კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სთავაზობდნენ ჯაბა ჯიშკარიანს ნახევარ მილიონ დოლარს ექვსთვიანი დუმილის სანაცვლოდ



მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერი, პრეზიდენტის მიერ „მეგაფონიან ხულიგნად“ წოდებული, 11-ჯერ გასამართლებული 23 წლის ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ანტიქართული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და მანამდე არ დასრულდება, სანამ სანუკვარი მიზანი მიღწეული არ იქნება.



– რა არის თქვენი სანუკვარი მიზანი?

– ზოგადად, საქართველოს გაბრწყინება. ანუ ის, რისთვისაც ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა იბრძვის საუკუნეების განმავლობაში და ჩვენი ერის საუკეთესო შვილები თავს სწირავენ ამ იდეას; კონკრეტულად კი თავისუფალი, ლაღი, სამართლიანი სახელმწიფოებრივი წესწყობილების ფორმირება, სადაც არა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიებისა და ძმათა მათთა დანაშაულებრივი კლანები ითარეშებენ, არამედ ხალხის ნება იქნება უზენაესი კანონი.

– კანონს თქვენც ხშირად არღვევთ, რაც თქვენ თერთმეტ ნასამართლობაშია ასახული...

– მართალია, გასამართლებული ვარ თერთმეტჯერ, ეგრეთ წოდებული წვრილმანი ხულიგნობისთვის. აქედან შვიდჯერ საპყრობილეში ვიჯექი, ოთხჯერ კი ფულადი ჯარიმა დამეკისრა, რომელიც არც ერთხელ არ გადამიხდია, რადგან თავს დამნაშავედ არ ვცნობ და, თავისი პროცენტებიანად, ალბათ, უკვე ორ ათეულ ათასს მიაღწია. სასაცილოა ეს ყველაფერი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ათეული ათასობით ღირსეული ქართველი გამათხოვრების პირასაა მისული და რას არ კადრულობს, რომ ოჯახში ლუკმაპური შეიტანოს. საქართველოს პრეზიდენტი კი „შარაფს“, „გულაობას“, კომფორტს არ იკლებს და ქვეყნის ბედი ფეხებზე ჰკიდია.

– რას შეუჩნდით სააკაშვილს, ნუთუ მას მშვიდად ვახშმობის უფლება არ აქვს? ერთ-ერთ თავის ცნობილ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა თქვენ „მეგაფონიანი ხულიგანი“ გიწოდათ, რომელიც მას ინვესტორებს უფრთხობს.

– ინვესტორებს კი არა, მე მას ვნების ანგელოზებს ვუფრთხობ, რასაც თავისი ქვეყანა გადააყოლა. მიშა ვნების ჭკუაზე და არა ხალხის ნებაზე დადის. ამიტომ, რაც უნდა, ის დაარქვას ამას სააკაშვილმა, მე და ჩემი მეგობრები კი კვლავაც დავუფრთხობთ მიშას ვნების ანგელოზებს. თუმცა, ნაკლები იმედი მაქვს, რომ ის გონს მოეგოს და სწორ კალაპოტში ჩადგეს.

– მე მგონი, არც ისე უიმედოდ უნდა იყოს საქმე, რადგან, ოპოზიციური გამოსვლების დროს გამოჩენილმა სიმტკიცემ, შემდგომ კი მათ ლიდერებთან გამჭვირვალე შეხვედრამ და მიღწეულმა შეთანხმებებმა, ალბათ, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი უნდა მოიტანოს.

– მიშა ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც მერაბიშვილის პოლიცია. ხოლო „ჯიბის ოპოზიციასთან“ მიღწეული შეთანხმებები ისევე ფარსია და მავნებელი ქვეყნისთვის, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ასე რომ, ამ სატყუარაზე ხალხი არ წამოეგება და მოსყიდულ ვაიპოლიტიკოსებს ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვთ.

– ცდუნება ისეთი რამაა, რასაც მხოლოდ ერთეულები უძლებენ. ხომ გაგიგონიათ, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. რა იცით, თქვენ რას მოიმოქმედებდით ასეთი ცდუნების წინაშე?

– სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ მე და ჩემს მეგობარს 500-500 ათასი დოლარი შემოგვთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში საქართველოს ყველაზე ოდიოზური ფიგურების ლანძღვა შეგვეწყვიტა. ამ ყველაფერს კი ჩვენი კამპანიის გაძლიერება მოჰყვა, რასაც თან ერთვოდა დაპატიმრებები, ციხე, დამცირება. ასე რომ, ცდუნებას გავუძელით და არ მგონია, ოდესმე ასეთ რამეზე წამცდეს ხელი. ასეთ რამეს სიკვდილი მირჩევნია და მაცდუნებლების გასაგონად ვაცხადებ, რომ ჯაბა ჯიშკარიანი, ისევე, როგორც მრავალი გულანთებული ქართველი პატრიოტი, არ იყიდება.

– სხვაგვარად რომ სცადონ თქვენი შეჩერება?

– სხვაგვარად როგორ?

– თუნდაც დაშინებით. გარდა იმისა, რომ სული ტკბილია, პატიოსანი ადამიანისთვის მისი ახლობლების, მეგობრების სიცოცხლეც ძალზე ძვირფასია და ასეთი ხრიკით არაერთი ადამიანი გაუჩუმებიათ.

– არ მინდა, ტრაფარეტულად გამომივიდეს, მაგრამ ამაზე უკეთესად ვერ ვიტყვი და გავიმეორებ, რომ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, სხვა დანარჩენი კი, შეუძლიათ, ჩემმა მტრებმა გაინაწილონ... რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა შენ გამო შენს ახლობლებს ავიწროვებენ, მაგრამ ჩემი ახლობლები გაგებით ეკიდებიან ყოველივეს. არ მეშინია მუქარის, რასაც ყოველდღე მრავალჯერ ვისმენ. ისე კი, არც მე ვარ მალამო ჩემი მტრებისთვის და საკუთარი თავის დაცვა შემიძლია. ერთხელ, როცა პირველი პატიმრობისას „კაპეზეს“ ბადრაგმა ხის ჯვრის ჩამორთმევა მოინდომა, რაც აკრძალული ნივთების სიაში შედიოდა, რომ იტყვიან, შუბლით შევასკდი მათ და არ დავანებე. მართალია, ისინი ბევრნი იყვნენ და ძალით, ალბათ, მაჯობებდნენ, მაგრამ ღმერთმა მიშველა, ჩემი გავიტანე და მომდევნო პატიმრობისას არც კი უცდიათ მსგავსი რამ. იყო სხვა შემთხვევებიც.

– რომელიმე მათგანს ხომ არ გაიხსენებთ?

– 2007 წლის დეკემბრის მიწურულს „საზოგადოებრივი არხის“ გადაცემა „პრაიმ ტაიმში“ ვიღებდი მონაწილეობას, დარბაზში ვიჯექი და ხალხს მოვუწოდე, რომ 2008 წლის 5 იანვარს არჩევნებში ხმა არ მიეცათ სააკაშვილისთვის. დარბაზში სააკაშვილის მომხრეებიც იმყოფებოდნენ, გარეთ კი ათასზე მეტი გადაცმული „სოფლელი“, „კუდელი“, პოლიციელი და უბრალოდ, აქტივისტი იდგა. ჩემმა განცხადებამ გარეთ მყოფი ხალხი ძალიან გააღიზიანა და ისეთი ყიჟინა ატყდა, რომ სტუდიაში გავიგონე. სტუდიაში კი, ვინმე „სვანამ“ ჩემს მეგობარს კასტეტით გაუხეთქა წარბი. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და გასვლის დროს დავით კირკიტაძემ, გაცილება შემომთავაზა. თავიდან მე უარი ვუთხარი, შემდეგ დავთანხმდი და ერთად გავედით. ტელევიზიის შენობის ეზოში აღშფოთებული „ნაციონალების“ დერეფანი გავიარე. კირკიტაძეს ხელკავი ჰქონდა გამოდებული, ჩემ გვერდით ვითომ დასაცავად, მოდიოდა, სინამდვილეში კი ჩემს მაგინებელ ხალხს ჩუმად ანიშნებდა, დაარტყითო. კუთხემდე რომ მივედი, საიდანაც ზოოპარკის 5-6-მეტრიანი კედელია, გადასახტომად გავიწიე, რომ ცემას გადავრჩენოდი. კირკიტაძემ კი აქ საბოლოოდ გამოამჟღავნა თავი, ხელები მაგრად ჩამავლო და იღრიალა, დასცხეთო. მე კირკიტაძის თავიდან მოსაშორებლად მას საკმაოდ ძლიერი მუშტი ვუთავაზე, შემდეგ გადავხტი, ტაქსი გავაჩერე და წავედი. ამ საქმეზე, ჩემზე თავდასხმის გამო, პოლიციაში საქმეა აღძრული, მაგრამ დღემდე არავის გამოუძიებია. არადა, გადმოცემით ვიცი, რომ ჩემს სათაყვანებელ ადამიანს, მერაბ კოსტავას, უარესები შემთხვევია.

– კოსტავას ტყუილად არ ახსენებდით, ხომ არ ბაძავთ მას?

– მერაბი ჩემი იდეალია, ერის სინდისი და, ბედნიერი ვიქნები, თუკი იმის მეასედს მაინც შევძლებ, რაც ამ ლეგენდარულმა კაცმა გააკეთა საქართველოსთვის. სამწუხაროა, რომ მე მას არ შევხვედრივარ.

– ყველაზე დიდ ადამიანს ვის შეხვედრიხართ თქვენს ცხოვრებაში?

– საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმიდესობას ილია მეორეს. 2008 წლის ახალ წელს მასთან ერთად შევხვდი, სადაც ნანა კაკაბაძემ წამიყვანა. უწმიდესის მიერ ნაჩუქარ სამაჯურს დღემდე არ ვიშორებ ხელიდან.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ისევ და ისევ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ყოვლად უდანაშაულო ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც სააკაშვილის პირადი პატიმარია, უკვე მერამდენე თვეა, ციხეში ზის. რამდენი ასეთი ჩამოგითვალოთ... ყველას შველა უნდა და, თუ ეს რეჟიმი არ დაემხო, არაფერი გამოვა. მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მოვდივართ, მიშა!!!



ნიკოლოზ ბაბუა


скачать dle 11.3