გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. 6 წლამდე პატიმრობა მას გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ, რადგან განსასჯელი ჩადენილს აღიარებდა და ინანიებდა, თანაც პირველად მოხვდა განსასჯელის სკამზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მსუბუქად დასაჯეს. სამაგიეროდ, სახელმწიფო ბიუჯეტი მისი ჯიბიდან 7 ათასი ლარით შეივსო.