კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური მოკლული მამაკაცის ცოლმა სამ რეციდივისტზე


კრემისფერი ფურგონიანი „მოსკვიჩი“ ბარნოვის ქუჩის კუთხეში იდგა შუქნიშანთან და მწვანეს ანთებას ელოდა. ზემოდან მომავალი მანქანების ნაკადიდან მოულოდნელად თეთრი ფერის „სამარა“ გამოვარდა. მისმა მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მოყინულ გზაზე მოცურდა და შუქნიშანთან მდგარ „მოსკვიჩს“ ცხვირით შეასკდა. „სამარის“ ახალგაზრდა მძღოლმა მანქანის საქარე მინა თავით გაიტანა, შემდეგ გარეთ გამოფრინდა და ცხვირ-პირით გასრიალდა ყინულზე. თუმცა, მხოლოდ შუბლი გაიტეხა და ფეხზე მალევე წამოდგა. „მოსკვიჩის“ მძღოლი წამით შეყოვნდა მანქანაში, შემდეგ კაბინიდან გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა ქვევით. ამ ავარიამ მოძრაობა შეაჩერა და ქუჩა ხალხით აავსო. შემთხვევის ადგილზე სულ მალე „სახავტოინსპექციის“ თანამშრომლები მივიდნენ.

– ვისია „სამარა“? – იკითხა ულვაშიანმა მაიორმა და მიმოიხედა.

– ჩემია, ამხანაგო მაიორო, – უპასუხა ავტოინსპექტორს შუბლგატეხილმა ახალგაზრდამ, – ყინულზე მოვსრიალდი და შევასკდი, – თავი იმართლა მძღოლმა.

– ამ ფურგონის მძღოლი სადღაა? – ახლა უკვე „მოსკვიჩის“ პატრონი მოიკითხა მილიციელმა.

– ამის მძღოლი მანქანიდან გადახტა და გაიქცა, უფროსო, – უთხრა მილიციელს შავტუხა ტაქსის მძღოლმა, რომელიც დაზიანებულ „მოსკვიჩს“ მისჩერებოდა.

– გაიქცა? – გაუკვირდა მილიციელს.

– ჰო, უფროსო, გაიქცა, – გაიმეორა ტაქსის მძღოლმა, – ან „ზაპრეშჩენი“ „ტავარი“ გადაჰქონდა და თქვენი შეეშინდა, ან კიდევ მოპარულ „მაშინაზე“ იჯდა, – დაასკვნა მან.

– აბა, ერთი „ბაგაჟნიკი“ გააღე, ბონდო, ვნახოთ, შიგნით რა არის! – გასძახა მაიორმა თავის მეწყვილე კაპიტანს და საბარგულისკენ გაემართა.

ცნობისმოყვარე ხალხი შეიკრიბა და ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ავტოინსპექტორის მოძრაობას, რომელიც კარის გაღებას ცდილობდა.

როდესაც საბარგული გახსნეს, იქ შეკრებილებს ერთხმად აღმოხდათ გმინვა. ფურგონში სამი ადამიანი დალანდეს, აშკარად მკვდრები იყვნენ. ორ მათგანს სახე ჰქონდათ გალურჯებული და გაშეშებულები იწვნენ, მესამეს კი შუბლი ჰქონდა გახვრეტილი და ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი.

– როგორც ეტყობა, ეს ორი მოწამლეს, ხოლო მესამეს კეფაში ესროლეს, – უთხრა სამედიცინო ექსპერტმა მილიციელს, როდესაც საბარგულში აღმოჩენილი გვამები პროზექტურაში გადაასვენეს.

– გთხოვთ, არ დაიშალოთ. თვითმხილველებისგან ჩვენება უნდა ავიღოთ, – მოუწოდა გამომძიებელმა ხალხს და შავტუხა ტაქსის მძღოლი მოიხმო.

ორუცნობიანი განტოლება

„მოსკვიჩის“ საბარგულში ნაპოვნი გვამების გაკვეთამ სრულიად დაადასტურა ექსპერტის წინასწარი ვარაუდი. ორი ადამიანი კალიუმციანიდის დიდი დოზით იყო მოწამლული, ხოლო მესამეს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. სისხლის სამართლის საქმე ორჯონიკიძის (ამჟამად ვაკე-საბურთალოს) რაიონის პროკურატურაში აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით და მას იასონ ცინცაძის საგამოძიებო ჯგუფი იძიებდა.

ტყვიით მოკლული მამაკაცის ვინაობა მალევე დაადგინეს და ის აღმოჩნდა ვინმე მირიან პატარიძე, რომელიც გლდანის მასივში ცხოვრობდა. პატარიძეს ეკუთვნოდა ის კრემისფერი „მოსკვიჩიც“, რომელშიც მისივე გვამი აღმოაჩინეს. ვერ მოხერხდა დანარჩენი ორი გარდაცვლილის ვინაობის დადგენა. ორივეს არაქართული გარეგნობა ჰქონდათ და არც პასპორტები ან სხვა საბუთი აღმოაჩნდათ. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ ჩამოსულები იყვნენ. ერთ-ერთი აშკარად აზიელი იყო, ხოლო მეორეს მკვეთრად გამოხატული სლავური ჰაბიტუსი ჰქონდა. გამომძიებლებმა მიცვალებულების სურათები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში დაგზავნეს.

– სავარაუდოდ, „მოსკვიჩის“ მძღოლია მკვლელი ან უკიდურეს შემთხვევაში, თანამონაწილე, – განუცხადა კოლეგებს იასონ ცინცაძემ.

– ფოტორობოტების საქმე როგორაა, მალხაზ? – ჰკითხა ცინცაძემ ლეიტენანტ გოცირიძეს.

– ამხანაგო მაიორო, – უპასუხა ცინცაძეს ლეიტენანტმა, – ყველაზე სრულყოფილ დახასიათებას „მოსკვიჩის“ მძღოლის შესახებ კარაპეტ ოვანესიანი იძლევა. ანუ, ის, რომელმაც ყველაზე ახლოდან ნახა გაქცეული მძღოლი. თუმცა, ვერც მისი ინფორმაციაა დიდი ბედენა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ „მოსკვიჩის“ მძღოლი შავწვერა კაცია, რომელსაც მუქი სათვალე ეკეთა, „უშანკა“ ეხურა და თეთრი „დუბლიონკა“ ეცვა. ამ ზამთარში, ყოველი მეორე მამაკაცი ასეთ ტანსაცმელშია გამოწყობილი და მაშინ ნახევარი თბილისი უნდა დავაპატიმროთ. მძღოლს შავი ტყავის ხელთათმანები ეკეთა და არც მისი თითების ანაბეჭდები გვაქვს.

– პრაქტიკულად, არაფერი გვქონია, – თავი გააქნია ცინცაძემ.

– თითქმის ასეა, ამხანაგო მაიორო, – დაეთანხმა მალხაზი, – სათვალის მოხსნას, ტანსაცმლის გამოცვლასა და წვერის გაპარსვას დიდი სიბრძნე არ სჭირდება და ჩვენ, ფაქტობრივად, ნემსს ვეძებთ თივის ზვინში.

– ადვილი, რა თქმა უნდა, არაა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე, – თქვა მაიორმა, – სულ რაღაც ორუცნობიანი განტოლებაა და ჩემი ღრმა რწმენით, თუ მას ამოვხსნით, მაშინ მკვლელსაც მივაგნებთ. ჯერჯერობით, რეალური ხელშესახები მაინც პატარიძეა და მისი პიროვნების შესწავლა უნდა დავიწყოთ.

ბოროტმოქმედთა ტრიუმვირატი

39 წლის მირიან პატარიძე წარსულში ორჯერ ნასამართლები პიროვნება აღმოჩნდა. პირველად ის ქურდობისთვის იყო გასამართლებული, ხოლო მეორედ კი – ყაჩაღობისთვის. მილიციამ დანარჩენი ორი მიცვალებულის ვინაობაც დაადგინა. სლავური გარეგნობის მოწამლული 41 წლის ვასილ პროკოპენკო, მეტსახელად „სტილეტი“ აღმოჩნდა, ხოლო აზიური გარეგნობის მოწამლული კი – 38 წლის ნურადინ მუჰამედოვი. პროკოპენკოც და მუჰამედოვიც საშიში რეციდივისტები იყვნენ. პროკოპენკო ხუთჯერ იყო ნასამართლები და აქედან ოთხჯერ – ყაჩაღობისთვის. მუჰამედოვი კი სამჯერ, სამივეჯერ – ყაჩაღობისთვის.

სამივე მოკლულს ის აერთიანებდა, რომ ყველანი, ხუთი წლის წინ, კოლიმაზე, ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს და თითქმის ერთდროულად გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. პატარიძე თბილისელი იყო, მუჰამედოვი – ტაშკენტელი, ხოლო პროკოპენკო – მოსკოველი.

– გარდა იმისა, რომ სამივე ერთად იჯდა, სხვა კავშირს ვერ ვხედავ მათ შორის, – თქვა მალხაზმა, – საინტერესოა, ვინ ან რამ შეჰყარა ისინი თბილისში და რის გამო დახოცეს.

– ეს რომ ვიცოდეთ, მაშინ ხომ საქმეც გახსნილი გვექნებოდა, – გაეცინა ცინცაძეს, – უფრო ღრმად ჩადი ლეიტენანტო. თუ საჭიროა, მათი პატიმრობის ადგილზე გაემგზავრე და კოლონიის უფროსს გაესაუბრე. პატიმრებშიც გამოიკითხე მათი ამბები.

მალხაზ გოცირიძეს ცინცაძემ ორკვირიანი მივლინება გამოუწერა და ახალგაზრდა ლეიტენანტი რუსეთსა და უზბეკეთში გაემგზავრა.

– აბა, ყმაწვილო, – უთხრა გოცირიძეს ცინცაძემ, როდესაც ის თბილისში დაბრუნდა, – რა ამბები ჩამოგვიტანე მივლინებიდან.

– როგორც კოლიმაზე გავარკვიე, თურმე, პატარიძე, მუჰამედოვი და პროკოპენკო ვინმე ზეზვა სისაურთან ერთად ცხოვრობდნენ ერთ ბარაკში. სისაური თბილისელია და ათწლიან სასჯელს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის იხდიდა. მან ეს სასჯელი მოიხადა და საქართველოში დაბრუნდა. როგორც კოლონიის უფროსმა გამანდო, თურმე სისაურის ფულით გაჰქონდა თავი სამივე მოკლულს. სისაური მათ გათავისუფლების მერეც უგზავნიდა ფულს. შესაძლოა, დიდი ვერაფერი შევიტყვე, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია სისაურის ნახვა და მასთან გასაუბრება.

– მიდი, ბოლომდე მიჰყევი, – უთხრა გოცირიძეს მაიორმა და მხრები აიჩეჩა, – იქნებ ამან მაინც მოჰფინოს ნათელი ჩვენს იდუმალ საქმეს.

გაუჩინარებული „ცეხავიკი“

მალხაზ გოცირიძემ აღმოაჩინა, რომ ზეზვა სისაური უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული.

– ამხანაგო მაიორო, – მოახსენა ცინცაძეს გოცირიძემ, – ზეზვა სისაური 6 წლის წინათ გაათავისუფლეს და თბილისში დაბრუნდა, თუმცა, 2 წლის შემდეგ, ანუ 4 წლის წინ ის სექტემბრის ერთ-ერთ საღამოს შინიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას ამქვეყნად მხოლოდ მეუღლე დარჩა, რომელთანაც შვილი არ ჰყოლია. მისი მშობლები დიდი ხნის წინ დაიხოცნენ, ხოლო მისი ერთადერთი შორეული ნათესავი დღესაც ქუთაისში ცხოვრობს.

– მისი გაუჩინარების დეტალები თუ გაარკვიე?

– მისი გაუჩინარების საქმეში ერთადერთი ჩვენება დევს, რომელსაც სისაურის მეზობელი აწერს ხელს. იქ წერია, რომ 2 სექტემბერს, დაახლოებით, საღამოს 7 საათზე მან თავისი ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩაჯდა სისაური ტაქსიში და სადღაც გაემგზავრა.

– ეჰ, ეს არაფერს ნიშნავს, – ხელი ჩაიქნია მაიორმა, – თბილისში ათასობით ტაქსია და ვინ იცის, რომლით გაემგზავრა ის.

– არც მასეა საქმე, ამხანაგო მაიორო, – გაეღიმა გოცირიძეს, – იმ მეზობელმა ტაქსის ნომერიც დაიმახსოვრა და მაშინ ტაქსის მძღოლიც დაკითხეს. თუმცა, ტაქსის მძღოლმა არ იცოდა, სად წავიდა სისაური.

– მეუღლე სად იყო, როდესაც სისაური გაქრა?

– ბათუმში, დასასვენებლად და მეუღლის „ჟიგული“ ჰყავდა წაყვანილი.

– სისაურის ცოლი რას წარმოადგენს თუ იცი?

– ერთ-ერთი თეატრის მსახიობია და თავის კოლეგებში საკმაოდ ცნობილია.

– მოკლედ, ჩემო მალხაზ, თუ ცოცხალია, მაშინ ის ტაქსისტი მოძებნე და ხელახლა დაკითხე. მეუღლეს კი ჯერ არ გაეკარო. გაარკვიე, რას საქმიანობს ის ქალი, თეატრის გარდა. ერთი სიტყვით, ყველა ინფორმაცია შეკრიბე და მის შესახებ მერე ვიმსჯელოთ, – დაავალა მაიორმა.

პროვოკაციული წერილი

გოცირიძემ ის მძღოლი დაკითხა, ვინც სისაური წაიყვანა.

– ის კაცი ვაგზალზე ჩამოვსვი, – უთხრა ლეიტენანტს ტაქსის მძღოლმა, – შემდეგ ცოტა ხნით „სტაიანკაზე“ გავჩერდი, ახალი კლიენტი რომ ამეყვანა. კლიენტი ჩავისვი და დავიძარით. დავინახე, ჩემ მიერ მიყვანილი წინა კლიენტი ვიღაც სამ პიროვნებას ესაუბრებოდა. ორი მათგანი ზურგით იდგა და მათი სახეები ვერ გავარჩიე, ხოლო ერთი კი „უზკაგლაზი“ იყო.

გოცირიძემ ტაქსის მძღოლს მუჰამედოვის სურათი უჩვენა და მან მასში სწორედ ის „უზკაგლაზი“ ამოიცნო.

– მეუღლეზე რა გაარკვიე? – დაინტერესდა ცინცაძე.

– მას ყველა ძალიან დადებითად და პატიოსან ადამიანად ახასიათებს, – თქვა გოცირიძემ, – ძალიან ცოტა ახლო მეგობარი ჰყავს და საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.

– რა ჰქვია?

– ეკა სიხარულიძე.

– ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი მოსაზრება მაქვს და თუკი ჩემი ფანდი არ გაამართლებს, მაშინ მკვლელი ხელიდან გაგვისხლტება.

– ფიქრობთ, რომ ის ხალხი სისაურის ცოლმა დახოცა, ხომ? – თქვა გოცირიძემ, – მეც მასე ვფიქრობ.

– ჩვენი ვარაუდი არ კმარა მარტო და აი, ამ წერილით თუ შევძლებთ მის მოტყუებას, – თქვა მაიორმა. ფურცელი დაიდო წინ და წერას შეუდგა. მალე დაასრულა და ფურცელი ლეიტენანტს მიაწოდა წასაკითხად. წერილში ეწერა: „დიდი ხანია, გითვალთვალებ, ჩემო გოგონა, რადგან ეჭვი მქონდა, რომ დიდ საიდუმლოს მალავდი. როდესაც გარეგნობაშეცვლილი მიუჯექი „მოსკვიჩს“ და ქალაქში გაემგზავრე, მივხვდი, სუფთა საქმეზე არ მიდიოდი. ბარნოვის ქუჩაზე რომ ავარია მოხდა, შენ გაიქეცი და მანქანაში სამი „ტრუპი“ აღმოაჩინეს. მივხვდი, ისინი შენ დახოცე. თუ გინდა, რომ ამ საქმიდან თავი დაიძვრინო, მაშინ 10 ათასი მანეთი გადამიხადე. შენი მეგობარი“.

– რას მოგვცემს ეს? – იკითხა გოცირიძემ.

– ქალს დავაკვირდებით და იმას მაინც მივხვდებით, მართლები ვართ თუ არა, – უპასუხა მაიორმა.

წერილის მიღებიდან მეორე დღესვე გოცირიძემ და ცინცაძემ ეკა სიხარულიძე ალექსანდროვის ბაღში პისტოლეტით დააკავეს. ქალს ხელბორკილები დაადეს და „ვოლგაში“ ჩასვეს.

– სად მივდივართ? – იკითხა ქალმა.

– მილიციის სამმართველოში, ჩემო ლამაზო, – უპასუხა ცინცაძემ.

– რას მერჩით, რა დაგიშავეთ?

– სამი ადამიანის მკვლელობაში გედებათ ბრალი, თანაც ფაქტზე დაგაკავეთ, – უპასუხა გოცირიძემ.

– მე მკვლელი კი არა, შურისმაძიებელი ვარ, – მშვიდად თქვა ქალმა, – მათ მე ქმარი მომიკლეს და შური ვიძიე.

ცინცაძემ „ვოლგა“ შეაჩერა და ქალს უთხრა:

მოგვიყევი, რა მოხდა, გისმენთ.

ქალმა სიგარეტი გააბოლა და თხრობა დაიწყო:

– მე და ზეზვა ლამის სკოლის მერხიდან დავქორწინდით და მიუხედავად იმისა, რომ უშვილო ვარ, ზეზვას სიგიჟემდე ვუყვარდი. მას ნაკეთობების „ცეხები“ ჰქონდა და დიდ ფულს შოულობდა. თუმცა, კონკურენტებმა ციხეში გაისტუმრეს. ამის მიუხედავად, ზეზვა იქიდან 5 წელიწადში გათავისუფლდა. როგორც თავად მიამბო, მან ეს ნაძირლები იქ გაიცნო და დაუახლოვდა. ჩემი მეუღლე მათ კოლონიაში აჭმევდა და მერეც ეხმარებოდა ფულით, მაგრამ, ამ ნაძირლებმა ჩემი აქ არყოფნით ისარგებლეს, ზეზვა ვერაგულად გამოიტყუეს და მუხანათურად მოკლეს. ბათუმიდან რომ დავბრუნდი, სახლი გადაბრუნებული დამხვდა, თუმცა სამალავს ვერ მიაგნეს, სადაც ქონება გვქონდა შენახული. ზეზვას მკვლელებს 4 წელიწადი ვეძებდი და პირველად მირიან პატარიძეს მივაგენი. მასთან ინტიმური კავშირი დავამყარე და ოსტატურად გამოვტყუე ყველაფერი. შემდეგ მუჰამედოვი და პროკოპენკოც გავიცანი და საახალწლოდ ორივე თბილისში ჩამოვიყვანე. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, ვისი ცოლი ვიყავი და ამას ისინი მაშინ მიხვდნენ, როდესაც წყნეთში, ჩემს აგარაკზე შევყარე სამივე. მუჰამედოვს და პროკოპენკოს პისტოლეტის მუქარით მოწამლული შამპანური დავალევინე და დავხოცე. შემდეგ პატარიძეს შევპირდი, რომ ვაპატიებდი და დახოცილთა გვამები „მოსკვიჩში“ ჩავაწყობინე. ბოლოს კი მასაც გავუხვრიტე თავი. შემდეგ, შევინიღბე, საჭეს მივუჯექი და ქალაქში წამოვედი, რომ მანქანიანად მტკვარში გადამეყარა ისინი...

მას შემდეგ, რაც ეკა სიხარულიძე „ვოლგიდან“ გადავიდა, მაიორმა მანქანა დაქოქა და წავიდა...

P. S. ეკა სიხარულიძე დღესაც ცოცხალია, კანადაში ცხოვრობს სხვისი გვარით და მცირე ბიზნესი აქვს. მილიციის ყოფილი ოფიცრები კი პენსიაზე იმყოფებიან.


скачать dle 11.3