როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მანდენაშვილი-შერმაზანაშვილი-ლომუაშვილი
გვარი მანდენაშვილი დღეს აღარ ჩანს. იხსენიება 1648 წლიდან. დაფიქსირებულია საკუთარი სახელი მანდენა. ისტორიულ წყაროებში გვხვდება: მანდენაანთ, მანდენასშვილ-მანდენაშვილი.
მანდენაშვილთა საკუთარი სახელებიდან: შერმაზანა, ურქმაზა, ლომუა, ჩნდება შტო-გვარები, როგორებიცაა: შერმაზანაშვილი და ლომუაშვილი.
„მანდენაანთ (ვარ მანდენაათ შერმაზანიშვილი) ბეჟან (ბეჟანა) – ძმა მანდენაანთ შერმანანისშვილ როსტევანისა, ჰყავს სახლიკაცები: ზალინა, ავთანდილ, მოიხსენიება 1656 წელს“.
„ვარ მანდენან ლომუა, მამასახლისი... მანდენათ ლომუაშვილი დავით – მამასახლისი, მოწმე სისხლის ნასყიდობის წიგნისა“ (1689 წელი).
მოსახლეობის აღწერისას 1860 წლის შემდეგ შერმაზანაშვილთა გვარს მოაცილეს სუფიქსი შვილი და მიუწერეს ოვი. დღემდე შერმაზანაშვილები ჩაწერილები არიან შერმაზანოვებად.
საქართველოში 361 შერმაზანაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 199, თბილისში – 151, ბოლნისში – 11.
64 შერმაზანოვი: თბილისში – 56, გარდაბანში – 7, ბოლნისში – 1.
91 ლომუაშვილი: თბილისში – 15, ბორჯომში – 13, ხაშურში – 2. არიან სხვაგანაც.
დადიანი-ლიპარტიანი
დადიანი ოდიშის მთავართა სამთავროს წოდება-გვარია ჩიქვანთა (შემდგომში ჩიქოვან-ჩიქვანიები) საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტულია. ადგილობრივი გამოთქმით, დადია, დადია-დადიანთა ერთი შტო მომდინარეობს მარეშიანნი (მარუშისძეებიდან), ხშირად არიან მოხსენიებულები წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ხელობისა“.
ქართლში გადასული დადიანი იწოდებოდა დადიანა-დ. „დადიანი ნიჩბელი, ჰყავს შვილი ბერი, მიჰყიდა შიუკა და ბერი საწირაშვილსთან ერთად ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს ზაზას ზვრის მოსაზღვრე ორი დღის მიწა“. (669 წელი).
დადიანები იწოდებიან ხოლმე დადიან-გურიელადაც. „დადიანი გიორგი – დადიან გურიელი, მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე მეფესთან და ქართლის დარბაისლებთან ერთად, სიპოშ ფალავანდიშვილისა და ამირან გაბელისძის სასისხლო საქმის გარჩევაში“ (1448 წელი).
დადიანთა განშტოებათა გვარია ლიპარტიანი. „დადიანი გიორგი, იგივე ლიპარტიანი გიორგი“ (1659 წელი).
„დადიანი (ვარ ლიპარტიანი) ვამეყ (ვარაუდით, ვამეხ) მეფეთ-მეფე, ხელმწიფე, სკიპტრა პორფირის მარობელი, აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ლიხთ-იმერეთისა და სრულიად საქართველოს ფლობით მტკიცედ მპყრობელი, ღვთივაღმატებული, ღვთივდამყარებული, ძლიერი და უძლეველი ხელმწიფე, მეფეთ-მეფე; ლიხთიმერისა და ლიხთამერის, ოსეთისა და დვალეთის, სვანეთისა და ყაბარდოსა, ჯიქეთისა და აფხაზეთისა, დიდისა ოდიშისა და გურიისა და სრულიად საქართველოს მპყრობელ-მქონებელი. ჰყავს პაპა ლიონ პირველი დადიანი, ძმა ლიპარტიანი, ბიძაშვილი ლევან მეორე დადიანი, თანამეცხედრე ელენე, მამია გურიელის ასული...“
საქართველოში 1 143 დადიანი ცხოვრობს; თბილისში – 284, სენაკში – 241, ზუგდიდში – 204. არიან სხვაგანაც.
102 ლიპარტიანი: თბილისში – 31, ბათუმში – 27, ქუთაისში – 11. არიან სხვაგანაც.
თევდორაძე
საქართველოში თევდორაძეები ბევრ მხარეში ცხოვრობენ. იმერეთში – სოფლებში: ვაკისუბანი, სანახშირე, საქარა, სვანდე, ფარცხანაყანევი, ქვედა ბაში, ქვიტირი. ყველაზე კომპაქტურად ცხოვრობენ: ქუთაისში, წყალტუბოში, თბილისში. იყვნენ ქვემო ქართლში, სოფელ წინწყაროში (დღევანდელ თეთრიწყაროს რაიონში) და სხვაგანაც.
გვარში თევდორაძე წინაპრებს გამოუყენებიათ მამაკაცის საკუთარი სახელი თევდორე. პირვანდელი ფორმაა თედორე. წინაპრებს უსესხებიათ ბერძნებისგან. ნიშნავს „ღვთის მინიჭებულს“, „ღვთის ნაჩუქარს“. თეოს ბერძნულად ნიშნავს „ღმერთს“, დორსოს – „საჩუქარს“. აქედანაა მიღებული ძველი ფორმა თეოდორე.
თევდორე ძალიან პოპულარული და გავრცელებული სახელია, ძველად გამოითქმოდა და იწერებოდა თევდორა. აქედანაა წარმოშობილი გვარი თევდორაშვილი. პირველად მოიხსენიება 1412-1444 წლებში. ადრე გვხვდება გვარი თევდორიასაძეც. მოხსენებულია ფრაგმენტში მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში. თევდორედან კი გვხვდება ასევე თევდორეშვილი.
1995 წელს გაცემული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 1 966 თევდორაძე: ქუთაისში – 842, წყალტუბოში – 445, თბილისში – 356. არიან სხვაგანაც.
ეძგვერაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ეძგვერა.
ამ გვარის შესწავლა მიზნად დაუსახავთ ბატონ ალექსანდრე ღლონტს და ილია მაისურაძეს, რომლებიც ძალზე ძუნწ ცნობებს გვაწვდიან ეძგვერაძეთა გვარზე. „ეძგვერაძე – ნახახულევი გუბი ხონის რაიონი, აბანოეთი – ამბროლაურის რაიონი“.
საქართველოში 308 ეძგვერაძე ცხოვრობს: თბილისში – 91, ქუთაისში – 36, სამტრედიაში – 26. არიან სხვაგანაც.
ბეგიაშვილი
ბეგიაშვილი აზნაურული საგვარეულოა.
„არის სამებას და ხაშმს ბეგიაშვილი, აზნაურიშვილი მოლაშქრე“. სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 765, სიღნაღში – 609, გორში – 187. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით